TECH & მეცნიერება

კიდევ ვცადე… (ბლაშ)

0af6484a84f9

“დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი, სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა, ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი…”

ნოდარ დუმბაძე

***

მივრბოდი… მივრბოდი მთელი ძალით, რაც შემეძლო, მაგრამ ვგრძნობდი უკვე, რომ საკმაოდ დაღლილი ვიყავი და მდევარი მეწეოდა, მაგრამ მაინც არ ვყრიდი ფარ–ხმალს…
მივრბოდი, მაგრამ თოვა და ღრუბლები, რომლებიც მთვარის შუქს ჩრდილავდნენ, საოცრად მიშლიდა ხელს… აღარ შემეძლო… თოვა კი უფრო იმატებდა და მთვარეც აღარსად ჩანდა…
მე მაშინ მეზიზღებოდა მთვარეც და თოვლიც, ჭირივით მეზიზღებოდა, ერთიც და მეორეც!!!

***

გავიღვიძე და შვებით ამოვისუნთქე. აზრზე მოსასვლელად, გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა.
ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზად ბარდნიდა… გვიანი ღამე იყო, თუმცა ეული გუშაგი, დაუზარებლად ანათებდა ღამის წყვდიადს.
ცივმა ჰაერმა და ამ სილამაზემ, ახალგაღვიძებულზე უცნაური აზრი ამიკვიატა. ვაი და ერთ დღეს მთვარეს მობეზრდეს ღამის ბნელეთთან ჭიდილი,
ერთ დღესაც მარტოსულს, რომ აევსოს მოთმინების ფიალა, გაგვებუტოს ყველას და ჩაქრეს… მსუბუქმა ნიავმა მომწყვიტა ფიქრებს.
კვლავაც ბარდნიდა. თეთრ თოვლს, სპეტაკ ფანტელებს გადაეფარა არემარე. გარეთ არავინ იყო, ქალაქს ღრმა ძილით ეძინა.
საამური სიჩუმე იდგა ჩემ ირგვლივ და ამ სიჩუმემ თითქოს დაგვაახლოვა, დაგვამეგობრა ჩვენ სამნი: თოვლი, მთვარე და მე…
მე კი ჩემში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მთვარეს არასდროს მობეზრდებოდა ჩვენთან ყოფნა, არადრის დაგვაღალატებდა მის მეგობრებს… (ვინ იცის კიდევ, რამდენ ჩემნაირს აღუთქვა მეგობრობა…)

***

დილით მაღვიძარას გულიგამაწვრილებელმა მელოდიამ გამაღვიძა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად, ეს მელოდია ძალიან მიყვარდა და მხოლოდღა მას შემდეგ მოიპოვა
გულისგამაწვრილებელის სტატუსი, რაც საოცარი დაჯინებით და ერთი და იმავე ენთუზიაზმით, ყოველ დილას ძილს მიტეხდა… შხაპისა და მცირე საუზმის შემდეგ, სანამ დავაფიქსირებდი,
რომ სამსახურში მაგვიანდებოდა, ფანჯრისაკენ გამეპარა თვალი. გავშეშდი… თეთრი და სპეტაკი თოვლისაგან, თითქმის, აღარაფერი დარჩენილიყო.
ყველგან კი, სადაც ადამიანს ფეხი დაედგა, მხოლოდ საშინელი ტალახი დაეტოვებინა… გზებზე კი მანქანის ბორბლებს და მძიმე ტექნიკას ემუშავა…
მხოლოდ ალაგ–ალაგ, მიჩქმალულ კუთხე–კუნჭელებშიღა შეენარჩუნებინა თოვლს თავდაპირველი სახე…

არავინ იცის, რამდენ ხანს ვუყურებდი ამ პეიზაჟს გაშტერებული, მაგრამ ერთი კი დაბეჯითებით მახსოვს… გვიან ღამეს, როდესაც აივანზე გავედი,
საამურ სიჩუმეში, თოვის შემყურეს, თავი სამოთხეში მეგონა…

***

მეორე დღეს სამსახურიდან განმათავისუფლეს…

წყარო: sjobs.ge
ავტორი: გიორგი ხერგიანი

მსგავსი ამბები

Back to top button