არქივი

გამოგონებები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიქმნა და პოპულარობა მოიპოვა

wt2z2

რაც დრო გადის, პროგრესის ტემპი უფრო და უფრო ჩქარდება. ახალ-ახალი გამოგონებების რაოდენობა იზრდება და უკვე რთულდება, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ამოარჩიო. ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა 2010 წლის საუკეთესო გამოგონებათა სია, სადაც განსხვავებული სფეროებიდან ამორჩეული ყველაზე საინტერესო მიღწევებია ჩამოთვლილი.

iPad-ი – გაოცებას იწვევს, თუ როგორ ახერხებს Apple ტექნოლოგიების მწვერვალებზე ყოფნას და მუდამ ახალი „სათამაშოს” შექმნას. თუმცა, ძირითადად, მისი გამოგონებები იმ ტექნოლოგიების თავიდან შექმნა უფროა, რომლებზეც სხვა კომპანიებმა ხელი აიღეს. iPad-ი წარმოადგენს არცთუ ისე პოპულარული ტაბლეტური კომპიუტერების გაუმჯობესებულ ვარიანტს. თუმცა მისი ინოვაციურობა ისაა, რომ Apple-მა პირველმა შექმნა მხოლოდ თითების მოძრაობით მართვადი კომპიუტერი, განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, რომლებიც რეალურად უკლავიატურო კომპიუტერის ტაბლეტის ფორმის გარეკანში ჩასმით შემოიფარგლებოდნენ. iPad-ი არის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არასატელეფონო პორტატულ მოწყობილობებს შორის.

Looxcie – ვიდეოკამერა, რომელიც ყურზე მაგრდება, შესანიშნავი მოწყობილობაა წვეულებების და სხვა ღონისძიებების ან მნიშვნელოვანი მომენტების გადასაღებად, სადაც ხელები სხვა საქმისთვის გჭირდება. იგი გამოიგონა ადამიანმა, რომელიც თავის ჩვილ ბავშვთან თამაშისას ძალიან შეაწუხა კამერის ხელში ჭერისგან გამოწვეულმა უხერხულობამ. კამერას შეუძლია 5 საათის ხანგრძლივობის ვიდეოს ჩაწერა, რომლის გამოსახულებაც ემთხვევა მისი მფლობელის თვალით დანახულს. Looxcie-ის მცირე ზომის ვიდეოკლიპების Youtube-ზე ან Facebook-ზე აქაჩვაც შეუძლია.

ავტობუსი-გიგანტი — ავტომანქანების რაოდენობის შეუჩერებელ ზრდასთან ერთად იზრდება ქუჩებში გადაადგილების სირთულეც. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ჩინელმა ტექნოლოგებმა პრობლემის გადაჭრის მეთოდი შეიმუშავეს და დაამზადეს უზარმაზარი, ორსართულიანი ავტობუსი, რომელსაც მხოლოდ მეორე სართული აქვს. ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მომუშავე გიგანტი გზის ორი ხაზის თავზე ისე მოძრაობს, რომ მის ქვეშ თავისუფლად ეტევიან მსუბუქი ავტომობილები. ავტობუსს ერთდროულად 1200 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მისი პრაქტიკაში მოხმარება ჯერ მხოლოდ პეკინში იგეგმება, თუმცა თუკი სისტემა გაამართლებს, მას სხვა გადატვირთულ ქალაქებშიც გამოიყენებენ.

გზაში ჩაშენებული დამტენები – ტექნოლოგები ელექტროავტობუსების შექმნაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ. თუმცა ყველა ელექტრომობილის აკუმულატორს სჭირდება დამუხტვა. სეულში ჯერჯერობით საცდელი სისტემა შექმნეს, რომელიც გზის ქვეშ გაყვანილი ელექტროსადენებისგან შედგება. სისტემის დახმარებით შესაძლებელია ავტომობილის აკუმულატორის მაგნიტურად დამუხტვა. ტექნოლოგიის ავტორები აცხადებენ, რომ მისი საბოლოოდ დანერგვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების აკუმულატორების ზომაში ხუთჯერ და ფასში სამჯერ შემცირება.

მფრინავი ავტომობილი – ალბათ ყველას გახსოვთ ფანტომასის მფრინავი ავტომობილი, რომელიც გაოცებასა და შიშნარევ აღტაცებას ერთად იწვევდა. ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) აერონავტიკის ინჟინრებმა შექმნეს მსგავსი ავტომობილი, რომელსაც როგორც გზაზე გადაადგილება, ასევე ფრენაც შეუძლია. 100-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი მფრინავი ავტომობილის ფასი 200 ათასი დოლარია. იგი აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა სისტემით, აირბეგებით და პარაშუტით. ორ მგზავრზე გათვლილი სალონით მას 800 კილომეტრამდე მანძილის ფრენით დაფარვა შეუძლია. ფრენის სიჩქარეც შთამბეჭდავია – 170 კმ/სთ-ს აღწევს.

პლასტიკატის ბოთლების ნავი – ბრიტანელ მოგზაურსა და ბანკირს, დევიდ დე როტსჩაილდს ოთხი თვე დასჭირდა, რომ პლასტიკატის ბოთლებისგან აგებული ნავით სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე მიეღწია. ამით მან დაამტკიცა, რომ პლასტიკატის ბოთლები მათი ერთხელ გამოყენების შემდეგაც არ არის გადასაყრელი მასალა. 20 მეტრამდე სიგრძის კატამარანის ასაგებად დევიდს 12,500 ბოთლი დასჭირდა. თუმცა იგი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და გეგმავს პლასტიკატის ბოთლების გამოყენების ახალი სფეროების აღმოჩენას. „ამერიკელები წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების საშენ მასალას ნაგავში გაუაზრებლად ყრიან და მე მინდა ეს შევცვალო”, – ამბობს დევიდი.

მალარიაგამძლე კოღოები და კოღოს საწინააღმდეგო ლაზერები – მალარიის გავრცელებაში კოღოებს დიდი წილი აქვთ. წლის განმავლობაში კოღოს ნაკბენით 250 მილიონი ადამიანი ავადდება მალარიით, აქედან 1 მილიონი შემთხვევა სიკვდილით სრულდება. არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოახერხეს კოღოს გენის ისე შეცვლა, რომ იგი მალარიის გამომწვევ პარაზიტს ვეღარ გადაიტანს. ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანაა გენმოდიფიცირებული კოღოები ჩვეულებრივზე უფრო გააძლიერონ და შემდეგ ბუნებაში გაუშვან, რათა მათ „საშიში” თანამოძმეები შეავიწროვონ. ამავდროულად, Microsoft-ი მუშაობს კოღოების საწინააღმდეგო ლაზერის შექმნაზე, რომელიც სხვა მწერებისა და ადამიანისთვის უსაფრთხო იქნება.

ჩვილთა ინკუბატორი – ახალდაბადებული ჩვილების ინკუბატორი უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამერიკელმა სტუდენტებმა იგი ნოვატორული ტექნოლოგიით დაამზადეს. ახალი ტიპის ინკუბატორი მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების ნაწილებით იწყობა. განათების ფარები – სითბოსთვის, ძრავის რადიატორის ვენტილატორი – ჰაერის კონდიცირებისთვის, სასიგნალო სინათლეები კი – საგანგაშო შემთხვევებისთვის. რამდენად პრაქტიკული იქნება ეს ინკუბატორი, ჯერ უცნობია, მაგრამ იგი გაცილებით იაფი და ადვილი ასაწყობია, ვიდრე მისი ქარხნული, ძვირი ანალოგი.

ელექტრო ეგზოჩონჩხი – განკუთვნილია ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ფეხზე დგომა შეუძლიათ, მაგრამ ნაბიჯის გადასადგმელად ძალა არ ჰყოფნით. ეგზოჩონჩხის შემქმნელებმა ეს პრობლემა გადაჭრეს. ელექტროფეხები წარმოადგენს დამხმარე ხელსაწყოს, რომელიც აღიქვამს ადამიანის კუნთების აქტივობას და აძლიერებს მას. ელექტროფეხების შემქმნელებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მისი სამხედრო ანალოგი, რომელსაც ჯარისკაცები დიდი სიმძიმეების გადასატანად იყენებენ. ჯერჯერობით ამ „ჭკვიანი პროტეზის” გამოყენება მხოლოდ პროფესიონალი თერაპევტის დახმარებითაა შესაძლებელი, თუმცა 2013 წლისათვის მისი ფართო ბაზარზე გაშვება იგეგმება.

ლაბორატორიაში გამოყვანილი ფილტვები – ადამიანის სხეულის ნაწილების ხელოვნურად გამოყვანა ყოველთვის უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ვიდრე რეალურ მეცნიერებას. თუმცა 2010 წელს მეცნიერებმა ამ სფეროში გარღვევა მოახდინეს. მათ მოახერხეს, ლაბორატორიის პირობებში შეექმნათ ხელოვნური ფილტვი. მართალია, მათი ქმნილება ჯერ მხოლოდ ვირთხის ფილტვია, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მალე შესაძლო გახდება უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა და ადამიანის ფილტვის შექმნა. ეს მიღწევა დაეხმარება ექიმებს ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების განკურნებაში, ახალი ფილტვის გადანერგვით.

სწრაფად მზარდი ორაგული – ორაგულის ხორცი დელიკატესად ითვლება, თუმცა ის, რაც სუფრაზე ხვდება, უმეტესწილად ფერმაში ხელოვნურად გამოყვანილია და არა ველურად დაჭერილი. ორაგულის გაზრდა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ის ნელა იზრდება და თავის საბოლოო წონაზე სამჯერ მეტ საჭმელს მოიხმარს. ამერიკულმა კომპანია AquaBounty-მ გადაწყვიტა მათი გენი შეეცვალა და ამით ახალი ტიპის ორაგული შეექმნა. ორაგულს, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივი, მისი ხელოვნური გენის გამო ფრანკენთევზი უწოდეს. „ფრანკენ-ორაგულები” მსოფლიო ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.

აეროზოლოვანი ქსოვილი – აეროზოლის ქილებში ბევრ უცნაურ ნივთიერებას შეხვდებით. ამ სიას ბრიტანულმა ტექსტილის კომპანიამ აეროზოლოვანი ქსოვილიც დაამატა. ქსოვილი გაათხევადეს და ქილაში მოათავსეს, ასე რომ, უკვე შესაძლებელია მისი ნებისმიერ ადგილზე მიშხეფება და ტანსაცმლის ამგვარად შექმნა. ტექნოლოგიის ავტორების თქმით, მისი გამოყენების სფეროები შეიძლება განივრცოს და აეროზოლებს ინდუსტრიული და სამედიცინო გამოყენებაც მოეძებნოს.

სარკაზმის დეტექტორი – ეს არის 21-ე საუკუნის უდიდესი ქმნილება. ეს კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია დაწერილ წინადადებებში სარკაზმის ნოტების აღმოჩენა, აუცილებლად იპოვიდა მას ამ აღწერის პირველ წინადადებაში. პროგრამა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროგრამისტებმა შექმნეს და იგი გათვლილია პროდუქტების აღწერილობებში სარკაზმის აღმოსაჩენად. მან საცდელი გარბენი უკვე გაიარა ამაზონის ინტერნეტმაღაზიის პროდუქტებზე. 66 ათასი აღწერის გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროგრამა 77%-იანი სიზუსტით ახერხებდა სარკაზმის აღმოჩენას. პროგრამისტების თქმით, ამიერიდან კომპიუტერებს ადამიანების აზრების არა მხოლოდ შენახვა, არამედ აღქმაც შეეძლებათ.

ინგლისურის მასწავლებელი რობოტი – სამხრეთ კორეაში 30 ათასი უცხოელი მასწავლებელი მუშაობს და ინგლისურ ენას ასწავლის. მათი რაოდენობის შესამცირებლად კორეელებმა ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შექმნეს და რამდენიმე სკოლაში 2010 წლის დასაწყისში უცხოელი მასწავლებლებიც ჩაანაცვლეს ამ რობოტებით. ამჟამად რობოტი-მასწავლებლები კორეის 18 სკოლაში „მუშაობენ”. ლამაზად შეღებილი ანდროიდები კორეული სკოლების სიამაყეს წარმოადგენს. უცნობია რა სახელით მოიხსენიებენ მათ კორეელები, თუმცა, ქართული მაგალითის გათვალისწინებით, „ელექტრო-ყივჩაღები” ალბათ პირველი სიტყვაა, რაც უმეტესობას მოუვა თავში.

რკინის კაცის კოსტიუმი – რკინის კაცის კოსტიუმი სოლტ ლეიკს სითიში შექმნეს. მართალია ის, მისი კინოანალოგისგან განსხვავებით, ვერც დაფრინავს და ვერც ცეცხლოვან სხივებს ისვრის, მაგრამ ადამიანს, რომელიც ამ კოსტიუმს ჩაიცვამს, თავისუფლად შეეძლება რამდენიმე ასეული კილოგრამი ტვირთის ცალი ხელით აწევა. კოსტიუმით შესაძლებელია უფრო დესტრუქციული ქმედებების ჩადენაც, როგორიცაა რამდენიმე ფიცრის ერთდროულად დამტვრევა დარტყმით, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხელის მოტეხვით დასრულდებოდა. კოსტიუმის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ სამხედრო სფეროში იგეგმება, ჯარისკაცების დამხმარე აქსესუარად.

გაუმჯობესებული 3D სათვალეები – დღევანდელი 3D სათვალეები, რომლებიც გამოიყენება სამგანზომილებიანი ფილმების ყურებისას, ვერ ეწევა იმ გაზრდილ მოთხოვნებს, რომლებიც ფილმ „ავატარის” გამოსვლამ გააჩინა. სათვალეების უმეტესობა თითქმის 50%-მდე ამუქებს და სიმკვეთრეს უკარგავს გამოსახულებას. ახლომხედველებს კი უწევთ საკუთარ სათვალეებზე ზემოდან დამატებით 3D სათვალის გაკეთება, რაც მოუხერხებელია. კომპანია Oakley Inc.-მა ამ პრობლემის გადასაჭრელად, კინოკომპანია Dreamworks-თან თანამშრომლობით ახალი, ოპტიკური 3D სათვალე შექმნა, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი ფილმის სრულად აღქმაში დაეხმაროს მაყურებელს. მაღალის ხარისხის სათვალეების წარმოება დაიწყო Samsung-მაც. თუმცა Samsung-ი მათ არა კინოთეატრებისთვის, არამედ საკუთარი წარმოების სამგანზომილებიანი ტელევიზორებისთვის უშვებს.

სხეულის ენერგიაზე მომუშავე აპარატურა – ადამიანის ყველა მოქმედება ენერგიის გამოყოფასთანაა დაკავშირებული. ერთ ამოსუნთქვაზე ადამიანი ერთ, ნაბიჯის გადადგმაზე კი 70 ვატ ენერგიას გამოყოფს. პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მაიკლ მაკალპინმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ენერგიას ჩვენივე სარგებლისთვის მომართავს. პიეზოკრისტალებზე აგებულ ფეხსაცმლის ლანჩს შეუძლია სიარულის ენერგია ელექტრულში გადაიყვანოს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება, მაგალითად ტელეფონის დასატენად. მოწყობილობის ეფექტიანობა ჯერჯერობით დაბალია, ერთი ტელეფონის დატენვას 12 საათის სიარული სჭირდება, თუმცა გამომგონებლები ეფექტიანობის გაზრდას გვპირდებიან.

მატყუარა რობოტი – ჯორჯია ტეჩში, (საქართველოში არა), შექმნეს მატყუარა რობოტი. ალგორითმების გამოყენებით იგი ამოიცნობს კონფლიქტურ სიტუაციას და მისგან თავის არიდების მიზნით მცდარ შეტყობინებებს იძლევა. მას ასევე შეუძლია მცდარი კვალის შექმნა და მტრისგან დამალვა. ჯერჯერობით რობოტის დანიშნულება სამხედროებისთვის ოპერაციების დროს დახმარების გაწევით შემოიფარგლება. თუმცა მისი არსებობის ფაქტს ადამიანის და რობოტის ურთიერთობა ახალ საფეხურზე შეუძლია აიყვანოს.

წყარო: tabula.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button