არქივი

ჩემი ლექსები :))

6f97a97f9989

ასე თუ ისე, მგონი, ბევრი მიცნობთ კომენტარებიდან და გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი ამ საიტზე და დამეწყო სიახლეების დამატება…

ამჯერად გთავაზობთ ჩემს ლექსებს, იმედია მოგეწონებათ…

მშობელ დედას

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…

იბერია გაბრწყინდება
ბებერი მგელი მისეირნობდა თავისთვის ტყეში,
არ ადარდებდა არაფერი, სულ არ ღელავდა,
მაგრამ ვერაგი ტურების ჯოგი ელოდა ხევში,
მათ თვალებში შური და ზიზღი, ერთად ელავდა…

ბებერ მგელუკას თვალის ჩინი აღარ უჭრიდა,
ვეღარ ამჩნევდა მოსისხლე მტრების ბინძურ ჩანაფიქრს,
გადაიღალა, ბრძოლებგამოვლილს უკვე უჭირდა,
გონება მისი სხვაგან წაეღო საწუთროზე ფიქრს…

მხდალი ტურები მშვიდად ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს,
მგელი თავისთვის, აუღელვებლად მიჰყვებოდა გზას,
უცებ დაიძრნენ, ყველანი ერთად იმ ადგილს მოსწყდნენ,
სად თავიანთი ბნელი გეგმები მოიყვანეს მზად…

ერთად დააცხრნენ, არავისი არ მოერიდათ,
ან უღრან ტყეში ვისი უნდა მორიდებოდათ,
ჯიჯგნეს და ჯიჯგნეს სანამ მეტი არ მოუვიდათ,
მათი ყურება სისხლისმსმელს არ მოუნდებოდა…

მაგრამ ზიზღისგან ისე შეხრეს ის საცოდავი,
რომ სიკვდილის წინ მწარე კივილი მხოლოდ, აღმოხდა,
მაინც წარმტაცი იყო მგელი თუნდ მომაკვდავიც,
დიდრონ თვალები დახუჭა და სული ამოხდა…

მგელის კივილმა შეძრა თურმე მთელი უღრანი,
გამოიღვიძა მგლების ჯოგმა, ფეხზე წამოდგა,
ვაჟა ფშაველა, გალაკტიონი, ბრძენი მუხრანი,
ტყუილად ფიქრობთ თუ გგონიათ ყველას გამოგვხრავთ!!!

ფერისცვალება

გადაკარგული წარსულში,
გაუგებრობა აწმყოში,
ჩვენ გვავიწყდება ქართული,
სულისკვეთება ნამყოში.
გუშინ ვიყავი ქართველი,
დღეს გავხდი მე ევროპელი,
ისე ვართ თურმე გართული,
დაგვექცა თავზე სოფელი…
ვახ, როგორ გამოვიცვალე,
ხვალ ვინ ვიქნები არ ვიცი,
ვწუხვარ, რომ ფერი ვიცვალე,
ყველაზე მეტად განვიცდი,
ან იქნებ გარდავიცვალე,
მიწა ვიყავ და დავმიწდი…

ადამ–იანი

და ხატად თვისად ადამი შექმნა,
სამოთხეს მისით არვინ დატოვებს,
ადამს კი ევა აჩუქა ღმერთმა,
ვერ აიტანა რა, სიმარტოვე…

ყოველი ჰქონდათ, მათ არა აკლდათ,
მხოლოდ, მარტოდენ, ერთი ნაყოფი,
გამოსაცდელად მათ აუკრძალათ,
ღმერთმა, სხვა მისცათ მათი სამყოფი…

მაგრამ მიწაზე დაცემულ ეშმაკს,
საუბედუროდ როდი ეძინა,
ქლესური სიტყვით აცდუნა ევა,
ამპარტავნებით თან ჩაეცინა…

საბედისწერო ედემის ვაშლი,
ევამ შუაზე მყისვე გახლიჩა,
მას მერე ვეძებთ სამოთხეს გაშლილს,
რადგან ადამმაც ხარბად ჩაკბიჩა…

რადგან სამოთხე ვერ შევიფერეთ,
რადგან სიმართლეს ვარჩიეთ ბოდვა,
რადგან მაღალ ღმერთს ჩვენ ვეპირფერეთ,
დღეს დაგვრჩენია მხოლოდღა ლოცვა…

ლოცვა ყოფილა ჩვენი წამალი,
კარიბჭე, ხიდი ედემ–მზიანში,
ჩვენ დავბრუნდებით რწმენით და მადლით,
ღვთის ხატად იქმნა ადამ–იანი…

მსგავსი ამბები

Back to top button