საკითხავისასარგებლო

რას შეისწავლის ნუმიზმატიკა(ნაწილი 2)


ნუმიზმატიკა საკმაოდ საინტერესო თემაა და უამრავი მიმდევარი ყავს(მათ შორის მეც ჩემი მოკრძალებული კოლექციით), მაგრამ ბევრმა არ იცის ნუმიზმატიკის ისტორიის წვრილმანები, გადავწყვიტე ამ პოსტში დავწერო რას წარმოადგენს ნუმიზმატიკა.

პირველი ნაწილი

ნუმიზმატიკური მეცნიერების ყველაზე არქაული პრობლემაა ის საკითხი,
თუ სად და როდის გაჩნდა პირველად მონეტა, ვინ იყო მისი
გამომგონებელი. ეს საკითხი აღელვებდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძნებსა და
რომაელებს. ისინი მონეტის გამოგონებას თავიანთ ღმერთებსა და მითიურ
გმირებს მიაწერდნენ. ძველი ბერძნებისა და რომაელების ინტერესი
მონეტის გენეზისის პრობლემისადმი გასაგებია, ვინაიდან მონეტის
გამოგონება უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი იყო.
ეს ფაქტი თავისი მნიშვნელობით შეიძლება დიდ მეცნიერულ აღმოჩენებს
ამოვუყენოთ გვერდში. სამწუხაროდ, მონეტის გენიალური გამომგონებლის
სახელი ჯერჯერობით უცნობია მეცნიერთათვის, მაშინ როდესაც ლითონის
ფულის სამშობლოს დასახელება დღეისათვის არც თუ ისე დიდ
სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
მონეტა გაჩნდა ძვ. წ. VIII- VII სს-თა მიჯნაზე ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად ძველი სამყაროს ორ პუნქტში: მცირე აზიის სახელმწიფო
ლიდიაში და კუნძულ ეგინაზე (საბერძნეთი). ასახელებენ ეგინაზე მონეტის
წარმოშობის თარიღს – სულ მალე VIII ოლიმპიადის შემდეგ. პირველი
ოლიმპიადა შედგა ძვ. წ. 776 წელს VIII ძვ. წ. 748 წელს.
ლიდიის მონეტები ელექტრუმისგანაა მოჭრილი, ხოლო ეგინასი –
ვერცხლისაგან. ადრეარქაული მონეტები ცალმხრივია, ე.ი. გამოსახულება
ერთ მხარეზეა ამოტვიფრული, ხოლო მეორე მხარეს ჩაღრმავებები აქვს.
კუნძულ ეგინას მონეტებზე გამოსახულია მორბენალი მელიები. ეს მათი
წმინდა ცხოველი იყო, სიმბოლურად გამოხატავდა ლიდიელთა მთავარ
ღვთაებას ბასარეიას.
უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის” – ზოგიერთი სახეობა
ძვ. წ. VI ს-ით თარიღდება. ამრიგად, კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის
ერთ-ერთი ადრეული კერაა. მას უნდა დაემატოს ისიც, რომ „კოლხური
თეთრის” ზოგიერთი ნიმუში მხტვრული თვალსაზრისით არაფრით
ჩამოუვარდება ბერძნული სამყაროს მონეტებს.
მონეტას ორი მხარე აქვს: შუბლი (ავერსი) და ზურგი (რევერსი). მათ
განსხვავებული ფუნქციები გააჩნია. მონეტის შუბლზე თავსდება ისეთი
გამოსახულება, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. მასზეგამოსახული ღვთაება, შემდეგ მონარქი, იმპერატორი, რესპუბლიკისა ან
ქალაქის სიმბოლო ამა თუ იმ მონეტას ბრუნვაში აკანონებს და იძლევა მისი
სრულფასოვნების გარანტიას. ზურგის გამოსახულებას გამოსაცნობი
ფუნქცია აკისრია. მისი დახმარებით ჩვენ ვიგებთ მონეტის მოჭრის ადგილს
(სახელმწიფო, ქალაქი).
საწარმოს, სადაც მონეტის მოჭრა წარმოებდა, ზარაფხანა ეწოდება.
მონეტაზე მოთავსებულ წარწერებს ლეგენდა ან ზედწერილი ჰქვია.
ძველი ბერძნული ვერცხლის მონეტების ძირითად ერთეულს დრაქმა
ეწოდება. გარდა ამისა, იჭრებოდა დიდრაქმა (ორდრაქმიანი), ტეტრადრაქმა
(ოთხდრაქმიანი) დეკარდრაქმა (ათდრაქმიანი), ჰემიდრაქმა
(ნახევარდრაქმიანი) და სხვა. ბერძნული სამყაროს ოქროს მონეტას ეწოდება
სტატერი, რომაულ ვერცხლის ფულს – დენარი, ოქროსას – აურეუსი.
აღმოსავლეთში ვერცხლისაგან იჭრებოდა სიკილა (აქემენიანთა ირანის
ეპოქაში ძვ. წ. VI ს-დან), დირჰემი (VII – XIV სს-ში), თანგა (თემურ-ლენგის
ეპოქიდან), აბაზი (სეფიანთა ირანში), აყჩე (ოსმალეთში); ოქროსაგან –
დარიკი (აქემენიანთა ირანში), დინარი (სასანიანთა ირანსა და არაბთა
სახალიფოში), ალთუნი (ოსმალეთში). ყოველივე ამის ცოდნა
აუცილებელია ქართული სამონეტო სისტემების გასაგებად.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close