კულტურაუცნაური

“ბიოლოგიური საათი”?!

f82da1198a46

წარმოგიდგენიათ, რომ თითოეული ჩვენგანი 100 ტრილიონი უჯრედის ერთობლიობაა და თითოეულმა ჩვენმა უჯრედმა იცის… იცის თავისი ბიოლოგიური ასაკი. თითოეული სხეულის უჯრედში არსებულ თითოეულ ქრომოსომას ორი ბოლო აქვს, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც “ბიოლოგიური საათები”. ეს ბოლოები, ე.წ. ტელომერები, განსაზღვრავენ როდის დაბერდებიან ჩვენი უჯრედები, შეწყვეტენ დაყოფას და პროგრამირებული სიკვდილით ანუ აპოპტოზით დაასრულებენ თავიანთ სასიცოცხლო ციკლს.

b6841c35c0d9

აღმოჩნდა, რომ სომატური(სხეულის) უჯრედის თითოეული გაყოფის შედეგად ტელომერები მოკლდება და საბოლოოდ ქრება. ამის შემდეგ უჯრედიც გაყოფის უნარს კარგავს. ჰმ… კი, მაგრამ მაინც რაში გვჭირდება ტელომერები? აღმოჩნდა, რომ ტელომერები, აგრეთვე, ქრომოსომთა შერწყმას უშლის ხელს და უჯრედის ბირთვის გარსთან მათ მიმაგრებას უზრუნველყოფს.

02bac0da8b64

მაგრამ წარმოიდგინეთ, ბუნებაში არ არსებობს არაფერი გამონაკლისის გარეშე. ზოგიერთ უჯრედს დღეგრძელობა “დაებედა”. სიმსივნური, ემბრიონული ღეროვანი და სასქესო უჯრედები მუდმივად იყოფიან და მათი  პროლიფერაციის(გამრავლების) მუდმივი უნარი ფერმენტ ტელომერაზას(რევერს-ტრანსკრიპტაზას) მიეწერება. ტელომერაზა ის ფერმენტია, რომელიც მხოლოდ ამ უჯრედებშია აქტიური. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ყველა ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან(ზიგოტისგან) განვვითარდით, რომელმაც მიტოზური დაყოფის შედეგად დასაბამი მისცა ჩვენს ძვირფას 100 ტრილიონით წარმოდგენილ მაკროორგანიზმს. თითოეული ეს უჯრედი იდენტურია თავისი გენეტიკური ინფორმაციით. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, როგორც ნესა ქერი აღნიშნავს “ეპიგენეტიკურ რევოლუციაში”, დნმ ყალიბი კი არ არის, უფრო სცენარია, რომელსაც ყველა უჯრედი სხვადასხვაგვარად კითხულობს. ასე რომ, ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედში “გაჩუმებულია” ტელომერაზის გენი გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

0d647ded6a40

მერე, არ შეიძლება ეს “ბიოლოგიური საათი” უკან შევატრიალოთ?! როგორ არ შეიძლება და თქვენამდეც ბევრს უფიქრია ამაზე. ტელომერაზის აქტივაცია შესანიშნავი იქნებოდა ყველა ჩვენგანის გაახალგაზრდავებისათვის. წარმოიდგინეთ, რომ სტეფანი მეიერის “ბინდის” რომელიმე პერსონაჟად ყოფნას აღარც იოცნებებთ, რადგან სიკვდილი უძლეველი იქნება თქვენ წინაშე… არც ისე მარტივად არის საქმე. დიახ, შეიძლება ტელომერაზა გავააქტიუროთ იმდენად, რომ ამან უჯრედების მალიგნიზაცია გამოიწვიოს ანუ მათ უკონტროლო პროლიფერაციის(გამრავლების) შედეგად მივიღებთ სიმსივნეს. სიბერით სიკვდილსა და სიმსივნის გამო ნაადრევ  სიკვდილს შორის კი არჩევანის გაკეთება ნამდვილად არავის გაუჭირდება…

f82da1198a46

თქვენ წარმოიდგინეთ და ტელომერაზის ინჰიბირებაზეც(დათრგუნვა) უფიქრია ბევრს. ამ ფერმენტის ინჰიბირება ვის რაღაში დასჭირდა? არ დაგავიწყდეთ, რომ თუ სიმსივნურ უჯრედებს “შევახსენებთ თავიანთ ბიოლოგიურ ასაკს” ტელომერაზის ინჰიბირების გზით, მათი ქრომოსომთა ბოლოები(ტელომერები) დაიწყებენ დამოკლებას და საბოლოოდ უჯრედები აპოპტოზურად განადგურდებიან. მაგრამ თურმე ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი ტელომერაზას სრულიადაც არ ექსპრესირებს( არ ხდება ტელომერაზის სინთეზი ტრანსკრიპცია-ტრანსლაციის გზით მისი მაკოდირებელი გენიდან) და იყენებს ტელომერების დაგრძელების ალტერნატიულ მექანიზმს(ALT-Alternative Lengthening of Telomeres). შესაბამისად, ანტიტელომერაზული პრეპარატები ყველა შემთხვევაში არ არის ეფექტური.

67189598dff7
ამრიგად, ტელომერაზა ის “იარაღია”, რომლის თითოეული ქრომოსომის ტელომერზე ანუ “ბიოლოგიურ საათზე” დამიზნებით/ინჰიბირებით შეიძლება ვებრძოლოთ სიკვდილსა და კიბოს. ეს საკითხი შეიძლება ფანტასტიკურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ იქნებ მომავალში რომელიმე მეცნიერმა ან უბრალო ადამიანმა გადატრიალება მოახდინოს სამედიცინო გენეტიკასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც. ყველა გენიალურ აღმოჩენას ხომ მარტივი მექანიზმი უდევს საფუძვლად. ასე რომ, ელოდეთ დაბერებისა ან/და კიბოს წამალს… უახლოეს მომავალში!

Back to top button