გასართობისაკითხავისასარგებლო

მკვლელობათა რეკორდი რუსებს ეკუთვნით


ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დინასტიებით დაპატიმრება ყოფილა მიღებული.

სასჯელის ვადა ზოგჯერ იქამდეც გრძელდებოდა, რომ შთამომავალს არც კი ახსოვდა, რისთვის გაასამართლეს მისი წინაპარი. ქურდობა ღვთისთვის არამოსაწონი საქციელია. ამის შესახებ საუბარს პროფესიით იურისტი პიროვნება დაგვთანხმდა, რომელიც თავის დროზე ქურდული სამყაროს მენტალიტეტს იკვლევდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

– ერთი პერიოდი გახმაურებული იყო სოხუმელი კანონიერი ქურდის ლაკობას საქმე.

– ლაკობა ორთაჭალის ციხის ქურდებს გადაურჩა, მაგრამ იგი მაინც მოკლეს მოსკოვში. ისტორია კი ასე იწყებოდა: თავის დროზე აფხაზი კანონიერი ქურდის, იური ლაკობას სახელს სხვა კრიმინალების ჩაშვებას უკავშირებდნენ. გარდა ამისა, მან თანამზრახველებთან ერთად ზურგიდან კეფაში ესროლა კანონიერ ქურდს, მიხეილ ყალიჩავას. ამის გამო, ქურდებისგან სიკვდილით დასჯას მოელოდა, რადგან “სხადნიაკის”, ანუ კანონიერი ქურდების თავყრილობის გადაწყვეტილების გარეშე ლაკობას უფლება არ ჰქონდა ქურდი მოეკლა. მას ქურდული სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო აკრთობდა, ვიდრე სამართალდამცავებთან კონტაქტი. ამის გამო სამართალდამცავებს ჩაბარდა და მათ ჩვენება მისცა. ამას სოხუმში ქურდების დაპატიმრებების სერია მოჰყვა, იჭერდნენ მის თანამზრახველებს. ორთაჭალის ციხის ქურდები ლაკობას მათთან გადაყვანას მოუთმენლად ელოდნენ. მისი მოკვლა ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა, პოლიციამ სიტყვა არ გატეხა და მას ცალკე საკანი მიუჩინა. გათავისუფლების შემდეგ ლაკობა მალევე მოკლეს მოსკოვში, რაც ალბათ ყალიჩავას მკვლელობაზე პასუხი იყო.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის დროზე ამ სამყაროს პოპულარობას შესაბამისი ლიტერატურის გავრცელებამაც შეუწყო ხელი? რუსეთში სახელმძღვანელოც გამოდიოდა, თუ როგორ უნდა ამოაცალო კაცს ჯიბიდან ფული, რაც მაშინ საქართველოშიც ვრცელდებოდა.

– გამოსავალი ხალხის დასაქმებაა, კაცს რომ ეუბნები, 90 ლარით იარსებეო, მას გამოსავალიც უნდა დაანახო. საზოგადოებრივი ცხოვრების დონე დანაშაულის პირდაპირპროპორციულია. საოცარია ფინეთის ციხის ისტორია, იქ ხშირად პატიმარი არ ჰყავთ, რადგან ხალხი ნორმალურად ცხოვრობს. ადრე ზოგიერთი ქურდი არასწორად მიიჩნევდა, თითქოს მათი საქმე ღმერთისგან იყო დაშვებული, ერთ ქურდს ტანზე წარწერაც ჰქონდა – “ბოგ სოზდალ ვორა, ა ჩორტ” – პროკურორა. ეს პრობლემა საუკუნეების წინაც აწუხებდათ. ცნობილია ავაზაკის მიმართ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედების შესახებ. თითოეული ქურდობის შემდეგ ავაზაკი ღვთისმშობლის ხატთან დაჩოქილი პატიებას ითხოვდა და მოკრძალებით ერთსა და იმავეს იმეორებდა – მესმის, რომ ცოდვაა, ისიც ვიცი, რომ ჩემს სიხარულს სხვის უბედურებაზე ვაგებ, მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად როგორ ვიცხოვროო. ამის შემდეგ ავაზაკი თვლიდა, რომ ჩადენილი ცოდვა მეტ–ნაკლებად მოინანია და ღვთისმშობლისგან შენდობა მიიღო. ეს თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მორიგი აღსარების დროს ნაქურდალით გახარებულს ეჩვენა, რომ ღვთისმშობლის ხატი გაინძრა, იფიქრა, რომ მოეჩვენა და ჩვეულებისამებრ განაგრძო თავის მოსაწყლება – ვიცი, ცოდვას ჩავდივარ, მაგრამ რა ვქნა, როგორ ვიცხოვროო. დაასრულა თუ არა ეს სიტყვები, ხატზე სისხლი შენიშნა, ყრმა იესოს ჭრილობები გახსნოდა. უცებ ჩაესმა ღვთისმშობლის ხმა – შენ და ყოველი შენი მსგავსი ცოდვილი კვლავ და კვლავ ჯვარს აცმევთ ჩემს შვილს, როცა სცოდავთ. რატომ მტკენთ გულს ასე ცოდვილი ცხოვრებით? ავაზაკმა პატიება ითხოვა, ღვთისმშობელმა უფალს შესთხოვა, მისთვის ეპატიებინა. უფალმა კი მიუგო: “ეპატიება მას ცოდვები, შენ გამო, დედა”.

– როგორც ვიცი, ირანში ქურდებს მარჯვენა ხელის მოკვეთით სჯიან.

– არა მარტო ირანში. ჩეჩნების უმეტესობაც კანონიერ ქურდებს არ აღიარებს. ისინი მათთვის მოძალადეებად აღიქმებიან, რომლებიც ფულის შოვნის გამო არაფერს ერიდებიან. ამიტომ მათში კანონიერი ქურდი იშვიათობაა. 1994 წელს მოსკოვის ერთ–ერთ სასტუმროში მოკლეს ქართველი ქურდების მიერ მონათლული, ფაქტობრივად, ერთადერთი ჩეჩენი წარმომავლობის ქურდი სულთან დაუდოვი, მეტსახელად მუსულმანი. მისი მკვლელობა დღესაც ბურუსითაა მოცული. თავის დროზე სულთანი საქართველოშიც ჩამოსულა, ისეთი პატივი უციათ, სიცოცხლის ბოლომდე აფასებდა ქართველებს. მთელი თავისი ქურდული “კარიერის” მანძილზე სულთანი ცდილობდა რომელიმე თანამემამულე ქურდად ექცია, თუმცა – ამაოდ. ბოლოს სულთანმა მეზობლად მცხოვრები უპატრონოდ დარჩენილი ბავშვიც კი გაზარდა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად პატიოსანი აღმოჩნდა, ქურდობას ვერაფრით შეძლებდა, რაც სულთანს დაიმედების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, ყველას გასაკვირად, სულთანის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დაწუნებულმა ბავშვმა ქურდობაზე პრეტენზია გამოთქვა, რასაც, ალბათ, სულთანი ვერც წარმოიდგენდა. ბავშვი დიდ პატივს სცემდა თავის მეურვეს, სულთანის სახით.

– მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთში კრიმინალური შემთხვევები ხშირად ხდებოდა, იქ ქურდების ინსტიტუტი არ შექმნილა.

– დიახ, მეფის რუსეთში მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობდა, რაც სრულებით არ ნიშნავდა, რომ ქურდების ნაკლებობა იყო. სხვათა შორის, მკვლელობათა რეკორდი რუსებს ეკუთვნით, ერთ–ერთმა მეეტლემ პეტერბურგში 127 კაცი მოკლა. იგი მგზავრებს სასურველ ადგილზე მიყვანის ნაცვლად, საიქიოში ისტუმრებდა. ამის მიუხედავად, მათი გაერთიანება ერთ მთლიან სამყაროდ მაინც ვერ მოხერხდა. ე.წ. კანონიერი ქურდები 30–იანი წლების დასაწყისში წარმოიშვნენ “ლაგერებსა” თუ კოლონიებში, რომლის მთლიანობაც იყო გულაგი. სიტყვა “გულაგი” ნიშნავს “გლავნოე უპრავლენიე ლაგერეი”. რუსებმა ძალიან დიდი გულაგები შექმნეს აღმოსავლეთში, ურალის ქედის იქით. 20–30 ათასი კაცის დაპატიმრება იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. აურაცხელი ხალხის მეთვალყურეობას ე.წ. კანონიერ ქურდებს ავალებდნენ. მაგალითად, მურმანსკის არხის გაყვანისას უამრავ პატიმარს ამუშავებდნენ, მათ კი ციხის ადმინისტრაციის დავალებით, მეთვალყურეობდნენ ქურდები. თავის დროზე, ალბათ, ეს იდეა მაღალ დონეზე შეფასდა, მაგრამ მოგვიანებით საშინელი შედეგი მოიტანა, რადგან ვერ გათვალეს, ბოთლიდან გამოსულ ჯინს უკან ვინ ჩააბრუნებდა.

– საშინელ შედეგში რას გულისხმობთ?

– ქურდებს მუშაობა არ უყვარდათ და ბანაკში ნებიერი ცხოვრება სურდათ, ამიტომ სამუშაოდ წასვლას სხვებს აიძულებდნენ. თავის არგუმენტს კი შემდეგნაირად ამართლებდნენ: “უ წებია ნა ლბუ ნაპისანო რაბოტაც” – შუბლზე გაწერია, იმუშავე. სხვათა შორის, პატიმრობაში ყოფნის სისტემა აგებული იყო საპატიმრო დღეების ჩათვლაზე. ადმინისტრაციის მხრივ ეს გონივრული ნაბიჯი იყო, რადგან პატიმარი ცდილობდა, ბევრი ემუშავა, რაც რამდენიმე დღის მუშაობაში ეთვლებოდა. თუ დამნაშავისთვის მოსახდელი ვადა ერთი წელიწადი იყო, სამმაგი დატვირთვის მუშაობის შემთხვევაში, შედარებით ადრე გამოუშვებდნენ. მოგვიანებით უკვე ესეც დარღვევებით წარიმართა, პატიმრები საკუთარ გამომუშავებულ დღეებს ყიდდნენ, ერთმანეთს გადასცემდნენ. ამას ქურდები ანაწილებდნენ, რომლებიც მართალია, თავიდან გულაგის ადმინისტრაციისთვის მუშაობდნენ, მაგრამ თანდათან დიდი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და ფაქტობრივად, ციხის ხელისუფალნი ხდებოდნენ.

– რას ნიშნავდა ტერმინი “კანონიერი ქურდი”?

– ეს ტერმინი იმას ნიშნავდა, რომ მათ გულაგის ადმინისტრაციამ კანონიერება დაუკანონა. ქურდული სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, ეს გაერთიანება, თავდაპირველად, მაწანწალებისგან ყალიბდებოდა. ქურდს ოჯახი, სიმდიდრე, სახლი არ უნდა ჰქონოდა, არც საშუალოზე ზემოთ განათლება მოეთხოვებოდა. შესაბამისად, ისინი არ მუშაობდნენ. ამიტომ, მაშინვე დაიწყო სახელმწიფომ მათი შევიწროვება, ისინი ბომჟებს გაუთანაბრეს. იმის გამო, რომ პასპორტის ქონა ეკრძალებოდათ და ჩაწერილნი არსად იყვნენ, მათ ბომჟების საწინააღმდეგო კანონით 2–დან 4 წლამდე იჭერდნენ. გამოსავლის პოვნის მიზნით, მათი თავკაცები შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ საპატიმროდან თავის დაღწევა შეეძლოთ, თუ სამუშაო ცნობას აიღებდნენ, არც ოჯახის შექმნაზე ამბობდნენ უარს. ისინი გარე სამყაროს მიმართ უფრო დამყოლნი ხდებოდნენ და თანდათან ლიბერალურ კანონებს იღებდნენ. უფრო მოგვიანებით, ფულის შეწერითა და წილების საკითხითაც დაინტერესდნენ და ბიზნესში “კრიშების” სახით ამოჰყვეს თავი. არასწორი იყო, როცა ქურდობას ერთ დროს კაიბიჭობის ინტერპრეტაცია მიეცა. თუმცა, ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული, ერთი ყოფილი კანონიერი ქურდის შვილი დღეს პროფესორია.

წყარო:mygenews.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close