გასართობისაკითხავისასარგებლო

დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია

არ გეშინიათ? :D დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო :)

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი – აპრილის გუგულებს.

სულელების დღის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშნები ჯეფრი ჩოსერის მოთხრობა “მონაზვნის მღვდლის ამბავშია” ნაპოვნი, სადაც ნახსენებია ორი გაბითურებული, რომლებიც “მარტის დადგომიდან ოცდაათი და კიდევ ორი დღის შემდეგ” გააბეს მახეში.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ სულელების დღეს გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული. საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად დააკანონა. ჩარლზ IX-მ ეს ბრძანება ჯერკიდევ 1564 წელს გასცა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამოდნიმე წლით ადრე. ასერომ, ახალი წელიწადის დადგომის აღნიშვნა და საჩუქრების მომზადება უკვე პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე აპრილის დასაწყისთან ასოცირდებოდა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც არ მოწონდათ ცვლილება და არ ეგუებოდნენ ახალი წლის თარიღის გადატანას. ამიტომ, დანარჩენი მოსახლეობა ამ ადამიანებს პირველ აპრილს “ყალბ” საჩუქრებსა და სხვა გასაშაყირებელ ნივთებს უგზავნიდა.

საფრანგეთში, თავის მხრივ, გაშაყირებულ ადამიანს poisson d’avril-ს უწოდებენ, რაც “აპრილის თევზს” ნიშნავს. ეს სახელი ალბათ იმით აიხსნება, რომ მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ნაცნობ-მეგობრებს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეს კი ნამდვილი თევზი ქაღალდისგან გამოჭრილმა თევზის ფორმებმა შეცვალა, რომლებსაც ბავშვები მეგობრებს ჩუმად ზურგზე აკრავენ ხოლმე.

თუმცა, დადგა 20-ე საუკუნე, მოვიდა მასმედიის და ინტერნეტის ხანა და პირველი აპრილის ტრადიციამაც ფრთები გაშალა – კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ხომ ახლა უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი! :)

ამას კი პირველი BBC მიხვდა.

სპაგეტის მოსავალი

1957 წელს, საკმაოდ ავტორიტეტულმა ახალი ამბების შოუმ Panorama გამოაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზამთრის წყალობით, შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის ერთი-ორად გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. სიახლის ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია :) BBC-ის ოფისში ზარები არ წყდებოდა – ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე BBC დიპლომატიურად პასუხობდა – ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო :D

taco bell1996 წელს ამერიკულმა კორპორაციამ Taco Bell Corporation საზოგადოებას ლიბერთი-ბელის შესყიდვის შესახებ ამცნო. ამიერიდან, უამრავი ამერიკელის სათაყვანებელ ზარს სახელი გადაერქმეოდა და მას Taco Liberty Bell ეწოდებოდა. ამ ცნობით შეშფოთებული ასობით მოქალაქე სიბრაზის გამოსახატად ფილადელფიის ეროვნულ ისტორიულ პარკში შეიკრიბა. გააფთრებული ბრბოს დამშვიდება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა რამოდენიმე საათში Taco Bell-მა ოფიციალურად განაცხადა, ეს ყველაფერი ხუმრობა იყოო :) დღე კი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, მაიკ მაკქურიმ დააგვირგვინა, როდესაც გაყიდვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან ჟურნალისტს ხუმრობით უპასუხა – ზართან ერთად ლინკოლნის მემორიალიც გაიყიდა და მას აწი Ford Lincoln Mercury Memorial დაერქმევაო :D

1962 წელს შვედეთში მხოლოდ ერთი ტელეარხი მაუწყებლობდა – რათქმაუნდა, შავ-თეთრ ფორმატში. პირველ აპრილს ამ არხის ტექნიკური ექსპერტი კიელ შტენსონი ახალი ამბების შემდეგ საზოგადოებას წარუდგა და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით, ყველა მაყურებელს შეეძლო თავიანთი ტელევიზორები ფერადი ტელესიგნალის მიმღებებად გადაექციათ. ამისათვის კი ტელეეკრანზე სულ რაღაც, ნეილონის ნაჭრის გადაფარება იყო საჭირო. სიახლემ ბევრი აიყოლია… დღეს კი უკვე ბევრი შვედი იხსნებს საკუთარ ბავშვობას, როცა გაოცებულები უყურებდნენ მშობლებს, რომლებიც ეკრანზე ნაჭერმიფარებულები უშედეგოდ ელოდნენ ფერების გამოჩენას :)
რეალურად კი, ფერადი ტელესიგნალი შვედეთში პირველად 1970 წელს გაეშვა, ასევე პირველ აპრილს. ოღონდ ამჯერად – ტყუილის გარეშე :)

სან შერის კუნძულები1977 წელს ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian გამოაქვეყნა სპეციალური შვიდ-გვერდიანი ჩანართი, რომელიც ეძღვნებოდა ინდოეთის ოკეანეში არსებულ ორ პატარა კუნძულზე განთავსებულ სახელმწიფო სან-შერის. სტატიების სერია დეტალურად აღწერდა ადგილობრივი მოსახლეობის გეოგრაფიასა და კულტურას. გაზეთის მიხედვით, წერტილ-მძიმეს ფორმის ორ კუნძულს ზედა და ქვედა ჩაისები ეწოდებოდა. მისი დედაქალაქი იყო ბოდონი, სადაც ქვეყნის პირველი პირი – გენერალი პიკა ცხოვრობდა. გაზეთის გამოსვლის დღესვე რედაქციაში მოსახლეობის ზარები არ წყდებოდა. ყველას სურდა გაეგო დამატებითი ინფორმაცია ამ იდეალური ადგილის შესახებ, შემდეგი შვებულების გასატარებლად. მხოლოდ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ მთელ ამ ისტორიაში ყველაფრის სახელი ტიპოგრაფიული ტერმონოლოგიიდან მოდიოდა :)

1992 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ გადაცემაში “ხალხის საუბარი” გამოაცხადა, რომ რიჩარდ ნიქსონი კვლავ აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარი თავის წამოყენებას. მისი კამპანიის ახალი სლოგანი უნდა ყოფილიყო “მე არაფერი დამიშავებია და არც მომავალში დავაშავებ”. ამ განცხადებას მოყვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიქსონი თავის საპრეზიდენტო სიტყვით გამოდიოდა. მსმენელებმა სხვადასხვაგვარად მიიღეს ეს სიახლე. მათი უმრავლესობა რადიოს პირდაპირ ეთერში აღშფოთებისა და შოკის გამოსახატად რეკავდა. წამყვანმა ჯონ ჰოკენბერიმ კი შოუს მხოლოდ მეორე ნაწილში აღიარა, რომ ყველაფერი ხუმრობა იყო. რიჩარდ ნიქსონის ხმის პაროდიას კი კომიკოსი რიჩ ლითლი აკეთებდა :)

1998 წელს Burger King-მა გაზეთ USA Today-ს მთელ გვერდზე რეკლამა გამოაქვეყნა, რომელიც მათ მენიუში ახალი კერძის დამატებას იუწყებოდა: “ცაციების ვუფერი” სპეციალურად 32 მილიონი ცაცია ამერიკელისთვის შემუშავებული ახალი ბურგერი იყო. მასში ყველა სტანდარტული ინგრედიენტი რჩებოდა, რაც ორიგინალ ვუფერში, თუმცა განსხვავებული იყო მათი მდებარეობა – ყველა ელემენტი ამ ბურგერში 180 გრადუსით იყო შებრუნებული. შემდეგ დღეს ბურგერ-ქინგმა პრესას განუცხადა: მიუხედავად იმისა, რომ ცაციების ბურგერი ხუმრობა იყო, პირველ აპრილს ჩვენს რესტორნებში უამრავი ადამიანი მოვიდა მის შესაძენად; კიდევ უფრო მეტი კი – ბურგერის ჩვეულებრივ ვარიანტს ითხოვდა შეკვეთისასო :)

ბრენსონის მფრინავი თეფში1989 წლის 31 მარტს, ლონდონის გარეუბანში მდებარე ტრასაზე მიმავალმა ათასობით მგზავრმა ცაზე მფრინავი თეფში შენიშნა. უმრავლესობამ მანქანები გზის პირზეც კი გადააყენა, რათა უკეთ დაკვირვებოდნენ ამ სენსაციას. თეფში თანდათანობით ეშვებოდა და საბოლოოდ ლონდონთან ახლოს, მდელოზე დაეშვა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სასწრაფოდ მიმართეს პოლიციას და უცხოპლანეტელთა შემოჭრის შესახებ შეატყობინეს. რამოდენიმე წუთში პოლიციაც გამოჩნდა, თუმცა საფრენ აპარატთან მიახლოვება მხოლოდ ერთმა მამაცმა ოფიცერმა გაბედა. მაგრამ, როცა აპარატის კარი გაიღო და ხომალდიდან ვერცხლისფერ კოსტუმში გამოწყობილი კაცი გადმოვიდა, ოფიცერმა მომენტალურად დაივიწყა სიმამაცე, აქცია ზურგი ყველაფერს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა…
სინამდვილეში კი მფრინავი თეფში საჰაერო ბურთი გამოდგა, რომელიც სპეციალურად ასეთი ფორმის ჩაიფიქრა მისმა შემქმნელმა და უფოლოგიის დიდმა მოყვარულმა, Virgin Records-ის 36 წლის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბრენსონმა. მას ლონდონის ჰაიდ-პარკში პირველ აპრილს ჰქონდა დაგეგმილი დაშვება, თუმცა უამინდობამ ბურთი კურსს ააცდინა და მფრინავსაც სულ სხვა ადგილზე, ერთი დღით ადრე მოუწია დაჯდომა. :)

1976 წელს BBC-ის Radio 2-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან პირდაპირ ეთერში მთელ ბრიტანეთს აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა ყველა მსმენელს შეეძლებოდა სახლიდან გაუსვლელად. ამ მომენტში პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც გამოიწვევდა დროებით გრავიტაციულ სწორებას. ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა დედამიწის გრავიტაციაზე. მურმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს ისინი ჰაერში ახტებოდნენ, იგრძნობდნენ უცნაურ ფარფატს და რამოდენიმე მილიწამით გაჩერდებოდნენ ჰაერში. 21:47-ის შემდეგ, BBC2-ის სტუდიაში დაიწყო შედინება უწყვეტი ზარების ნაკადმა. ხალხი ამტკიცებდა, რომ მათ მართლაც შეიგრძნეს ფარფატი. :D ერთმა ქალმა კი ისიც მოყვა, როგორ აიწიეს ჰაერში ერთად, მან და მისმა 9 დაქალმა :D

ფილტვებით მფრინავი1934 წელს ბევრმა ამერიკულმა გაზეთმა, მათ შორის The New York Times-მაც, დაბეჭდა მფრინავი კაცის ფოტო, რომელიც ჰაერში საკუთარი სუნთქვით მომუშავე აპარატს ეჭირა. თანმდევი სტატიები აღტაცებით აღწერდნენ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას. კაცი, რომელიც გაზეთების თქმით, გერმანელი მფრინავი ერიკ კოხერი გახლდათ, მკერდზე მიმაგრებულ ყუთში ჰაერს ბერავდა, რაც ძლიერი შემწოვი ეფექტის შემქმნელ როტორებს ააქტიურებდა. ამ ყველაფრის შედეგად კი ადამიანი ჰაერში იწეოდა. თუმცა ამერიკულმა გაზეთებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს – მთელი ეს ისტორია უბრალოდ ხუმრობა იყო :) აღნიშნული ფოტო პირველად გერმანული გაზეთის Berliner Illustrirte Zeitung-ის საპირველაპრილო ნომერში გამოქვეყნდა. ამერიკაში კი იგი Hearst-ის ფოტოგამავრცელებელი საერთაშორისო სააგენტოს წყალობით მოხვდა, რომლებიც, თავის მხრივ, თავადაც აღმოჩნდნენ მოტყუებულები :)

2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა Tesco-მ გამოაქვეყნა რეკლამა ჟურნალში The Sun, რომელიც გვაცნობებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ”სასტვენიანი სტაფილოები” უკვე გაყიდვაში იყო გამოსული. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოები სპეციალურად იყვნენ გამოყვანილნი იმგვარად, რომ გაზრდისას ცალ მხარეზე მცირე ხვრელი დარჩენოდათ. ეს ხვრელი კი, სტაფილოს ბოლომდე მოხარშვას დიასახლისს სტვენით შეატყობინებდა. რათქმაუნდა, შედეგმაც არ დააყოვნა და Tesco-ს ქსელიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი სახლში ჩვეულებრივი, მუნჯი სტაფილოებით დაბრუნდა :D

მსგავსი ტყუილები კიდევ უამრავი ახსოვს მთელ მსოფლიოს. ბევრი ამ ისტორიების კოლექციონერობითაც კია დაკავებული. სან-დიეგოში უზარმაზარი მუზემიც არსებობს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გამასხრებებს აგროვებს :) უკანასკნელ წლებში კი, ტრადიციულ მედია-საშუალებებთან ერთად, სულ უფრო და უფრო პოპულარული მსოფლიოს ინტერნეტით გაბითურება ხდება.

თუმცა, რაღა უკანასკნელ წლებში, ინტერნეტს საპირველაპრილოდ მისი ჩასახვის პირველივე წლებში, 1984 წელსაც კი იყენებდნენ. სწორედ 1984 წლის პირველ აპრილს, Usenet-ის ქსელში სენსაციური შეტყობინება გავრცელდა – საბჭოთა კავშირი იუზნეტში გაერთიანების სურვილს გამოთქვამდა. უმრავლესობისთვის, რათქმაუნდა ეს შოკისმომგვრელი სიახლე იყო – ცივი ომის პირობებში მსგავსი სახით ქვეყნების დაკავშირება წარმოუდგენელი გახლდათ. შეტყობინების ავტორი ვინმე კონსტანტინ ჩერნენკო იყო, რომლის განცხადებით საბჭოთა კავშირს ქსელში გაერთიანება ”ევროპელ და ამერიკელ ხალხთან ღიად სასაუბროდ” სურდა. შეტყობინებას უამრავი გამოხმაურება მოყვა, იგი იუზნეტის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა გახდა. ორი კვირის შემდეგ კი მისი ნამდვილი ავტორიც გამოჩნდა – ევროპის მაცხოვრებელი პიტ ბირტემა გამოტყდა, რომ ეს ხუმრობა იყო. :)

მოგვიანებით, 1998 წლის აპრილში, New Mexicans for Science and Reason-ის სიახლეების წერილის ახალ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ ალაბამას შტატი მათემატიკური პი-მუდმივას მნიშვნელობის შეცვლას აპირებდა. წერილის ცნობით, შტატის საკანონმდებლო ორგანომ ხმების უმრავლესობით გადაწყვიტა პი-ს მნიშვნელობა 3.14159-ის მაგივრად “ბიბლიური რიცხვი” – 3.0 ყოფილიყო. სტატია უმოკლეს დროში მოედო მთელ ინტერნეტს, ყველა ადრესატმა გადაუგზავნა მიღებული წერილი მთელ კონტაქტების სიას. ამ ყველაფერმა კი მაშინ იჩინა თავი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ასეულობით ადამიანმა დაიწყო რეკვა და პროტესტის გამოთქმა. სინამდვილეში კი, ყალბი სტატია ფიზიკოს მარკ ბოსლოუს დაწერილი იყო; მან სწორედ ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი რამოდენიმე დღით ადრე მიღებულ რეალურ კანონზე, რომელიც შტატში ევოლუციის თეორიის სწავლებას ავიწროვებდა.

2005 წელს NASA-მაც გადაწყვიტა ხუმრობა :D ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ თავის საიტზე სენსაციური სიახლე განათავსა – სტატიის მიხედვით, ნასას მკვლევარებს მარსზე წყალი აღმოუჩენიათ. ფოტოების ნახვა დამატებით გალერეაში იყო შესაძლებელი. შოკირებულ მკითხველებს კი გალერეაში მხოლოდ ერთი ფოტო ხვდებოდათ – წყლიანი ჭიქა შოკოლად Mars-ზე :D

წყალი მარსზე

ბევრი საიტისთვის პირველი აპრილის ხუმრობით აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა. ასეთ საკითხში, რათქმაუნდა Google გამორჩეულია. უკვე რამოდენიმე წელია გუგლი აპრილის ყოველ პირველ რიცხვს ახალი ფიქტიური სერვისებით და პროდუქტებით ამარაგებს მომხმარებლებს.

შარშან, მაგალითად, გუგლმა Gmail-ის მომხმარებლებს ახალი სერვისი – Gmail Paper შესთავაზა. ჯიმეილის ყველა მომხმარებელს შეეძლო საკუთარი იმეილები ნამდვილ ფურცელზე ამობეჭდილი მიეღო სახლში. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ! :D საკმარისი იყო, უბრალოდ მოგენიშნათ სასურველი წერილები და მათ რამოდენიმე დღეში კურიერი მოგართმევდათ :D

2006 წელს Google-მა განაცხადა, რომ ახალი სერვისის – Google Romance-ის ჩაშვებას აპირებდა. მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა პაემნების პრობლემა – ამ საძიებო სისტემის საშუალებით ნებისმიერს შეეძლო კონტექსტურად ამოერჩია სასურველი წყვილი და მასთან ერთად წასულიყო პაემანზე.

2005 წელს კომპანიამ მსოფლიოს ამცნო, რომ იგი საკუთარი გამაგრილებელი სასმელის – Google Gulp!-ის გამოშვებას აპირებდა. ამ სასმელის მომხმარებლებს შესამჩნევად გაეზრდებოდათ ინტელექტის კოეფიციენტი, რაც Google-ის საძიებო სისტემისა და სხვა სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემდათ.

Google Gulp!

2004 წლის პირველ აპრილს კი Google-მა ოფიციალურად გამოაცხადა მისი ახალი ცენტრის გახსნის შესახებ… მთვარეზე! ცენტრში, სახელად ”კოპერნიკი” ძირითადი სამუშაო ოპერაციული სისტემა იქნებოდა ამავე კომპანიის პროდუქტი Luna/X (პაროდია Linux-სა და Mac OS X-ის ვიზუალურ სტილზე).

2002 წელს კი PigeonRank-ის პრეზენტაცია შედგა. საიტების შეფასების ახალი სისტემა ძველ, PageRank-ს უნდა ჩანაცვლებოდა. კომპანიის განცხადებით, შეფასებაზე მომუშავე მტრედები ბევრად უფრო ეფექტურს ხდიდნენ მთელს საძიებო სისტემას, ვიდრე PageRank. :D ეს ხუმრობა თვითკრიტიკული გამოხმაურება იყო იმ უამრავ კრიტიკულ წერილზე, რომელიც აღნიშნულ წელს მთელს ინტერნეტში გავრცელდა PR-სისტემის რეალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

წელს ვნახოთ გუგლი რით გაგვაოცებს, ჯერჯერობით – ჩუმადაა :D

რაც შეეხება ქართულ ინტერნეტს, თუ არ ვცდები, პირველი საპირველაპრილო ოინი შარშან, 2007 წელს fonts.ge-მ მოაწყო. მომხმარებლებს საიტზე შესვლისას ხვდებოდათ განცხადება, რომელიც იტყობინებოდა, რომ უახლოეს მომავალში საიტი კომერციულ საწყისებზე აპირებდა გადასვლას :D თითო ფონტის ჩამოქაჩვა კონკრეტული თანხა ეღირებოდა, რომლის გადახდაც SMS-ით იყო შესაძლებელი :D

წელს ამ მსოფლიო ბუმს teen.ge-მაც აუწყო ფეხი. მთელ ჯინეტში პოპულარული და ცნობილი ფორუმი, როგორც ახალგაზრდული და თინეიჯერული, მოულოდნელად თავდაყირა დადგა – დღეს ამ საიტზე შესულ ერთგულ მომხმარებლებს ფორუმი მიმართულება-შეცვლილი დახვდათ :D ფორუმის თავში გამოსახული 15-16 წლის გოგო-ბიჭები 65-70 წლის მოხუცებულებმა შეცვალეს. საიტის მისამართი კი teen.ge-ს ნაცვლად ახლა retireds.ge გახდა :D ადმინისტრაციის განცხადება კი იუწყება, რომ ინტერნეტში ხანშიშესული მომხმარებლების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, ფორუმმა მიმართულება იცვალა და იგი ამიერიდან ”ბებია-ბაბუების ფორუმია”. ”იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით ცვლილებებს და არ გაგიჭირდებათ ფორუმზე მოხუცებულ უმრავლესობასთან ერთად თანაარსებობა” – ასე შეამზადა ადმინისტრაციამ მომხმარებლები :D

პენსიონერთა ფორუმი

სხვათაშორის, ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირველ აპრილს მომხდარ რეალურ სიახლეებს ხალხი არ იჯერებს. მართლაც და, არცაა გასაკვირი – ამ დღეს მასმედიას ნაკლებად დაეჯერება. თუმცა უბედურებამ პირველი აპრილი არ იცის – ამ დღეს ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც მომხდარა.
1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და არ დაემორჩილნენ.
2005 წელს კომიკოს მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალება ასევე ხუმრობად ჩათვალეს.

თუმცა გარდა ტრაგიკული სიახლეებისა, ამ დღეს სხვა ცნობებიც ვრცელდებოდა, რომლებიც ასევე არავის ეჯერა.
მაგალითად, 2004 წელს ჩაშვებული Gmail-ის სერვისი თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა როგორც ვხედავთ – სიმართლე აღმოჩნდა :) ასევე არ ეჯერათ 2003 წელს გამოცხადებული ორი დიდი კომპანიის – Square-ისა და Enix-ის გაერთიანებაც.

მემგონი სულ ეს იყო… :) გუშინ თბილისის ფორუმზე იკითხა ვიღაცამ – პირველი აპრილი მარტო ჩვენთან არისო? და დაამატა, ალბათ იმიტომ, რომ ”დღეს პირველი აპრილია – მოტყუება ადვილია” მხოლოდ ქართულში ერითმებაო :D საბედნიეროდ შეცდა – პუტინის ბებია ეგებ მართლა ქართველია, მაგრამ პირველი აპრილი მხოლოდ ჩვენი ნამდვილად არ არის :D როგორც ვხედავთ, საკმაოდ მასშტაბური მოვლენა ყოფილა… :)

მოკლედ, დიდი დღეა დღეს :D მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ :D
და მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვიტყუოთ – შევეცადოთ, ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ :D
მაგრამ ბოლომდე მაინც ნუ დავხარჯავთ, ცოტა გამოვიზოგოთ – ხანდახან ხომ ტყუილი სიმართლეზე ბევრად უფრო მეტადაა საჭირო… :)

წყარო:  pirveli.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close