ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 1

55c093cc38e5

ეს ქართულ მწერლობაში უნიკალური წიგნი დაწერა გიორგი საბედაშვილმა, რომელიც ამ საიტზე მოღვაწეობს ნიკით: sabeda. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა ქართულ მწერლობაზე, მაგრამ დამერწმუნეთ ნადვილად ასეა. ამ ჟანრის ნაწარმოები არ მეგულება საქართველოში დაწერილი.

შეიძლება დიდად არ გამოვირჩევი ნაკითხობით, მაგრამ როდესაც ეს წიგნი წავიკითხე ნადვილად არ მოველოდი ასეთი მაღალი დონის ნაწერს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გიორგი იყო მხოლოდ 16 წლის, როდესაც დაიწყო ამ წიგნის წერა :D წიგნის კითხვა დავიწყე ვალდებულების გრძნობით და ვეღარც გამოვერკვიე ნაცარქექიას და მისი მეგობრების უცნაური თავგადასავლებიდან…

ნაწარმოების დასასრული კი ძალზედ მოულოდნელი და უცნაურია, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი და პრინციპში სულ სხვა რამეს მოველოდი. დანარჩენი დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

თქვენ გაქვთ შანსი, წაიკითხოთ გიორგი საბედაშვილის Go Go ზღაპრები ჩვენს საიტზე. 2 დღეში 1-ხელ დაიდება თითო-თითო თავი წიგნიდან.

ეს წიგნი ვერ დაიბეჭდა უსახსრობის გამო. მიუხედავად რედაქტორების უდიდესი სურვილისა და მოწონებისა. იმედი გვაქვს მოვახერხებთ ამ წიგნის მომავალში დაბეჭდვას და თუ ამაში ვინმე დაგვეხმარება მატერიალურად ან თუნდაც სხვა სახით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე “კონტაქტის” მეშვეობით.

————————-

თავი პირველი

იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, იმ ქვეყანაში და იმ ადგილას, მუდმივისიმწვანე იყო და სადაც მუდამ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ცხოვრობდა. დევს არავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ აქ დასახლებულიყო და მარტო ცხოვრობდა მწვანე ქვეყანაში. მას, ამისთვის, მეტად მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა – უკვდავების სარკეს დარაჯობდა. ყოველი ადამიანი, ან თუნდაც არაადამიანი, რომელიც ამ სარკეში ჩაიხედავდა, თავის სანუკვარ ოცნებას აისრულებდა და უკვდავი გახდებოდა. უკვდავება ხომ ასე კარგია!

დევუკას ახლაც კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც ეს სარკე იპოვა. მაშინ ძალიან პატარა გახლდათ, დაახლოებით ასი წლის და დედასთან და მამასთან ერთად, ტბაში ბანაობდა. ყოველთვის ძალიან უყვარდა ტბაში ყვინთვა, რადგან თავს მყუდროდ გრძნობდა, ლურჯი წყლისა და მწვანე თევზების გარემოცვაში. დედა უშლიდა ტბაში ხშირად ყვინთვას, მაგრამ მას არ ესმოდა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჟინიანობის დროს, როდესაც პატარა მხეცმა წყალში ღრმად ჩაყვინთა, ლურჯი წყლის სიღრმეში, მანათობელი ნივთი დაინახა, რომელიც ადრეც ენახა, თუმცა წინათ ნანახი არ გახლდათ ასეთი უცნაური. სწორედ, ასე აღმოაჩინა დევმა სარკე, რომელიც აგერ უკვე ასობით წელია, მის სამეფოში ინახება. დევი ცხრათავიანი გახლდათ, მას დიდი კბილები, დიდი ცხვირი, ნაცრისფერი კანი ჰქონდა. ძლიერი მკლავები და დიდი ხელები იმაზე მიუთითებდნენ, რომ მას ერთი ხელით შეეძლო ნებისმიერი არსებისთვის თავი გაეხეთქა. ხალხის უმრავლესობამ, არ იცოდა ჯადოსნური სარკის არსებობის შესახებ, ან იცოდნენ, მაგრამ დევის შიში ჰქონდათ და იქ ვერავინ მიდიოდა.

დევს მუდამ ადიდასის მოკლესახელოებიანი ჟილეტი ეცვა და ძალიან უყვარდა კოკა-კოლა. კოკა-კოლათი რომ მოემარაგებინათ, ჩიტიც კი დაიქირავა. სამაგიეროდ, დევი, იმის საშუალებას აძლევდა, მის სამეფოში არსებული უნიკალური ჯიშის ჭიაყელებით გამძღარიყო – ამ სამეფოში ხომ უგემრიელესი ჭიაყელები ბინადრობდნენ. დევის ქვეყანას გარშემო მთები ერტყა და ამ მთების შუაგულში დიდი ლურჯი ჯადოსნური ტბა იყო. ნებისმიერი ადამიანი, თუ ცხოველი, რომელიც ამ ტბაში იბანავებდა, ყველა სნეულებისგან განიკურნებოდა, მაგრამ მის სამეფოში შესული და იქედან უკან დაბრუნებული, არავინ უნახავთ. ასე რომ, ტბა, თავისთავად, ხელშეუხებლობას ინარჩუნებდა. წყლის გარშემო, წითელი ვაშლის ხეები იყო გაშენებული, ნაყოფი არ გახლდათ ჯადოსნური, თუმცა ვიღაცას ხმები დაეყარა, რომ დევის სამეფოში მისი ჯადოსნური სარკისა და ჯადოსნური ტბის გარდა, ჯადოსნური ვაშლის ხეებიც ხარობდა და თუ ვინმე, ამ ვაშლს შეჭამდა, არამიწიერი ძალის მფლობელი გახდებოდა. სინამდვილეში კი ვაშლი მეტად ჩვეულებრივი გახლდათ – უბრალოდ, ძალიან წითელი იყო. იგი თავის დროზე ერთ გველეშაპს მოეტაცა რომელიღაც პლანეტიდან. ეს გველეშაპი ამ მიწაზე დევების დასახლებამდე ცხოვრობდა. შემდეგ მოკვდა, თავისი სიკვდილით და მარტოობით, როგორც ყველა დიდი და საშიში არსება. დევები მას თავის დიდ წინაპრადაც კი მიიჩნევდნენ და ყოველთვის ამაყობდნენ. გველეშაპს ისე უყვარდა ვაშლები, რომ მთელ ტერიტორიაზე დარგო და არავის აძლევდა უფლებას, მისი გემო გაესინჯა. და სწორედ ამიტომ დაირხა ხმები, რომ ეს ვაშლები ჯადოსნური იყო. ღამღამობით კი როდესაც ტბა ლურჯად ანათებდა, ხოლო ვაშლები წითლად, დევის სამეფოში ყოფნას არაფერი სჯობდა: დევის სასახლე, თეთრი იყო; და იმდენად დიდი, რომ ერთი ბოლოდან, მეორეს ვერ დაინახავდი. თუმცა, დევი თავისუფლად ხედავდა.

ამბობდნენ, სასახლე რომელიღაც ჩრდილო ევროპელ დიზაინერს აეშენებინა დევის დიდი პაპისათვის. იმასაც ამბობდნენ, ევროპელმა ბევრი ფული მოითხოვა და დევის პაპამ ამიტომ შეჭამაო; თუმცა არც ეს იცოდა ვინმემ ზუსტად, უფრო სწორად, ისიც არ იცოდნენ, ევროპელი არსებობდა თუ არა საერთოდ. ასე იყო თუ ისე, ციხე-სიმაგრის მსგავსი თეთრი სასახლე, პრაღაში არსებულ შენობებს მოგაგონებდათ, თუმცა მათზე ბევრად მასშტაბური იყო. ამაზე ცხრათავიანის პაპას თავიდანვე ეზრუნა – ციხე-სიმაგრეს აქეთ-იქით უზარმაზარი ქანდაკებები იდგა. ერთი ქანდაკება დევის პაპისა გახლდათ, ხოლო მეორე – დევის ბებიის; რამდენიმე ქვის ადამიანს, ხელები, სახურავზე ასაფრენად გამზადებული მიმინოებივით გაეშალათ, რომლებიც თავის დროზე, სარკის მპყრობელის დედამ დააცემენტა და სახურავზე შემოდო. სასახლეს უამრავი ოთახი ჰქონდა; თითოეულ ოთახს უზარმაზარი ხის კარები და დიდი ფანჯრები ამშვენებდა, რომლიც პირდაპირ ტბასა და ღამეში წითლად განათებულ ტყეს გადაჰყურებდა. რა თქმა უნდა, თითოეულ ოთახში სონის ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი იდგა, რომელიც მუდამ ჩართული იყო, და წყნარი მუსიკა ისმოდა. არავინ იცოდა რაში სჭირდებოდა დევს ეს ოთახები – მასთან ხომ არასდროს არავინ არ დარჩენილა. სიმართლე რომ ითქვას, დევი თვითონვე იტანჯებოდა მარტოობით და ყოველთვის უნდოდა, რომ მის გვერდით ვინმე ყოფილიყო. ამიტომაც იყო მუდამ ნაღვლიანი – ამხელა სამეფოში ხომ მარტო ცხოვრობდა, სითბოს მოკლებული. სიმართლე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ მას არც არავისთვის მიუცია მასთან მეგობრობის შესაძლებლობა. ვინც მის სამეფოში მოვიდა, დევმა თავი გაუხეთქა, შეჭამა, დაწვა, ან ტყავი გააძრო. სწორედ ამიტომ ცხოვრობდა ამ ულამაზეს სამფლობელოში დევი განმარტოებით ცხოვრობდა. მასთან მხოლოდ ჯადოსნური სარკე მეგობრობდა, რომელიც სასახლის შუა ნაწილში, უზარმაზარ ვერცხლისფერ მაგიდაზე იდო. მაგიდა გვერდებიდან გახლდათ განათებული, სარკე კი _ თავისი დასადებიდან ოდნავ წამოწეული. ორიოდ სიტყვას თუ გადაუგდებდა, ხოლმე საცოდავ დევს. მის ქვეყანაში ასევე დევის ჯაშუშები – ციყვები ცხოვრობდნენ. ისინი ცხრათავიანისულამაზეს ვაშლის ტყეებში ბინადრობდნენ და ვაშლის ნაყოფით იკვებებოდნენ. მათ ევალებოდათდევისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმის შესახებ, თუ ვინ მიდი-მოდის მისი სამეფოს თავზე თუ თვითონ ქვეყანაში. ციყვები ბევრნი იყვენენ. ასე რომ, მათ თვალს ვერაფერს გამოაპარებდი და დევიც მუდამ იყო ინფორმირებული, თუ რა ხდება ცასა თუ მიწაზე.

დევთან წელიწადში ერთხელ, ერთი სტუმარი, პარიკმახერი მოდიოდა, რომელსაც დევისათვის თმების შეჭრა ევალებოდა. პარიკმახერი მუნჯი იყო და სწორედ ამიტომ, დევი ნებისმიერ თემაზე მასთან თამამად საუბრობდა; ასევე თამამად უჩვენებდა ხოლმე, თავის ულამაზეს ბაღებს. ხანდახან მუნჯი პარიკმახერი დიდი ხნითაც რჩებოდა კაციჭამიასთან, მაგრამ ძირითადად, მაინც მეორე დღეს მიდიოდა და დევის ბაღიდან თან რამდენიმე ვაშლი მიჰქონდა, რომელსაც ჰყიდდა და ამით დიდ ფულსაც შოულობდა. დევს დიდი და სევდიანი თვალები ჰქონდა. მისი თვალები უფრო ცისფერი იყო, ვიდრე ლურჯი და სწორედ ამიტომ, დედამისი, ცისფერას ეძახდა ხოლმე. ბავშვობიდან ეს სახელი თანატოლ დევებში მის დისკრიმინაციას იწვევდა, მაგრამ რას იზამდა? უნდა დამორჩილებოდა ბედს, რომელიც განგებამ მოუმზადა. მას ქერა, მბზინავი თმა ჰქონდა, და როგორც ვაშლები, ტბა და სარკის დასადგამი მაგიდა, ღამით მისი თმებიც და თვალებიც ანათებდა. ხშირად კოშმარები ტანჯავდა ხოლმე; ერთხელ მისმა მეგობარმა, მუნჯმა პარიკმახერმა, რაღაც სურათი უჩვენა, რის შემდეგაც, დევს სამი ღამე არ ეძინა და შიშისგან ცახცახებდა. მგონი სარკესაც კი სთხოვა, გვერდით მომიწექი და დამაძინეო, რაზედაც, სარკემ, როგორც ყოველთვის, მისთვის დამახასიათებელი გულცივობით უპასუხა, ხომ არ გაგიჟდიო?..

ასე იყო თუ ისე, დევი ძაღლურად მიათრევდა თავის ცხოვრებას და წლიდან წლამდე დარაჯობდა უზრდელ სარკეს, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს სამეფოს ბრწყინვალებაში. სარკეს არასდროს უნდოდა, მასში ვინმეს ჩაეხედა; იგი ეგოისტი იყო და არ სურდა უკვდავება ვინმესთვის გაეზიარებინა. ამიტომ, ცისფერთვალას ყოველი მსხვერპლი სარკის მსხვერპლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დროთა განმავლობაში, დევი გაბოროტდა კიდეც და საბოლოოდ, საშინელი სახელი გაუვარდა მთელს დედამიწაზე. არადა, სულ რამდენიმე ხნის დღის წინ დევს, ლამაზი მზეთუნახავი უყვარდა… ამბობენ, სიყვარული არ არსებობსო, მაგრამ დევს ამის არ სჯეროდა, რადგან მან ეს გრძნობა თავის თავზე გამოსცადა. სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა მზეთუნახავმა არ უპასუხა მის სიყვარულს, მახინჯია და მასთან ერთი დღეც არ ვიცხოვრებო; არადა, როგორ ენატრებოდა დევუკას მისი ერთი შეხება მაინც… ხშირად ესიზმრებოდა, თითქოს მზეთუნახავი ეხვევა და ღამით ერთად ცურავენ ლურჯ ტბაში, შემდეგ წითელი ვაშლის ხეებქვეშ წამოწვებიან და ვარსკვლავებს უყურებენ, რომლებიც დევის სამეფოში ყველაზე ახლოს მდებარეობდნენ დედამიწასთან. მერე დევის სასახლეში ავიდოდნენ, საძინებლის კარს, წყნარი მუსიკის ფონზე გააღებდნენ, დევი მას ჯერ საცურაო კოსტიუმს გახდიდა, შემდეგ ბიუსჰალტერს მიაყოლებდა და ასე შიშველს საწოლზე გვერდით მიუწვებოდა, დაუკოცნიდა ტუჩებსა და შუბლს და შემდეგ სიყვარულის მორევში ჩაიძირებოდა…

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო – მზეთუნახავი მის თანაგრძნობაზე ცივ უარს აცხადებდა. თუმცა მეფე არ იყო დიდი წინააღმდეგი ამ ქორწილისა, პირიქით, შვილს აძალებდა, დევს ცოლად გაყოლოდა. რაკი ცოლი ცივ უარზე იდგა, მეფემ ქალიშვილი ფაეტონში ჩასვა და დევის სამეფოს გზას გაუყენა. გზაში გოგომ დაქალის მიცემული 10 აბი ექსტაზი გადაყლაპა და თავი მოიკლა. ასე ტრაგიკულად დასრულდა დევისათვის მძიმე და მნიშვნელოვანი ურთიერთობა… გარდაცვლილი, თავის სამეფოში მიიყვანეს. სახეზე ღიმილი შერჩენოდა; შავი თვალები ჩასისხლიანებული და ჩაცვენილი ჰქონდა, ხოლო სხეული – გალურჯებული. პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. ფაეტონის კარი პირველმა, დევმა გააღო და დაინახა ეს საშინელი სცენა. ამის მერე ტანჯავდა კოშმარები. ხალხი ამბობდა, ეს სარკემ მოუწყო დევსო, მაგრამ სიმართლე არავინ იცოდა. ერთი კი ფაქტი იყო: გაბრაზებულმა დევმა, მეფე თავის ნაზირ-ვეზირებიანად გადაყლაპა.

ცხოვრებაში, სულ რამდენიმე რამ უხარებდა გულს, აქედან ერთ-ერთი თევზაობა გახლდათ. უყვარდა თავის ტბაში თევზების დაჭერა, განსაკუთრებით, ღამით, როდესაც ლურჯად მოელვარე კრიალა ტბის წყალში მწვანედ განათებული თევზები და ტბის სხვა ბინადრები მოჩანდნენ. თევზებს იჭერდა, მაგრამ არ ჭამდა. უბრალოდ, პროცესი იზიდავდა. ეგონა, რომ საქმეს აკეთებდა. ამით კმაყოფილი იყო; თევზებმა კი იცოდნენ, რომ დევი მათ ყველა შემთხვევაში გაათავისუფლებდა და ამიტომ თავისით ეგებოდნენ ანკესზე. დევი მხოლოდ ‘მაკდონალდსის“ საკვებით იკვებებოდა. ამიტომ ხშირად წონასაც უჩიოდა ხოლმე. ერთხელ კოკა-კოლისა და ბიგ მაკის მოსატანად წასულ ჩიტს სთხოვა კიდეც, გასახდომი საშუალება ჩამომიტანეო. ჩიტმაც რაღაც ტაბლეტები ჩამოუტანა. თავდაპირველად უკეთესობა იგრძნო, მაგრამ მერე, ისევ მოიმატა წონაში.

მაკდონალდსში ჭამდა და ჰეფი მილის სათამაშოებს აგროვებდა. უამრავი სათამაშო ჰქონდა თავის ოთახში _ ბიჭები, გოგოები, ტომი და ჯერი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი. ერთხელ ერთმა ციყვმა სთხოვა, ეგ ციყვის ქანდაკება მომეცი, სახლში მინდა დავიდგაო, მაგრამ დევმა უარით გაისტუმრა, რადგან თითოეული მათგანი, ძალიან უყვარდა. ამის შემდეგ, სამეფოში ჭორები გავრცელდა, რომ უფროსი გაძუნწდა და არაფერს აღარ გვაძლევსო. ჰოდა, გაბრაზდა დევი და დედა აგინა ციყვებს. ციყვებსაც შეეშინდათ და ამის მერე ხმაც აღარ ამოუღია არავის. ვიღაცეებს კიდევ უნდოდათ შეწინააღმდეგება, მაგრამ მას შემდეგ, რაც დევმა ქანდაკების მთხოვნელი ციყვი ფეხებით დაიჭირა და შუაზე გახლიჩა, ყველა გაჩუმდა და ისევ ძველებურად დაიწყეს ცხოვრება. დევს კიდევ ერთი საყვარელი ნივთი ჰქონდა. იარაღი ‘ვოლტერი“, რომელიც მთელ სიცოცხლეს ერჩივნა და მისი გაწმენდა საყვარელ საქმიანობათა შორის ითვლებოდა. გადმოიღებდა ხოლმე ვოლტერს და წმენდდა, მერე ააწყობდა და დადებდა, მერე ისევ გადმოიღებდა და წმენდდა, მერე ისევ დადებდა. ამ დაშლა- აწყობაში წლები გადიოდა. დევი ცხრაასი წლის გახლდათ. მისი დაბადების დღე იანვარში იყო. რიცხვი ზუსტად არ ახსოვდა. ამიტომ მთელ იანვარს, ქეიფში ატარებდა. იანვარში მის სამეფოში დიდი თოვლი იცოდა ხოლმე და სწორედ ამ დროს იყო ყველაზე ლამაზი მისი ბაღი – თეთრი თოვლის საფარიდან, განათებული წითელი ვაშლები და გაყინული, ლურჯად მანათობელი ტბა. ზამრობით თევზები ტბის ცენტრში იკრიბებოდნენ და დიდი, მწვანედ განათებული ადგილი ჩნდებოდა ხოლმე, რაც მეტისმეტად ლამაზი სანახავი გახლდათ. ამ თვეში მის სასახლეში ციყვები და მისი მეგობარი პარიკმახერი მოდიოდნენ და ერთი თვით რჩებოდნენ. ამ პერიოდში დევი მუდამ თვრებოდა და ერთხელ, ქეიფის დროს, ერთი ციყვი შემოაკვდა კიდეც. იმ ციყვს ერთი დაარტყა და თავი მოაწყვიტა. დატოვა ასე, ობლად, ოთხი პატარა ციყვუნა.

თუმცა, ასე იყო თუ ისე, ციყვები მაინც მის ერთგულ მსახურებად რჩებოდნენ და მის უშნო საქციელს, დევის შიშით იტანდნენ.

ჩვეულებრივი დღე გათენდა სამეფოში. როგორც ყოველთვის, დევი წამოდგა ლოგინიდან, გახსნა კოკა-კოლა, მიიყუდა. კბილებს არასდროს იხეხავდა, პირს კი ხანდახან იბანდა, მაგრამ ძირითადად მაინც პირდაუბანელი დადიოდა. ჩამოჯდა სკამზე, ფეხები პატარა სკამზე შემოაწყო, დაიწყო ცაში ყურება და ფიქრი იმის შესახებ, თუ რა გააკეთოს დღეს. ბოლოს გადაწყვიტა, რომ თავისი ჩიტისთვის დაეძახა და მისთვის ქალაქიდან კომპიუტერის ჩამოტანა დაევალებინა. ამ დროს მასთან მოირბინა ციყვმა და გულამომჯდარმა აცნობა:

– უფროსო, შენს ტყეებში ვიღაცეები შემოსულან და მგონი სარკის მოპარვა უნდათ!…..

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close