გასართობისაკითხავისასარგებლო

ბიბლიის საიდუმლოებანი


ბიბლიასთან დაკავშირებული მოვლენები, რომელბზეც მეცნიერებს დღემდე დავა აქვთ :ucnauri.com:

სად არის წმინდა გრაალი?

ქრისტიანული გადმოცემების თანახმად, გრაალი ის სასმისია, რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობისას გამოიყენა და რომელშიც ჯვარცმისას მისი სისხლის წვეთები ჩაიღვარა. მიიჩნევა, რომ ამ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული აპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ. შუა საუკუნეებში მიიჩნევდნენ, რომ წმინდა გრაალის მფლობელი უკვდავი და სამყაროს მბრძანებელი გახდებოდა, ამიტომ მის მოპოვებაზე ბევრი ნადირობდა. მის მდებარეობაზე სხვადასხვა ვერსიებია – იერუსალიმი, შუა აზია და დიდი ბრიტანეთის კუნძული (რომელსაც ტამპლიერები იცავდნენ).

—————————–

სად არის აღთქმის კიდობანი?

აღთქმის კიდობანში ინახებოდა ქვის ნატეხები, რომლებზეც 10 მცნება ეწერა, ასევე აარონის კვერთხი და ზეციური საკვები მანანა. ეს კიდობანი სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისას საძირკველში მოაქცია. თუმცა როდესაც ბაბილონელების შემოსევისას ისრაელის სამეფო დაეცა, კიდობანი გაუჩინარდა. თანამედროვე გათხრებმა მისი კვალი ვერ იპოვეს იერუსალიმის ტერიტორიაზე, სოლომონის ტაძრის ადგილას. არის ვერსია, რომ კიდობანი ეთიოპიაშია და მას სამეფო გვარი იცავს. გამოთქვამდნენ ასევე ვარაუდს, რომ ბაბილონელების შემოსევისას კიდობანი უბრალოდ გაქრა.

—————————–

არსებობდა თუ არა სოდომი და გომორი? თუ არსებობდა, სად?

სოდომი და გომორი ქრისტიანობასა და ისლამში უკიდურესად მძიმე ცოდვების სინონიმად გამოიყენება. ძველი აღთქმის მიხედვით, გარყვნილი და ზნედაცემული ცხოვრების გამო ღმერთმა ამ ქალაქის მაცხოვრებლები ცეცხლისა და გოგირდის წვიმით შემუსრა. არქეოლოგები დღესაც ვერ თანხმდებიან, რამდენად რეალური იყო ეს ქალაქები და რა ადგილას მდებარეობდნენ. როგორც ბიბლია გვეუბნება, ისინი მკვდარ ზღვასთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. დღესდღეობით, “ყოფილ სოდომად” მოიაზრება 1973 წელს აღმოჩენილი ქალაქი ბაბ-ედ-რა, გომორად კი ნუმეირა. კანდიდატები არიან ასევე ეს-საფი, ფეიფე და კანაზირი. ყველა მათგანი მკვდარი ზღვის მიდამოებშია და ნასახლარებში გოგირდის კვალი შეიმჩნევა. ისინი ბრინჯაოს ხანას ეკუთვნიან.

—————————–

სად მდებარეობდა ედემის ბაღი?

იმის მიუხედავად, რომ მრავალი თეოლოგი ედემის ბაღს მხოლოდ მეტაფორად მიიჩნევს პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ, ბევრი მაინც დარწმუნებულია, რომ ის რეალურად არსებობდა. ამის საფუძველია ბიბლიაში არსებული მინიშნება – ედემთან ოთხი მდინარე მოედინებოდა: ფიშონი, გიხონი, ხიდეკელი და ფერათი. სავარაუდო ადგილებად სახელდება ტიგროსისა და ევფრატის გასაყარი (ჩრდილო მესოპოტამია), ერაყი, სპარსეთის ყურე და ეთიოპია. ეს უკანასკნელი ორი მიზეზის გამო გამოთქვამს პრეტენზიას:
1. ბიბლიის მიხედვით, “მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.” ქუში ეთიოპიის უძველესი სახელწოდებაა.
2. ეთიოპიაში ადამიანის უძველესი ნარჩენებია აღმოჩენილი (6 მლნ. წელი) და სიცოცხლის აკვნად სახელდება მეცნიერების მიერ.

—————————–

რამდენად რეალურია ბიბლიური კოდები და რას ემსახურება ის?

ბიბლიური კოდები იმ დაფარულ მინიშნებებს ეწოდება თორაში (თორა არის მოსეს 5 წიგნი ძველ აღთქმაში), რომელიც განსაკუთრებული წესით წაკითხვისას იშიფრება. კონკრეტულად კი, საჭიროა ებრაული თორა და ასოების გარკვეული ინტერვალით ამოკითხვა, მაგალითად, ყოველი მეოთხე ასო. სიტყვებს შორის შუალედი და სასვენი ნიშნები არ ითვლება. ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს ჟურნალისტ მაიკლ დროსნინს, რომელმაც 1994 წელს ამ მეთოდით იწინასწარმეტყველა, რომ შემდეგ წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ითზაკ რაბინს მოკლავდნენ (რაც ახდა კიდეც).

—————————–

რა დაემართათ დაკარგულ ტომებს?

ასირიის მიერ ისრაელის დაპყრობისას 10 ებრაული ტომი გაუჩინარდა. დღემდე უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ. სავარუდოდ, სხვა ქვეყნებში წავიდნენ, თუმცა მათი კვალი არსად ჩანს. სხვადასხვა ვერსიებით, ამ ტომებისგან წამოვიდნენ ირანელები, ამერიკელი ინდიელები, ბრიტანელები, იაპონელები და ჩინეთში მცხოვრები კაიფენგის ტომის ებრაელები (იხილეთ სურათი).

—————————–

ვინ იყო ძველი აღთქმის ფარაონი?

ძველი აღთქმა გვესაუბრება ფარაონის შესახებ, რომლის დროსაც იშვა მოსე და ებრაელები მრავალწლიან მონობაში იყვნენ. ხოლო ებრაელების გამოხსნისას ღმერთმა მის ქვეყანას ურჩობის გამო სხვადასხვა სახის სასჯელები მოუვლინა. სამწუხაროდ, ბიბლია არ გვიმხელს მის სახელს და ის უბრალოდ “ფარაონად” მოიხსენიება. ისტორიკოსებს არ გააჩნიათ რაიმე ცნობა ებრაელების მონობის ან ამ სასჯელების შესახებ, რომ რომელიმე ფარაონს მიუსადაგონ ეს პერიოდი. სავარაუდო კანდიდატებად რამზეს დიდი და მერნეპტა სახელდებიან.

—————————–

სად არის ნოეს კიდობანი?

მესამე საუკუნიდან მოყოლებული, ნოეს კიდობნის ადგილმდებარეობის გარკვევაში თავს არ ზოგავენ ქრისტიანები და იუდაისტები, მოგვიანებით მაჰმადიანებიც. წარღვნის შესახებ ცნობები ასევე მოიპოვება მესოპოტამიის, ბაბილონის, შუამდინარეთისა და საბერძნეთის ლეგენდებსა და მითოლოგიებში. ყველაზე რეალურ ადგილად სახელდება სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მყოფი არარატის მთა. ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ მეოცე საუკუნის შუა წლებში ექსპედიციისას ხის ნამტვრევები აღმოაჩინა, რომელიც 5000 წლით დათარიღდა. ამ ადგილის შესახებ ცნობები ასევე ჰქონდა იოსებ ფლავიუსს. თუმცა მალე თურქეთის მთავრობამ არარატზე ექსპედიციები აკრძალა და კიდობნის ადგილმდებარეობა მაინც სადავოდ ითვლება.

—————————–

ვინ იყო უფლის საყვარელი მოწაფე?

იოანეს სახარებაში ხშირად ვხვდებით ცნობებს იესოს საყვარელი მოწაფის შესახებ:
“ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას” (თავი 13, მუხლი 23)
“შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?” (თავი 21, მუხლი 20)
“გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.” (20:2)

ძირითადად მიიჩნეოდა, რომ ეს თავად იოანე ღვთისმეტყველია. მაგრამ თეოლოგები გამოთქვამენ ასევე ვარაუდს რომ ეს საყვარელი მოწაფე შეიძლება იყოს მკვდრეთით აღმსდგარი ლაზარე, რადგანაც იოანეს სახარების ერთ მონაკვეთში ის ასე მოიხსენიება:
“დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.”

თანამედროვე თეოლოგებიდან რამდენიმემ ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს მარიამ მაგდალინელი იყო. ეს ვერსია გასამდიდრებლად კარგად გამოიყენა წიგნის “და ვინჩის კოდის” ავტორმა დენ ბრაუნმა.

—————————–

სახარების ავტორები

წმინდა სახარებები ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებად ითვლება და მე-18 საუკუნემდე მათი ავტორების ვინაობაში ეჭვი არავის შეპარვია. მაგრამ მოგვიანებით თეოლოგებმა კამათი დაიწყეს, მართლა მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე იყვნენ ავტორები თუ სხვებმა დაწერეს მათი მონაყოლის მიხედვით მათი გარდაცვალების შემდგომ. სამწუხაროდ, მეოთხე საუკუნეზე უფრო ძველი პაპირუსები ახალი აღთქმისა (და შესაბამისად ყველაზე ადრინდელი ნაწერები) თითქმის არ მოიპოვება, რაც საქმეს ართულებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close