არქივი

მიხეილ ხერგიანი (კლდის ვეფხვი)

79069b90852e
მიხეილ ხერგიანი

სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ალპინიზმსა და კლდეზე ცოცვაში, მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი დაიბადა დაბა მესტიაში 1932 წლის 25 მარტს. მამამისი, ბესარიონ ხერგიანი, საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი პირველი და ცნობილი მთამსვლელი იყო, რომელმაც 1937 წელს, თავის ძმასა და ბიძაშვილთან ერთად მწვერვალი უშბა დალაშქრა. მიხეილიც ამ გარემოცვაში იზრდებოდა. ბავშვობიდან ესმოდა საუბრები მთამსვლელთა ცხოვრების შესახებ, თავადაც სულ კლდეებზე დაცოცავდა. ზამთარში თხილამურებზე სრიალებდა და ქართული ჭიდაობაც კარგად ეხერხებოდა. მესტიის საშუალო სკოლის 9 კლასი დაამთავრა თუ არა, გულმა მწვრვალების დასაპყრობად გაუწია. 14 წლის ასაკში მიიღო პირველი ჯილდო, სამკერდე ნიშანი „საბჭოთა კავშირის პირველი კატეგორიის ალპინისტი“. შემდეგ მთამსვლელ ინსტრუქტორთა სკოლაში განაგრძო სწავლა და ამან მისი არჩევანიც განსაზღვრა – ხერგიანმა თავისი ცხოვრება განუყრელად დაუკავშირა მთამსვლელობასა და კლდეზე ცოცვას.
1952 წლიდან მუშაობდა ინსტრუქტორად ალპინისტთა ბანაკ „მეტალურგში“, შემდეგ ხელმძღვანელობდა მაშველთა ჯგუფ „სპარტაკს“. 1955 წელს პამირში, აკადემიის ქედზე, ქართველმა მთამსვლელებმა დაიპყრეს რევოლუციის (მოლოტოვის „პრავდის“) პიკი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, 23 აგვისტოს, ჯგუფი ი.კახიანის ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიოდნენ: მ.ხერგიანი, ლ.ახვლედიანი და ჯ. მეძმარიაშვილი, გაემართა სსრ კავშირის უმაღლესი მწვერვალის კომუნიზმის (სტალინის) პიკის დასაპყრობად. პიკის სიმაღლე 7495 მეტრია და მთამსვლელებმა ახალი გზით, სამხრეთიდან მოახერხეს მწვერვალის დაპყრობა. დღეს ეს გზა მთამსვლელთა ტერმინოლოგიაში ,,ქართველთა გზის’’ სახელითაა ცნობილი და ერთ–ერთ რთულ გზად ითვლება. ამ საოცარი ასვლის გამო პირველი ოქროს მედალი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული ჯგუფთან ერთად მიხეილ ხერგიანმაც მიიღო. საბჭოთა კავშირში მიხეილ ხერგიანს ბადალი არ ჰყავდა. 1955, 1956, 1964 წლებში იგი სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი ალპინიზმში. ხერგიანის კლდეზე ცოცვის მოქნილი, სხარტი ტექნიკა პოპულარული იყო როგორც საზღვარგარეთ, ისე საბჭოთა კავშირში. მასზე ამბობდნენ: „კლდეზე კი არ ადის, ცეკვავსო“. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებითაც: ერთგული, კეთილშობილი და მეგობრების მოყვარე ცნობილი იყო, როგორც სვანეთში, ისე რუსეთსა და ევროპაში. თავად ხერგიანი ამბობდა: „ მე სამი სახელი მაქვს: ნათლობისას ჩხუმლიანი მიწოდეს, ოჯახში ნათესავები და ახლობლები მინანს მიწოდებენ, რუსებმა კი მთამსვლელ– ინსტრუქტორთა სკოლაში მიშა დამარქვეს. ახლა პასპორტშიც მიხეილი მიწერიაო.“ ალპინისტურ სამყაროში ცნობილი მთამსვლელები: ჯორჯ ჰანტი, ჟან ფრანკო, არმანდო და რაიტი მას „კლდის ვეფხვის“ სახელით მოიხსენიებდნენ და ეს წოდება სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ხერგიანს 1960 წელს ოფიციალურად მიენიჭა. „ფანტასტიკურია! მისი ცოცვის ტექნიკა უზადოა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მისი ხელებისა და ფეხების ქვეშ კლდეები ცოცხლდება“ – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ევროპელები ხერგიანის მიერ უელსში, სნოუდონის კლდეებზე ურთულესი მარშრუტის გავლისას, საფრანგეთში გრანკაპუცინის თუ პტი–დრიუს სარეკორდო ასვლების შემდეგ. 1965 წელს ხერგიანმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელის ტიტული დაიმკვიდრა. ამავე წელს, კლდეზე ცოცვაში საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონატზე, თბილისის კლდეზე მცოცავთა გუნდი, მიხეილ ხერგიანის მონაწილეობით, საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.
ხერგიანისა და მისი გულშემატკივრებისათვის მოულოდნელი და უსიამოვნო აღმოჩნდა ვერცხლის მედალი 1968 წელს იალტაში გამართულ ჩემპიონატზე. ამ შედეგმა ხერგიანზე ისე იმოქმედა, რომ დაჯილდობაზე არც კი მივიდა. რა თქმა უნდა, წარუმატებლობას თავისი მიზეზიც ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი. კერძოდ, ხერგიანს მონაწილეობა უნდა მიეღო იტალიაში გამართულ შეჯიბრში, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის მოვლენების გამო (იგულისხმება პრაღის რევოლუცია), ერთი თვე ვიზის მოლოდინში მოსკოვში აყურყუტეს, საბოლოოდ კი ვიზა მაინც არ მისცეს. იმედგაცრუებული და ერთი თვის მანძილზე ვარჯიშს მოწყვეტილი ხერგიანი აღარ აპირებდა იალტის ჩემპიონატზე წასვლას, მაგრამ თანაგუნდელების ხათრით ასვლა მაინც განახორციელა.
1969 წელს, იტალიაში გამგზავრების წინ, ხერგიანი კვლავ იალტაში ჩავიდა. მეგობრებმა შენიშნეს, რომ იგი საკმაოდ უფერული და დაღლილი ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ხერგიანი მთელი ზამთარი ავადმყოფობდა, თუმცა ვერავინ გაბედა მისთვის იმის თქმა, რომ იტალიაში გამგზავრება გადაეფიქრებინა. იგი, როგორც ნამდვილი კლდის ვეფხვი, ისე იწევდა იტალიის მთებისკენ, რომ შინ ტრიუმფით დაბრუნებულიყო.
1969 წლის ივლისში ხერგიანი მოსკოვიდან იტალიაში გაემგზავრა და ვიაჩესლავ ონიშჩენკოსთან ერთად რეკორდულ დროში, სამ საათში ტორევენეციის 300 მეტრიან კლდეზე აცოცდა. ექვს საათში დაძლია 700 მეტრი სიმაღლის ბანკოტის კედელი, მაგრამ მესამე ასვლა, დოლომიტებში ჩივეტას მასივის მწვერვალ სუ-ალტოზე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: 800 მეტრი სიმაღლის კლდიდან დაიწყო ქვის ცვენა. ერთ–ერთმა ქვამ ალპინისტის თოკი გაწყვიტა, მეორე, დამცავი თოკი კი, ხერგიანს არ ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ იმ სეზონზე, დროის დაზოგვის მიზნით, ხერგიანი ერთი თოკით ახდენდა ასვლას…

1969 წლის 8 აგვისტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბის „ვერტიკალის“ წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს „მიხეილ ხერგიანის“ სახელი უწოდეს. 1971 წლიდან თამაშდება მისი სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში. მესტიაში გახსნილია ხერგიანის მემორიალური მუზეუმი, რომლის შექმნაში ოჯახთან ერთად მონაწილეობდა ყველა მისი მეგობარი ალპინისტი. მას სიმღერა უძღვნა ვლადიმერ ვისოცკიმ, ხოლო პოეტმა ევგენი ევტუშენკომ დაწერა ლექსი: „ხერგიანის თოკი“. 1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას ნომრით 3234 ხერგიანის სახელი მიენიჭა.

03bd45621f7e

1985 წლიდან მიხეილ ხერგიანის მემორიალი აჭარაში სარფთან ახლოს, კვარიათის კედლებზე ტარდება.

3b07007ad881

—————————————————————————————————————————————————————————
მახსოვს, როდესაც იური ბურლაკოვის “მთის რაინდსს“ ვკითხულობდი, სასტიკად განვიცდიდი იმ გვერდზე აღწერილ ამბავს, სადაც მიშას სუალტოს, მისთვის ტრაგიკული და თანაც ბოლო მწვერვალის გავლა უწევდა. თითქოს თვალწინ მედგა კადრი, როცა მიშა ბუხარს ღიღინით ეფარება და შემდეგ შემაძრწუნებელი ქვათაცვენის ხმა მესმის…

ხშირად მიფიქრია, როგორი სავლელი იქნებოდა ეს მწვერვალი. მწვერვალი, რომელმაც მსოფლიოს დასწყვიტა გული. თავადაც ვხვდებოდი და ჩემზე უფროსი თაობის ქართველი მთასვლელებისგან გამიგია, რომ არ იქნებოდა ურიგო თუკი სუალტო “ვალს“ დაგვიბრუნებდა. დაგვიბრუნებდა ჩვენ – მთასვლელებს, საქართველოს, სვანეთს და, რაღა თქმა უნდა, თავად მიშას.

a5d64a0b1bbc

მწვერვალი კი, ვალს მაშინ აბრუნებს, როცა ნებას გაძლევს მიაღწიო მის თავსახურს. მოკლედ დიდი ფიქრისა და მრავალი საკითხის აწონ-დაწონის შემდეგ, როგორც იქნა, გავბედე და ჯერ თავს, ხოლო შემდეგ ჩემს მეგობრებს აფი გიგანსა და გელა ოთარაშვილსაც გამოვუტყდი, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუკი სუალტოს გზას დავადგებოდით. ალბათ, ამ წინადადებას ბიჭებიც ელოდნენ და მალე, ჩვენი სამეული იტალიისკენ გაეშურა.

2001 წლის 1 ივლისს ჩვენ ბერგამოში ჩავედით, საიდანაც ცნობილი იტალიური დოლომიტებისკენ გადავინაცვლეთ. სუალტოს მწვერვალი ჩივეტას ულამაზეს მასივში მდებარეობს. “ტისის“ თავშესაფრამდე, რომელიც 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ჩვენ ფეხით მივუყვებით აღმართს და მომავალ მარშრუტზე ვფიქრობთ.

თავად ჩივეტას მასივი თვალისმომჭრელად ლამაზია. აქ, ძირითადად, 3000-იანი მწვერვალებია, რომელთა რიცხვი 25-ს აღწევს. თითქმის ყველა მწვერვალს ყველა კატეგორიის მარშრუტი უდგება. სუალტო კი ამ მასივის ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალია. ეს მწვერვალი ქართული ალპინიზმისთვის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამაში, იტალიაში ჩასულები კიდევ უფრო დავრწმუნდით. საოცარია, მაგრამ სწორედ ამ მშვენიერმა მწვერვალმა იმსხვერპლა მიშა ხერგიანი, კაცი და მთასვლელი, რომელსაც საქართველო დღემდე დასტირის.

სუალტოს დანახვისას კვლავ ბურლაკოვის წიგნში ამოკითხული მახსენდება. აი, ის ადგილი, სადაც იტალიური გაზეთი “უნიტა“ დოლომიტებში დატრიალებულ ტრაგედიას ქვეყნიერებას ამცნობს. “საბჭოთა ალპინისტი, ვისი ვინაობაც ჯერჯერობით არ არის დადგენილი, დღეს, დაახლოებით 13 საათზე დაიღუპა ჩივეტას მასივზე ასვლის დროს. ის გადაიჩეხა სუალტოს მწვერვალზე ალეგას მხრიდან ასვლისას. მხედველობაში გვაქვს მეტისმეტად რთული კედელი თაროებისა და მოსაჭიდების გარეშე…“ – წერდა იტალიური გაზეთი.

ნეტა ჩვენ როგორ გავივლით ამ მწვერვალს? მიშა რას გვირჩევდა, ახლა რომ ცოცხალი იყოს? უნდა ითქვას, რომ ტისის თავშესაფარში მიშაზე გამუდმებით ვფიქრობდით. აქ, დოლომიტებში კიდევ უფრო გამიმძაფრდა ის შეგრძნება ასე გვარიანად წლების განმავლობაში რომ მოსვენებას არ მაძლევს – ნეტა, საკუთარი თვალით მენახა, როგორ გადიოდა ხერგიანი – ონიშენკოს წყვილი ამ მარშრუტს. დოლომიტებში ხერგიანის ასვლებს ხომ ბევრი მაყურებელი ჰყავდა…მიხეილ ხერგიანის გაუვლელ მარშრუტის შესახებ, ჩვენ ცნობებს რამდენიმე დღე ვაგროვებდით. გვინდა გულდასმით შევისწავლოთ ლივანოს-გაბრიელის მარშრუტი, რადგან ჩვენ, მიშას შთამომავლებს ამ გზიდან გადახვევის უფლება არ გვაქვს. მორჩა!

ეს მარშრუტი პირველად ლივანოსისა და გაბრიელის წყვილმა გაიარა და 800-მეტრიან საცოს კედელს შეადგენს. თურმე ნუ იტყვი და, ამ მარშრუტის გავლას ბევრი ალპინისტი დღესაც არიდებს თავს. რადგან რთულია, მარშრუტი დურბინდებითაც დავათვალიერეთ და როცა მივხვდი, რომ მარშრუტზე გასვლას აღარაფერი აფერხებს გზას დავადექით. ტისიდან მარშრუტის დასაწყისამდე თითქმის საათის სავალია. ალბათ, მიშაც ასე იწყებდა ამ გზას.

შემდეგ თოვლიან ფერდს თოკში ჩაბმულები გავდივართ და ნაშალზე გადავდივართ. ნაშალის დამთავრების შემდეგ ალპინისტურ აღჭურვილობასაც ვირგებთ და უშუალოდ მარშრუტის დასაწყისამდე ბერგშრუდსაც ვლახავთ.ლივანოს-გაბრიელის მარშრუტის ძირში კვლავ მიშაზე ფიქრები გვეძალება. შესაძლოა, თავს არავინ ვუტყდებით, მაგრამ ყველა ვნერვიულობთ. ნელ-ნელა კლდოვან ბუხარს გავდივართ. ეს საშუალო სირთულის კლდოვანი მონაკვეთია, რომლის ავლასაც დაახლოებით ორი საათი ვუნდებით. ვმოძრაობთ ერთდროულად, თოკში ჩაბმულები. შესაძლოა, ვმოძრაობთ იმაზე ნელი ტემპით, ვიდრე ამას 31 წლის წინათ ხერგიანი და ონიშჩენკო აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ არ გაგვემტყუნება – ვცდილობთ, თითოეულ პალოში მიშას პალო ამოვიცნოთ და თანაც, ყოველივე ვიდეოფირზე აღვბეჭდოთ.რაც უფრო ზევით მივიწევთ, მით უფრო რთულდება მოძრაობა. შუა კედელზე ტრავერსის გაკეთება გვიწევს და პირდაპირ 500-მეტრიანი ვერტიკალური კლდის დასაწყისში გავდივართ…

შესაძლოა ვინმეს დამღლელადაც კი ეჩვენოს ლივანოს-გაბრიელის მარშრუტზე ჩვენი მოძრაობის ასე დეტალური აღწერა, მაგრამ ამ მარშრუტზე ასევე უხდებოდა მოძრაობა “კლდის ვეფხვსაც“.სუალტოს ამ მონაკვეთზე არის ყველაფერი, რასაც ისურვებ – ბზარები, კარნიზები, ბუხრები. ყველა მოძრაობა სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვს. გზადაგზა ვხვდებით უამრავ დაჟანგულ, რკინისა და ხის შუალედურ პალოებს და ძალაუნებურად წარსულზე გიწევს ფიქრი. მართლაც და, ნეტავი როგორ ცოცავდნენ ამ ადგილას ძველად? ვინ იცის, იქნებ სიძველით გაჟღენთილ ამ პალოებს შორის ერთი მაინც არის მიშასი?

ამასობაში ღამისათევის ადგილსაც მივუახლოვდით. მცირე მოცულობის ნიშაა, რომელიც გამოქვაბულის შთაბეჭდილებას ტოვებს. სიბნელეში ვარჩევთ ძველ, ჟანგიან რკინის ქილებს და ვცდილობთ წარწერების ამოკითხვას, იქნებ სადმე საბჭოეთის სიმბოლიკა მაინც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ამაოდ… დროს ყველა წარწერა წაშლილი აქვს.

გამოქვაბულიდან მალევე გამოვდივართ და კარნიზების მთელი კასკადის შეტევას ვიწყებთ. დაძაბულობაც ნელ-ნელა მატულობს. აქ ხომ არ მოწყდა მიშა? ვეკითხები საკუთარ თავს. თურმე ნუ იტყვით და, მთელი მარშრუტის განმავლობაში აფისა და გელასაც იგივე აზრები უტრიალებდათ თავში. ამაში ერთმანეთს ღამისსათევზე გამოვუტყდით.

f4c8568c455c

დილით სიცივემ გამოგვაღვიძა და საოცრება – ჩივეტას მასივი ხელისგულივით მოჩანს. მოძრაობას ვაგრძელებთ. აი, კიდევ ერთი ბუხარი და ჩვენ თავიდან ბოლომდე სველები და გაყინულები ვართ. გავყურებთ კარნიზებს და გვგონია, აი, დამთავრდა, მაგრამ ერთს მეორე მოჰყვება. მარშრუტი კი უფრო და უფრო რთულდება.

ალბათ, მიშა ამ ადგილას დაიღუპა, ნამდვილად ასე იქნება, ნაშალი იწყება და დრო და დრო ქვებიც ცვივა. ჩაფხუტი გვშველის! “ქვა“, “ქვა“ – ასეთი შეძახილები ხშირად გვესმის და ის საბედისწერო ქვაც თვალწინ მიდგას, მიშას რომ თოკი გადაუჭრა.ამასობაში მწვერვალიც გამოჩნდა. კიდევ 50 მეტრი და სუალტოს წვერსაც მივაღწევთ… აი მწვერვალიც! უცბად განელდა დაძაბულობაც და დაღლილობაც! ჩვენ მწვერვალზე ვართ! მიშას ვალი დავუბრუნეთ! თანაც იტალიურ მწვერვალზე ნამდვილი ქართული სუფრა – პური, ყველი, ჭაჭის არაყი გავშალეთ და დიდ წინაპარს, მიხეილ ხერგიანს ჩვენებურად ჭიქას წშავუქციეთ. ეს ჩვენი წესია…

მწვერვალიდან იმ ადგილას მივედით, სადაც გადატეხილი წერაყინი, ყველას დოლომიტებში ჩასულს ატყობინებს, რომ 1969 წელს ამ მხარემ ქართველი კაცი მიხეილ ხერგიანი იმსხვერპლა. ჩვენ ამ ადგილსაც ერთ შესანდობარს ვიძახით და სამშობლოში ვბრუნდებით. მესტიის მიშას მუზეუმისთვის სუალტოდან წამოღებული პალოები მოგვაქვს.უკვე თბლისში კი სუალტოზე გადაღებული ვიდეომასალით მიხეილ ხერგიანზე ახალ ფილმს ვამზადებთ. ვამზადებთ ის ხალხი, ვინც არ შევხვედრილვართ მიშა ხერგიანს, მაგრამ ვთვლი, რომ მას კარგად ვიცნობთ და ალბათ, ასევე კარგად ეცნობებათ მომავალ თაობებსაც.

ბენო ქაშაკაშვილი

p.s. არსებობს ასეთი ჭორიც რომ მიშას თოკი სპეციალურად გადაუჭრეს… ეხ, ვინ იცის?!

იხილეთ ასევე
Close
Back to top button