არქივი

გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის სხენების დღეს!

post 72 1148290752

საჭიროდ მივიჩნიე რომ ეს პოსტი დამედო რადგან ჩემი აზრით აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ ვინ იყო იოანე ღვთისმეტყველი…

იოანე ღვთისმეტყველი იყო გალილეველი მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას (მათ. 4:21). მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავს. კათოლიკურ და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმ. პეტრესთან ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალებისას (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.

რომის იმპერატორ ნერონის დროს დაიწყო ქრისტიანთა მასიური დევნა. საეკლესიო გადმოცემით წმ. იოანე რომაელებმა შეიპყრეს და რომში გადაიყვანეს, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საწამლავით ავსებული თასი დაალევინეს. წმ. მოციქული უვნებელი გადარჩა. შემდეგ ის ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ, სასწაულებრივად, ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. რომაელები იძულებული გახდნენ წმ. მოციქული კუნძულ პატმოსზე გადაესახლებინათ. პატმოსზე, წმ. იოანემ მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომში, წმ. მოციქულ პროხორესთან (სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი) ერთად განმარტოვდა მთაზე. სამდღიანი მარხვის დასრულებისას მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. შეშინებულ პროხორეს წმ. იოანემ მოუწოდა ჩაეწერა სიტყვები რომლებსაც წარმოთქვამდა: ”მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი” (გამ.1:8). ეკლესიის გადმოცემით ”იოანეს გამოცხადება” (აპოკალიფსი) დაიწერა სწორედ კუნძულ პატმოსზე ახ.წ. 67. ქრისტიანთა შეხედულებით, ”იოანეს გამოცხადებაში” გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.
ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ წმ. იოანე გაანთავისუფლეს. მოციქული დაბრუნა ეფესოში და განაგრძო ქრისტიანობის ქადაგება. წმ. იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა მწვალებლობათა (ერესის) შესახებ. დაახ. ახ.წ. 95 წმ. იოანემ დაწერა სახარება. შემდგომში მოციქულმა დაწერა სამი ეპისტოლე. წმ. იოანე ხალხს სიყვარულისკენ მოუწოდებდა, თავად იყო ქრისტესმიერი სიყვარულის უპირველესი მაგალითი გარშემომყოფთათვის.

წმ. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეეს უბრძანა მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს 8 (21) მაისს წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად.

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button