არქივი

ატენის სიონი (VII)

9fc7f05666a2
…არს ხეობა ატენის მდინარისა. …ატენის – წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ვერის ხევი… ამის ზეით ატენი, მცირექალაქი. ატენის სამხრით არს მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმს არს, და აწ არს ნიში მისი (ვახუშტი).
b523055fa05d

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა. ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, ხოლო იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი სპასპეტის საგამგეოში შედიოდა. იგი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად – „ტანის ხევის“ სახელით უკვე IV-VII სს-ებში იყო ცნობილი, რომლის ცენტრი – ატენის ციხე, X ს-ში აფხაზთა მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი გახლდათ ქართლის შემოერთებისსათვის ბრძოლაში. ქვეყნისათვის ატენის ხეობის დიდი მნიშვნელობისა და მისი სამეურნეო-კულტურული განვითარები მიმანიშნებელია აქ არსებული ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები – ვერის ციხე, ატენის, იგივე საცივის, იგივე ორბელიანის ციხე… ეკლესიები – ატენის სიონი, „სიონის პირისპირ… დანხვისის მთის ძირს მონასტერი კეთილშუენიერი ყოვლადწმიდისა, … დანხვისის ძირში მონასტერი ნათლისმცემლისა, დანხვისის მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“ (ვახუშტი) და სხვ. მათგან აგების თარიღისა და თავისი დიდი მნიშვნელობის მიხედვით უპირველესია ატენის სიონის სახელზე აგებული ტაძარი.

44695c73da92

ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია (24×19მ; სიმაღლე 22 მ.) და თითქმის იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით (ქ.აბრამიშვილი). კომპოზიციური ბირთვია გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუბმათის წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის კამარა კი რელიეფური ჯვრითაა დამშვენებული. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით – ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში თითო ოთახია. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხ. დასავლეთისა საქალებოა.

27d5c3824cbf
ტაძრის ინტერიერი

ტაძარი ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრატებით. ტაძარში შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. საკურთხეველი იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხეველში აღმოსავლეთ აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას წმიდა ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია ღვთისმსახურებისათვის. ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, თუმცა მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის რაიონის რელიეფი ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს. სტილისტური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადართულია, უმეტესობა კი X ს. II ნახევარს განეკუთვნება. საკურთხეველში სამი სარკმელია, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში – თითო, ხოლო რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში – ორი.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასახვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან სხვადასხვა ისტორიული პირები, – ქართლის გამგებელ ბაგრატიონთა თუ სხვა პირთა ვინაობისა და მოღვაწეობის თარიღების მინიშნებით. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი VIII ს. პირველი ნახევრით თარიღდება, არის IX და X საუკუნეთა წარწერებიც. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელია ფრაგმენტებად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა, იგი შედარებით გვიანი დროისაა. როგორც ცნობილია, საქართველოში ეკლესიის მთელი ინტერიერის მოხატვა XI საუკუნიდან ხდება სავალდებულო. ამ დროიდანვე იწყება ძველი ტაძრების ხელახალი მოხატვაც. ატენის სიონიც ამგვარ ტაძართა რიცხვს განეკუთვნება. ახალი მოხატულობის შემქმნელებს ტაძრის თავდაპირველი დეკორის ჩინებული ბათქაში გამოუყენებიათ და ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის ტრადიციული „მშრალი“ ხერხით უხატიათ მასზე. მოხატულობის შესრულების დრო XI ს. II ნახევრით არის განსაზღვრული. ატენის მოხატულობის პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოსათვის ტრადიციულ იკონოგრაფიას მისდევს, განისაზღვრებოდა იმითაც, რომ ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულიდმი იყო მიძღვნილი: ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრების ფრაგმენტები კი სცენების ვრცელი ციკლით არის წარმოდგენილი. ამავე დროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ტაძრის მოხატვაზე რამდენიმე (ხუთ) ხატმწერს უმუშავია, რომელთა მიერ შესრულებული მხატვრობის ნაწილი მოგვიანებით, XIII ს. დასასრულს ერთობ ოსტატურად განუახლებიათ (დასავლეთი აფსიდი), უფრო გვიანდელ განახლებათა კვალიც (XV ს.) შეიმჩნევა ტაძრის სხვადასხვა ნაწილში. ტაძრის მხატვრობა (რელიგიური სიუჟეტები, ქართველ მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა ფრესკები) მკაფიოდ ეროვნული ხასიათისაა. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება.
გაბრიელ მთავარანგელოზი.
ხარების ფრესკის ფრაგმენტი იოსების სიზმარი

XX ს. 20-იან წლებიდან ღვთისმსახურებითვის გამოკეტილ უძველეს ეკლესიას, თავისი დიდი მნიშვნელობის გამო, მკვლევარ-მეცნიერთა ყურადღება არ აკლდა. ტაძარს მთელი ამ ხნის მანძილზე საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპედიციები. ხოლო 70-იანი წლებიდან ინტენსიური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა – ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთის, გუმბათის სახურავის, მხატვრობის გამაგრება-შენარჩუნების მიზნით.

ღვთის შეწევნით, ათწლეულების განმავლობაში მღვდელმოქმედება შეწყვეტილ ატენის სიონში ღვთისმსახურება დღეისათვის კვლავ აღესრულება

8d386e889b21

88b2b7925e45

წყარო:orthodoxy.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button