არქივი

მარო მაყაშვილი

877067fcfb90

კოტე მაყაშვილსა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასულს, თამარს, 5 შვილი ჰყავდათ. მარო მაყაშვილი მათი პირმშო იყო.

1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ყველაზე გულმხურვალე, რჩეული ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, რათა საკუთარი მკერდით შეეკავებინა სამშობლოსაკენ მიმართული მტრის ტყვია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მაყაშვილების ოჯახი ყოფილა: ჯერ უფროსი ვაჟი, შალვა გაემართა ბრძოლის ველზე. სულ მალე კი, მშობლების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაროც მის გზას დაადგა. ის ამ დროს უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

510528c34ca2

17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში, სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა მარო მაყაშვილის ლამაზი სიცოცხლე. ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავებულა თურმე.

1921 წლის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკრები. მარო მაყაშვილის ცხედარი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას დაუკრძალავთ. (ცნობილია, რომ ამ ტაძრის საძირკველზე შემდეგ მთავრობის სასახლე აშენდა.) მთელი თბილისი და საქართველო გლოვობდა არა მარტო უდროოდ დაღუპული შვილების, არამედ იმ საფრთხის გამოც, რომელიც ქვეყანას კარს მოსდგომოდა.

მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს ”დაისის” მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მისი სათნოება, ღვთისმოსაობა, კეთილშობილება ქართველ შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გამხდარა. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, ”ქართველ ჟანა დარკსაც” ეძახდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელას გმირების ხსენებაც კი საშიში არ გახდებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button