გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოცხლად დამარხვა #2

f35545da4175
რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანის დაკრძალვა იჩქარეს – ნაწილი II :)

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

მერი ნორა, 1871
6fad25532566

17 წლის მერი ნორა ნაშვილები ჰყავდა ქალბატონ მურ ჩოუს. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა ქოლერისგან და ერთ დღესაც გარდაცვლილად გამოაცხადეს. მერი კალკუტაში, ფრანგულ სასაფლაოზე დამარხეს. აღმოჩნდა, რომ ექიმს, რომელმაც ის მკვდრად სცნო, დედამისის მოკვლაც უცდია. მურ ჩოუ ინგლისში გაიქცა, რათა თავი დაეღწია მისთვის, გოგონა კი ნათესავს დაუტოვა. სავარაუდოდ, ექიმმა მერი მოწამლა, ავადმყოფობა “დაუდგინა” და ბოლოს მკვდრად გამოაცხადა. ის ფიჭის კუბოში ჩაასვენეს და კიდეები ლურმნებით დაჭედეს. 10 წლის შემდეგ, 1881 წელს, მურის ძმამ ეჭვის საფუძველზე გოგონას ექსჰუმაცია მოახდინა. კუბოს გახსნისას ნახეს, რომ ჩონჩხი გვერდზე იყო მოქცეული, კიდეებზე კი ლუსმნებს აძრობის მიზნით ძალდატანების კვალი ეტყობოდა.

New York Times, 1885
fbc7a857b6f5

“20 წლის ბიჭი ჯენკინსი, რომელიც რამდენიმე კვირა ციებ-ცხელებით ავადმყოფობდა, ერთ დღეს გარდაცვლილად ჩათვალეს. ის არ მოძრაობდა, სხეული ცივი და წებოვანი იყო, გული გაჩერებული იყო, არ ჰქონდა მაჯისცემა. ყოველგვარი ცდა მისი გამოფხიზლებისა ამაო იყო. არ რეაგირებდა ტკივილზე. ის ჩვეულებრივად დამარხეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დამარხვისას კუნთები რბილი და მოქნილი იყო, როგორც ცოცხალი ადამიანისა. მისი მეზობლები ეჭვობდნენ რომ ჯენკინსი ცოცხლად დაიმარხა და ამაზე ხშირად საუბრობდნენ. 10 წლის შემდეგ ოჯახი მეზობელ სოფელში, ჰენდერსონში გადავიდა და ბიჭის გადასვენებაც განიზრახეს. გადაწყვიტეს, კუბო გაეხსნათ და ენახათ, გვამი დაუზიანებლად გაუძლებდა 30-35 კმ მგზავრობას თუ მეტალის კუბოში გადაესვენებინათ. გახსნისას ნანახით შოკირებულნი და თავზარდაცემულნი დარჩნენ: ჩონჩხი გულდაღმა ესვენა, სახურავსა და კიდეებს კი ნაკაწრები ეტყობოდათ. გვამი ხელმეორედ დაკრძალეს ჰენდერსონში.”

მადამ ბობინი, 1901
ae954b7b42de

ორსული მადამ ბობინი სენეგალიდან საფრანგეთში ჩავიდა გემით. მას ყვითელი ცხელების სიმპტომები აღენიშნებოდა. სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უარესად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაცვლილად გამოაცხადეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით, მისმა მომვლელმა ექთანმა განაცხადა, რომ დაკრძალვის წინა დღეს სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, ხელები კი ჩვეულებრივად იხრებოდა სახსრებში. შესაბამისად, გამოთქვა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ცოცხლად ყოფილიყო დამარხული. მას შემდეგ, რაც ეს ეჭვი ბობინის მამას გაანდო, მოხდა გვამის ექსჰუმაცია. იქ საშინელი რამ აღმოაჩინეს: მადამ ბობინის გარდაცვალების მიზეზი ცხელება კი არა, ასფიქსია (გაგუდვა) იყო. მაგრამ უარესი კიდევ წინ ელოდათ: კუბოში ყოფნის პერიოდში ბავშვი დაბადებულა, რომელიც რამდენიმე საათში შიმშილით, სიცივითა და უჰაერობით გარდაცვალილა. საავადმყოფოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს და მათ 13 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ.

მარგორი მაკქოლი
f35545da4175

ამ შემთხვევას მითად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე ნამდვილ ამბად, რადგან მის ისტორიას სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა სახელ-გვარებით ყვებიან. ისტორია დაახლოებით ასეთია: ჩრდილო ირლანდიელი მარგორი ავად გახდა და გარდაცვლილად მიიჩნიეს. ის შანკილის სასაფლაოზე დამარხეს. ღამით მძარცველები მივიდნენ და გაძარცვის მიზნით კუბო ამოთხარეს. თითიდან ძვირფასი ბეჭედი რომ ვერ მოაძრეს, გადაწყვიტეს თითი მოეჭრათ და დანა ამოიღეს. დანის გასმის დროს მარგორი გონს მოვიდა და დაილაპარაკა. დაზაფრული ქურდები უკანმოუხედავად გაიქცნენ. მარგორი კუბოდან ამოძვრა და სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. მთელი ოჯახი შეკრებილი იყო, როცა მარგორიმ დააკაკუნა კარზე. მისმა ქმარმა შვილს უთხრა: “რომ არ ვიცოდე, რომ ცოცხალი აღარაა, დავიფიცებდი, რომ დედაშენი აკაკუნებს კარზე”. როცა კარები გააღო, მართლაც მისი ცოლი დაინახა, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც დაკრძალვისას. მის ქმარს მაშინვე გული წაუვიდა.

ჯონ სკოტუსი (1266 – 1308)
fcf13033a5be

ერთ-ერთი პირველი ცნობილი შემთხვევა ცოცხლად დამარხვისა ჯონ სკოტუსის ამბავია. სიცოცხლეში ის გამოჩენილი თეოლოგი და ფილოსოფოსი იყო, რომელსაც კათოლიკურმა ეკლესიამ ‘ღირსი მამის’ წოდება მიანიჭა. ის ერთხელ უგონოდ მყოფი იპოვეს და ყოველგვარი მცდელობა გონზე მოყვანისა ამაო აღმოჩნდა. არ სუნთქავდა და გულისცემაც არ ისმოდა. შესაბამისად მკვდრად ჩათვალეს და დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ კუბო გახსნეს და ნახეს, რომ ხელზე იარები ჰქონდა, სისხლი კი შემხმარი იყო, რაც კუბოს გახსნის მცდელობას ადასტურებდა. მისმა შემთხვევამ თავზარი დასცა ყველას და იმდროინდელი პრესა მთლიანად მოიცვა.

*********

c57cdea71d74

არის ცნობები უფრო ადრეულ პერიოდზეც. 1905 წელს უილიამ ტებმა აღწერა ფილოსოფოს გაიუს პლინიუს სეკუნდუსის (23–79) ამბავი. მისი დაკრძალვა კრემაციის გზით გადაწყვიტეს და ცეცხლი სხეულს რომ მოედო, სეკუნდუსი გონს მოვიდა. თუმცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი იყო და გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.

მსგავს შემთხვევებს აღწერენ პლუტარქე და პლატონი. შუა საკუნეებში განსაკუთრებით ხშირი იყო ცოცხლად დამარხვის შემთხვევები. მარტო მე-17 საუკუნეში 149 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, დაიწყეს ე.წ. “უსაფრთხო კუბოების” დამზადება, რომელშიც ადამიანი გონზე მოსვლის შემთხვევაში რამდენიმე საათი იცოცხლებდა და გარეთ გამოსვლასაც შეძლებდა.

0a5caecdf07b

დღესდღეობით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია ცოცხლად დამარხვა, რადგან გარდაცვლილად თვლიან ადამიანს, რომლის ტვინიც წყვეტს ფუნქციონირებას.

*********

არსებობს მსგავსი მოვლენა, ოღონდ უფრო მსუბუქი ხასიათის – როცა გონს მოყვანის მცდელობები ფუჭად ჩაივლის, მაგრამ რამდენიმე საათში ადამიანი გონს მოდის, ძირითადად მორგში. ამ მოვლენას “ლაზარეს სინდრომი” ჰქვია ბიბლიური პერსონაჟის პატივსაცემად.

ცნობილია 61 წლის ამერიკელი ქალბატონის შემთხვევა, რომელსაც გული გაუჩერდა, ელექტროშოკმაც არ უშველა და მორგში გადაასვენეს. მაგრამ იქ საღამოს აღმოაჩინეს რომ სუნთქავდა. გადაიყვანეს ისევ პალატაში და ექიმების ჩარევის შედეგად სასიცოცხლო ფუნქციები აღუდგინეს.

66 წლის ანევრიზმით დაავადებულ მამაკაცს გულის შეტევა დაემართა და ვერც მასაჟმა უშველა, ვერც შოკმა. ის გარდაცვლილად გამოაცხადეს, მაგრამ 10 წუთში ექთანმა აღმოაჩინა რომ პულსი ესინჯებოდა. ის არამარტო მოაბრუნეს, ანევრიზმისგანაც განკურნეს და გამოწერისას სრულიად ჯანმრთელი იყო.

27 წლის ინგლისელ მამაკაცს ჰეროინისა და ექსტაზის ჭარბი დოზის მიღების გამო გულის შეტევა დაემართა. 25 წუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მკვდრად გამოაცხადეს. თუმცა 2 წუთის შემდეგ პულსი აღუდგა და გამოჯანმრთელდა.

18 წლის გოგონამ მისურის შტატიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზნით საძილე საშუალებები მიიღო. ექიმების ნახევარსაათიანი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, გული ვერ აუმუშავეს. მაგრამ 7 წუთში გონზე მოვიდა და 5 დღის შემდეგ საავადმყოფოდანაც გაეწერა.

მსგავსი ამბები

Back to top button