ახალი ამბებიგამოგონება

უბედური შემთხვევის შემდეგ უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე რეკონსტრუქცია განხორციელდა


უბედური შემთხვევის შემდეგ უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე რეკონსტრუქცია განხორციელდა

მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციისა (FIL) და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ექსპერტების დასკვნას, ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპასთან დაკავშირებით, ქართული მხარე არ იზიარებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ვანკუვერში მყოფმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ განუცხადა, უბედური შემთხვევის შემდეგ უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე რეკონსტრუქცია განხორციელდა.

“ამ ყველაფერზე პასუხი ასეთია – უბედური შემთხვევის შემდეგ, ზუსტად ერთ ღამეში ტრასაზე, მე-16 ვირაჟთან ბეტონის კედელი ხისა და რბილი საფარით დაიფარა. ახლა ბევრ რამეს დაწერენ, რომ თავი იმართლონ. ფაქტია, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ ყოფილა. ასე რომ ყოფილიყო, პატარა შეცდომა ფატალური შედეგით არ დასრულდებოდა~, – განუცხადა ~ინტერპრესნიუსს~ ჯაფარიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენის დაღუპვის შემდეგ უისტლერის ოლიმპიური ტრასა დაამოკლეს.

რაც შეეხება ნოდარ ქუმარიტაშვილის საქართველოში გადმოსვენებას, ირაკლი ჯაფარიძის თქმით, ქართველ სპორტსმენს სამშობლოში, სავარაუდოდ, 2-3 დღეში გადმოასვენებენ.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციისა (FIL) და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ექსპერტებმა ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზად პილოტირებაში დაშვებული შეცდომა მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ტრასის ტექნიკური ხარვეზი არაფერ შუაშია.

2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: “სავარჯიშო დაშვების დროს სპორტსმენმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლისას გასწორება დააგვიანა და შემდეგ მოსახვევში სწორად ვერ შევიდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქუმარიტაშვილმა, ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. FIL-ის ტექნიკურმა ექსპერტებმა შეძლეს მისი გზის აღდგენა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომხდარს ტრასის ტექნიკურ ხარვეზებთან საერთო არაფერი აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close