არქივი

სალვადორ დალი – გენიოსი თუ შეშლილი

9b37354a6a88

სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”

ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისში” ხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.

როგორც წესი, დალი მთელ სართულს იკავებდა იმის გამო, რომ სასტუმროს დერეფანში ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. უდტრტვინველი სახით ითხოვდა თხის არვეს მოყვანას. თხები ძვირადღირებული სასტუმროს ოთახებში დარბოდნენ და კიკინებდნენ . დალი კი მათ ფუჭ ვაზნებს ესროდა. მისი ბრძანებით , აივანზე კუპრით სავსე კასრებს დგამდნენ, ის კი მანეკენებს აიძულებდა , თავი შიგ ჩაეყოთ.

შთაგონებისათვის ზოგჯერ ბუზები სჭირდებოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ბაღში იჭერდა , მხატვარი კი თითოეულს 5 ფრანკად ყიდულობდა. დალის შეეძლო დარბაზში, სადაც მეტად პატივსაცემი სტუმრები ელოდნენ, საკუთარ წარმომადგენლად ცხენი ან აქლემი შეეშვა. ზოგჯერ თავიდან ფეხებამდე მწვანე ფერის სამოსს იცვამდა, მწვანე ფერის ღია ”კადილაკში”ჯდებოდა, გვერდით იმავე ფერის სამოსში გამოწყობილ ცოლს , გალას, ისვამდა და ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა. სასტუმროდან გასვლის საკუთარი წესი ჰქონდა. მანქანის ბორბლებქვეშ მონეტებს ყრიდა და ამაყად აცხადებდა , მთელ პარიზში მანქანას ოქროებზე დავაქროლებო.

გარდა ამისა, მას საკუთარი ნომრის კედლების მოხატვა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, როდესაც სასტუმროდან მოდიოდა , მთელ სართულს არემონტებდნენ, კედლებს კი თავიდან ღებავდნენ. დღეს დალის თაყვანისმცემლები მისი შედევრების ამგვარად განადგურებას მკრეხელობად მიიჩნევენ.

d225a4270094

სალვადორ დალი საკუთარ თავს ”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.

დალის 1982 წელს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, მარკის დე პუბოლის ტიტული მიანიჭა. მას შეეძლო , თავისი ცხოვრების ნებისმიერი მომენტი ლეგენდად ექცია, აფორმებდა მოდების ჟურნალებს -”ვოგსა” და ”ჰარპერზ ბაზაარს”, სუნამოს ფლაკონებს ქმნიდა. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო. უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც  ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა. სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.

ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა და ამბობდა, რომ დედის მუცელშივე პროვოკატორი იყო.

სალვადორ ფილიპ ხასინტო დალი ი დომენიჩი 1904 წლის 11 მაისს ესპანეთის ჩრ-აღმ-ში, კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში დაიბადა. მამა მეტად პატივსაცემი ნოტარიუსი იყო. ბიჭუნას დედა, დეიდები და ბებია ზრდიდნენ. დალის ერთი უმცროსი და ჰყავდა, ანა-მარია, ძმა კი მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ანა-მარია მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო, შემდეგ კი მისთვის პოზირებდა.

დალი ძალზე განათლებული ბავშვი იყო, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და პოლიტიკა აინტერესებდა. კლასელები მასთან არ მეგობრობდნენ, მეტისმეტად თავდაჯერებულად და ამაყად მიაჩნდათ. 17 წლისას დედა კიბოთი გარდაეცვალა და ეს დიდი ტრაგედია აღმოჩნდა მისთვის. კიდევ უფრო მძიმე ის იყო, რომ მამამისმა ცოლად გარდაცვლილი ცოლის და შეირთო.

დალის ხატვის ნიჭთან ერთად ლიტერატურის ნიჭიც აღმოაჩნდა, ლექსებს წერდა. 15 წლისა მეგობრებთან ერთად ჟურნალს გამოსცემდა. იქ გოიასა და დიურერზე აქვეყნებდა სტატიებს. შემდეგში მისი სათაყვანებელი მხატვარი ველასკესი გახდა. შესაძლოა აპრეხილი ულვაშებით სწორედ ველასკესს ბაძავდა.

მორიდებული ბავშვი იყო თუმცა საკუთარი საქციელით ახლობლების შეძრწუნება ბავშვობაშივე შეეძლო.მისი და წერდა , რომ სალვადორი უკვე დიდი იყო, მაგრამ თავის თანატოლებთან შედარებით ბავშვად რჩებოდა. მისი ბავშვობა სულაც არ იყო ისეთი პირქუში, როგორც შემდეგში თვითონ წერდა.

პირველი გამოფენის შემდეგ მამამ სასწავლებლად მადრიდში, ხელოვნების აკადემიაში გააგზავნა. საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის იქიდან 2-ჯერ გამორიცხეს. მასწავლებლებიც უჩიოდნენ, რადგან პრინციპულად არ პასუხობდა შეკითხვებზე – ამ საკითხზე თქვენზე მეტი ვიციო.

თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო. ”სიურეალიზმი ეს მე ვარ”  – განაცხადა მან ამერიკაში, თუმცა თავად ველასკესსა და რაფაელს ეთაყვანებოდა.

4c6a0b64c5d5

დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი , გათხოვილი ქალი გალინა დიაკონოვა, გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე და მაქს ერნესტის საყვარელი გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა , ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დაცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.

ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ და საოცარი ქორწილიც გადაიხადეს. მათ შვილები არ ჰყავდათ. ”გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან ”- განახცადა დალიმ – არ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ” . თავის მუზას ციხესიმაგრე უყიდა და ისინი ზაფხულობით სულ იქ იყვნენ. თუმცა ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქნდათ. გალას უამრავი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და მათ ბევრ ფულს ახარჯავდა.

დალის ცხოვრებაში დედის სიკვდილის შემდეგ ყველაზე მძიმე პერიოდი 1982 წელი იყო, როცა ესპანეთში პორტ- ლიგატში . გალა გარდაიცვალა და ანდერძად დატოვა , რომ პუბოლში იმ ციხესიმაგრეში დაესაფლავებინათ, რომელიც მას დალიმ აჩუქა. ესპანური კანონებით კი, გვამის მაშინვე გადასვენება აკრძალული იყო. გალა კადილაკის უკანა სავარძელზე ისე დასვეს, როგორც ცოცხალი, ისე გადაიყვანეს პუბოლში და აკლდამაში დაკრძალეს.

გალას გარდაცვალების შემდეგ დალი თავის ციხე-სიმაგრეში განმარტოვდა. სუნამო შექმნა და მას ”დალი” დაარქვა. გალა დალის უახლოესი ადამიანი იყო, მას აღმერთებდა. ამ ქალს დალის დემონად, ჯადოქრად მიიჩნევენ, რადგან მხატვარს სკანდალებისკენ უბიძგებდა, თუმცა არაკეთილმოსურნენიც კი ერთხმად აღიარებენ, რომ გალას გამოჩენამ დალის ცხოვრება შეცვალა. იგი ლამაზი არა , მაგრამ განსაკუთრებული ქალი იყო.

სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა, ესპანეთის მთავრობას მოელაპარაკა, თუ გადასახადებს არ გადაახდევინებდნენ , ყველაფერს დაუტოვებდა.

სკანდალები და სიხარბე

დალის სიხარბეზე ლეგენდები დადის. ერთმა ამხანაგმა დოლარებზე დახარბებული შეარქვა მეტსახელად. ამბობენ, რომ ხარბი იგი გალამ გახადა. ჭაბუკობისას ფულისადმი სრულიად გულგრილი იყო.  გალა მისი მენეჯერი გახლდათ და პათოლოგიურად უყვარდა ფული, თავის ახლაგაზრდა საყვარლებს მილიონდოლარიან სახლებს ჩუქნიდა და მდივნებს მათთვის ათიათასობით დოლარის გადაცემას სთხოვდა.

დალი თურმე არც თაღლითობაზე ამბობდა უარს. დღეს სალვადორ დალის ბევრი ნახატის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ზოგიერთ კატალოგში მითითებულია, რომ მისი რამდენიმე ნახატის ზუსტი ზომა უცნობია. ეს კი ყალბი ნახატის ორიგინალურისგან გამოსარჩევად აუცილებელია. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ უმდიდრეს ადამიანს ფულისთვის თაღლითობაც შეეძლო. ერთხელ თქვა კიდევაც : ” ძალიან მდიდარი ვარ, მაგრამ მაინც უსაზღვროდ მიყვარს ფული და ოქრო”.

1974 წელს საფრანგეთ-ანდორის საზღვარზე, საბაჟოზე, ფურცლებით სავსე დიდი სატვირთო მანქანა დააკავეს. ცარიელ ფურცლებს სალვადორ დალის ხელმოწერა ამშვენებდა. როდესაც ისინი გადათვალეს , გაოცდნენ – 40 000 მეტი იყო. სულ მალე გაირკვა – 10 დოლარის ფასად სუფთა ფურცელს თვით დალი აწერდა ხელს, საათში კი ათას ხელმოწერას ასწრებდა. ეს ისტორია გახმაურდა და მისი ნახატების ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა. მიუხედავად ამისა მაინც ყველაზე ძვირი ღირდა.

14399e00bee6

0e60ecd64a7f

52967b00d8e7

c66f27f1a36e

d32f0e286e9c

3e70249e7d5c

4ef0e9ca5d84

1fba084bfe7d

მსგავსი ამბები

Back to top button