არქივი

რუსული ოკუპაციის წლები

237a09a4e127

წავიკითხე რა ჩემივე პოსტში (“რუსეთი 1989–1993 წლები”) გაკეთებული კომენტარები გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს პოსტი. აქ რათქმაუნდა არ დევს არანაირი პოლიტიკური აზრი, უბრალოდ ისტორიული ფაქტებია მოყვანილი.

XVIII საუკუნის 80იან წლებში, საქართველოს მეფე, ერეკლე II გახდა პირველი მეფე რომელმაც რუსეთთან გააფორმა ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტს გეორგიევსკის ტრაქტატი ეწოდა და მის თანახმად რუსეთი ვალდებული იყო დაეცვა ერთმორწმუნე ქართველები მუსულმანური ირანისა და ოსმალეთისგან.

9430678a7b8c

ტრაქტატის პირობები:

ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისაგან

ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება” უღლისაგან მონებისა” და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“. ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

1)ხელშეკრულების პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.

2)მეორე მუხლით იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც, რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.

3)მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.

4)მეოთხე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.

5)მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.

6)მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.

7)მეშვიდე მუხლში ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.

8)მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.

9)მეცხრე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.

10)შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.

11)მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც.

12)მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.

13)მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.
გაგრძელება იქნება…
წყარო:ka.wikipedia.org/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button