არქივი

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალი საქმროს ეძებს

219f09977e42
114 წლის ევდოკია ვიშიმირსკაია პლანეტის ყველაზე ხანდაზმული მცხოვრებია.
და ეს ქალი სიკვდილზე ჯერაც არ ფიქრობს, უფრო მეტიც,საქმროსაც კი ეძებს 
ის თითქმის ერთი წლით უფროსია გინესის წიგნის რეკორდსმენ, ნიდერლანდების მკვიდრ ხენდრიკა ვან ანდელ-შიპერზე. 1890 წელს დაბადებული ევდოკია სამ საუკუნესა და სამ (ერთ სამოქალაქოსა და ორ მსოფლიო) ომს, შვილებისა და შვილიშვილების სიკვდილსაც მოესწრო.

ამჟამად ევდოკია უკრაინაში, რაიონულ ცენტრ კამენკაში, ერთადერთ ცოცხალ შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს. ის დღემდე, მთელ რაიონში საუკეთესო მქარგველად მიიჩნევა. ბოლო დროს ცოტა ყურს დააკლდა, სხვა მხრივ კი ჯანმრთელობას ნამდვილად არ უჩივის. როგორც თავად ამბობს, ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ გაძლო, რომ ექიმებისთვის არასდროს მიუმართავს.

მას იუმორის გრძნობაც არ ღალატობს. “მართალია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბებერი ვარ? – ეკითხება თვალებმოჭუტული ევდოკია მასთან მისულ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს და ღიმილით დასძენს: – მე კი ისევ გათხოვებაზე მიჭირავს თვალი, მაგრამ ჯერ ვერავინ ვიპოვე. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენთან სასიძოები გამოილივნენ”.

პირველი სიყვარული ევდოკიას შორეულ 1910 წელს ეწვია, მაგრამ გულის სწორ იუხიმს მშობლებმა არ გააყოლეს – ღარიბიაო. ევდოკიამ ცხარე ცრემლებით დაიტირა სატრფოსთან განშორება და ისიც კი დაიქადა: საერთოდ აღარ გავთხოვდებიო! სიტყვა 39 წლის ასაკამდე არ გატეხა, მერე კი მათ სოფელში ბოშა ქალი ჩავიდა და ქვრივს გაჰყვებიო, – უმკითხავა. “ის მართლაც, მალე გამოჩნდა, – იხსენებს ევდოკია. – მარკი ერქვა. მამაჩემთან მოვიდა და სთხოვა: ეს გოგო გამაყოლეო. ვერც კი მიხვდა, რომ “გოგო” უკვე კაი ბებერი იყო… ან კი რას მიხვდებოდა, – ისევ ეშმაკურად ჭუტავს თვალებს ევდოკია. – როცა ორმოცი წლისა ოცისად, ასი წლისა კი სამოცდაათისად გამოვიყურებოდი?! ასე რომ, ხანდახან ჩემი ასაკი თავადაც მეშლებოდა”.

ერთადერთი, რაც ევდოკიას არასდროს შეშლია, ანგარიში და სასმელების გრადუსია. მართალია, ღვინოს თავად არ აყენებს, მაგრამ სიამოვნებით სვამს, სამაგიეროდ, ლუდს თავად ხარშავს და მას პირსაც არ აკარებს. “აი, გორილკა (უკრაინული არაყი. – ავტ.) კი სულ სხვა რამეა”, – სიამოვნებით ნაბავს თვალებს ევდოკია, რომელიც სასმელს ღვთაებრივი ბალზამივით აგემოვნებს და ზედ ციმბირულ პელმენებსაც აყოლებს.

როგორც ყველა ქალი, საკუთარ ასაკს ევდოკიაც ყოველთვის მალავდა. 114-ს რომ მიაღწია, 85-ის ვარო, – ირწმუნებოდა, მაგრამ შვილთაშვილმა კატერინამ “გასცა”. როცა მას სკოლაში ჰკითხეს, – შენი დიდი ბებო რამდენის გახდაო? პატიოსნად უპასუხა: – 114-ისო. შემდეგ ევდოკიას “ქაღალდებშიც” ჩაიხედეს და ყველა გაოგნდა. ის დღემდე, ყველას სიამაყით უჩვენებს გასული საუკუნის 50-იან წლებში აღებულ პასპორტს, უფრო სწორად კი პასპორტში ჩაკრულ პატარა ფოტოს, რომელზეც ახალგაზრდასა და საკმაოდ ლამაზს, თავზე მსხვილი ნაწნავი აქვს შემოხვეული. ახლა იმ ნაწნავისგან მხოლოდ ჭაღარა და მოკლე ვარცხნილობაღა შემორჩა, მაგრამ ქალი ამ საკითხსაც იუმორით უდგება: მე ყველაფერი მოდური მაქვს და თმამ რაღა დააშავაო?!

ევდოკიას გვარში მამაკაცები ვერ ხარობდნენ. “მარკი, ძმები და ვაჟიშვილები ლამის ერთმანეთს მიჰყვნენ,” – წუხს იგი. სიცოცხლით დიდხანს ვერც შვილებმა და შვილიშვილებმა გაიხარეს. ამიტომაც, მუდამ შავი დღისთვის მზად მყოფმა ევდოკიამ ერთხანს, ფულის შენახვა დაიწყო, მერე კი ისე გულმოდგინედ დამალა, რომ თავადაც ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ, ღუმლის უკან დამალული საგვარეულო “განძი” – ნიკოლოზის დროინდელი ხუთმანეთიანები მისმა შვილთაშვილმა, ახლახან იპოვა…

საერთოდ, კამენკაში განძის პოვნას მიჩვეულები არიან. ეს ხომ სკვითების მიწაა, სადაც ბოგდან ხმელნიცკის კაზაკთა ომები მიმდინარეობდა. ადგილობრივები ბოსტნებში ხშირად პოულობენ XVII საუკუნის დროინდელ მონეტებს, თავად ევდოკიამ კი მხოლოდ ერთადერთი განძი – XVII საუკუნის ხატი იპოვა. მას სწორედ ამ ხატის წინ დასწერეს ჯვარი და ომების უმძიმესი წლებიც მან გადაატანინა. “ერთხელ, როცა ჩვენს სახლს ბომბი დაეცა, შენობის მხოლოდ ის ნაწილი გადარჩა, სადაც ხატი ესვენა”, – იხსენებს ქალი და ძალიან წუხს, რომ მის “უღმერთო” შვილიშვილ მიხაილს ეს ჭირგამოვლილი ხატი “უბრალო, გაჭვარტლული ფიცარი” ჰგონია და უნდა, ის გროშებად გაყიდოს, თავად მიხაილი კი მარტო იმაზეღა “წუხს”, – მგონი, ბებიაჩემს “საზომი მოეშალა” და მარადიულ სოცოცხლეს აპირებსო…

ფრანგი ექიმის, ჟორჟ გარუაიანის გამოკვლევის თანახმად: “უხუცესთა უმეტესობას მომცრო ტანი და პატარა წონა აქვს. ისინი სერიოზულად არასდროს ავადმყოფობენ და გადამეტებული არაფერი უყვართ; უკლებლივ ყველა სხარტი გონებით, ცხოვრებაზე დადებითი შეხედულებითა და უკონფლიქტო ხასიათით გამოირჩევა. ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 100 წელს გადააბიჯა, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსუდან ლებანიძე

ჟურნალი ”გზა”

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button