არქივი

გარდაცვალების ისტორია

06d0a5d3aaf3

ეს არის იმ ადამიანის ისტორია რომელმაც გადაიტანა კლინიკური სიკვდილი

„ასტრალური სხეული. მგონი, ამას ასე ეწოდება, არა?“ – გავიფიქრე – „კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოს და ბოლოს, მოჩვენება ხომ არა ვარ?“ – დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე ავადმყოფობა ასეთ უცნაურ ცვლილებებს იწვევდა.

– მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, – ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზეც ჩემი მეორე „მე“ იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე „მე“-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი და არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ „მე“-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მარტოობა ტანჯავდა და შველას ითხოვდა.

„ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ?“ ამ მწარე ფიქრით შეპყრობილი საწოლს მივუახლოვდი და დავხედე იმას, ვისაც, ჩემდა სავალალოდ, პალატაში თავმოყრილი ხალხი ასე დასტრიალებდა.

პირველად იმ წუთში გამიელვა აზრმა: ვაითუ, სწორედ ის შემემთხვა, რასაც ჩვენი, ცოცხალი ადამიანების ენაზე, სიკვდილი ეწოდება? ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ საწოლზე გაშოტილი სხეული ძალიან ჰგავდა მკვდარს – უმოძრაო, უსულო, რაღაც უცნაურად ფერმკრთალი, მაგრად მოკუმული და ოდნავ ჩალურჯებული ტუჩებით, იგი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ჩემ მიერ ნანახი უამრავი მიცვალებული გახლდათ. თითქოს უცნაურია, რომ მხოლოდ საკუთარი უმოძრაო სხეულის დანახვისას მივხვდი, რაც დამემართა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ჩემი ასეთი მიუხვდომლობა გასაგები გახდება.

სიტყვა „სიკვდილი“ ჩვენთვის მხოლოდ განადგურებასთან, სიცოცხლის დასასრულთანაა დაკავშირებული. მაგრამ როგორ უნდა მეფიქრა, მოვკვდი-მეთქი, როცა ისევ ცოცხალი ვიყავი, ვხედავდი, მესმოდა და აღვიქვამდი ყოველივეს, როგორც აქამდე, თან მოძრაობის, ფიქრისა და ლაპარაკის უნარიც უწინდებური მქონდა? ექიმის სიტყვებმაც კი, ყველაფერი დამთავრდაო, ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება და ვერ მიმახვედრა საქმის ნამდვილ ვითარებას, იმდენად სხვადასხვა იყო ის, რასაც მე განვიცდიდი და ის, რასაც ჩვენ სიკვდილად აღვიქვამთ.

ახალ სამყაროში ისეთივე მოვედი, როგორიც ძველიდან წავედი, ანუ თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებითა და ცოდნით აღჭურვილი, რაც მიწაზე ცხოვრების დროს გამაჩნდა. მაგალითად, როდესაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი, მივმართავდი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა საშუალებას: ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, ვცდილობდი როგორმე მივწვდომოდი ან ვინმესთვის ხელი მეკრა. ჩემი სხეულის ახალი თვისება როშ შევნიშნე, გავოცდი – მაშასადამე, ძველი წარმოდგენები დამრჩა, თორემ ხომ აღარაფერი გამაოცებდა. ჩემს სხეულსაც ვსინჯავდი ჩვეულებრივ ადამიანურად.

განვაგრძობ შემდეგ რა მოხდა. ექიმები პალატიდან გავიდნენ, ფერშლები იდგნენ და ჩემი ავადმყოფობის დეტალებზე მსჯელობდნენ, მოხუცი მომვლელი ქალი კი ხატისკენ მიბრუნდა, პირჯვარი გადაისახა და ამ შემთხვევისთვის ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა,

– ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მას! ამის თქმა იყო და ჩემ წინ ორი ანგელოზი გამოჩნდა: ერთში ჩემი მფარველი ანგელოზი შვვიცანი, მეორე კი უცნობი გახლდათ. ხელი მომკიდეს და კედლის გავლით პირდაპირ ქუჩაში გამიყვანეს მათ.

ბინდდებოდა. წვრილი, უხმაურო თოვლი ცვიოდა. ამას კი ვხედავდი, მაგრამ ოთახისა და ეზოს ტემპერატურას შორის ვერ განვიცდიდი ვერავითარ სხვაობას. როგორც ჩანს, ასეთმა მოვლენებმა ჩემი შეცვლილი ბუნებისთვის მნიშვნელობა დაკარგა. სწრაფად მივქროდით ზევით და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მეტი სივრცე წინ მეშლებოდა. ბოლოს ეს სივრცე ისე გაიშალა, რომ შიში დამეუფლა – აღვიქვი თავი არარაობად. ახლა ჩემი მხედველობის თავისებურებებიც გამოჩნდა. ჯერ ერთი, ბნელოდა, მე კი სრულიად გარკვევით ვხედავდი ყველაფერს, ესე იგი, სიბნელეში ხედვის უნარი მომეცა, მეორეც, ჩემი მზერა უზარმაზარ სივრცეს სწვდებოდა, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერაფრით ვერ მოახერხებდა. თუმცა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, სამაგიეროდ, კარგად ვგრძნობდი, რომ ამხელა სივრცეში მტვრის პატარა ნაწილაკივით ვიყავი ჩაკარგული და ეს ამბავი თავზარს მცემდა, მეშინოდა, რომ ჩემი არსება ჰაერის თვალუწვდენელ ოკეანეში უკვალოდ გაქრებოდა.

დროის შეგრძნება დავკარგე და არ ვიცი, რამდენ ხანს მივქროდით ზევით. უეცრად ჯერ რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, შემდეგ კი საიდანღაც გამოცურდა და სწრაფად მოგვიახლოვდა რაღაც მახინჯი არსებების დიდი გროვა.

„ეშმაკები!“ – გამიელვა და რაღაც უცნაური, ჯერ არგანცდილი ძრწოლა დამეუფლა. ეშმაკები! რა ირონიას, რა გულწრფელ სიცილს გამოიწვევდა ჩემში სულ რამდენიმე დღის, რამდენიმე საათის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა, ეშმაკები ვნახეო, ან მხოლოდ რომ დაეშვა კიდეც მათი არსებობა. ამ სიტყვაში მე ადამიანის მახინჯ მიდრეკილებებსა და ვნებებს ვგულისხმობდი, ჩემთვის იგი სახელი კი არა, ტერმინი იყო, რომელიც გარკვეულ განყენებულ ცნებას გამოხატავდა. და უცებ ეს „გარკვეული განყენებული ცნება“ ჩემ წინაშე წარმოსდგა! ახლაც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ საშინელ არსებებში სრულიად უყოყმანოდ ამოვიცანი დემონური ძალა. ერთი რამ კი უეჭველია – ასეთი განსაზღვრება ჩემთვის სრულიად ალოგიკური გახლდათ. სხვა დროს რომ ამგვარი რამ მენახა, უსათუოდ ვიტყოდი, რაღაც უაზრო მოჩვენება და ფანტაზიის მახინჯი ახირებაა-მეთქი, მოკლედ, ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა. ამჯერად კი ეს სიტყვა ისე უცებ წამოტივტივდა, თითქოს რაღაც დიდი ხნის ნაცნობი საგანი დამენახა. ჩემი გონება საოცარი სისწრაფით მუშაობდა, და სანამ ვიტყოდი, ეშმაკები-მეთქი, იმასაც მივხვდი, რომ ამ არსებების მახინჯი გარეგნობა სინამდვილეს არ გამოხატავდა, რომ ეს ჩემს შესაშინებლად მოგონილი საძაგელი მასკარდი, სცენა გახლდათ. წუთით სიამაყის განცდა დამეუფლა, თან შემრცხვა საკუთარი თავისა და ადამის მთელი მოდგმის მაგივრად, რომ ჩვენ, ვისაც ასეთი მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, სხვა არსებები ისეთივე ხერხებით გვაშინებენ, როგორითაც ჩვენ პატარა ბავშვებს ვაშინებთ ხოლმე აქ. ეშმაკები ყოველი მხრიდან შემოგვეხვივნენ და ხმაურითა და ყიჟინით მოითხოვდნენ ჩემს თავს, ცდილობდნენ, როგორმე დავეჭირე და ხელიდან გამოვეგლიჯე ანგელოზებისთვის, მაგრამ, ჩანს, ვერ ბედავდნენ ამას. მათი წარმოუდგენელი ღრიანცელიდან, რომელიც იმდენადვე აუტანელი იყო სმენისთვის, რამდენადაც გარეგნული სახე – თვალისთვის, აქა-იქ რაღაც სიტყვების და მთელი ფრაზების გარჩევა მიხდებოდა.

მე ლოცვა გამახსენდა და დავიწყე ყველა იმ წმინდანის ხსენება, ვისი სახელიც ვიცოდი, მაგრამ ჩემი მტრები ვერც ამან შეაშინა. საბრალო უვიცს, მხოლოდ ახლა გამახსენდა ის, ვისაც ეწოდება შუამდგომელი ქრისტიანთა – ღვთისმშობელი, დედა ჩვენი მაცხოვრისა. ჩანს, ჩემი მისდამი ლოცვა იმდენად მხურვალე იყო, ჩემი სული კი იმდენად შეძრწუნებული, რომ, როგორც კი მისი სახელი წარმოვთქვი, ჩვენს ირგვლივ რაღაც თეთრი ბურუსივით გაჩნდა, რომელმაც მაშინვე დაფარა ეშმაკთა საშინელი ხროვა, მათი ღრიალი და ყაყანი კი კიდევ კარგა ხანს ჩამესმოდა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა და მალე მივხვდი, რომ საშინელი დევნა გათავდა.

შიშის განცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვერც კი გავიგე, ამ დროს ფრენას განვაგრძობდით, თუ შევჩერდით, და მხოლოდ ჰაერის უსასრულო სივრცის დანახვამ მიმახვედრა, რომ მივფრინავდით კვლავ.

მალე ჩემ ზემოთ რაღაც მკვეთრი სინათლე გამოჩნდა. იგი მზის შუქს ჰგავდა, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი გახლდათ. ჩანს იქ, სადღაც, სამეფოა სინათლისა.

„ჰო, სწორედ სამეფო, მეუფება ნათლისა“, – უცნაურად მივხვდი რაღაცას, ჯერ ჩემ მიერ უხილავსა და არგანცდილს, რადგან ამ სინათლეს ჩრდილი თან არ ახლავს. „კი მაგრამ, როგორ შეიძლება არსებობდეს სინათლე უჩრდილოდ? – გამიელვა თავში აზრმა.

უეცრად სწორედ ამ სინათლის სამფლობელოში შევიჭერით და მე დავბრმავდი. თვალები დავხუჭე და ხელები ავიფარე, მაგრამ ამან არ მიშველა – ჩემს ხელებს ჩრდილი არ გააჩნდა. ანდა რას დამიცავდა ასეთი უმნიშვნელო საფარველი მანდ?

„ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა სინათლეა? ჩემთვის ხომ ეს იგივე ბნელია. ისევე ვერაფერს ვხედავ, როგორც უკუნეთ სიბნელეშია“, – შევძახე მე, ის კი დამავიწყდა, რომ ასეთი შედარება სრულიად უაზრო გახლდათ, რომ ახლა ვხედავდი სიბნელეშიაც. ამ სიბრმავის გამო ჩემში მატულობდა შიში უცნობი სამყაროსადმი და შეშფოთებით ვფიქრობდი: „რა მომელის? მალე გავივლით თუ არა ამ სინათლის ოკეანეს და აქვს თუ არა დასასრული ამას?“ ყველაფერი დამთავრდა სხვაგვარად: მაღლიდან გაისმა დიდებული, ურისხველი, მაგრამ მტკიცე და მეფური ხმა,

– მზად არ არის!

შემდეგ… წამით შევყოვნდით და სწრაფად მიწისკენ დავიწყეთ დაქანება. მაგრამ ვიდრე იქაურობას გავეცლებოდი, კიდევ ერთი საოცარი რაღაცის გაგება მომიწია: როგორც კი მაღლიდან ეს სიტყვები გაისმა, სამყაროს ყოველი უმცირესი ნაწილაკი, ყოველი ატომი თავისი თანხმობით გამოეხმაურა ამას. თითქოს მრავალმილიონიანმა ექომ უპასუხა სმენისათვის მიუწვდომელ, მაგრამ გულისა და გონებისთვის გასაგებ ენაზე, თან ყველაფერი ეს ამ განაჩენის სრულ მიღებას აღნიშნავდა. ამ თანხმობაში ისეთი საოცარი ჰარმონია იყო, ხოლო თვით ჰარმონიაში – ისეთი გამოუთქმელი სიხარული, რომლის წინაშეც მთელი ჩვენი მიწიერი სიამენი მოწყენილ, ღრუბლიან დღესა ჰგავს. ჩემი სულიც მთელი არსებით გამოეხმაურა ამას: ერთადერთი, რაც მსურდა – ამ შესანიშნავ ჰარმონიას შევრწყმოდი და შევერთებოდი მას.

თავიდან ვერ გავიგე ამ სიტყვების ნამდვილი აზრი, ვერ მივხვდი, რომ მიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი და ისევ ძველებურად მეცხოვრა. მეგონა, სადღაც სხვა ქვეყანაში მივყავდი და როდესაც ჩემს ქვემოთ ნაცნობი ქალაქის მოხაზულობა დავლანდე, გაუბედავი პროტესტის გრძნობა დამეუფლა.

მალე მივაღწიეთ საავადმყოფოს შენობასაც. ისევ კედლის გავლით, დაკეცილ კარებში შევედით და ჩემი არსება სრულიად უცნობ ოთახში აღმოჩნდა. ამ ოთახში რამდენიმე შავად შეღებილი მაგიღა იდგა, ერთ-ერთზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და ზედ ჩემი „მე“, ანუ საკუთარი მკვდარი, გახევებული სხეული იწვა.

იქვე, მაგიდასთან, ვიღაც მოხუცი ფსალმუნს კითხულობდა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, მეორე მხარეს კი ჩემი და იჯდა, ჩანს, მას უკვე შეატყობინეს ჩემი სიკვდილი და ჩამოსვლაც მოასწრო, გვერდით ქმარი ედგა და რაღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა.

– გესმა ღმრთის განაჩენი – მკითხა ჩემმა მფარეელმა ანგელოზმა, რომელიც აქამდე ჩუმად გახლდათ. მერე ჩემს მკვდარ სხეულზე მიმითითა და მითხრა, – შედი და მოემზადე მანდ!

ამის თქმა იყო და, ორივე ანგელოზი მეყსეულად გაქრა.

წყარო:www.orthodoxy.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button