არქივი

მედიცინა ძველ ეგვიპტეში (ნაწილი 1)

f11f1c699a12

მედიცინა უძველეს სამყაროში ძალზედ განვითარებული არა, მაგრამ საკმაოდ გასაკვირი შესაძლებლობების მქონე იყო. ახლა გეცნობით ძვ. ეგვიპტის მედიცინის ისტორიას. ინფორმაცია საკმაოდ ბევრია, ამიტომ მას ორ ნაწილად გთავაზობთ.

ძველი ეგვიპტის მედიცინის ისტორიის შესახებ მდიდარ მასალას იძლევიან არა მარტო არქეოლოგიური გათხრები, არამედ სამარხებისა და პირამიდების კედლებზე, სარკოფაგებსა და სტელებზე არსებული სამედიცინო ხასიათის ძველეგვიპტური წარწერები. მაგ. ეგვიპტის Vდინასტიის მეფის ნეფერირკა-რას (XXV საუკ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე) მთავარი არქიტექტორის უაშ-პტახას აკლდამის კედელზე წერია, რომ ის უეცრად გარდაიცვალა ფარაონის თვალწინ. ეს არის ყველაზე ძველი ცნობა ავადმყოფობაზე, რომელიც ძალზე წააგავს ინსულტს ან მიოკარდიუმის ინფარქტს. უძველესი სამედიცინო პაპირუსების არსებობაზე მოწმობენ ძველი ისტორიკოსებიც. მაგ. მანეფონი გვამცნობს, რომ I დინასტიის მეორე მეფე ატოტისი დახელოვნებული ექიმი ყოფილა და შეუდგენია სამედიცინო ტექსტი ადამიანის აღნაგობის შესახებ.

კახუნის პაპირუსის (დაახლოებით 1800 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ერთ-ერთი განყოფილება ეძღვნება ნაადრევ და დაგვიანებულ მშობიარობას, ხოლო მეორე – ცხოველების მკურნალობას. ბრუგშის პაპირუსი (დაახლოებით 1450-1350 წლები ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსთაგან ყველაზე ძველი დოკუმენტია ბავშვთა დაავადებების მკურნალობის შესახებ. ბერლინის პაპირუსი (დაახლოებით 1300 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ეძღვნება სისხლძარღვების დაავადებებს. ყველაზე სრულ ინფორმაციას ძველი ეგვიპტის მედიცინის შესახებ გვაძლევს ორი პაპირუსი: ებერსის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახლოებით 1550 წელი) დიდი სამედიცინო პაპირუსი და ტრაქტატი ქირურგიის შესახებ – სმიტის პაპირუსი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, უფრო ადრე, ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულში უნდა იყოს შედგენილი ლეგენდარული ექიმის იმხოტეპის მიერ. ებერსის პაპირუსი შედგება 108 ფურცლისაგან, საერთო სიგრძით – 20,5მ. ის მოიცავს 900-მდე წამლის აღწერილობას. აქ თავმოყრილია საჭმლისმომნელებელი, სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, დამწვრობის, სისხლდენის, თვალის დაავადების, კანის, პარაზიტული და სხვა დაავადებების მკურნალობისათვის გამიზნული წამლების დამზადების წესები და სავსებით ამართლებს თავის დასახელებას: “სხეულის ყველა ნაწილისათვის წამლების დამზადების წიგნი.” სმიტის პაპირუსი ქირურგიის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ტექსტებიდან ყველაზე ძველია, რომელიც წარმოადგენს 4,68 მ სიგრძისა და 33 სმ-ის სიგანის პაპირუსის ლენტს და შედგება 17 სვეტისაგან. აქ აღწერილია ქალას ძვლების, ტვინის, კისრის მალების, წინამხრის, გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლის დაზიანებებისა და მათი მკურნალობის 48 შემთხვევა.

ეგვიპტური მუმიების შესწავლაც იძლევა კონკრეტულ ცნობებს ძველი ეგვიპტელების დაავადებათა შესახებ. მაგ., სახსრებისა და ძვლების დაავადებები (ოსტეოსარკომა, პოლიომიელიტი, ნიკრისის ქარი და სხვ.), ყბებისა და კბილების, სისხლძარღვთა (ათეროსკლეროზი), პარაზიტული, ინფექციური (ყვავილი, მალარია, ჭირი) და სხვა დაავადებები. ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, მალარია, შავი ჭირი ძველი ეგვიპტელებისთვისაც იყო ცნობილი. ამას მოწმობენ ისტორიკოსთა ნაწერები, ყვავილის ჩირქგროვები რამზეს II სახის კანზე, მუმიების კანზე აღმოჩენილი შავი ჭირის ჩხირები და სხვა მტკიცებულებები.

სამედიცინო ცოდნის განვითარებას ძველ ეგვიპტეში მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მუმიფიცირების ტრადიციამ. ძველ ეგვიპტელებს ღრმად სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების, ცდილობდნენ დაეცვათ მიცვალებულის სხეული გახრწნისაგან და მუმიფიცირებასაც ამ მიზნით მისდევდნენ. ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს ტარიხევტებს უწოდებდნენ. ჰეროდოტემ, რომელიც მოგზაურობდა ეგვიპტეში, მოგვცა მუმიფიცირების მეთოდების აღწერა. მისივე გადმოცემით ეგვიპტელები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჰიგიენის წესების დაცვას. აი, რას წერს ჰეროდოტე ამის შესახებ: ეგვიპტელები “წყალს სვამენ მხოლოდ სპილენძის ჭურჭლიდან, რომელსაც ყოველდღე ხეხავენ, ატარებენ ტილოს ტანსაცმელს და დღენიადაგ ზრუნავენ მის სისუფთავეზე, რასაც ისინი დიდი გულმოდგინებით აკეთებენ. წინდაცვეთასაც სისუფთავის მიზნით იტარებენ. ურჩევნიათ იყვნენ სუფთები, ვიდრე ლამაზები. ქურუმები ყოველდღე იპარსავენ მთელს სხეულს ღვთისმსახურების დროს ტილებისა და სხვა პარაზიტებისაგან თავის დასაცავად. აცვიათ პაპირუსის ფეხსაცმელები.”

გაგრძელება იხილეთ შემდეგში.

წყარო: medportal.ge

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button