სახელმწიფო წყობის ფორმები

e70744e97e48

რახან ხშირად ისმის ეს საკითხი, ჯობს კარგად გავმიჯნოთ სახელმწიფო წყობის რა ფორმები არსებობს.

ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფოში არსებობს ხელისუფლების 3 შტო:
ა) საკანონმდებლო – რომლის ფუნქციაა ქვეყანაში ძირითადი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. არსებობს ერთ- და ორპალატიანი პარლამენტები. ორპალატიანში, როგორც წესი, ზედა პალატა ფორმირდება მაჟორიტარული წესით, ანუ წარმომადგენლებით რეგიონებიდან, ხოლო ქვედა – პროპორციული წესით, ანუ პოლიტიკური პარტიების სიების მიხედვით; ერთპალატიანში – შერეულად
ბ) აღმასრულებელი – რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მიღებული კანონების აღსრულება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება შედიოდეს პრეზიდენტიც და აუცილებლად არის მთავრობის მეთაური.
გ) სასამართლო – რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება. მართლმსაჯულება არსებობს ადმინისტრაციული (იხილავს დავებს კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქე უჩივის აღმ. ხელისუფლებას, აგრეთვე მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებს), სამოქალაქო (იხილავს კერძო ხასიათის დავებს მოქალაქეთა შორის), სისხლის (იხილავს დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს) და საკონსტიტუციო (იხილავს კანონების და სხვა აქტების შესაბამისობას კონსტიტუციასთან)

წყობის მხრივ არსებობს:
ა) რესპუბლიკა, რომლის მეთაურია პრეზიდენტი
ბ) მონარქია, რომლის მეთაურია მეფე

რესპუბლიკა

ლათ. res publica – სახალხო საქმე. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არჩევითია. არსებობს 3 ტიპის რესპუბლიკა:

საპრეზიდენტო
აქ სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი არის აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არ არსებობს. მინისტრები ქმნიან პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. შეიძლება ჰქონდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგალითია შეერთებული შტატები. ამ ტიპის რესპუბლიკა იყო საქართველო 1995-2004 წწ.

ნახევრად-საპრეზიდენტო
აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან)

საპარლამენტო
აქ პრეზიდენტი სიმბოლური მმართველია, საკმაოდ შეზღუდული უფლებებით. ძირითადი ძალაუფლება არის მთავრობის მეთაურის ხელში, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს პარლამენტში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ან (თუ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა) იქმნება კოალიციური მთავრობა. ამ ტიპის რესპუბლიკებია ევროპის ბევრი სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია და იტალია

მონარქია

ბერძნ. μοναρχία – ერთმმართველობა. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობითია. არსებობს 3 ტიპის მონარქია:

საპარლამენტო
თითქმის იდენტურია საპარლამენტო რესპუბლიკისა, მხოლოდ მეფის შეზღუდული როლი ხშირად ტრადიციას წარმოადგენს და კანონმდებლობით ოფიციალურად არც არის რეგლამენტირებული. საპარლამენტო მონარქიაა ევროპის აბსოლუტურად ყველა მონარქია

დუალისტური
წააგავს ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკას. აქ მეფეს აქვს ძლიერი ხელისუფლება, მაგრამ შეზღუდულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტით. დუალისტური მონარქია აქვს მაროკოს

აბსოლუტური
მონარქიის ტიპი, როცა ქვეყნის მთელი ხელისუფლება (მათ შორის, შესაძლოა, რელიგიურიც) არის ერთი ადამიანის ხელში. ასეთ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, თანამდებობაზე ხალხი ინიშნება მხოლოდ მეფის ნება-სურვილით. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მონარქია არის საუდის არაბეთში.

წყარო: church.ge

მსგავსი ამბები

Back to top button