არქივი

მაინც რა არის იოგა?…

062c5ba56fa2

იოგა სანსკრიტული სიტყვაა. მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და კავშირს, ერთობას, გაერთიანებას გულისხმობს.

იოგას შესახებ წერია უძველეს ინდურ ფილოსოფიურ ნაშრომებში „უპანიშადებში“(ძვ. წ.აღ700-300წწ), რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა ბატონმა ლერი ალიმონაკმა და ქართველი მკითხველი მას 1995 წელს გაეცნო. უპანიშადებში აღწერილია იოგა, როგორც გზა, მეთოდი მედიტაციისა და ჭეშმარიტების შეცნობისა. უფრო მოგვიანებით კი, იოგას მოვლენა ფართოდ აღიწერა ბჰაგავად-გიტაში.

ამ უძველეს მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფიურ ნაწარმოებში იოგას, თვით ინდუიზმის ღმერთების პანთეონის უზენაესი ღვთაება კრიშნა განუმარტავს თავის მეგობარ არჯუნას.

ქართულ ენაზე ბჰაგავად გიტას რამდენიმე თარგმანი არსებობს. მათ შორის უახლესია ბატონ ლევან რამიშვილის თარგმანი.

ძვ. წ. აღ.-ის II საუკუნეში დაიწერა იოგას პირველი სახელმძღვანელო „იოგასუტრა“,რომელიც 194 აფორიზმისაგან შედგება და მასში პატანჯალი _ „იოგასუტრას“ ავტორი იოგას რვა ნაწილად ჰყოფს. ესენია:

იამა – თვითკონტროლი.
ნიამა – თვითრეგულაცია.
ასანა – სხეულის პოზები.
პრანაიამა – სუნთქვითი ვარჯიშებია, რომლის მეშვეობითაც გონების კონტროლს სწავლობ.
პრატიაჰარა – გრძნობათა კონტროლი.
დჰარანა – კონცენტრაცია.
დჰიანა – მედიტაცია.
სამადჰი – ზეცნობიერების მდგომარეობა.

„იოგა სუტრა“ ქართულ ენაზე თარგმნა ინდოლოგმა ნიკოლოზ კენჭოშვილმა. ამ თარგმანს თავისი განმარტებებიც ახლავს.

„იოგა სუტრა“ საკმაოდ რთული ტექსტია, რაზედაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი თარგმანების სხვადასხა ვერსიები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მე-15 საუკუნით თარიღდება ტექსტი „ჰათჰა იოგა პრადიპიკა“, რომელიც ერთერთი უპირველესი წიგნთაგანია ჰათჰა იოგას პრაქტიკაში, გჰერანდა და შივა სამჰიტებთან ერთად (ეს უკანასკნელნი უფრო გვიანდელია).

სწორედ ეს იოგა არის უახლოესი წინაპარი თანამედროვეობაში გავრცელებული იოგასი, რომელიც მიიჩნევა, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის, სხეულის გაკაჟებისა და ორგანიზმის გაახალგაზრადავების საუკეთესო საშუალებად.

თანამედროვე ჰათჰა იოგა ძალიან განსხვავდება იმ სახეობებისაგან, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული და ორიენტირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და მას მილიონობით ადამიანი მისდევს არამხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის არამედ, როგორც სტრესისაგან განთავისუფლების საშუალებას.

იოგა მართლაც რომ სასწაულთმოქმედია. ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას საკმაოდ ეფექტურად ემსახურება.

წყარო www.lady.ge

მსგავსი ამბები

Back to top button