არქივი

მუჰამადის ჰარემი

77b05b28abc0
მუსლიმურ წყაროებში მრავლადაა შემონახული მუჰამადის ჰარემში დატრიალებული უამრავი საინტერესო ამბავი

ყურანში რამდენჯერმე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მუჰამადი ჩვეულებრივი ადამიანია და არა – ანგელოზი. ჩვეულებრივ ადამიანს კი, თავისი მდიდარი, წინააღმდეგობრივი ცხოვრება ჰქონდა, რომლის ცალკეული ეპიზოდი ყურანისათვის რაღაც დიდი, ზედროული მცნებების ხალხისათვის უკეთ გასაგებინებლად განზოგადდა.

ყველაზე დაწვრილებით ცნობები მოციქულის ცოლებსა და მათთან მუჰამადის ურთიერთობის შესახებ XII საუკუნის არაბი ავტორის იბნ საყდის თხზულებამ – “ატ-ტაბაკათმა” შემოგვინახა, რომელიც, ძირითადად ზუჰრის გადმოცემებს ეყრდნობოდა.

კრიმსკის შენიშცნით, მუჰამადს თოთხმეტი მთავარი ცოლი ჰყავდა: 1.ხადიჯა, 2.სავდა, 3.აიშა, 4.ზაინაბ ბინთ ხუზაიმა, 5.ჰაფსა, 6.უმ სალლამა, 7.ჯუვაირია, 8.ზაინაბ ბინთ ჯაჰში, 9.რაიჰანა-ებრაელი, 10.უმ ჰაბიბა, აბუ სუფიანის ქალიშვილი, 11.საფია-ებრაელი (“ჩვეულებრივი ურია”, როგორც შეაფასა ეს მზეთუნახავი ეჭვიანმა აიშამ), 12.მაიმუნა, 13.ფატიმა, 14.ასმა-ქინდის ტომელი.

4e029e96651f
ხადიჯა

მაგრამ მათ გარდა, მუჰამადი, ყურანის XXXIII სურის 49-ე აიაზე დაყრდნობით, მოკლე ვადით სხვა ქალებზეც ქორწინდებოდა. ბევრი მუსლიმი ამ გარემოებით აღშფოთებული იყო, ხოლო აიშამ პირში უთხრა მუჰამადს: შენი ღმერთი რაღაც ძალიან საეჭვოდ ირჯება შენი ხუშტურების საამებლადო. იმ დროიდან მოყოლებული მოციქული თავის მხევლებს, ჩვეულებრივ, სხვათა სახლებში აბინავებდა და ჰარემში აღარ მიჰყავდა. განსაკუთრებით, ვნებიან ლტოლვას კი კოპტი მხევლის მარიამისადმი (მარიათასადმი) განიცდიდა.

ხადიჯას გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე თვეში, ანუ ჯერ კიდევ მექაში მუჰამადი ხელახლა დაქორწინდა და ცოლად მოიყვანა სავდა – ქვრივი ქალი, რომელიც ახალი სარწმუნოების თავგადადებული მიმდევარი გამხდარიყო.

ამის შემდეგ წინასწარმეტყველზე დაწინდეს მისი უახლოესი მეგობრის აბუ ბაქრის გოგონა აიშა, რომელიც იმხანად მხოლოდ 6-7 წლის იყო. ქორწინებით კი, მასზე მედინაში გადასახლების შემდეგ იქორწინა და ამრიგად 50 წლის მოხუც კაცს ცოლად მისცეს 11 წლის გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო სათამაშოებით ერთობოდა. მაგრამ ეს ბავშვი გონებითა და სხეულითაც მალე მოიწიფა. გამჭრიახმა და ხალისიანმა აიშამ თავის ქმარზე მალე განუზომელი ზეგავლენა მოიპოვა.

268376f44e34

მუჰამადმა აიშა ერთ-ერთი ლაშქრობისას თან იახლა. ახლომახლო მომთაბარე ბედუინთა დასამორჩილებლად გამართული ეს ლაშქრობა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ იქ აისას წაყვან ყოვლად უშიშრად შეიძლებოდა. ქალი დახურულ ჩარდახში ჩასვეს და ისე წაიყვანეს. მაგრამ, როცა უკანა გზობისას მისი ჩარდახი გადახსნეს, აიშა იქ აღარ დაუხვდათ. ცოტა ხანში ერთ-ერთი მუჰაჯირი, საფვანი დაინახეს, რომელსაც ქალი აქლემზე შემოესვა, თვითონ კი ხელში აღვირი ჩაებღუჭა და გზას მოუყვებოდა.

აიშამ განაცხადა, გულსაბმევი დამეკარგა და ძებნა-ძებნაში კარგა შორს წავედი. ამასობაში მებარგულნი მოსულიყვნენ, ეგონათ, შიგნით ვიყავი და ცარდახი აქლემის ზურგზე შემოედოთო. ეს შეცდომა, მართლაც, იოლად შეიძლება დამართნოდათ, რადგან, გადმოცემით, აისა გამხდარი და სუსტი აღნაგობის ქალი ყოფილა. უკან დაბრუნებულ აისას, ადგილზე რომ აღარავინ დახვედრია, მეტისმეტად გაჰკვირვებია. სამოსი ტანზე შემოუხვევია, ჩამომჯდარა და იმ იმედით, რომ მოისაკლისებდნენ და წასაყვანად მობრუნდებოდნენ, ლოდინი დაუწყია. ამასობაში საფვანიც გამოჩენილა, რომელიც ასევე რაღაცის გამო მოლაშქრეებს ჩამორჩენოდა. ქალის დანახვას გაუოცებია, იგი აქლემზე შემოუსვამს და მედინისაკენ წამოუყვანია.

ასე ჰყვებოდა ამ ამბავს აიშა, მაგრამ მუდამ საქილიკოდ და საჭორაოდ მომართულმა არაბებმა მომხდარი სრულიად სხვაგვარად განმარტეს. თვითონ მუჰამადიც ცოლის სიტყვებმა ვერაფრით დაამშვიდა და აიშას ძალზე ცივად ექცეოდა. ქალმა ეს ამბავი გულტან მეტისმეტად ახლოს მიიტანა და ლოგინად ჩავარდა.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც აიშას ღირსებასმხურვალედ იცავდნენ, მაგრამ რაკი ეს ღირსება იმხანად ჯერ კიდევ რწმენის ერთ-ერთ სიმბოლოდ არა ქცეულიყო, ისეთებიც მრავლად გამოჩნდნენ, ვინც აიშას უმანკოებაში ეჭვი შეიტანა. რადგან მოწმეები არ არსებობდნენ, ამიტომაც ისე მოიქცნენ, როგორც ყველა და ყველა დროში მოიქცეოდა: ან უნდა დაეჯერებინათ აიშას ნაამბობი ანდა სიცრუედ მიეღოთ, მაგრამ ვერც მის უბრალოებასა და ვერც ბრალეულობას ვერაფერი დაადასტურებდა. ეს კარგად ესმოდა მუჰამადსაც. იგი აიშასთან მივიდა და უთხრა: “კარგად იცი, შენზე რასაც ლაპარაკობენ. ღვთის შიში იქონიე. თუ დამნაშავე ხარ, მოინანიე და ალაჰი მიიღებს მონანიებას იმისას, ვინც მას ემონება”.

ქალი დუმდა. ბოლოს აკანკალებულმა აიშამ დაიძახა: “ვფიცავ ალაჰს, არასოდეს დამჭირდება სინანული იმის გამო, რასაც მეუბნები. ხსნასა და საშველს არსაით ველოდები. თუ ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, ალაჰმა ხომ იცის, რომ უბრალო ვარ, ხოლო თუ უარვყოფ, მაინც არავინ დამიჯერებს. ერთადერთი იმის გაკეთებარა შემიძლია, რომ იუსუფის მამასავით დავიძახო: მოთმინება მშვენიერია! მხოლოდ ღმერთია ჩემი მწყალობელი.”

ამ სიტყვებს სამარისებური დუმილი მოჰყვა. მუჰამადი კი წინასწარმეტყველურ ექსტაზში ჩავარდა: იგი შებოჭეს და თავი ხილაბანდით შეუხვიეს. ცოტა ხანს უგონოდ იწვა, გონს მოსულმა კი ტანიდან გადასაფარებელი მოიშორა, წამოჯდა, შუბლიდან ოფლის მსხვილი წვეთები მოიწმინდა და დაიძახა: “აიშა, გაიხარე! ჭეშმარიტად, ალაჰმა დაადასტურა შენი უბიწობა!”

“მადლობა უფალს!” – ამის თქმაღა მოახერხა იმწუთას აიშამ.

ამის შემდეგ კი მუჰამადმა შეკრიბა ხალხი და ის გამოცხადება ამცნო, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ეწყალობა. ეს ფრაგმენტი შესულია 24-ე სურაში და ბრძანებს, რომ ვინც ბრალს დასდებს გათხოვილ ქალს მრუშობაში და თავის ბრალდების დასამტკიცებლად 4 მოწმეს ვერ მოიყვანს, 80 შოლტს მიიღებს.

ამრიგად, საქმე მოთავდა. ამ ამბიდან კი ის – ერთი შეხედვით – უცნაური კანონი შემორჩა, რომლის თანახმადაც გათხოვილი ქალისათვის მრუშობის ცოდვის დასამტკიცებლად ამის მთქმელს, სულ მცირე ოთხი მოწმე ესაჭიროება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ღალატს თვითონ ქალის ქმარი შეესწრება. მაშინ კაცის ხუთჯერად დაფიცებას საკმარისი მტკიცებულებად მიიჩნევენ.

140654d042d1

მსგავსი ამბები

Back to top button