არქივი

ნიკო გომელაურის ახალი წიგნი “რჩეული”

3a9f3221b50f

11 მარტს, გამომცემლობამ ‘’წიგნები ვაკეში’’ ახალი სერიის პრეზენტაცია მოაწყო.

სერიის “გზაში” პირველი გამოცემა ნიკო გომელაურის ლექსების კრებული ‘’რჩეულია’’, რომელიც პოეტის სამი კრებულიდან ამოკრებილ ას ოცდაათ ლექსს მოიცავს.

კრებულში ასევე შედის ყოფილი მეუღლისთვის, მსახიობ ეკა ნიჟარაძისთვის მიძღვნილი აკროლექსებიც.

. . .

გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

. . .

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

. . .
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

. . .
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში..

. . .

დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…

. . .

წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…

. . .

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…

. . .

მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…

მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.

. . .

ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…

. . .

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…

. . .

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

. . .

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!

. . .
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…

. . .

პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…

. . .

ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…

. . .

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

. . .

რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!

ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…

. . .

აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…

. . .

მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…

. . .

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…

. . .

ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..

. . .

ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…

. . .

არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

. . .

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button