არქივი

სტანდარტული სილამაზე და “ოლიმპია”

70ca6e567fd4

ედუარდ მანეს სკანდალური ნამუშევრის – “ოლიმპიას” შესახებ.

ყველასათვის ცნობილია, რომ საუკუნეთა მანძილზე ხელოვანთა შთაგონების წყაროს ადამიანის შიშველი სხეული წარმოადგენდა. დღემდე ასეა. მხატვართა და მოქანდაკეთა შემოქმედებაში თუ არ ჭარბობს, გარკვეულით დოზით მაინც არსებობს ნიუს ჟანრი.
თავდაპირველად სხეულის ფორმისა და შინაარსის სრულყოფილებამ უმაღლეს განვითარებას ბერძნულ ხელოვნებაში მიაღწია. მართალია, ანტიკური ქანდაკებები ყველა მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს და კიდევ მრავალ თაობას აღაფრთოვანებს თავისი სილამაზითა და “იდეალურობით”, თუმცა მათ არ გააჩნიათ ის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ადამიანებს განასხვავებს ერთმანეთისგან – ინდივიდუალობა. აქ შემუშავდა გარკვეული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა სათაყვანებელი სილამაზე. (იხ. ილ. 1, 2)

630a21755f53

“დორიფორი” (შუბოსანი) – პოლიკლეტი.

717067d99f98

“ვენერა მილოსელი” – ავტორი უცნობია.

შუა საუკუნეებში შიშველი სხეულით აღფრთოვანება ქრისტიანობამ ჩაანაცვლა. წინა პლანზე წამოვიდა სულიერება, სხეულის სილამაზემ კი მნიშვნელობა დაკარგა. თუმცა, რენესანსის ეპოქაში კვლავ ადამიანი მოექცა ყურადღების ცენტრში. სიშიშვლემ აქტუალობა დაიბრუნა და რადგან რენესანსი ანტიკური კულტურის გახსენებასა და მისი ტრადიციების “აღორძინებას” ისახავდა მიზნად, არ დაივიწყა მთავარი – შეემუშავებინა სილამაზის გარკვეული კრიტერიუმები და ჩარჩოებში მოექცია ადამიანური მშვენიერება. მხატვრები ხატავდნენ “ვენერას”, ქალური მშვენიერების სიმბოლოს. მართალია, სხვადასხვა ხელოვანი სხვადასხვაგვარად ხატავდა მას, მაგრამ სტანდარტი მაინც ერთი იყო, მოხდა ქალის გარეგნობის განზოგადება, ისევ არავის გაახსენდა, რომ ყველა ინდივიდუალურია.

eaa6581fcae8

“ვენერა ურბინელი” – ტიციანი.

მაგრამ გავიდა საუკუნეები და ედუარდ მანემ, ცნობილმა ფრანგმა იმპრესიონისტმა თავისი ნამუშევრით – “ოლიმპია” გარკვეული გადატრიალება მოახდინა. “ოლიმპია” არ იყო “უნაკლო” სილამაზის ნიმუში, მაგრამ გულგრილს არავის ტოვებდა. ეს იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე “ერთი” ქალის – “ვენერას” გვერდით აღმოჩნდა არა განზოგადებული გარეგნობის, არამედ ზედმიწევნით ინდივიდუალური “ოლიმპია”. იმიტომ, რომ ის მართლაც იყო რეალური ქალბატონი და არა მხატვრის მიერ წარმოდგენილი “უხორცო არსება”.
მისი სკანდალურობა, სტანდარტის ნგრევასთან ერთად, მისმა ეროტიზმმა გამოიწვია. მართალია, ანტიკური კულტურიდან მოყოლებული სიშიშვლე ძალზე აქტუალური იყო, მაგრამ ის არამც და არამც უსვამდა ხაზს ეროტიულობას. პირიქით, შუასაუკუნოვანი გავლენით, ხელოვანნი საგულდაგულოდ “კეტავდნენ” ქალში სექსუალობას. “ოლიმპია” კი პირიქით – ძალზე ეროტიზირებულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოწვეულია არა იმიტომ, რომ მისი სხეულია შიშველი (“ვენერებიც” შიშველნი იყვნენ, მაგრამ არ იწვევდნენ ეროტიულ განცდებს), არამედ – სული. ის ისე თამამად, უხეშად, თავდაჯერებულად იმზირება მაყურებლისკენ, რომ თითქოს იწვევს მას. აი, ამიტომ, კრიტიკოსები მას ვულგარულად თვლიდნენ და მანეს წნეხის ქვეშ აქცევდნენ.

გავიდა დრო და დღესდღეობით “ოლიმპია” მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი კულტურული საგანძურია.

bfbeecfcbe01

“ოლიმპია” – ედუარდ მანე.

წყარო: სადიპლომო ნაშრომი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button