არქივი

warcraft – ბრძოლის ხელოვნება (თავი 3 )

adf46b995d4b

ესეც მესამე ნაწილი.

ნაწილი I
ნაწილი II

ტირისფალელი მცველები (2700 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
—————————————–
ჩრდილოეთში ტროლების საფრთხის გაქრობის შემდეგ ელფებმა დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არატორის ძლევამოსილი არმიები კი სამხრეთში დაბრუნდნენ. ადამიანთა საზოგადოება დღითიდღე უფრო განვუთარებული და აყვავებული ხდებოდა. ტორადინმა დედაქალაქად საბოლოოდ დააწესა სტორმი, რათა თავიდან აეცილებინა სამებოს დანაწევრება მომავალში. იგი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. მისი მეფობის დროს არატორი მძლავრი, მდიდარი და ბედნიერი სახელმწიფო გახდა.

მაგიკოსების ასეული, რომელიც ელფთა მიერ იყო გაწვრთნილი, კვლავ აგრძელებდნენ ჯადოსნობის ხელოვნებაში ჩაღრმავებას და სულ უფრო განსწავლულნი ხდებოდნენ ამ მხრივ. ისინი ელფების მიერ მათი კეთილშობილებისა და ღირსეულობის გამო იყვნენ არჩეულნი და არცერთ მათგანს არ გამოუყენებია თავისი შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისათვის. მაგრამ მალე მათ თავიანთი ცოდნის ახალგაზრდა თაობისათვის გადაცემა გადაწყვიტეს, ხოლო ეს ახალი ჯადოსნები კი ნაკლებად ფიქრობდნენ ზოგად და ამაღლებულ მიზნებზე. მათ არ ჰქონდათ გამოცდილი ომის საშინელება და თავს არ იწუხებდნენ ზედმეტი პასუხისმგებლობით. მასწავლებლებისაგან განსხვავებით, ისინი ხშირად იყენებდნენ მაგიას პირადი მიზნებისათვის.

იმპერიის ზრდასთან ერთად ახალგაზრდა ჯადოსნებიც მოედვნენ ახალ მიწებს. თავიანთი შესაძლებლობით ისინი თანამოძმეებს იცავდნენ ველური ცხოველებისა და მტრებისგან და ეხმარებოდნენ ხალხს ახალი დასახლებების დაარსებაში. თუმცა, რაც უფრო მატულობდა მათი ძლიერება, მაგიკოსები სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ ხალხს და ნელნელა ცალკე ფენად ყალიბდებოდნენ.

არატორის მეორე დიდი ქალაქი, დალარანი, სტორმის ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე დაარსდა. მას მრავალმა ახალბედა მაგიკოსმა მიაშურა, რომელთაც სურდათ თავიანთი ძალების უფრო თავისუფლად გამოყენება, ვიდრე ეს სტორმში იყო ნებადართული. მათ თავიანთი მაგიის დახმარებით ააგეს დალარანის მოჯადოებული ქონგურები და სიხარულით აგრძელებდნენ თავიანთი ცოდნის გაღრმავებას. მოქალაქეები მხარს უჭერდნენ მათ მოქმედებებს და მაგიკოსთა დაცვის ქვეშ მშვიდობიანი და მდიდარი საზოგადოება ჩამოაყალიბეს. მაგრამ, გავიდა დრო და დაუსრულებელმა და გაუფრთხილებელმა ჯადოსნობამ თავისი კვალი დააჩნია ირგვლივ ბუნებას. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ სამყაროს ქსოვილის რღვევამ აზეროტიდან დიდი ხნის წინათ გაძევებული ცეცხლოვანი ლეგიონის ჯაშუშები მიიზიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დემონები შედარებით სუსტნი იყვნენ და პირდაპირ ბრძოლას ერიდებოდნენ, მათთან გამკლავება დალარანელ ჯადოსნებს მაინც უჭირდათ. ლეგიონის ავბედითი ჩრდილი ჩამოაწვა ქალაქის ქუჩებს და დღითიდღე უფრო მეტი არეულობა შეჰქონდა არატორის აქამდე მშვიდ ცხოვრებაში. ჯადოსნები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა უბრალო ხალხს სიმართლე არ გაეგო და სიმშვიდე არ დარღვეოდა. მიუხედვავდ ამისა, მაგიკოსების ყველა ცდა როგორმე აღეკვეთათ დემონთა თარეში და ტყვედ ჩაეგდოთ რომელიმე მათგანი, უცილობელი მარცხით მთავრდებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ დალარანში უკვე სერიოზული არეულობა დაიწყო. მოსახლეობამ ეჭვი აიღო, რომ მმართველი ჯადოსნები მათ სიმართლეს არ ეუბნებოდნენ. ხოლო ის რომ ყველაფერი რიგზე არ გახლდათ, ყველასათვის ნათელი იყო. მოსახლეობის შესაძლო ჯანყისა და სტორმის მმართველი წრეების მიერ ამ შემთხევვაში მიღებული ზომებით შეშფოთებულმა მაგიკოსებმა მიმართეს იმ ერთადერთ ძალას, რომელთაც მათი გაგება და დახმარება შეეძლო. ესენი მაღალი ელფები იყვნენ.

ახალმა ამბებმა დემონურ ძალთა კვლავ ამოქმედების შესახებ ელფები დააფიქრა. მათ სასწრაფოდ გააგზავნეს თავიანთი უდიდესი ჯადოსნები ადამიანთა მიწებზე, რომელთაც შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და დაწვრილებით მოახსენეს მის შესახებ ვერცხლისმთვარის საბჭოს. აღმოჩნდა რომ ეს მხოლოდ ერთეული დემონები იყვნენ, რომლებმაც შემოაღწიეს აზეროტში. თვითონ ლეგიონი კვლავ წყვდიადს მიღმა იყო.

მაშინ ელფებმა უამბეს მაგიკოსებს აზეროტის წარსულის შესახებ, ძველი კალიმდორისა და მარადისობის ჭის ამბავი, აგრეთვე ის, რომ ჯადოსნობის გამოყენებამ გამოიწვია ეს ყველაფერი და ახლა საჭირო იყო ხალხის დაცვა დემონთა თავდასხმებისაგან. მაშინ მაგიკოსებმა წამოაყენეს აზრი, რომ საჭირო იყო გაეწვრთნათ ერთი ფალავანი, უძლიერესი უძლიერესთა შორის, რომელსაც გადაეცემოდა ჯადოსანთა გაერთიანებული ძლიერება. და ამიერიდან სწორედ მას უნდა დაკისრებოდა ლეგიონის ჯაშუშებთან ბრძოლა. აგრეთვე ითქვა ისიც, რომ ადამიანთა უმრავლესობას არაფერი არ უნდა სცოდნეოდა მცველის შესახებ, რათა არ დარღვეულიყო მათი სიმშვიდე და საშინელებას არ მოეცვა მათი ცხოვრება. ელფებმა მოიწონეს ეს აზრი და საიდუმლო ერთობაც დააარსეს, რომლის მიზანიც მცველის არჩევაში მონაწილეობა და მისთვის დახმარების გაწევა იყო.

ამ საზოგადოებამ თავის თავშეყრის ადგილად ტირისფალის ბინდით მოცული მინდვრები აარჩია. ის ადგილი, სადაც ელფების პირველი სამოსახლო იყო ლორდაერონში. ამ ადგილის გამო, საბჭოს მიერ არჩეულ მებრძოლებს ტირისფალელი მცველები ეწოდათ. მოკვდავი ფალავნები, რომლებიც მცველებად ირჩეოდნენ, თავის თავში ორივე ერის, ელფების და ადამიანების ჯადოსნობას აერთიანებდნენ და ჭეშმარიტად განუზომელი ძლიერების პატრონებად იქცეოდნენ. აზეროტს მხოლოდ ერთი მცველი ჰყავდა, მაგრამ მისი ძალები საკმარისი იყო რომ მას ცალი ხელით დაემარცხებინა ნებისმიერი ჯაშუში ცეცხლოვანი ლეგიონისა. სწორედ ამ განუზომელი ძლიერების გამო, ღირსეული მცველის არჩევა მხოლოდ ტირისფალის საბჭოს შეეძლო. იმ შემთხვევაში, როდესაც მცველი მოხუცებულობის ან დაუსრულებელი ომით დაღლილობის გამო ვეღარ აგრძელებდა თავის მოვალეობის შესრულებას, საბჭო არჩევდა მის შემცვლელს და ძველი მცველის ძალებს ჯადოსნობის მეშვეობით მასში გადაანაცვლებდა.

თაობები ცვლიდნენ ერთმანეთს აზეროტში, ტირისფალელი მცველები კი აგრძელებდნენ თავიანთ კეთილშობილ საქმეს, იცავდნენ ადამიანთა მოდგმას ცეცხლოვანი ლეგიონის უჩინარი თავდასხმებისაგან მთელს არატორსა და ქველ’ტალასში. ხოლო მათი მფარველობის ქვეშ არატორი სულ უფრო ფართოვდებოდა და დღითიდღე უფრო აყვავებული ხდებოდა.

აირონფორჯი – დვორფთა აღდგომა (2500 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
————————————————-
უძველეს დროში, როდესაც ტიტანებმა დატოვეს აზეროტი, მათი შვილები, მიწისებად ცნობილი ერი, კვლავ აგრძელებდა დედამიწის ძერწვასა და მის სიღრმეთა დაცვას. მიწისებს ნაკლებად ადარდებდათ დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე მოვლენები და სიღრმისეულ უფსკრულებში ცხოვრობდნენ.

როდესაც მსოფლიოს გახლეჩა მოხდა, მიწისები ძლიერ შეშფოთდნენ. ისინი დედამიწის ტკივილით განიმსჭვალენ და ერთიანობა დაკარგეს.მათ გადაწყვიტეს ჩაკეტილიყვნენ იმ დარბაზებში, სადაც პირველად გაჩდნენ ამქვეყნად. ულდამანი, ულდუმი და ულდუარი, ეს იყო ტიტანთა ძველი ქალაქების სახელები, სადაც მიწისებმა პირველად მოიპოვეს ყოფიერება. ამრიგად ისინი დედამიწის სიღრმეში ჩაიმალნენ და უახლოესი რვა ათასი წლით მშვიდ ძლის მიეცნენ.

არ არის ცნობილი, თუ რამ გამოიწვია მათი აღდგომა ძილის საუფლოდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ულდამანში მძინარე მიწისებს გამოეღვიძათ. და იგრძნეს რომ მათში მრავალი ცვლილება მოხდა ამ დროის განმავლობაში. ხანგრძლივი ძილის დროს მათი გაქვავებული ტყავი შერბილდა და ჩვეულებრივ კანად გადაიქცა. მათი ძალაუფლება ცეცხლზე, ქვასა და რკინაზე – შემცირდა. ისინი მოკვდავ არსებებად გარდაიქმნენ.

უკანასკნელმა მიწისებმა თავიანთ თავს დვორფები უწოდეს, ულდამანის დარბაზები დატოვეს და ახალ სამყაროს მიაშურეს. თუმცა მიწის წიაღის სიმშვიდე მათთვის კვლავ ძვირფასი იყო და ამიტომ თავიანთი სამეფო მათ მსოფლიოს უმაღლესი მთების ქვეშ დააარსეს. ამ სამეფოს მძერწავი ტიტანის, ხაზ’გოროტის პატივსაცემად ხაზ მოდანი ეწოდა. თავიანთი მშობელის საკურთხეველის სახით დვორფებმა დედამიწის სიღრმეში მძლავრი სამჭედლო ააგეს. ამრიგად, ქალაქს, რომელიც ამ სამჭედლოს გარშემო აღმოცენდა, აირონფორჯი, ანუ რკინის სამჭედლო ეწოდა.

დვორფებმა, რომლებსაც ბუნებით მოსდგამდათ ქვის და ლითონის დამუშავების ნიჭი, ხაზ მოდანში მრავალი საბადო აღმოაჩინეს და დაამუშავეს. თავიანთი საქმიანობით გატაცებულნი, ისინი კვლავაც ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე თუ რა ხდებოდა მიწის ზედაპირზე.

შვიდი სამეფო (1200 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
———————————-
არატორის ვრცელი იმპერიის გულად კვლავ სტორმი რჩებოდა, მაგრამ დალარანის შემდგომ ქვეყანაში მრავალი ახალი ქალაქი დაარსდა და ნელნელა ძველმა დედაქალაქმა თავისი მნიშვნელობის დაკარგვა დაიწყო. პირველი ქალაქ-სახელმწიფოები გილნეასი, ალტერაკი და კულ ტირასი იყვნენ. თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს საკუთარი კანონები და მიზნები გააჩნდა, ყველა მათგანი აღიარებდა სტორმის გამაერთიანებელ ძალაუფლებას.

ტირისფალის საბჭოს ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ დალარანი ჯადოსნობის მთავარ ქალაქად იქცა არატორში. მისმა მმართველმა მაგიკოსებმა ქალაქი კირინ ტორი დააარსეს. ამ ქალაქში თავი მოიყარეს ყველა მათ, ვინც ესწრაფვოდა შეეგროვებინა ცოდნა სხვადასხვა შელოცვებისა და ჯადოსნური ნივთების შესახებ.

გილნეასი და ალტერაკი სტორმის მძლავრ მოკავშირეებად გარდაიქმნენ. მათმა ჯარებმა ხაზ მოდანის სამხრეთ მთიანეთშიც შეაღწიეს და სწორედ აქ შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ადამიანები და დვორფების ძველი რასა. ამ ორ ერს შორის თავიდანვე მეგობრული ურთერთობა ჩამოყალიბდა, რადგან მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ერთნაირად უყვარდათ ბრძოლა და ამბების მოყოლა. ადამიანებმა დვორფების დედაქალაქი იხილეს და მრავალი სასარგებლო ცოდნა მოიპოვეს მიწისქვეშეთის ბინადართაგან, რომელთაც, თავის მხრივ, ბევრი სარგებელი ნახეს ადამიანებთან ურთიერთობით.

კულ ტირასის ქალაქ-სახელმწიფო ლორდაერონის სამხრეთით მდებარე დიდ კუნძულზე დაარსდა და მისი მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და ზღვაოსნობა იყო. შემდგომში მათ დიდი ფლოტი ააგეს და მთელს ცნობილ სამყაროსთან აწარმოებდნენ ვაჭრობას მრავალი საუცხოო და საჭირო საქონლით.

ამრიგად, მიუხედავად იმისა რომ არატორის კეთილდღეობა იზრდებოდა, ნელნელა მის ერთიანობას ბზარები შეეპარა.

გავიდა დრო და სტორმის ხელისუფალთ გადაწყვიტეს თავიანთი საცხოვრებლის ჩრდილოეთის ნაყოფიერ მიწებზე გადატანა და უნაყოფო სამხრეთის მიტოვება. მეფე ტორადინის მემკვიდრეები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ამბავს და აცხადებდნენ, რომ სტორმის მიტოვება არ შეიძლებოდა. ამით მათ თავიანთი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვიეს, რომელთაც ჩრდილოეთში გადასახლება სურდათ. სტორმის დიდებულებმა საბოლოოდ მაინც დატოვეს ქალაქი და სიწმინდისა და განთლების ძიებაში დალარანის ჩრდილოეთ მხარეებს მიაშურეს. აქ მათ ახალი ქალაქი, ლორდაერონი დააარსეს. სწორედ ამ ქალაქის სახელი ეწოდა შემდგომ მთელს კონტინენტს. ლორდაერონი მთელი აზეროტის წმინდა ქალაქად იქცა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოეშურებოდნენ მისკენ მლოცველები, სულიერი სიწმინდისა და სიმშვიდის მაძიებლები.

არატების შთამომავალთა ნაწილმა, რომლებმაც მიატოვეს ძველი სტორმის დაბზარული კედლები, სამხრეთისაკენ გასწიეს. ხაზ მოდანის კლდოვანი მთების მიღმა, დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ მათ იპოვეს ახალი საცხოვრისი. ამ კონტინენტს მათ აზეროტი დაარქვეს და მის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაყოფიერ ველზე ქალაქი სტორმვინდი ააგეს. ეს ახალი სახელმწიფო სწრაფად გაძლიერდა და თავისუფლად ცხოვრობდა.

თუმცა სტორმი მთლიანად მაინც არ დაცლილა. მცირე რაოდენობამ მეომრებისა დარჩენა გადაწყვიტა. სტორმი ამიერიდან აღარ იყო იმპერიის გული. მისი მცხოვრებნი ახალ ხალხად ჩამოყალიბდნენ და სტორმგარდები ეწოდათ.
ამრიგად, ქალაქ-სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად არატორის იმპერია ნელნელა დაიშალა. ყველა ახალი ერი თავისი კანონებით, წესჩვეულებებითა და მიზნებით ცხოვრობდა და სულ უფრო შორდებოდა ერთმანეთს. მეფე ტორადანის მიერ დასახული სურათი ადამიანთა ერთიანობისა, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს.

აეგვინი და დრაკონებზე ნადირობა (823 წელი პირველ ვარკრაფტამდე)
———————————————-
იმ დროს, როდესაც ადამიანთა სამეფოები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრეობდნენ, ტირისფალელი მცველების უწყვეტი ხაზი აგრძელებდა მსოფლიოს დაცვას გარე სივრცეებიდან შემოსული ბოროტი ძალებისაგან. ამ დროის მანძილზე მრავალი მცველი ებრძოდა ლეგიონს აზეროტში, მაგრამ ერთდროულად მხოლოდ ერთი მცველი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ქვეყნად. ერთ-ერთი უკანასკნელი მათი რიცხვიდან, ცეცხლოვანი ქალწული აეგვინი გახლდათ. მან ტირისფალის საბჭოს ნდობა მოიპოვა და მცველის მოსასხამი მიიღო. თავისი ცხოვრების მანძილზე იგი დაუცხრომლად ებრძოდა ქაოსის მოციქულებს და თავი გამოიჩინა როგორც ერთერთმა უძლიერესმა მებრძოლმა მათ წინააღმდეგ. მაგრამ იგი ხშირად უკმაყოფილო იყო საბჭოსი, რომლის უმრავლესობასაც მამაკაცები შეადგენდნენ და ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებდა მათ გადაწყვეტილებებს. იგი ფიქრობდა, რომ საბჭო არ იყო საკმარისად გაბედული და მკვეთრი და თავის მოქმედებებში შორს არ იხედებოდა. ეს კი, აეგვინის აზრით, საშუალებას აძლევდა ლეგიონს კვლავ ეწარმოებინა თავისი შეტევა. ხანგრძლივი კამათით დაღლილი და უკმაყოფილო, იგი ხშირად ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე არა აიმდენად თანასწორთა და უფროსთათვის, რამდენადაც საკუთარი თავისათვის. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტ წუთებში, სულ უფრო მეტად ანიჭებდა უპირატესობას სიმამაცეს, სიბრძნესა და წინდახედულებასთან შედარებით.

ტირისფალის ჯადოსნობის ფლობაში ოსტატობის ამაღლებასთან ერთად აეგვინი ხშირად აღმოაჩენდა ხოლმე ახალ საფრთხეს. სწორედ ასე გაიგო მან ჩრდილოეთში, ნორთრენდის კონტინენტზე თავმოყრილი დემონების შესახებ. აეგვინი დაუყოვნებლივ გაემართა იქითკენ. ადგილზე მისულმა, მან დემონთა გარდა, მსოფლიოს გახლეჩას გადარჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი დრაკონიც აღმოაჩინა, რომელიც მოკვდავი ერების ცნობისმოყვარე თვალს ჩრდილოეთის ყინულებში განრიდებოდა. დემონები სწორედ მასზე ნადირობდნენ, რათა მიეთვისებინათ მისი მაგიური ძლიერება. აეგვინი შეებრძოლა ქაოსის მეომრებს და კეთილშობილ დრაკონთა დახმარებით გაანადგურა ისინი. მაგრამ როგორც კი უკანასკნელ დემონს მოეღო ბოლო, სასტიკი ქარიშხალი დაატყდა თავს მსოფლიოს ჩრდილოეთს და უაზარმაზარი ბნელი აჩრდილი აღიმართა ნორტრენდის მიწაზე. მცველის წინაშე თვით სარგერასის, წყვდიადის ღმერთისა და ცეცხლოვანი ლეგიონის მბრძანებლის განსახიერება დაეშვა თავისი განუზომელი მრისხანებით. მან გამოუცხადა აეგვინს რომ აზეროტის დაღუპვისა და ლეგიონის დაბრუნების დრო ახლოვდებოდა.

მაშინ აეგვინის ამაყი სული რისხვით აენთო და თავის ძლიერებით დაიმედებულმა დაუყოვნებლივ შეუტია განსხეულებულ ტიტანს. ბრძოლა ძალიან მალე დასრულდა და აეგვინმა დაუჯერებლად ადვილი გამარჯვება მოიპოვა. სარგერასის ხორციელი გარსი განგმირული ეგდო ყინულზე. აეგვინს შეეშინდა, რომ სარგერასის სული შესაძლოა კვლავ დარჩენილიყო აწ უკვე მკვდარ სხეულში და მან გულუბრყვილოდ გადაწყვიტა გვამის ნარჩენების ზღვის ფსკერზე, ძველი კალიმდორის დარბაზებში დამარხვა. აეგვინმა არ იცოდა, რომ ამით პირდაპირ შეასრულა ის, რაც სარგერასს ჰქონდა გეგმაში. გულმხურვალე მცველი ვერც კი მიხვდა, რომ მან მსოფლიოს ბედი განსაზღვრა და რომ სარგერასი კი არ მოკვდა სინამდვილეში, არამედ თავისი სხეულებრივი სიკვდილის წამში აეგვინის დაღლილ სხეულში გადასახლდა. აეგვინის გაუგებრად მის სულში ამიერიდან წყვდიადის ღმერთმა დაიბუდა და შესაფერის დროს დაუწყო ლოდინი…

სამი უროს ომი (230 წელი პირველ ვარკრაფტამდე)

აირონფორჯის დვორფები მრავალი წლის მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მათი საზოგადოება ვითარდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს მიწისქვეშა სამეფო ვიწრო გახდა მათთვის. აირონფორჯის უზენაესი მმართველის მოდიმუს ანვილმარის დროს სამეფოს პირველი ცვლილებები დაეტყო.

საზოგადოება სამ ნაწილად დაიყო, რომლებიც მართალია, ემორჩილებოდნენ მოდიმუსის ძალაუფლებას, მაგრამ საკუთარი მიზნები ამოძრავებდათ. პირველ და ყველაზე დიდ ნაწილს სათავეში ბროუნზბიარდების (ბრინჯაოსწვერათა)აგვარეულო ედგა. მისი მეთაური, თეინი მადორან ბროუნზბიარდი მეფის ნათესავი იყო და თავის ხალხთან ერთად აირონფორჯის ერთგულ დამცველთა რიცხვს ეკუთნოდა.
მეორე, ვაილდჰამერის (ველური უროს) კლანი, ხარდროს ვაილდჰამერის მეთაურობით, მთების ძირში განლაგებულ კლდეებსა და ბორცვებიან მთისწინეთში ცხოვრობდა. მათ მეტი ძალაუფლების მოპოვება სურდათ აირონფორჯში. მესამე დაჯგუფებას კი დარკ აირონი (შავი რკინა) ერქვა და მას გრძნეული დვორფი, თეინი ტაურისანი მეთაურობდა. ეს კლანი მთისქვეშეთის ყველაზე ღრმა ადგილებში ბინადრობდა და გამუდმებით ემტერებოდა ორ დანარჩენ კლანს.

გარკვეული დროის მანძილზე დვორფების სამეფოში მერყევი წონასწორობა დამყარდა, რომლის დასარღვევად მცირე ბიძგი იყო საჭირო. ეს ბიძგი მეფე მდიმუსის სიკვდილი გახდა. იგი ღრმად მოხუცებული მიიცვალა და სამი დაპირისპირებული კლანი მისი გარდაცვალებისთანავე დაეძგერა ერთმანეთს. სამოქალაქო ომი აირონფორჯზე ბატონობის მოსაპოვებლად მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდა. საბოლოოდ ამ ბრძოლაში გამარჯვება ბროუნზბიარდებს დარჩათ, რომლებმაც მოახერხეს და მოწინააღმდეგეები მთისქვეშეთიდან განდევნეს.

ხარდროს ვაილდჰამერმა თავისი ხალხი დუნ ალგაზის კარიბჭეების გავლით ჩრდილოეთისაკენ წაიყვანა და გრიმ ბატოლის შორეული მთის წიაღში საკუთარი სამეფო დააარსა. აქ ვაილდჰამერებმა აღიდგინეს დაკარგული სიმდიდრე და ძლიერება.

რაც შეეხება ტაურისანს და შავი რკინის კლანს, მათ გეზი სამხრეთისაკენ აიღეს. მათ ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადეს ამ ომში და მათი სული ბოღმითა და შურისგების წყურვილით იყო აღვსილი. ტაურისანმა თავისი ხალხი შორეულ სამხრეთში, მშვენიერი მეწამული მთაგრეხილის მხარეში მიიყვანა და აქ ქალაქი ააშენა, რომელსაც საკუთარი სახელი, ტაურისანი უწოდა. მაგრამ დრომ და მშვიდობამ ვერ დაამშვიდა შავი რკინის ხალხის გულები და რისხვა. მათ კვლავინდებურად შურისძიება სურდათ. ტაურისანმა და მისმა ჯადოსანმა მეუღლემ, მოდგუდმა ორი ნაწილისაგან შემდგარი გეგმა შეიმუშავეს, რომლის განხორციელებითაც მათ უნდა დაემარცხებინათ ორი დანარჩენი კლანი და ერთპიროვნული მბრძანებლობა მოეპოვებინათ ხაზ მოდანში.

და აი, დარკ აირონის ჯარებმა ერთდროულად შეუტიეს აირონფორჯსა და გრიმ ბატოლს და იმდენად სასტიკი იყო მათი იერიში, რომ მოწინააღმდეგე ორივე მიმართულებით ძალზე შეავიწროვეს, თუმცა საბოლოო გამარჯვებისათვის ძალები აღარ ეყოთ. მადორან ბრინჯაოსწვერამ გადამწყვეტ ბრძოლაში შეაჩერა ტაურისანი, საკუთარი ქალაქისაკენ უკუაგდო და თავად გადავიდა შეტევაზე.

უკეთესად არც მეორე ლაშქრობის ბედი წარიმართა, რომელსაც ტაურისანის მეუღლე მოდგუდი წინამძღოლობდა. მან მთელი თავისი ჯადოსნობა გამოიყენა, რათა ვაილდჰამერის მებრძოლებში შიში ჩენერგა. მისი მოწოდებით აღდგნენ მიწისქვეშეთის ბნელი აჩრდილები და თავს დაესხნენ ველური უროს ლაშქარს. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოდგუდმა მოახერხა მოწინააღმდეგის უკუქცევა. მისმა მეომრებმა გრიმ ბატოლის კარიბჭეები შელეწეს და შიდა ციტადელს შემოარტყეს ალყა. მიუხედავად იმისა, რომ ვაილდჰამერები სასოწარკვეთილი თავდადებით იცავდნენ მიწის ყოველ გოჯს და საკუთარი სისხლის ფასად ცდილობდნენ მოზვავებული მტრის შეჩერებას, გამარჯვების სასწორი ნელა, მაგრამ ჯიუტად იხრებოდა დარკ აირონის მხარეზე. და მაშინ მოახლოებული მარცხის წინათგრძნობით გამწარებულმა ხარდროსმა თავის მეომრებთან ერთად თავგანწირვით შეუტია მტერს, იმ მიმართულებით, სადაც მათი გრძნეული დედოფალი ეგულებოდა. შავი რკინის რაზმების მჭიდრო წყობამ ვერ გაუძლო მრისხანებისაგან გონდაკარგული თეინის გამძვინვარებულ იერიშს და გაირღვა. ხარდროსმა თავად განგმირა დაცვის გარეშე დარჩენილი მოდგუდი, რომლის სიკვდილმა ტაურისანის ლაშქარზე დამღუპველი გავლენა მოახდინა. დარკ აირონების რიგები აირია, ისინი უკუიქცნენ ვაილდჰამერთა რისხვის წინაშე და შიშით ატანილნი გარბოდნენ გვამებით დახერგილი ქალაქიდან.

მაგრამ გრიმ ბატოლიდან უკუქცეულთ, როდესაც მათ თავი თითქმის გადარჩენილი ეგონათ, წინ აირონფორჯის არმიები შემოეფეთათ, რომლებიც ხარდროსის დასახმარებლად მოეშურებოდნენ. ორმხრივი დარტყმის ქვეშ მოქცეული დარკ აირონის ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა. მხოლოდ რამოდენიმე მეომარმა დააღწია თავი სისხლიან სასაკლაოს. განუზომელი იყო მწუხარება, რომელიც მათმა მონათხრობმა დაატეხა თავს ტაურისანს.

ხოლო გრიმ ბატოლისა და აირონფორჯის გაერთიანებული ლაშქარი კი დაუყოვნებლივ სამხრეთისაკენ შებრუნდა და დარკ აირონის კლანის ერთხელ და სამუდამოდ მოსასპობად გაემართა. მაგრამ მათ ვერ მოასწრეს შორს წასვლა, რადგან ამ დროისთვის ტაურისანის სიშმაგემ ყველა ზღვარს გადააჭარბა და მოქმედებებში საღი აზრი დაკარგა. ამან კი საზარელი შედეგები მოიტანა უპირველეს ყოვლისა თავად მისთვის. ზებუნებრივი მოკავშირეების ძიებაში, რომლებიც მას გამარჯვების მოპოვებაში უნდა დახმარებოდნენ, ტაურისანმა მსოფლიოს ქვეშ მიძინებული უძველესი ძალები გააღვიძა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ მის მიერ გამოძახებული არსნი ბევრად უფრო საშინელნი იქნებოდნენ, ვიდრე ყველა საშინელება, რომელიც კი მას შეეძლო წარმოედგინა.

რაგნაროს ალისბატონი, ცეცხლის საწყისთა უკვდავი მბრძანებელი, აზეროტის ძველი ღმერთი, უხსოვარ წარსულში მიჯაჭვული მსოფლიოს ფსკერზე ტიტანთა მიერ, გაანთავისუფლა ტაურისანის დაუფიქრებელმა მოქმედებებმა და კიდევ ერთხელ მიანიჭა მას ყოფიერება. და მაშინ საზარელ ძალად წამოიმართა ცეცხლის მბრძანებელი აზეროტის მიწებზე. მისმა გამოღვიძებამ გაარღვია მეწამული მთაგრეხილი და ბლექროკ სპეარის (შავი კლდის შუბის) ბობოქარ ვულკანად ამოიფრქვა მიწის ზედაპირზე, ჩრდილოეთისაკენ მიშვერილი გამომწვარი ხახითა და გადაბუგული ველებით სამხრეთის მხარეს. თავად ტაურისანი თავის სიკვდილს შეხვდა ძველი ღმერთის მრისხანებაში, ხოლო მისი გადარჩენილი თანამოძმეები სამუდამოდ იქნენ დამონებულნი რაგნაროსის მიერ და ჩათრეულნი შავი კლდის უძირო წიაღში.

ხარდროსმა და მადორანმა შორიდან შენიშნეს დამანგრეველი უბედურება, რომელმაც სამხრეთის მთები მოიცვა, მყისვე მიაბრუნეს თავიანთი ჯარები უკან და სწრაფი სვლით მიაშურეს საკუთარ სამეფოებს, რათა თავი აერიდებინათ რაგნაროსის რისხვის ხილვისთვის.

ბროუნზბიარდები აირონფორჯში დაბრუნდნენ და თავიანთი სახელოვანი ქალაქის აღდგენას შეუდგნენ. ვაილდჰამერებმაც თავის მხრივ გრიმ ბატოლისაკენ გასწიეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულებმა ნახეს, რომ მოდგუდის სიკვდილს ბოროტების დაღი დაესვა მთელი იმ მიდამოსათვის და ეს ადგილები საცხოვრებლად აღარ ვარგოდა. ისინი ძალიან დაამწუხრა იმ ამბავმა რომ საყვარელი სამშობლოს დატოვება მოუწევდათ. ბრინჯაოსწვერათა თეინმა მათ აირონფორჯში დაბრუნება და დასახლება შესთავაზა, მაგრამ ველური უროს ამაყმა ერმა მტკიცე უარი თქვა ამგავარ შესაძლებლობაზე. ხარდროსმა თავისი ხალხი ჩრდილოეთით, ლორდაერონისაკენ წაიყვანა. იქ, სანაპიროდან მოშორებით, უღრან ტყეებში ვაილდჰამერებმა თავიანთი ახალი საცხოვრისი, ეარი პიკი (მწვერვალის საბუდარი) ააგეს. დვორფების ეს განშტოება მალე ძალზე დაუახლოვდა ბუნებას და იმ ადგილებში მობინადრე გრიფონებიც კი მოიშინაურა.

თანამოძმეებითან ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით, აირონფორჯელმა დვორფებმა ორი მძლავრი თაღი, ტანდოლის უღლად წოდებული ხიდი ააგეს, რომელიც ხაზ მოდანისა და ლორდაერონის გამყოფ ვიწრო სრუტეზე გაიდო. ორმხრივი ვაჭრობის წყალობით, ორივე სამეფოს სიმდიდრემ და კეთილდღეობამ იმატა. მადორანისა და ხარდროსის სიკვდილის შემდეგ მათმა მემკვიდრეებმა მამათა პატივსაცემად ერთობლივი ძალებით გამოკვეთეს მათი ორი უზარმაზარი ქანდაკება. ეს ორი ქანდაკება თითქოს დარაჯად ედგა სამხრეთის მიწათა ბჭეებს, რომლებიც რაგნაროსის აღდგომის შემდეგ გადაბუგულ მხარედ იქცა. ისინი აღმართულნი იყვნენ, როგორც გაფრთხილება დვორფების მტრებისათვის და შეახსენებდნენ მნახველს, თუ რა ფასად დაუჯდათ დარკ აირონებს თავიანთი დანაშაულებანი.

ორ სამეფოს შორის მჭიდრო კავშირი გარკვეული დროის მანძილზე შენარჩუნდა, შემდეგ კი თავი იჩინა იმ ცვლილებებმა, რაც ვაილდჰამერებში გამოიწვია გრიმ ბატოლში გადატანილმა საშინელებამ. ღრმა მიწისქვეშა მღვიმეებში ყოფნას ისინი ეარი პიკის ფერდობების ღია სივრცეებზე ცხოვრებას ამჯობინებდნენ. საბოლოო ჯამში ამ ორი ხალხის სულიერებაში არსებულმა განსხვავებებმა მათი გზების სამუდამოდ დაშორება გამოიწვია.

მსგავსი ამბები

Back to top button