არქივი

ი ნ ს ო მ ნ ი ა

Insomnia

ი ნ ს ო მ ნ ი ა არის დისსომნიის წარმომადგენელი. იგი არ არის დაავადება. იგი არის სიმპტომი. მისთვის დამახასიათებელია როგორც არასაკმარისი ძილი, ასევე მისი ხარისხობრივი დარღვევა (ჩაძინების გაძნელება, ზერელე ძილი და სხვა). 

არსებობს ინსომნიის რამოდენიმე სახე:

1. ჩაძინების დაგვიანება – ამ დროს ადამიანი იძინეს სასურველ დროზე 2-3 საათით დაგვიანებით, რაც შესაბამისად იწვევს დილით სასურველ დროზე გაღვიძების გაძნელებას.

2. იდიოპატიური ინსომნია – ამ დარღვევას იწვევს ძილ-ღვიძილის ნერვული კონტროლის მოშლა, რის გამოც ადამიანი ვერ ინარჩუნებს ადეკვატურ ძილს. ამ სახის ინსომნია ძირითადად ადრეულ ბავშვობაში იწყება და უმეტესად მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.

3. ბავშვთა ინსომნია – ეს სიმპტომი ძირითადად გამოწვეულია არაადეკვატურ დროს დაძინების დაძალებით, რაც იწვევს ბავშვთა პროტესტს და არ იძინებენ მისთვის სასურველ დროსაც კი. არსებობს მეორე სახის ბავშვთა ინსომნია რომელსაც იწვევს იმ საგნის თუ ვითარების არ ქონა რომელთანაც ასოცირდება ჩაძინება.

4. ალერგიული ინსომნია – გამოწვეულია ალერგიული პასუხით რაიმე კვებით ალერგენზე.

5. გარემო პირობებთან დაკავშირებული ინსომნია – იწვევს რაიმე შემაწუხებელი გარემო ფაქტორი.

6. ხანმოკლე ინსომნია – დაკავშირებულია მძაფრ სტრესსთან, კონფლიქტთან ან გარემოს შეცვლასთან, რაც იწვევს ემოციურ დაძაბულობას.

7. პერიოდული ინსომნია – გამოწვეულია ხანმოკლე ინსომნიებით.

8. სიმაღლეებთან დაკავშირებული ინსომნია – ჩნდება მაღალ ადგილებზე ასვლისას, რასაც თან სდევს თავის ტკივილები, უმადობა და ზედმეტი გდაღლილობა.

9. ჰიპნოზურ მედიკამენტებზე ან სტიმულატორებზე დამოკიდებული ინსომნია – ხასიათდება უძილობით ან ზედმეტი ძილიანობით, რასაც იწვევს საძილე მედიკამენტებზე ერთგვარი დამოკიდებულება.

10. ალკოჰოლზე დამოკიდებული ინსომნია – ეს დარღვევა გამოწვეულია ალკოჰოლის ხშირი მიღებით.

11. ინტოქსიკაციით გამოწვეული ინსომნია – იწვევს სხვადასხვა მძიმე მეტალითა და ორგანული ტოქსინებით მოწამვლა.

უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის გაფუჭება, მოტივაციის მოშლა, ყურადღების გაფანტვა, პრობლემები კონცენტრირებასთან და ძლიერი დაღლილობა.

ინსომნიის ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური დახმარებისა და ფიზიკური დახმარების პროგრამები ადამიანს ეხმარება სტრესის მოხსნაში, აძლევს ნორმალური ძილის საშუალებას. ადამიანში ღამის საათებში გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც ადამიანში 24 საათიანი ციკლის რეგულირებას ახდენს. ასაკოვან პაციენტებში ამ ჰორმონის გამოყოფა დაქვეითებულია და სასურველია მისი ხელოვნურად შეყვანა.

Back to top button