არქივი

გნოსტიციზმი

9907ede6af9f

გნოსტიციზმი I საუკუნეში აღმოცენებული ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება იყო, რომლის მიმდევრებსაც განსაკუთრებულ ცოდნაზე ჰქონდათ პრეტენზია.
“გნოსის” (ბერძნულად γνῶσις) ნიშნავს ცოდნას. გნოსტიციზმის მიმდევრებზე ინფორმაცია მოიპოვება მე-20 საუკუნეშიც.

მათი როლი: გნოსტიკებს სწამდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად, ხოლო სხვა კონფესიები არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებდნენ.

გნოსის: ცოდნა მათთვის მხოლოდ ინტელექტუალურ თვისებას არ წარმოიადგენდა. მიაჩნდათ, რომ ცოდნა ეს იყო საშუალება, გათავისუფლებულიყვნენ მონობისგან.

ღმერთი: მათ მიაჩნდათ, რომ სამყარო შექმნა არასრულყოფილმა ღმერთმა დემიურგმა უზენაესი ღმერთის, პნევმას დახმარებით. დემიურგი ეს იგივე აბრაამისეული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ღმერთია, რომელიც სხვადასხვა წმინდა წიგნებში მოიხსენიება როგორც ალლაჰ, იაჰვე, ელოჰიმ, ელ-შადაი, ელ-საბაოთ და ა.შ. ასევე ისინი მიიჩნევდნენ, რომ იესო არა დემიურგის, არამედ სრულყოფილი ღმერთის შვილი იყო, რომელზეც მის მოვლინებამდე არავინ უწყოდა. სწორედ ეს ღმერთი დგას იერარქიის სათავეში. მან შვა გონება (ნუს). ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ დასაბამი მისცა სიტყვას (ლოგოს). მისგან წარმოიშვა უბიწოება (ფრონესის), უბიწოებისაგან – სიბრძნე (სოფია) და ძალა (დინამის). ეს ორი უკანასკნელი განაპირობებს იმ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ზეციურ ძალებს ვუწოდებთ. სოფია მიიჩნეოდა დემიურგის დედად. დემიურგს ასევე უწოდებდნენ იალდაბაოთს ან ლალდაბაოთს, რომელიც არამეულ ენაზე “ზეცის მშობელს” ნიშნავს. ტრადიციული ქრისტიანობისგან განსხვავებით, დემიურგი გნოსტიციზმში ითვლება ეჭვიან, შურიან, თანაგრძნობის არმქონე ღვთაებად. ამას ასკვნიდნენ ძველი აღთქმის გარკევული მუხლების საფუძველზე, სადაც ღმერთს ადამიანური თვისებები აქვს მიწერილი (მაგალითად, “ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად”, “თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია”, ასევე ჩვილი ბავშვების გაწყვეტა ეგვიპტეში და ა.შ. ).

სხეული და სული: სული მუდმივად არსებობს და კარგია. ხორცი კი დროებითია და ფუჭი. გნოსტიკები ყველაფერს უარყოფითად ეკიდებოდნენ, რაც მატერიალურთან იყო კავშირში.

გადარჩენა: იერარქიული კიბის უფრო ქვედა საფეხურზე განლაგებულია 365 ცა. პავლე მოციქული ატაცებულ იქნა მხოლოდ მესამე ცამდე, ხოლო გნოსტიკოსებს, მათი მტკიცებით, ძალუძთ უმაღლეს სფეროებამდე ასვლა. ყოველი ცა განსაკუთრებული ანგელოზის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ყველაზე დაბალ ცას იაჰვე განაგებს.

ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ:
* სულზე მზრუნავი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიაღწევს თავისუფლებას.
* გნოსის (ცოდნის) მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულ ნეტარებას მიაღწევს.
* ხორცზე მზრუნავი, რომელიც უიმედოდ განწირულია.

სატანა: ისინი უარყოფდნენ აზრს, რომ სატანა ერთ დროს ანგელოზი იყო და შემდეგ შესცოდა. სატანა მათთან დემიურგის ერთ-ერთ ქმნილებად განიხილება.

გველი: გნოსტიკების ზოგიერთი სექტა პატივს მიაგებდა გველს (დრაკონს). მათთან ეს ცხოველი არა ცდუნების, არამედ სიბრძნის სიმბოლო იყო. გამოსახავდნენ საკუთარი კუდით პირში და ოურობორუსს უწოდებდნენ. სხვათაშორის გუგლში ძიებისას წავაწყდი, რომ მსგავსი ნიშანი მასონებშიცაა მიღებული:

2665887ea18b

იესო ქრისტე: დიდი ხანი მიდიოდა კამათი გნოსტიკებში, რა იყო მაცხოვრის მიზანი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, ის არც მსაჯულია და არც მხსნელი, არამედ სიმართლის გამომააშკარავებელი და თავისუფლების მომტანი. მან შემოიტანა ცოდნა, რომელიც ადამიანს გაათავისუფლებს დემიურგის ზეგავლენისგან. მიაჩნიათ, რომ ქრისტეს მოციქულებში ქალებიც იყვნენ. ზოგიერთი კი თვლიდა, რომ მისი აღდგომა მოხდა ჯვარზევე.

სამყარო მათთან სამ ნაწილად იყოფა:

3fd56af47fff

* კოსმოსი – თეთრი ფერის სფერო, რომელშიც 7 სფეროს ფორმის სხეულია: მთვარე, ვენერა, მერკური, მზე, მარსი, იუპიტერი და სატურნი. ურანი ძველ დროს პლანეტად არ ითვლებოდა და არც მათთანაა შეტანილი. ამ სფეროებზე ცხოვრობენ ანგელოზები და დემონები, რომლებსაც არხეონები ჰქვიათ.
* შუალედური სამეფო – ადგილი რომელიც უკუნი სიბნელისა და სინათლის ნაზავია (სტაფილოსფერი და ყვითელი წრე) . ეს არის სოფიას სამეფო.
* ღმერთის სამეფო – ვარდისფერი წრე იესო ქრისტეს სამეფოა, ხოლო უკანასკნელი წრე – მისი მამის, სრულყოფილი ღმერთისა.

წმინდა წიგნები: ცხადია, გნოსტიკების სწავლებები წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ბიბლიასთან. ამიტომ მათთან წმინდა წიგნებად აღიარებულია არაკანონიკური აპოკრიფებიც, რომელსაც ეკლესია სულისთვის მავნედ თვლის. ესენია: მარიამ მაგდალინელის სახარება, თომას სახარება, სიმართლის სახარება, ფილიპეს სახარება და იუდას სახარება. მიიჩნევენ , რომ გნოსტიკური ელემენტებია “და ვინჩის კოდში” და ფილმ “მატრიცის” მესამე სერიაში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button