ახალი ამბებისაქართველოუცნაური

გიული ჩხაიძემ “ელ-ემ” -ის მწარმოებელ ქართულ კომპანიას უჩივლა

undefined

სამი წელია საქართველოში ქვეყნის შიგნით წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქტების ვარგისიანობაზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. მომხმარებელმა არ იცის, რამდენად ჯანსაღი, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება მას, ვინ ზრუნავს მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარი მავნებელი და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან აბსოლუტურად დაუცველია, მომხმარებლის უფლებები კი, ამ კუთხით, უგულვებელყოფილია.ცოტა ხნის წინ საქართველოში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა.

მოქალაქე გიული ჩხაიძემ სარჩელი კომპანია ფილიპ მორისის დაქვემდებარებაში მყოფი ,,ელ-ემის” მწარმოებელი ქართული კომპანიის, „ოჯითი“-ის წინააღმდეგ შეიტანა. საჩივრის საფუძველს სიგარეტის კოლოფზე მოთავსებული გაფრთხილება წარმოადგენს. ჩხაიძე ინფორმირებული არ იყო იმის თაობაზე, რომ თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. მისი გამოყენების შემთხვევაში კი მომხმარებელი თამბაქოზე დამოკიდებული ხდება. ჩხაიძე, მომხმარებლის უფლებების დარღვევისათვის, კომპანიისაგან ფულად ჯარიმას 500 ათას ლარს ითხოვს…

გიული ჩხაიძე ათი წელია „ელ-ემის“ მომხმარებელია. მას სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე, ორივე ქვედა კიდურის ათეროსკლეროზული დაავადება და მარჯვენა ქვედა კიდურის არტერიული უკმარისობა დაუდგინდა. ოპერაციის შემდეგ, გიული ჩხაიძეს, ექიმის რეკომენდაციით, სიგარეტისათვის თავი უნდა დაენებებინა, რაც მისთვის მრავალგზის მცდელობის მიუხდავად, შეუძლებელი აღმოჩნდა. გიული ჩხაიძის განცხადებით, „ელ–ემის“ კოლოფზე ის მხოლოდ შემდეგი სახის გაფრთხილებას აწყდებოდა: „სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს გართულებებს იწვევს“. მას რომ სიგარეტის მიერ გამომწვევი დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონოდა, თამბაქოს მოხმარებას მოერიდებოდა. გიული ჩხაიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ამგვარი გაფრთხილება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

ზაზა ხატიაშვილი: „კომპანია „ოჯითი“ ვალდებული იყო მომხმარებლისათვის სიგარეტის მავნებლობაზე უფრო სრული ინფორმაცია მიეწოდებინა. ამ სარჩელის შეტანის დროს, ჩვენს მიერ ამოღებულ „ელ-ემის“ კოლოფებზე მხოლოდ ერთი სახის გაფრთხილებას ვაწყდებოდით, რომ მოწევა ორსულთა პათოლოგიებს იწვევს. საქართველოში ორსულთა რაოდენობა 0,7%-ია. დაუშვებელია, მომხმარებელთა მცირე ნაწილის ინტერესები გაითვალისწინო და საზოგადოების დიდ ნაწილს პროდუქტის მავნებლობაზე ინფორმაცია არ მიაწოდო, მაშინ როცა თამბაქოს მომხმარებელთა შორის ბევრი მოზარდია. საქართველოს მომხმარებელთა უფლებების კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, იმ მავნე ნივთიერებებზე, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, სრული ინფორმაცია გასცეს. „ელ-ემთან“ დაკავშირებით, კანონის იმპერატიული მოთხოვნა დარღვეულია. ჩვენს სარჩელს საფუძვლად საზოგადოებრივი ინტერესი უდევს. ამ პროცესით მომხმარებელმა უნდა გაიგოს, რა არის მისი უფლება და ასეთ შემთხვევებში საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლოს“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ფილიპ მორისის კომპანიის მიერ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გაფრთხილება თამბაქოს მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ: „სიგარეტის მოწევა თამბაქოზე დამოკიდებულებას იწვევს და მისთვის თავის დანებება რთულია;

სიგარეტის მოწევა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს; მწეველებს ფილტვების კიბო უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე არამწეველბს; მოწევა საშიშია და დამოკიდებულს ხდის“.

მოქალაქე გიული ჩხაიძე სასამართლოსაგან ექსპერტიზის ჩატარების შედეგად „ელ-ემის“ მარკის სიგარეტში მავნე ნივთიერებების შემცველობის დოზის გამოკვლევასაც ითხოვს. 26 ოქტომბერს მოსამზადებელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე თოფჩიშვილმა ეს მოთხოვნა თავიდან აიცილა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ ფილიპ მორისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გაფრთხილებას გავითვალისწინებთ, გიული ჩხაიძის დაავადებები ,,ელ-ემის” მოხმარებასთან პირდაპირ კავშირშია. როცა კომპანია თავის ვებგვერდზე თამბაქოს მავნებლობას საჯაროდ აღიარებს და მწარმოებელი ამ გაფრთხილებას უგულვებელყოფს, ეს კანონის დარღვევაა: „რადგან კომპანია კანონს ასე არღვევს“, – ამბობს ხატიაშვილი – „ეჭვი გვაქვს, რომ „ელ-ემში“ შემავალი მავნე ნივთერებების კუპრის ნიკოტინისა და მხუთავი აირის დოზა დარღვეულია. მოქალაქე გიული ჩხაიძე მეორე ჯგუფის ინვალიდია. მას ექსპერტიზის ჩასატარებლად სახსრები არ გააჩნია. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, ექსპერტიზის ხარჯები თვითონ გაიღოს. მით უფრო თუ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

„ოჯითის“ წარმომადგენლები ამ აზრს არ იზიარებენ. მათი თქმით, ისინი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. „ოჯითის“ ადვოკატის დავით ასათიანის განმარტებით, საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცხრა სამედიცინო გამაფრთხილებელი პუნქტიდან, სამის ამოირჩევა ევალებათ. ეს გაფრთხილებები მწარმოებელმა თამბაქოს კოლოფებზე თანაბარად უნდა გაანაწილოს და ის ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეცვალოს. ამ ვალდებულებებს კომპანია „ოჯითი“ დღემდე ასრულებს. რაც შეეხება ინფორმაციას, მავნე ნივთიერებებსა და თამბაქოში შემავალი დანამატების შესახებ, ეს ფირმის საიდუმლოებაა და კომპანიის საფირმო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო ვერ გახდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებისათვის თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს მიმართა.

გიორგი ბახტურიძე: „ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს დადგენილი ცხრა პუნქტიდან ყოველ ექვს თვეში ერთხელ სამი სამედიცინო გაფრთხილების არჩევის საშუალებას აძლევს. გაფრთხილებები სიგარეტის კოლოფზე პიქტოგრამის სახით წლის განმავლობაში თანაბარად უნდა იქნას გამოყენებული. მაგრამ ეს მხოლოდ კანონქვემდებარე პუნქტებია. კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ კი მოითხოვს, მწარმოებელმა შეიმუშაოს და მომხმარებელს თამბაქოს მავნებლობაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს. მომხმარებელთა ყველა ჯგუფის ინტერესები გაითვალისწინოს. ეს აუცილებელია, რათა მომხმრებელი მის მიერ შეძენილ პროდუქტში შემავალი ნივთიერებების მავნებლობაზე ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ შემოგედაოს. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია თამბაქოში შემავალი გემოს მიმცემი დანამატების შესახებ. ამით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მისთვის სასურველი პროდუქტი აირჩიოს. ყველა კომპანია თავს იმით იმართლებს, რომ ეს ფირმის საიდუმლოებაა, მაგრამ მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და გაეცნოს მას. ინფორმაციას კომპანია ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს, ეს უკანასკნელი კი მომხმარებელს აწვდის. საქართველოში ურთიერთობის ეს პირობებიც დარღვეულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სიგარეტებში მავნე ნივთიერებების შემცველობაზე ინფორმაცია არ შესულა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა კომპანიებს ამ ინფორმაციის მოწოდებაზე არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყოველთვის უარი მივიღეთ. ამ ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფოს ევალება. საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, კომპანია ასევე ვალდებულია, წარმოებულ სიგარეტში თამბაქოს ვარგისიანობაზე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია წელიწადში ერთხელ მაინც მიაწოდოს“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, რომ მეექვესე მუხლი კანონში თამბაქოს კონტროლზე, აქამდე მხოლოდ ბრძანების სახით არსებობდა. ის ძალაში 2010 წლის 1 იანვრიდან შევა…

არებობს ეჭვი იმის თაობაზეც, რომ ქვეყანაში უვარგისი ხარისხის თამბაქო შემოდის, რომლის შეძენაც საზღვარგარეთ ძალიან იაფად ხდება. ამასთან დაკავშირებით, გიორგი ბახტურიძე აცხადებს: „ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ. საქართველოში შემოდიოდა და დღემდე შემოდის ვადაგასული თამბაქო, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში განადგურებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ თამბაქოს, მაგალითად, თურქეთში 2-3 ცენტად ყიდულობენ, მისი განადგურება იმ სახელმწიფოს ძვირი უჯდება. საქართველოში კი ამ თამბაქოს ხელახალი გადამუშავება ხდება. დაახლოებით, სამი წლის წინ ჩატარებული ჟურნალისტური და იურიდიული გამოძიების შედეგად აღმოჩენილ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ იმპორტირებული სიგარეტის ერთი კოლოფი 2 ცენტად იქნა შეძენილი. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს დღესაც ასე ხდება. როცა ქვეყანაში ამ პროდუქტზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება, ძნელი დასაჯერებელია, ამ კუთხით რამე შეცვლილიყო. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანია „ოჯითიმ“ თავის მიერ წარმოებულ პროდუქციაში შემავალი, როგორც მავნე ნივთიერებების, კუპრის, ნიკოტინისა და მხუთავი აირის დოზირებაზე, ასევე მასში გემოს დანამატებზე ინფორმაცია საჯარო გახადოს“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

გიული ჩხაიძის მორიგი სასამართლო პროცესი 19 ნოემბრს ჩატარდება.

წყარო: WWW.HUMANRIGHTS.GE

თეგები
Booking.com
Back to top button
Close
Close