არქივი

12 კადრი რომელმაც შეცვალა ისტორია

799cce078925

ძვ.წ.აღ. IV ს.-ში არისტოტელემ აღწერა შემდეგი პროცესი: სარკმლის ღიობში გამავალი გამჭოლი სინათლე სიბრტყეზე ასახავს სარკმლის მიღმა არსებულ პეიზაჟს. გამოსახულება არის ამოყირავებული და ბუნდი, თუმცა კი კომპოზიციურად რეალურის იდენტური.
არისტოტელეს ეს ჩანაწერი მიჩნეულია ფოტოგრაფიის ჩასახვის კონცეფციად. შემდგომი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც გამოსახულების აღბეჭდვას ეხება ახ.წ.აღ.-ით X საუკუნით თარიღდება და არაბი მეცნიერების ჩანაწერებში ინახება. აქ უკვე საუბარია “camera obscura”-ზე /ლათ. ბნელი ოთახი/, როგორც პეიზაჟის ან ნატურმორტის ზუსტი “გადმოხატვის” საშუალებაზე. camera obscura.ა მთელი შუასაუკუნეების და რენესანსის პერიოდში იხვეწებოდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად არსებობდა პრობლემა – მიღებული გამოსახულების ფიქსაცია. მხოლოდ XIX ს.-ში ფრანგმა ჟოზეფ ნიეპსმა მოახერხა აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. საკუთარ მეთოდს, რომლის დროსაც გადაღება მზის სინათლეზე 6-8 საათს გრძელდებოდა, ნიეპსმა “ჰელიოგრავიურა” უწოდა.
1839 წელს, საფრანგეთში ლუი ჟაკ მანდე დაგერმა საზოგადოებას წარუდგინა დაგეროტიპია. ამ მეთოდით მიღებული გამოსახულება, რომელიც გამჟღავნებამდე 3-4 საათის განმავლობაში მუშავდებოდა, ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული ნაკლი – ამ მეთოდით მხოლოდ ერთი ფოტოს მიღება იყო შესაძლებელი.
იმავე 1839 წელს ინლისში უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტი, დაგერის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად ქმნის მეთოდს, რომელიც კალოტიპიის სახელითაა ცნობილი /იგივე ტალბოტიპია/. ტალბოტის მეთოდის მთავარი მიღწევა ის იყო რომ გამოსახულება მჟღავნდებოდა ქაღალდზე /დაგერი ამისთვის ვერცხლის ფირფიტას იყენებდა/ და შესაძელბელი იყო რამდენიმე ასლის მიღება. სწორედ დაგერის და ტალბოტის ამ ორი მეთოდით იწყება ფოტოგრაფიის ისტორია.
აღმოჩენიდან დღემდე ფოტოგრაფია მიიჩნევა რეალობის ასახვის ერთერთ საუკეთესო საშუალებად, თუმცა ფოტოგრაფია იმავდროულად განიხილება როგორც არა მხოლოდ დოკუმენტური ფიქსაციის პროცესი, არამედ კამერის მიღმა მდგონი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი ხედვა. არსებობის 168 წლის განმავლობაში ფოტოგრაფიის ისტორიას არაერთი შესანიშნავი ნამუშევარი ახსოვს. ამჯერად წარმოგიდგენთ 12 კადრს, რომელმაც შეცვალა ისტორია.

1. Robert Capa. “Omaha Beach, Normandy, France. 1944”

e2ec3691354c

1944 წლის 6 ივნისს, ნორმანდიაში გერმანელების მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომლის კოდური დასახელება იყო ““Omaha Beach” ა.შ.შ.-ს სამხედრო ძალებმა I ქვეითი დივიზიონის მე-16 ბატალიონი გადააგზავნა. ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა “LIFE”-ის ფოტოკორესპონდენტი ანდრე ფრიდმანი. . .

ანდრე ერნე ფრიდმანი – დაიბადა 1913 წელს ბუდაპეშტში, უნგრელი ებრაელების ოჯახში.
1931-33 წლებში სწავლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბერლინში და პარალელურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ჟურნალ „Ullsteni “-ის ლაბორატორიაში, რომელმაც მოგვიანებით მისი პირველი გამოქვეყნებული ფოტო შეიძინა. ეს იყო ლ. ტროცკის პორტრეტი 1931 წლის კოპენჰაგენის შეხვედრიდან. 1933 წლიდან ფრიდმანი საცხოვრებლად პარიზში გადადის. მალე ის ხვდება ჟურნალისტს და ფოტოგრაფ გერდა ტაროს და სწორედ მასთან ერთად „ქმნის“ ამერიკელ ფოტოგრაფს – რობერტ კაპას. სწორედ კაპას სახელით შედის ფრიდმანი ფოტოგრაფიის ისტორიაში.
1936 წლიდან კაპას მიერ შექმნილი ესპანეთის სამოქალაქო ომის ამსახველი ფოტოები ერთდროულად რამდენიმე გამოცემის გარეკანზე ხვდება. ჟურნალები “VU”, “Regards”, “Ce Soir”, “Weekly Illustrated” და “Life” პერმანენტულად თანამშრომლობენ კაპასთან. კაპას კომპანიონი გერდა ტარო ესპანეთში იღუპება და ამის შემდეგ 1938 წლიდან კაპა ჩინეთში მოგზაურობს. 1939-45 წლებში მუშაობს როგორც “Life”-ის და “Collier’s”-ის ფოტოჟურნალისტი.
1947 წლეს კაპა ანრი კარტიე ბრესონთან, დევიდ სეიმურთან, ჯორჯ როჯერთან და უილიამ ვანდივერტთან ერთად აარსებს Magnum Photo-ს. 1948 წელს ჯონ სტეინბეკთან ერთად კაპა მოგზაურობს რუსეთში, მომდევნო ორ წელს კი ირვინ შოუსთან ერთად ისრაელში. 1951 წელს კაპა ხდება Magnum-ის პრეზიდენტი.
1954 წლის 25 მაისს კაპა „ Life “-სთვის მუშაობს ინდოჩინეთში, სადაც მინაზე აფეთქების შედეგად იღუპება.

1944 წლის 6 ივნისი. ნორმანდია…. მოგვიანებით კაპა ასე გაიხსენებს ამ დღეს:
“ჩემი მშვენიერი საფრანგეთი სრულიად არამიმზიდველი და უბადრუკი ჩანდა. გერმანული საომარი მანქანის ტყვიები ჩვენს გარშემო წყალში ღრმულებს ტოვებდა. წყალი იყო ცივი და ნაპირიდან რამდენიმე ასეული იარდი გვაშორებდა. მეტალის ნაფლეთს ამოფარებული ვიღებდი ჯარისკაცებს, რომლებიც ჩემსავით იმალებოდნენ…”

კაპამ სამი 35 მმ-იანი ფირი და ექვსი 120მმ-იანი ფირი გამოიყენა. 106 კადრი გადაიღო და ლონდონისკენ გაემგზავრა რათა ფირები რედაქტორთან გადაეგზავნა.

“LIFE”-ის რედაქტორი ჯონ მორისი იხსენებს:
“…44 წლის 6 ივნისს რაღაცამ უთენია გამომაღვიძა და მოსვენება დავკარგე. მხოლოდ 08:32 ლონდონის დროით BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია ა.შ.შ.-ს ჯარების ომაჰაზე გადასხმის შესახებ. მივხვდი რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყოველდღე ველოდი.”

კაპას ფირები მორისთან მხოლოდ 7 ივნისს, გვიან საღამოს მოხვდა. გამჟღავნება დენის ბენკსს დაევალა, რომელიც იმდენად იყო აღელვებული მასალის მნიშვნელოვანებით რომ გამჟღავნების დროს შეცდომა დაუშვა და 106 კადრიდან მხოლოდ 11 და ისიც “ფოკუსს გარეშე” ფოტო გაამჟღავნა. ბენკსი შოკირებული იყო. მორისიც. ფოტოები კი ლეგენდად იქცა. . . ”განსაცვიფრებელი 11” – ამ სახელით დარჩა ომაჰას ფოტოები ისტორიაში.

2. Dorothea Lange. “Migrant Mother. Nipomo, California. 1936”

fa6caeaed1e5

დოროთეა ლანგი /1895-1965/ – დაიბადა ჰობოკენში, ნიუ ჯერსი. ფოტოგრაფიას სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და 1918 წლამდე მუშაობდა ნიუ-იორკის პორტრეტის სტუდიაში. 1918 წლიდან ლანგი ძირითადად მოგზაურობს, თუმცა დროებით სან-ფრანცისკოში ჩერდება და 20-იანი წლების დასაწყისში სტუდიური ფოტოგრაფიითაა დაკავებული. 30-იანი წლებიდან მეუღლესთან, მხატვარ მაინარდ დიქსონთან ერთად მოგზაურობს ამერიკის სამხრეთ ნაწილში. Aამავე პერიოდში ის მუშაობს დიდი დეპრესიის თემატიკაზე. 1950-60 წლებში ლანგი “Life”-სთვის ამზადებს ესეებს ვიეტნამზე, ირლანდიაზე, პაკისტანსა და ინდოეთზე. დოროთეა ლანგი იყო პირველი ქალი რომელიც გახდა “Guggenheim fellowship”-ის წევრი / Guggenheim fellowship – არსებობს 1925 წლიდან/ დიდი დეპრესიის ამსახველი ფოტოებისთვის.

XX ს.-ის 30 წლები ა.შ.შ.-ის ისტორიაში ერთერთ ყველაზე უფრო მძიმე პერიოდად არის მიჩნეული. დიდი დეპრესიის სიმბოლოს ათწლეულების განმავლობაში დოროთეა ლანგის მიერ 1936 წლის თებერვალში ნიპომოში /კალიფორნია/ ფირზე აღბეჭდილი მიგრანტი დედისა და მისი შვილების ფოტო წარმოადგენს.

1960 წელს “popular photography”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლანგი ამბობს:
“მე დავინახე მშიერი და სასოწარკვეთილი დედა შვილებთან ერთად. არ მახსოვს როგორ ავუხსენი მათ ჩემი იქ ყოფნა კამერით ხელში, მაგრამ მახსოვს რომ მას არაფერი უკითხავს. მე არ მიკითხავს მისთვის სახელი. თავად კი მხოლოდ ის მითხრა რომ 32 წლის იყო. მე გადავიღე ექვსი კადრი ერთი და იგივე კუთხიდან, სხვადასხვა დაშორებით. ქალმა მითხრა რომ ის და მისი შვილები ბოსტნეულით და ჩიტებით იკვებებოდნენ.”

ლანგი გრაფლექსით იღებდა, რაც არ იძლევა კადრების თანმიმდევრობის დადგენის საშუალებას. ორიგინალი ნეგატივების ზომა 4X5”.

ლანგის ფოტოები თითქმის ყველა წამყვანი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა, რასაც საზოგადოების ფართო მასების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ა.შ.შ.-ის მთავრობა იძულებული გახდა მიგრანტების ბანაკებში დახმარება გადააგზავნა, თუმცა დიდი დეპრესიის სიმბოლოდ ქცეული დედა შვილებთან ერთად იმ დროისათვის უკვე სხვა ბანაკში იყო გადასული.

1976 წლამდე საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა თუ ვინ იყო აღბეჭდილი ლანგის ფოტოებზე. სანამ თავად მიგრანტმა ქალმა არ გაამჟღავნა ვინაობა. დიდი დეპრესიის სიმბოლო 1903 წლის 1 სექტემბერს ოკლაჰომაში დაბადებული ფლორენს ოუენ ტომპსონი იყო, რომელიც 1983 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

3. Matthew Brady. “Federal Soldiers at Gettysburg. Pennsylvania, 1863”

38729f59b19e

მეთიუ ბრეიდი /1823-1896/ – ამერიკელი ფოტოგრაფი. ბრეიდის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ის არის ცობილი, რომ დაგეროტიპიას ბრეიდი დაგერთან სწავლობდა, მანამდე კი სამუელ მორზესთან ეცნობოდა ფოტოგრაფიის ხელოვნებას. 1860-იანი წლები ბრეიდის შემოქმედებითი მწვერვალია. ამ დროისთვის მას აქვს რამდენიმე საკუთარი სტუდია. მისი წლიური შემოსავალი 100.000 ა.შ.შ. დოლლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც ა.შ.შ.-ის რიგითი მოქალაქის წლიური ბიუჯეტი 300 ა.შ.შ. დოლარი იყო. ამის მიუხედავად 1896 წელს, ბრეიდი სიღარიბეში გარდაიცვალა.

1863 წლის 1 ივლისს დაწყებული ბრძოლა გეტისბურგთან არა მხოლოდ ა.შ.შ.-ის ისტორიის, არამედ ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ფოტოჟურნალისტი მეთიუ ბრეიდი, რომელსაც ლინკოლნის დაგეროტიპი ჰქონდა შექმნილი, თავის 20 კაციან ჯგუფთან ერთად გაემგზავრა ბრძოლის წინა ხაზებზე.

სწორედ ბრეიდის ფოტოთა დამსახურებით იხილა ამერიკამ რეალური ბრძოლა და მისი შედეგები.

გეტისბურგის კადრების შესაქმნელად ბრეიდიმ 1846 წელს აღმოჩენილი ე.წ. “კოლოდიონის სველი” ტექნიკა გამოიყენა. “კოლოდიონის სველი” ტექნიკა გაცილებით უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე მანმადე არსებული რომელიმე სხვა ტექნიკა, რამაც გამოსახულების ხარისხის საგრძნობი გაუმჯობესება გამოიწვია.

ომის პერიოდში მეტად პოპულარულმა ბრეიდის ფოტოებმა შემდგომ წლებში თითქოს დაკარგა აქტუალობა საზოგადოებაში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრეიდი ამბობდა: “არავინ იცის რამდენი ძალისხმევა დამჭირდა ამ ნეგატივების გადასარჩენად. სამყაროს არასდროს შეეძლო დაფასება.. ამ ფოტოებმა კი მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.”

4. Eddie Adams. “Vietcong Arrested. 1968

f6b38f775893

ედი ადამსის 1968 წელს გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია როგორ კლავს გენერალი ნგუიენ ლოანი ვიტკონგური “შურისძიების მეომრების” დატყვევებულ კაპიტანს ნგუიენ ლემს, 1969 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა.

ედი ადამსი /1933-2004/ – დაიბადა 12 ივნისს ნიუ კენსინგტონში.
სიცოცხლის განმავლობაში ადამსმა მოახერხა 13 ომის გაშუქება. მას მიანიჭეს 500-მდე სხვადასხვა ჯილდო, რომელთა შორის იყო 1978 წელს მინიჭებული რობერტ კაპას სახელობის პრემია. ადამსი თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: “Associated Press (AP )”, “Time”, “Life”,” Newsweek”, “Vanity Fair”,” Parade” და ა.შ.
1988 წელს ადამსმა დაარსა ყოველწლიური ტრენინგი – “Eddie Adams Workshop” ფოტოჟურნალისტიკის ასპირანტთათვის.
ედი ადამსი გარდაიცვალა 2004 წლის 20 სექტემბერს, მანჰეტენზე.

ვიეტკონგელი კაპიტნის საჯარო მკვლელობისთვის პულიცერის პრემიის მინიჭება იყო ადამსის, როგორც ფოტორეპორტიორის აღიარება, თუმცა იმავდროულად ამ ფოტომ სამუდამოდ შეცვალა ერთი მხრივ გენერალ ლოანის და მეორე მხრივ საერთოდ ვიეტნამის ომის პარადიგმა. ა.შ.შ.-ს საზოგადოებისთვის ამ კადრით ცხადი გახდა რომ ის რაც ვიეტნამში ხდებოდა რადიკალურად განსხვავდებოდა მათი წარმოდგენებისგან. გენერალ ლოანს კი სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა მისი წარსული, რომლის დავიწყების საშუალებასაც არავინ აძლევდა. “ჩვენ ვიცით ვინ ხარ შენ” – ეს სიტყვები ლოანის თანმდევი გახდა.

ჟურნალ “Time”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ადამსი მოგვიანებით აღნიშნავს: “ფოტოგრაფია ყველაზე ძლიერი იარაღია. მან მოკლა დატყვევებული ვიეტკონგელი ერთი გასროლით, მე კი ის მოვკალი ჩემი კამერით. ”

5. Alfred Eisenstaedt. “Victory Day. Kiss. Times Square. 1945”

132431dbefba

1945 წლის 14 აგვისტოს ა.შ.შ.-ში გავცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, რაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ნიშნავდა. კაპიტულაციის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ “LIFE”-ის ებრაელი ფოტოჟურნალისტი, ალფრედ აიზენშტატი უკვე თაიმს სკვერზე მიმდინარე მსვლელობას იღებდა. სწორედ მისი ფირზე აღბეჭდილი “კოცნა” იქცა ომის დამთავრების სიმბოლოდ.

ალფრედ აიზენშტატი – დაიბადა 1898 წელს დირშოუში, სამხრეთ პრუსია /ამჟამად პოლონეთის შემადგენლობაშია/ ვაჭრის ოჯახში. 1906 წელს აიზენშტატების ოჯახი საცხოვრებლად ბერლინში გადადის, სადაც ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე რჩება. ალფრედი სავარაუდოდ გააგრძელებდა მამის პროფესიას, რომ არა მისი ბიძა, რომელმაც 14 წლის ალფრედს Eastman Kodak No.3, დასაკეცი კამერა აჩუქა. 17 წლის აიზენშტატი ომში მოხალისედ მიდის. 1918 წელს კი, როგორც მისი ბატალიონის განადგურების შემდეგ ერთადერთ გადარჩენილ მეომარს, მას სახლში აბრუნებენ.
1927 წელს, მშობლებთან ერთად ჩეხეთში მოგზაურობისას აიზენშტატი იღებს ქალს ჩოგბურთის კორტებზე, რომლის შესახებაც ის წერს საკუთარ წიგნში “აიზენშტატი აიზენშტატის შესახებ”: “ფოტო, რომელიც ზეისის სრულყოფილი კამერით გადავიღე საოცარი იყო. ქალის წაგრძელებული ჩრდილი კი მომხიბლავი”. სწორედ 1927 წელს გადაღებული ამ ფოტოს შემდეგ გადაწყვიტა აიზენშტატმა სერიოზულად მიდგომოდა ფოტოგრაფიას.
1927 წლიდან მოყოლებული 1995 წლამდე აიზენშტატი მოქმედი ფოტოგრაფი იყო, რომელსაც არაერთი შესანიშნავი კადრი ეკუთვნის.

თაიმს სკვერზე გადაღებული ფოტოს ისტორია ამით არ დასრულებულა. ფოტოზე გამოსახული „წყვილის“ იდენტიფიცირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს კიდეც რომ წლების განმავლობაში არსებითი მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია იმისთვის თუ ვისი კოცნა იყო დაფიქსირებული აიზენშტატის ცნობილ ფოტოზე.

მხოლოდ 2005 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ დაადასტურა იელის უნივერსიტეტის ხელვნების სკოლის პროფესორმა და დეკანმა რიჩარდ ბენსონმა, რომ მეზღვაური გახლდათ ჯორჯ ენდოზა. მედდის ვინაობის დადგენა კი გაცილებით გართულდა.

არსებობს რამდენიმე ვერსია:

ყველაზე გავრცელებული აზრით მედდა უნდა იყოს ედიტ შეინი, რომელმაც 70-იანი წლების ბოლოს აიზენშტატს გაუგზავნა წერილი, სადაც ადასტურებდა საკუთარ ვინაობას და ითხოვდა ასლის შეძენის ნებართვას. ედიტ შეინის წერილი გამოქვეყნდა, რასაც მოჰყვა კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა – ცნობილი მედდის ვინაობის იდენტიფიცირებაზე კიდევ ორი პრეტენდენტი, გრეტა ფრიდმანი და ენდოზა სოკოლი გამოჩნდა. მათგან ერთი, გრეტა ფრიდმანი ადასტურებს რომ ედიტ შეინი მართაც იმყოფებოდა 45 წლის 14 აგვისტოს თაიმს სკვერზე, მაგრამ აიზენშტატის ფოტოზე სწორედ მისი კოცნა იყო აღბეჭდილი და არა ედიტის. ენდოზა სოკოლი კი ამტკიცებდა რომ სწორედ ის იყო მედდა ფოტოდან და რომ ამ კოცნისთვის მეზღვაურმა სილაც კი დაიმსახურა.

დღემდე უცნობი რჩება ვის კოცნიდა ჯორჯ ენდოზა თაიმს სკვერზე. “LIFE”-ს არასდროს დაუკონკრეტებია ვინ იყო აღბეჭდილი ფოტოზე.

6. Murray Becker. “Dirigible Hindenburg. 1937

d0079f6509c0

მიურეი ბეკერი – 1986 წლის 20 მარტს The New York Times აქვეყნებს მიურეი ბეკერის გარდაცვალების ცნობას: “Associated Press “-ის ფოტოჟურნალისტი, 77 წლის მიურეი ბეკერი, რომლის მიერ შესრულებული ჰინდენბურგის კატასტროფის ამსახველი კადრი ფოტოჟურნალისტიკის ერთერთი შედევრია, გარდაიცვალა კიბოთი საკუთარ სახლში, ჩრდილოეთ მაიამის სანაპიროზე.”

1937 წლის 6 მაისს, პირველი ტრანსატლანტიკური ფრენიდან ერთი წლის შემდეგ ფრანკფურტიდან ლეიქჰერსტში მიმავალი იმ დროისთვის ყველაზე დიდი დირჟაბლი “ჰინდენბურგი” /სიგრძე 804 ფუტი/ დაშვებისას მოულოდნელად აფეთქდა.

რადიო რეპორტიორი ჰერბერტ მორისონი იყო პირველი ვინც ამის შესახებ საზოგადოებას აუწყა. მისი 57 წამიანი პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან ჰინდენბურგის კატასტროფის გახმოვანება იყო. შემდეგ იყო ასოშიეითედ პრესის ფოტოჟურნალისტი მიურეი ბეკერი, რომელმაც შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ჰინდენბურგის ჩაძირვამდე მოასწრო კატასტროფის ფირზე აღბეჭდვა და მიუხედავად იმისა რომ იგივე კატასტროფას ბეკერის გარდა კიდევ 21 ფოტოკორესპონდენტი იღებდა, ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ მისი ფოტო აღმოჩნდა.

ჰინდენბურგის კატასტროფას დირიჟაბლის ბორტზე მყოფი 97 მგზავრიდან 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან 35 აალებული დირიჟაბლიდან გადმოხტომისას დაიღუპა.

კატასტროფის მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა ჰინდენბურგის შემთხვევამ დაასრულა დირიჟაბლების კომერციული წარმოება.

7. Anselm Adams. “Snake River Valley. 1942

42055a7dea4e

ანსელმ ადამსი – დაიბადა 1902 წლის 20 თებერვალს სან ფრანცისკოში. ადამსი ოცნებობდა დირიჟორობაზე, თუმცა 1916 წელს მან მოინახულა იოსემიტის ეროვნული პარკი, სადაც პირველი ფოტო გადაიღო. 1927-1930 წლებში ადამსი აქვეყნებს ლანდშაფტების მთელ სერიას. 1932 წელს კი სან ფრანცისოში იმართება მისი პირველი სოლო გამოფენა, რასაც 1936 წელს მოჰყვა გამოფენა ნიუ-იორკში. ადამსზე დიდი გავლენა იქონია პოლ სტრენდის ფოტოებმა. მოგვიანებით ედვარდ ვესტონსა და იმოჯინ კანინჰემთან ერთად ადამსი აარსებს Group f/64-ს. ჯგუფის მთავარი მიზანი იყო გამოეყენებინათ მაქიმალურად დახურული დიაფრაგმა, რათა გადმოეცათ მრავალფეროვნება.
1940 წელს ადამსს საკუთარი წვლილი შეაქვს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში / MOMA / ფოტოგრაფიის დეპარტამენტის შექმნაში. 1944 წელს ის აარსებს კალიფორნიის ნატიფი ხელოვნების სკოლას. /ამჟამად ამ სკოლაზე ინფორმაცია არ იძებნება/
1953 წელს დოროთეა ლანგთან ერთად ადამსი მუშაობს “Life”-სთვის მორმონების თემაზე /მორმონები – ერთერთი რელიგიური მოსაზრების მიმდევრები, განსაკუთრებით პურიტანული შეხედულებებით/.
ანსელმ ადამსი გარდაიცვალა 1984 წლის 22 აპრილს.

ფოტოგრაფიის ისტორიას პირობითად ორ ნაწილად ყოფენ. ეს არის პერიოდები ანსელმ ადამსმდე და ანსელმ ადამსის შემდგომ. 1902 წელს სან ფრანცისკოში დაბადებული ადამსი იყო პირველი, რომლის ნამუშევრებმაც შესაძლებალი გახადა ფოტოგრაფიის მხატვრული ღირებულებების იგივე სიმაღლეზე აყვანა, რაზეც დოკუმენტური ფოტოგრაფია იმყოფებოდა.
1936 წლიდან ადამსი იღებდა “Kings Canyon”-ის ლანდშაფტებს, რომლებიც გადაუგზავნა კიდეც ა.შ.შ.-ს მთავრობას რათა ხელი შეეწყო კანიონის შენარჩუნებისთვის. შწორედ ანსელმ ადამსის ფოტოების წყალობით კანიონი გამოცხადდა ნაციონალურ პარკად.

8. Freddy Alborta. “Muerto el Che” 1967

23ba31e08a73

1966 წლის 7 ნოემბერს არგენტინელი ერნესტო გევარა დე ლა სერნა ბოლივიაში ჩავიდა. მისი დღიურის ჩანაწერები 1967 წლის 7 ოქტომბერს წყდება. 1967 წლის 8 ოქტომბერს ჩე ა.შ.შ.-ს სამხედრო ძალებისა და ცენტრალური სააგენტოს /CIA/ მიერ გაწვრთნილმა და ეკიპირებულმა “ბოლივიის ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ” დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა. 9 ოქტომბერს კი 25 წლის ფრედი ალბორტამ ფირზე აღბეჭდა რევოლუციის სიმბოლოს ჩე გევარას ცხედარი მის მკვლელებთან ერთად.

ფრედი ალბორტა – დაიბადა 1932 წელს ბოლივიაში. გარდაიცვალა 2005 წლის 18 აგვისტოს, ლა პასში, ბოლივია. ალბორტას შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი რომ მან გადაიღო მკვდარი ჩე გევარას ყველაზე შთამბეჭდავი კადრი.

ეს იყო დადგმული კადრი, რომელიც სჭირდებოდა ბოლივიის ხელისუფლებას რათა ჩაეხშო გევარას მიერ წამოწყებული სოციალისტური მოძრაობა. ჩე კი უკვე გმირი იყო. ბოლივიის ხელისუფლება დარწმუნებული იყო რომ ფოტო, რომელსაც მთელი ქვეყანა და არამარტო ქვეყანა, არამედ მსოფლიო იხილავდა და რომელზეც ჩე გევარას ცხედარი იყო დაფიქსირებული საბოლოოდ ჩაახშობდა რევოლუციის ტალღას. თუმცა მოხდა სრულიად საპირისპირო. Gგევარა, რომლისგანაც ხელისუფლებამ უნებლიეთ წამებული შექმნა ლეგანდად იქცა. “ჩე ცოცხალია” – ეს იყო ერთადერთი ფრაზა რაც ფოტოს გავრცელებას მოჰყვა.

9. Philippe Halsman. “Dali Atomicus” 1948

c2473a833abb

ფილიპ ჰალცმანი /1906-1979/ –
“Life”-მა ჰალცმანის ფოტო გარეკანზე 101- ჯერ განათავსა. მასთან თანამშრომლობდნენ ჟურნალი „ Vogue “ და მოდის სახლი „ Elizabeth Arden “ –ი. მანამდე კი, 1934 წელს ლატვიელი ფილიპ ჰალცმანი პარიზში, მონტპარნასზე ხსნის სტუდიოს სადაც ის იღებს იმ პერიოდის პარიზული ბოჰემის მთავარ გმირებს – შაგალს, მალრუას, ლე კორბუზიეს. 1940 წლიდან ჰალცმანი გადადის ა.შ.შ.-ში. მისი ფოტოები უმოკლეს ვადებში საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს და 1951 წლიდან ის მაგნუმის წევრი გახდება.

1948 წლიდან ჰალცმანი აკეთებს ერთგვარ სერიას, რომელსაც ფოტოგრაფიის ისტორიაში “ნახტომები”-ს სახელით იცნობენ. სალვადორ დალი /1948წ./, ოდრი ჰეპბერნი /1955წ./, ბრიჯიტ ბარდო /1955 წ./ ედვარდ ვილელა /1961წ./ სოფი ლორენი /1955წ./, ედვარდ სტეიჩენი /1959წ./, რობერტ ოპენჰეიმერი /1958წ./, გრეის კელი /1955წ./, პრინცი და პრინცესა უინძორები / 1958წ./, რიჩარდ ნიქსონი /1958წ./, ჯონ სტეინბეკი /1953წ./, მარკ შაგალი /1958წ./, ვალტერ გროპიუსი /1958წ./, ჯინა ლოლობრიჯიდა /1954წ./, მერლინ მონრო /1959წ./, ავა გარდნერი /1954წ./ და თავად ჰალცმანი /1954წ./ ეს არის იმ პერიოდის გამოჩენილ პირთა თითქმის სრული სია, რომლებიც ამ სერიის ფოტოებზე აღბეჭდა ჰალცმანმა.

დალის ფოტო ამ სერიის დასაწყისი იყო. მხოლოდ ამ ერთი კადრის გადასაღებად 28 დუბლი გახდა საჭირო. ჰალცმანის ჩანაფიქრმა გაამართლა. დალის სურეალისტური შემოქმედება მის ფოტოპორტრეტში რეალობად იქცა. ფოტოს ისტორიაში კი ჰალცმანის დალი შევიდა როგორც პირველი არასტატიკური პორტრეტი.

10. Ian Wetherell. “Loch Ness Monster”. 1934

f312364ead00

1934 წლის აპრილში, შოტლანდიელი ქირურგის, რობერტ კენეტ უილსონის მიერ გადაღებულმა ლოჰ ნესის ტბის “ურჩხულის” ფოტომ, რომელიც დეილი მეილში დაიბეჭდა მსოფლიო შეძრა. 1994 წლამდე ყველა დარწმუნებული იყო რომ შოტლანდიის ერთერთ ტბაში იდუმალი არსება ცხოვრობდა. რეალურად კი არანაირი არსება ლოჰ ნესში არ ცხოვრობდა.
ფოტოს გამოქვეყნებიდან მხოლოდ 60 წლის შემდეგ აღიარა ფალსიფიკატორის გერმა, კრისტიან სპერლიკმა, რომ დეილი მეილის ფოტოკორესპონდენტმა მარმადუკ უეტერლიმ, რომელსაც რედაქტორის მიერ დავალებული ჰქონდა ტბის მცხოვრები არსების ფოტოფიქსაცია, ვერ იპოვა ეს არსება და ფალსიფიკაცია მოახდინა. ორიგინალური იდეის ავტორი კი მარმადუკის შვილი იენ უეტერლი იყო.

11. Margaret Bourke-White. “Gandhi at the spinning wheel”. 1946

ec5d8638b3db

მარგარეტ ბურკ-უაითი /1904-1971/ – მარგარეტ ბურკ უაითი დაიბადა ბრონქსში, ნიუ-იორკი. მისი მამა, პოლონელი ებრაელი ჯოზეფ უაითი ინჟინერი და გამომგონებელი იყო. დედა, ინგლისელი ებრაელი – მინი ბურკი. მარგარეტის მამას მიაჩნდა რომ მის ყველა შვილს, განურჩევლად სქესისა თანასწორი უმაღლესი განათელება უნდა მიეღო. მარგარეტმა 1927 წელს კორნუელის უნივერსიტეტისგან ჰერპეტოლოგის /რიფტილიების შემსწავლელი მეცნიერება/ მაგისტრის ხარისხი მიიღო. მარგარეტ ბურკ – უაითი იყო პირველი ქალი ფოტოჟურნალისტი, რომელთანაც კონტრაქტი გააფორმეს. აგრეთვე პირველი ქალი ფოტოჟურნალისტი რომელსაც ნება დართეს 1930 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.

1946 წელი. ნიუ დელი. იმისთვის რომ მოჰანდას განდის პორტრეტის გადაეღების ნებართვა მიეღო, “LIFE”-ის ფოტორეპორტიორს მარგარეტ ბურკ-უაითს ძაფის დართვის სწავლა მოუხდა.
მხოლოდ ამის შემდეგ მას სამი კადრის გადაღების უფლება და სასტიკი გაფრთხილება მისცეს. გაფრთხილება შემდეგი იყო – მას არ უნდა ესაუბრა განდისთან, რომელსაც “სიჩუმის დღე” ჰქონდა. ამას გარდა, განდი ვერ იტანდა მკვეთრ სინათლეს. ოთახი, რომელშიც ის იყო განმარტოვებული ნახევრად წყვდიადში იყო ჩაძირული. განდი იჯდა და კითხულობდა, წინ კი სართავი – ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო ედგა.
სამი ნებადართული კადრიდან პირველი ორი გაფუჭდა. მესამე კადრით კი მსოფლიომ იხილა განდის არაორდინარული პორტრეტი.

1948 წლის 30 იანვრის საღამოს, ნიუ დელიში, საჯარო სეირნობის დროს ნათურამ გოდსემ ერთი გასროლით მოკლა მოჰანდას კარამჩანდრ განდი.
მარგარეტ ბურკ-უაითი იყო ბოლო ფოტოგრაფი, რომლემაც მაჰათმა /”დიდი სული”. ჰინდი/ განდის პორტრეტი დააფიქსირა.

12. Man Ray. “Le Violon d’Ingres”. 1924

06527deb38f9

მენ რეი /1890-1976/ – ემანუელ რუდნიცკი დაიბადა ფილადელფიაში, რუსი ებრაელების ემიგრირებულ ოჯახში 1890 წლის 27 აგვისტოს. 1897 წლიდან ოჯახი გადადის ნიუ-იორკში. 1911 წლიდან მენ რეი ალფრედ სტეიგლიცის გალერეის “291” ხშირი სტუმარია. ფოტოგრაფიით 1912 წლიდან ინტერესდება მრავალფეროვან ექსპერიმენტებს მიმართავს. ამავე პერიოდიდან უმეგობრდება მარსელ დუშანს. შწორედ სტეიგლიცი ფოტოგრაფიაში და დუშანი ვიზუალურ ხელოვნებაში გახდნენ მენ რეი მასწავლებლები, რომლის შემოქმედებაც ერთნაირად მოიცავს “დადა”-ს და სურეალიზმს.

“როდესაც ვხედავდი რომ ყოველი მხრიდან თავს მესხმოდნენ, სწორედ მაშინ ვიცოდი რომ სწორ გზაზე ვიდექი” /მ. რეი/
“ენგრის ვიოლინო” ქალის ფიგურის კლასიკური და იმავდროულად სრულიად მოდერნული ინტერპრეტაციაა. ერთი მხრივ მენ რეის მხრიდან ეს იყო ენგრისადმი მოხდილი ხარკი. ნეოკლასიცისტი ჟან ოგიუსტ დომენიკ ენგრი იყო პირველი ფერმწერი, რომელიც საკუთარ გამოფენებს /ძირითადად ეს იყო ნიუ/ ვიოლინოს თანხლებით ხსნიდა.
მენ რეის ნამუშევრებმა განსაზღვრა ფოტოხელოვნება როგორც რეალობის მხატვრული ინტერპრეტაცია.

წყარო: www.graf.ge

მსგავსი ამბები

Back to top button