კულტურა

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი ისევ საქართველოს გარეშე ჩატარდება?

euro 1573822c

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის პროცედურის მასპინძლობის პატივი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის კულტურისა და მეცნიერების სასახლეს ერგო და საფეხბურთო ევროპის ყურადღება ერთი საათის განმავლობაში მიიპყრო. 

მომავალი ტურნირის მასპინძლები პოლონეთი და უკრაინა ღონისძიებაში თანაბარწილად იყვნენ გარეულნი. წამყვანებად პოლონური ტელევიზიის კომენტატორი და სპორტული ანალიტიკოსი პეტრ სონჩისკი და უკრაინელი ტელევარსკვლავი მაშა მალინინა შეერჩიათ, თავად კენჭისყრის პროცედურას კი ქვეყნების ლეგენდარული ფეხბურთელები – პოლონეთიდან ზბიგნევ ბონეკი და ანჯეი შარმახი, ხოლო უკრაინიდან ოლეგ ბლოხინი და ანდრეი შევჩენკო უძღვებოდნენ.

ვარშავული სასახლის სცენაზე ერთადერთ უცხოტომელად უეფა-ს გენერალური მდივანი იტალიელი ჯანი ინფანტინო გამოერია, რომელიც დამსწრეთ კენჭისყრის პროცედურასა და ტურნირის ფორმატზე ესაუბრა.

სწორედ ინფანტინომ აუწყა საზოგადოებას, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და რუსეთი, აზერბაიჯანისა და სომხეთის დარად, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ.

როგორც მცირე ხანში გამოჩნდა, უეფა-ს თავი მართებულად დაუზღვევია. სხვა შემთხვევაში, ზბიგნევ ბონეკის ხელით A ჯგუფში, სომხეთი სწორედ აზერბაიჯანთან ხვდებოდა, ასე კი, საყოველთაო მხიარულების ფონზე, ჩვენი ერთი მეზობელი მეორისგან მოშორებით გადაისროლეს.

საქართველოს ნაკრები 6-გუნდიან F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ხორვატიის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიისა და მალტის ეროვნული გუნდები იქნებიან. შესარჩევი ტურნირის შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2011 წლის ოქტომბრამდე გასტანს. ფინალურ ეტაპზე 9 ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც გააღწევს. დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი ერთმანეთში დაწყვილდება და მომავალი წლის ნოემბერში მიმოსვლითი სისტემით, ფინალის ბოლო ოთხ საგზურსაც გაითამაშებს, რომელსაც პოლონეთის მხრიდან ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი, ხოლო უკრაინიდან – კიევი, დონეცკი, ლვოვი და ხარკოვი უმასპინძლებენ.

ქვემოთ გთავაზობთ ყველა ქვეჯგუფის შემადგენლობასა და საქართველოს ქვეჯგუფში მოხვედრილ ნაკრებთა წარმომადგენლების კომენტარებს:

A ჯგუფი

გერმანია, თურქეთი, ავსტრია, ბელგია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი.

B ჯგუფი

რუსეთი, სლოვაკეთი, ირლანდია, მაკედონია, სომხეთი, ანდორა

C ჯგუფი

იტალია, სერბეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვენია, ესტონეთი, ფარერები

D ჯგუფი

საფრანგეთი, რუმინეთი, ბოსნია, ბელარუსი, ალბანეთი, ლუქსემბურგი

E ჯგუფი

ჰოლანდია, შვედეთი, ფინეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სან მარინო

F ჯგუფი

ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია, საქართველო, მალტა

G ჯგუფი

ინგლისი, შვეიცარია, ბულგარეთი, უელსი, ჩერნოგორია

H ჯგუფი

პორტუგალია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისლანდია

I ჯგუფი

ესპანეთი, ჩეხეთი, შოტლანდია, ლიტვა, ლიხტენშტეინი

ოტო რეჰაგელი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გასულ შესარჩევ ციკლთა განმავლობაში, ხორვატიის გარდა, ჯგუფის ყველა წევრთან გვითამაშია. თეორიულად, ხორვატებს ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა, სხვების შეუფასებლობაც არ შეიძლება. კენჭისყრის შედეგები მისაღებია და ყველაფერს ვიღონებთ, რათა პირველ ადგილზე გავიდეთ, უარეს შემთხვევაში კი, მეორე პოზიციიდან ფლეი-ოფში გავაღწიოთ. არცთუ დიდი ხნის წინათ გამართულ საკვანძო მატჩებში ბერძენმა ფეხბურთელებმა ენთუზიაზმი და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და დამსახურებულ შედეგს გამორჩნენ. ამჟამად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი, სადაც თავის კარგად წარმოჩენას ვეცდებით”.

იოსი ბენაიუნი (ისრაელის ნაკრების ნახევარმცველი): “მომავალ მატჩებს კონცენტრირებულნი უნდა შევხვდეთ, რათა გასულ შესარჩევ ტურნირებზე უკეთესად ვიასპარეზოთ. ჯგუფში გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ. იმაზე მსჯელობა, სუსტი მეტოქეები შეგხვდნენ თუ ძლიერები, დროის უაზროდ კარგვაა. როგორც წინა ციკლებმა გვანახა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს”.

ლევან მჭედლიძე (საქართველოს ნაკრების ფორვარდი): “ჩემი აზრით, დაუმარცხებელი მეტოქე არცერთი არაა. ვერავისზე, ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული უპირატესობა ჰქონდეს. მოწინააღმდეგეთაგან ყველაზე ძლიერად ხორვატიის ნაკრებს ვთვლი, თუმცა, გასულმა ციკლმა დაგვანახა, რომ ევროპაში უიმედო აუტსაიდერები აღარ არსებობენ”.

ალექსანდრ სტარკოვი (ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, სადაც ჩვენს გარდა, თავი სამხრეთულმა გუნდებმა მოიყარეს. მალტის გარდა, შესარჩევ ტურნირებში ყველა მათგანთან გვითამაშია და მათთან ძველი ანგარიშები გვაქვს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოველი მატჩის წინ, გასახსენებელი ბევრი რამ გვექნება. ახლა, როდესაც კენჭისყრა დასრულდა, მომავალი თამაშებისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. გულშემატკივრებს ახალი ციკლის დაწყებას ვულოცავ”.

ჯონ ბატიჯიგი (მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):“ძალიან ძლიერი ჯგუფია. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ლატვია და საქართველო გვერგო, პლუს ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელი. საფეხბურთო თვალსაზრისით, ეს გუნდები მალტაში არცთუ პოპულარულია”.

საქართველოს ნაკრებისა და მისი მომავალი მეტოქეების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკური მონაცემები:

საბერძნეთი5 მატჩი (5 წაგება, ბურთების შეფარდება 3:11)

იანინა. 8 მაისი, 1996.
სტადიონი PAC. 30000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი
საბერძნეთი – საქართველო 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გოგრიჭიანი (15), 1:1 ნიკოლაიდისი (67), 2:1 ნიკოლაიდისი (88).

ათენი. 14 ოქტომბერი, 1998.
საბერძნეთი – საქართველო 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 მახლასი (12), 2:0 ლიბეროპულოსი (15), 3:0 უზუნიდისი (36).

თბილისი. 5 ივნისი, 1999.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო – საბერძნეთი 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 ქეცბაია (54), 1:1 ფრანცესკოსი (86), 1:2 მახლასი (90).

თბილისი. 26 მარტი, 2005.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო – საბერძნეთი 1:3 (1:2)
გოლები: 1:0 ასათიანი (22), 1:1 კაპსისი (43), 1:2 ვრიზასი (44), 1:3 იანაკოპულოსი (53).

პირეოსი. 12 ოქტომბერი, 2005 წელი.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საბერძნეთი – საქართველო 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 პაპადოპულოსი (17).

ისრაელი

4 მატჩი (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება – 4:6)

აშდოდი. 23 თებერვალი, 1994
ამხანაგური
ისრაელი – საქართველო 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ოჰანა (28), 2:0 ოჰანა (77).
გამოუყენებელი პენალტი: რევიშვილი (66).აშქელონი. 29 მარტი, 2000. “სილა”.
ისრაელი – საქართველო 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ქინქლაძე (27), 1:1 ბერკოვიჩი (83).

თბილისი. 24 აპრილი, 2001.
ამხანაგური
საქართველო – ისრაელი 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 ქეცბაია (9), 1:1 მიზრაჰი (16), 2:1 ქეცბაია (36), 2:2 მიზრაჰი (73), 3:2 ა. არველაძე (88).

თბილისი. 27 მაისი, 2004.
ამხანაგური
საქართველო – ისრაელი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბადირი (34).

ლატვია
5 მატჩი (2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 8:8)

რიგა. 26 ივნისი, 1994.
ამხანაგური
ლატვია – საქართველო 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ჯანაშია (13), 1:1 ელისეევი (60), 1:2 კაჭარავა (74), 1:3 ჯამარაული (76).

ლა ვალეტა. 6 თებერვალი, 1998.
საერთაშორისო ტურნირი
საქართველო – ლატვია 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჯამარაული (50), 2:0 ჯამარაული (70), 2:1 ბლეიდელისი (85, პენ.).

ლიეპაია. 10 ოქტომბერი, 1998.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ლატვია – საქართველო 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 შტოლცერსი (3).

თბილისი. 8 სექტემბერი, 1999.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო – ლატვია 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 შ. არველაძე (29), 2:0 ყაველაშვილი (51), 2:1 ბლეიდელისი (61), 2:2 სტეპანოვსი (90).

თბილისი. 6 თებერვალი, 2008.
ამხანაგური
საქართველო – ლატვია 1:3 (0:3)
გოლები: 0:1 კარლსონი (7), 0:2 სტეპანოვსი (16), 0:3 ასტაფიევსი (34), 1:3 კალაძე (46).
გამოუყენებელი პენალტი: სირაძე (87).

მალტა
5 მატჩი (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 7:4)

ლა-ვალეტა. 10 თებერვალი, 1994.
მალტა – საქართველო 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ქეცბაია (16, პენ.).

თბილისი. 19 ივლისი, 1994.
საერთაშორისო ტურნირი
საქართველო – მალტა 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 სპიტერი (33), 1:1 შ. არველაძე (37, პენ).

ლა ვალეტა. 10 თებერვალი, 1998.
საერთაშორისო ტურნირი
მალტა – საქართველო 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ყაველაშვილი (13), 1:1 მაგრი ოვერენდი (58, პენ.), 1:2 ჯამარაული (71), 1:3 ყაველაშვილი (74).

ლა ვალეტა. 1 მარტი, 2006 წელი.
მალტა – საქართველო 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 მარცვალაძე (9), 0:2 კანკავა (18).

ლა ვალეტა. 12 აგვისტო, 2009 წელი.
ამხანაგური
მალტა – საქართველო 2:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიფსუდი (64), 2:0 მიფსუდი (74).
მსაჯები: პანიცოს კაილისი; ფილიპ აგიუსი, ინგმარ სპიტერი (მალტა).

წყარო: worldsport.ge | მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button