საკითხავისასარგებლოუცნაური

რას გვიქადის დედამიწის ღერძის გადახრა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ლაბორატორიის კოსმოსური კვლევების სპეციალისტი დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კაცობრიობას პანიკის საფუძველი არ აქვს. დედამიწის ღერძის დახრილობაზე გავლენა ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ იქონია. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზი დასაფიქსირებელია, ამიტომ მისი შემჩნევა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ანუ მე–20 და 21–ე საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უფრო ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა, რომლებსაც დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონია, ანუ დედამიწის ღერძი გადახრილა, მაგრამ ეს არ დაფიქსირებულა, რადგან მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არ ჰქონდათ.

– 8 სანტიმეტრი ბევრია თუ ცოტა?

– დედამიწა 4 მილიარდი სანტიმეტრია. ამასთან შედარებით 8 სანტიმეტრი არაფერია. რაც უნდა მოვინდომოთ, ჩვენ ამას ვერ შევამჩნევთ.

– დედამიწის გადახრის შედეგად დრომ იკლო. ესეც უმნიშვნელო ფაქტია?

– დრომ 1,6 მემილიონედი წამით იკლო. ეს იმდენად ცოტაა, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელია. თანაც დედამიწაზე დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება. ეს მოვლენა ძალიან მდგრადია. სრული 24 საათი არასოდეს არის. როგორც წესი, ასტროლოგები აზუსტებენ, ვთქვათ, 1900 წლის მონაცემით, დღე–ღამის ხანგრძლივობა რამდენია და ა.შ. ყოველ საუკუნეში დღე–ღამის ხანგრძლივობა საშუალოდ მეათედი წამით იზრდება.

– ყველა აღნიშნავს, რომ დრო დაჩქარდა, დღეები ისე მიქრის, ვერც მოიხედავ და წელიწადია გასული. ეს ასტრონომიული მოვლენაა თუ სუფთა ფსიქოლოგიური?

– არაფერია მუდმივი, არც – დღე–ღამე, არც – წელიწადი, თუმცა ეს ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე ამის შემჩნევა შეუძლებელია. დრო მხოლოდ 1,6 მეათედი მიკროწამით დაჩქარდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დედამიწის დღე–ღამე იმაზე მეტად შენელდება, ვიდრე 1,6 მეათედი მიკროწამია. როგორც უკვე გითხარით, დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება.

– დედამიწის ღერძის გადახრა სხვა არანაირ ცვლილებას გამოიწვევს?

– რა თქმა უნდა, ცვლილებები ხდება, მაგრამ ისეთი – არა, როგორადაც წარმოაჩენენ. ამ მოვლენებს ბერავენ და აპოკალიფსულ ელფერს სძენენ. სინამდვილეში ასეთი არაფერი ხდება. არ უნდა დავემსგავსოთ შუა საუკუნეების საზოგადოებას, როცა ყოველი მზის დაბნელების შემდეგ სამყაროს აღსასრულს ელოდნენ. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ამჯერად ჟურნალისტებმა ყურადღება მეტად ექსტრავაგანტურად მიგვაქცევინეს.

– ამბობენ, რომ დედამიწას სხვა პლანეტა უახლოვდება, რომლის სახელიც მეცნიერებმა არ იციან და ის რეალურ საფრთხეს შეგვიქმნის.

– ამჟამად მზის სისტემა ძალიან კარგად არის შესწავლილი. ყოველ ათწლეულში ხდება ასტეროიდების ტიპის პლანეტების აღმოჩენა. უკვე დიდი ხანია, რაც მზის სისტემაში 9 პლანეტაზე მეტია, მაგრამ ისინი შორსაა და დედამიწის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენენ.

– დედამიწას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რეალურად რისი უნდა გვეშინოდეს?

– დედამიწის ნომერი პირველი საფრთხე კაცობრიობაა, მეორე – დედამიწის ახლოს მდებარე ობიექტები, ასტეროიდები. ეს ობიექტები მეცნიერებს სათანადოდ აქვთ შესწავლილი. დააკვირდნენ იმათ, რომლებსაც ჩამოვარდნის შემთხვევაში მართლაც შეუძლიათ, დედამიწას რეალური საფრთხე შეუქმნან და აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხე ნულთან ახლოს არის, ანუ თითქმის არ არსებობს. ასტეროიდი, რომელსაც აპოფისი ჰქვია, დედამიწასთან ახლოს მდებარეობს. არსებობდა ვარაუდი, რომ ის დედამიწას 2036 წელს დაეცემოდა. დაკვირვებით კი აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ახლოს ჩაგვივლის, მაგრამ დედამიწას არ შეეჯახება. ასე რომ, ეს საფრთხეც თითქმის ნულის ტოლია.

– თუკი დედამიწას ასტეროიდის ჩამოვარდნის საფრთხე რეალურად დაემუქრება, მეცნიერები მის აცილებას ვერ შეძლებენ?

– ერთი თეორიის მიხედვით, აპოფისის ჩამოვარდნა ციმბირსა და შუა აზიის ტერიტორიაზე იქნებოდა შესაძლებელი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თეორიულად შესაძლებელია კოსმოსში გაფრენა და ისეთი რამის გაკეთება, რაც დედამიწას საფრთხეს აარიდებს – ან თვითონ აპოფისის განადგურება, ან მისი ორბიტის შეცვლა, მაგრამ ეს ძვირადღირებული პროექტი იქნება. ამგვარი რამ არასოდეს განხორციელებულა.

– მერე აპოფისის ნამსხვრევები სად წავა, ისევ დედამიწაზე არ ჩამოცვივდება?

– ფრაგმენტები შეიძლება გზაში დაიწვას და დედამიწას აღარ დაეცეს. ერთი მთლიანი ასტეროიდის დაცემა დიდ განადგურებას გამოიწვევს, მაგრამ, როცა ის ათას ნაწილად დაიშლება, დედამიწას ზიანს ვერ მიაყენებს.

– ასტრონომიაში რა სიახლეებია ამჟამად?

– არსებობს მეცნიერული და საზოგადოებრივი სიახლეები. მეცნიერული სიახლე ამ ეტაპზე ის არის, რომ უკვე რამდენიმე ასეული პლანეტაა აღმოჩენილი, რომლებიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს.

– შესაძლებელია, იმ პლანეტებზე სიცოცხლე არსებობდეს?

– შეიძლება რაიმე სიცოცხლე არსებობდეს, ამ პლანეტებს იკვლევენ.

– თავად თუ გჯერათ, რომ რომელიმე პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს?

– თუ სტატისტიკურად რამე დასაშვებია, მაშინ ამის დაჯერება ძალიან ადვილია. თუ სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეს თითქმის წარმოუდგენელი მოვლენა შეიძლება იყოს, მაშინ დაჯერებაც ძნელია. როგორც ახლა აღმოჩნდა, ჩვენს გალაქტიკაში პლანეტები იმდენად ბევრია, შეიძლება მათი რიცხვი მილიონობით იყოს. ძალიან ადვილია იმის დაჯერება, რომ მილიონობით პლანეტიდან ერთ–ერთზე მაინც იყოს სიცოცხლე.

– ამბობენ, რომ მეცნიერები საზოგადოებას ბევრ რამეს უმალავენ…

– ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ მეცნიერებამ საზოგადოებას დაუმალოს, ეს არის კონკრეტული იარაღი ან კონკრეტული მიღწევა ტექნოლოგიებში. სხვა რამის დამალვა სრული უაზრობაა. სუფთა ფუნდამენტურ მეცნიერებაში არაფერი იმალება.

– ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრები რისი ნიშანია, რა პროცესები მიმდინარეობს დედამიწაზე?

– გახშირდა მათი დაფიქსირება და არა – მათი სიხშირე. ჩვენს ეპოქაში ყველა მოვლენას ვაფიქსირებთ, სხვა საუკუნეებში კი ამის დაფიქსირება არ შეეძლოთ. ის ეპოქა, როცა დედამიწაზე კატასტროფული მოვლენები ხდებოდა, გეოლოგიურად დიდი ხნის წინ დასრულდა. საქართველოში მიწისძვრებმა ბოლო 50 წელიწადში საგრძნობლად იკლო.

– ეს რითია გამოწვეული?

– ჩვენს რეგიონს არაბეთის პლატო აწვება. ბოლო დროს ეს დაწოლა შემცირდა. თუ რატომ, ეს გეოლოგებმა უნდა ახსნან. ფაქტია, რომ შემცირდა და მიწისძვრებმაც იკლო. ისეთი კატასტროფული მიწისძვრები აღარ ხდება, როგორიც თუნდაც მე–18–19 საუკუნეებში იყო.

– ამბობენ, დედამიწა დაბერდაო. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჩვენი პლანეტა?

– ასი მილიონი წლის წინ დედამიწაზე გაცილებით მეტი რამ ხდებოდა, ვიდრე ახლა. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მცირდება საშიში მოვლენების რაოდენობა. მოქმედი ვულკანების რიცხვმაც საგრძნობლად იკლო და, რაც დრო გავა, უფრო დაიკლებს. დედამიწის დაბერებაში იგულისხმება ნაკლები გეოლოგიური და ა.შ. აქტიურობა, რაც ადამიანებს კი არ უნდა აშინებდეს, პირიქით, სიმშვიდის საფუძველს უნდა აძლევდეს.

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close