არქივი

წიგნი ციფრულ საუკუნეში

3bac92460003

კითხვა „რა ბედის ელის წიგნს ციფრულ ეპოქაში?“ პირველი პერსონალური კომპიუტერის გამოგონებიდან ძალიან მალე გაჩნდა, მაგრამ აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს. თუმცა, დაახლოებით 15 წლის წინ, როცა მსოფლიოს ყველა გამომცემელი ამ საკითხზე აქტიურ დისკუსიაში იყო ჩართული, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნაბეჭდ წიგნს ელქტრონული წიგნი ასე მოკლე დროში ჩაანაცვლებდა.

წიგნი იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მას დღეს ვიყენებთ, მხოლოდ 1500 წელია რაც არსებობს. ქაღალდის, მასზე ბეჭდვისა დ აკინძვის გამოგონებამდე წიგნები ქვაზე, ბათქაშზე, თიხის ფირფიტებზე და ცხოველების ტყავზე იწერებოდა. რა თქმა უნდა ასეთი წიგნების შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, შესაბამისად იმ უხსოვარ დროს ბევრი წიგნი ვერ იქმნებოდა და ვერც ადვილად ვრცელდებოდა. ჯერ ქაღალდის, ხოლო შემდეგ ბეჭდვის გამოგონებამ წიგნის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა, და წიგნისა და წიგნიერების (წერა-კითხვის) ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

კომპიუტერისა და თანამედროვე საბეჭდი მანქანა-დანადგარების შექმნამ წიგნის წარმოების პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და მარტივი გახადა. დაახლოებით 15 წლის წინ კი გაჩნდა ციფრული საბეჭდი მანქანაც – იდეალური მოწყობილობა მცირეტირაჟიანი წიგნის დასაბეჭდად. მანქანა კომპიტერთანაა დაკავშირებული და მითითებული წიგნის ფაილს ჯერ ბეჭდავს, შემდეგ კინძავს, ყდაში სვამს და მზა წიგნად აქცევს. ეს ყველაფერი ერთ მანქანას შეუძლია სულ მოკლე დროში.

კომპიუტერის გამოგონებამ და ციფრულმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა წიგნის ელექტრონული ფორმატის შექმნა. დაახლოებით 15 წლის წინ გამომცემლების ნაწილი ვარაუდობდა, რომ მომავალში წიგნებს კომპაქტ-დისკებზე ჩაწერდნენ და ისე მიაწვდიდნენ მყიდველებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაკი გამომცემელი ყიდის ინფორმაციას, ანუ წიგნის შიგთავსს და არა ქაღალდს, რომელზეც ეს წიგნია დაბეჭდილი, მკითხველი დისკზე ჩაწერილ წიგნსაც იყიდის. ალბათ თანდათან მართლაც ასე მოხდებოდა, სულ მალე უფრო მოსახერხებელი მოწყობილობა – ელექტრონული წიგნები რომ არ გამოეგონებინათ.

2007 წელს გამოვიდა პირველი ელექტრონული წიგნი – Kindle, რომელიც გამოსვლიდან რეკორდულ დროში – ხუთნახევარ საათში გაიყიდა. უფრო სწორად, ეს არის ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც გამოუშვა ყველაზე დიდმა ინტერნეტ-მაღაზიამ, ამაზონმა. ამაზონის მფლობელები მალე მიხვდნენ, რომ დაბეჭდილი წიგნების გაყიდვის გარდა, წიგნის ელექტრონული სახით გაყიდვაც არის შესაძლებელი, თუ მყიდველს შესაბამის მოწყობილობას შესთავაზებ. აქედან გაჩნდა Kindle-ის შექმნის იდეაც. ეს მოწყობილობა ეკრანისა და ღილაკებისგან შედგება და დიდ მობილურს ჰგავს. მის 15 სანტიმეტრიან შავ-თეთრ ეკრანზე ნებისმიერი ელექტრონული ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი ილუსტრაციების გარეშე. ასეთი ტექსტის, უფრო სწორად ტექტსების, უფრო ზუსტად კი მთელი წიგნების წყარო ინტერნეტია.

დღეს მომხმარებელს შეუძლია წიგნის შეძენა ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით რამდენიმე ფორმატში: წიგნისა დებჭდილი სახით, აუდიო წიგნის და ელექტრონული წიგნის. ამ უკანასკნელის შეძენის შემთხვევაში ტექსტის გადმოწერა პირდაპირ ინტერნეტიდან ხდება Kindle-ში და მკითხველს შეუძლია მისი წაკითხვისას ტექსტის სასურველ ზომაზე დაყენება, ანუ შრიფტის გადიდება ან დაპატარავება, „გადაფურცვლა“, სხვადასხვა გვერდზე გადახტომა და ა.შ.

Kindle-ის შემდეგ ელექტრონული წიგნის გაუმჯობესებული ვარიანტები გამოვიდა. Nook საშუალებას აძლევს მკითხველს ბიბლიოთეკიდან 14 დღით უფასოდ გამოიტანოს ელექტრონული წიგნები, ხოლო Sony-Reader ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების წაკითხვისა და გამოწერის საშუალებასაც სთავაზობს. ამასთან, ელექტრონული წიგნების რაოდენობაც საკმაოდ შთამბეჭდავია – ამაზონს თავის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში 450 000 დასახელების წიგნი აქვს გაერთიანებული, ხოლო Sony-Reader-ის მფლობელს მილიონზე მეტი დასახელების ელექტრო-წიგნის შეძენა შეუძლია ინტერნეტით.

ყველა ამ ჭკვიანურ ელექტრონული წიგნის წამკითხველ მოწყობილობას ამავე დროს აქვს თავისი უარყოფით მხარეები, მაგალითად, შავ-თეთრი ეკრანი, რომელიც ამავე დროს საკმაოდ მცირე ზომისაა და კითხვის პროცესს ნაკლებადმოსახერხებელს ხდის და სხვ.

როგორც ჩანს მათი ნაკლი დაკვირვებით შეისწავლა კომპნია Apple-მა და 2010 წლის იანვარში გამოუშვა iPad, რევოლუციური მოწყობილობა, რომელსაც 23 სმ-იანი ფერადი, სენსორული ეკრანი და ყველა ის ფუნქცია აქვს, რასაც თანამედროვე მომხმარებელი ინატრებდა. ამასთანავე მოწყობილობა ძალიან მსუბუქი (700 გრამამდე) და თხელია (1,2 სმ). მისი გამოყენება შეიძლება როგორც ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების წასაკითხად, ისე ფოტოალბომების, ვიდეოებისა და რუკების სანახავად, აქვს ელ-ფოსტა, შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება და ეს ყველაფერი ეკრანზე თითის მსუბუქი დაჭერით ხდება, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მოკლედ, ინატრე, რაც გინდა…

მაგრამ მაინც, რა მოუვა ნაბეჭდ წიგნს? ნუთუ ის აღარ იარსებებს? ნუთუ ვეღარ გადავშლით მის ფურცლებს და ვერ შევიყნოსავთ მის დაუვიწყარ სურნელს, მკითხველს რომ ასე ძალიან უყვარს?

ალბათ ნაბეჭდი წიგნი მაინც იარსებებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი წარმოებაც და ქაღალდიც მომავალში სულ უფრო ძვირი გახდება, ნაბეჭდ წიგნს თანდათანობით ელექტრონული წიგნი ჩაანაცვლებს. წიგნის ნაბეჭდ ვერსიას შემდგომში მხოლოდ კოლექციონერებისთვის და სპეციალური გამოცემების სახით გამოუშვებენ. დროთა განმავლობაში ელექტრონული წიგნის სიიაფე და მისი სწრაფად შეძენის შესაძლებლობა (ასეთი წიგნის ყიდვა და ჩამოტვირთვა ინტერნეტით სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი) თითქმის მთლიანად გამოდევნის ნაბეჭდ წიგნს ბაზრიდან.

ალბათ ბევრს გახსოვთ დრო, როდესაც ვიდეო-კასეტების დაქირავება შეიძლებოდა. სულ მალე ვიდეო-კასეტები CD და DVD დისკებმა ჩაანაცვლა. ახლა ვიდეოს საყიდლად მაღაზიაში არავინ დადის – მილიონობით ფილმის ჩამოტვირთვა ინტერნეტით შეიძლება შესაბამის ფასად. რა თქმა უნდა, არსებობს პირატული საიტები, სადაც ეს ყველაფერი უფასოდაა განთავსებული, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…

რაც შეეხება წიგნების ავტორებსა და გამომცემლებს: რა ელით მათ?

ალბათ, სანამ მკითხველი არსებობს, ავტორიც იარსებებს და გამომცემელიც. არა აქვს მნიშვნელობა, რა სახეს მიიღებს საბოლოო პროდუქტი, ქაღალდზე დაიბეჭდება თუ ეკრანზე აციმციმდება – ვიღაც მაინც არის საჭირო, ვინც ტექსტს დაწერს, შედეგ მას გაასწორებს და მკითხველს მიაწვდის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ავტორი, რომელმაც თქვენთვის ამდენი იშრომა, ჰონორარის გარეშე ვერ იარსებებს. ასე რომ, შეიძინეთ და იკითხეთ წიგნები რა სახითაც გინდათ… სხვათა შორის, ალბათ ამ სტატიასაც ეკრანზე კითხულობთ და არა ფურცელზე, ასე არ არის?

წყარო: azrebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button