არქივი

ბერბერული პოეზია


ჰურია აიში- ბერბერული პოეზია

სალექსო ზომები არც თუ ისე ბევრია, რომლებმაც ქართულ პოეზიაში ჰპოვეს ასახვა. ახლა დაუძაბავად, დამატებით ლიტერატურაში ჩაუხედავად, რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია: შაირი, რუსთველის ლექსი, ბესიკის ლექსი, მუხამბაზი… მეტი არ მახსენდება. მათ შორის მუხამბაზიც არ არის ქართული შესაბამისად უცებ რაც მომივიდა თავში სულ სამი ყოფილა.  მათი რიცხვი, რასაკვირველია უფრო მეტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ათეულს არ გადაცდება, თუ ჭეშმარიტად ქართულ წარმონაქმნებზე ვისაუბრებთ და აღმოსავლურ–დასავლურ დივანს არ შევეხებით. შეიძლება იმაზეც მომედავოს ვინმე შაირი არაბული “შა’ირ”–ისაგან (“ში’რ” – ლექსი) მოდისო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხური კაფია (სიტყვა “კაფიაც” არაბულია და “რითმას” ნიშნავს) უფრო ადრე არსებობდა ვიდრე არაბები გვესტუმრებოდნენ და მათ სახელების გარდა სხვა არაფერი აქვთ არაქართული, თუმცა ვინ იცის…

ევროპულ პოეზიაში არსებული სალექსო ზომები პითაგორასთან იყრის თავს, პირველმა სწორად მან დაუკავშირა მათემატიკა და მუსიკა ერთმანეთს, რომელთაგან არც თუ ისე შორს დგას პოეზია, რომელიც თავის მხრივ “კეთებას” ნიშნავს ძველ ბერძნულად. ჰოდა იჯდნენ და ქმნიდნენ ძველი ბერძნები დაქტილს, ანაპესტს, იამბს, ამფიბრახეს, ამ ელემენტებისაგან შემდგარ უფრო რთულ ფორმებს რომელთაგან უპირველესად ჰექზამეტრი მახსენდება და ამგვარად გადმოჰქონდათ მათი შინაგანი მუსიკა სიტყვაში. ევროპულ პოეზიაში სხვა რთული ფორმებიც მრავლადაა, მაგალითად ალექსანდროული ლექსი, რომელმაც ფრანგული პოეზია წალეკა. იყო შემთხვევები, როცა ძვ. ბერძნული “კუბიკებისგან” ევროპელი მოაზროვნეები საკუთარ ფორმებს ძერწავდნენ და არქმევდნენ პროტოდაქტილურ ანტიჰექზამეტრებს და ა.შ.

ამასწინათ არაბულ პოეზიაზე წავიკითხე სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ არაბულ პოეზიაში იმდენი სალექსო ზომაა, რამდენნაირადაც გადაადგილდება აქლემიო. ეს აზრი თავიდან მეუცხოვა, აქლემი რა შუაშია მეთქი, თუმცა შუაში კი არა თავში გამოდის. აი, რომ წარმოვიდგინოთ, ზის ბედუინი თავის აქლემზე და საჰარის უდაბნოს მიაპობს, მწველი მზე უძლურებამდე თანგავს, გარშემო არსებული ყვითელი ქვიშის ერთფეროვნება აიძულებს რომ ბუნებით ექსტრავერტი ინტროვერტი გახდეს და იწყებს ღიღინს… ეს ღიღინი კი აუცილებლად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს გარემოსთან, უფრო ზუსტად კი იმ რიტმთან რომლითაც მისი არსებაა გაჟღენთილი. სხვანაირად სიხშირეები ერთმანეთს არ დაემთხვევა და ღიღინიც არ შედგება. ჰოდა სხვა რაღა დარჩენია ამ ჩვენს ბედუინს იღებს საბაზისოდ აქლემის ფეხების თქარათქურს და ღიღინებს… რას ღიღინებს აქ უკვე აღარ არის საინტერესო, პოეზიაში ხომ, თუ ვერლენს დავეკითხებით, ჯერ მუსიკაა მთავარი და მერე ყველაფერი დანარჩენი.

P. S. მათთვის ვინც მთლად კარგად ვერ წარმოიდგინა, როგორ გადაადგილდება აქლემი შეუძლია ბერბერული პოეზიით დატკბეს და ჰურია აიშის მოუსმინოს. ამ კლიპში მუსიკა მე მგონი ზედმეტია :)

წყარო :   linguistuss.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button