არქივი

სამი ფილოსოფოსი მილეთიდან

40d5d5c4db67

ჩვენთვის ცნობილი პირველი ფილოსოფოსია თალესი, რომელიც დაიბადა მილეთში, მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარე ბერნულ კოლონიაში. მან მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის ეგვიპტეშიც, სადაც, როგორც ამბობენ, გამოთვალა პირამიდის სიმაღლე მისივე ჩრდილის მიხედვით სწორედ იმ მომენტში, როცა თვით თალესის ჩრდილი მისი სიმაღლის ტოლი იყო. იმასაც ამბობენ, რომ ზუსტად იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ქრ.შ.-მდე 585 წელს.

თალესს მიაჩნდა, რომ ყველაფრის საწყისია წყალი. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რისი თქმა სურდა ამით ფილოსოფოსს. შესაძლოა, იმის, რომ სიცოცხლე წყლიდან წარმოიშვა და წყლადვე იქცევა.

ეგვიპტეში მოგზაურობისას ის ნახავდა, თუ როგორ იზრდებოდა ყანები მას შემდეგ, რაც ადიდებული ნილოსი კალაპოტში ჩადგებოდა და ხმელეთიდან თავისი დელტის მიდამოებში უკუიქცეოდა. ალბათ, ფილოსოფოსი იმასაც შეამჩნევდა, როგორ ჩნდებოდნენ ბაყაყები და ჭიები წვიმის გადაღებისთანავე.
სავარაუდოა, რომ თალესი აკვირდებოდა, თუ როგორ იქცევა წყალი ორთქლად და ყინულად, შემდეგ კი – ისევ წყლად.

თალესვე მიეწერება გამოთქვა, რომ “ყველაფერი ღმერთებითაა სავსე”. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რას გულისხმობდა ამაში. იგი ხედავდა, როგორ იბადებოდა შავი მიწიდან ყველაფერი, ყვავილებითა და მოსავლით დაწყებული – მწერებითა და ტარაკნებით დამთავრებული და წარმოიდგენდა, რომ მიწა აღსავსე იყო უმცირესი `სიცოცხლე-ჩანასახებით”. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: ღმერთებში თალესი ჰომეროსის ღმერთებს არ გულისხმობდა.

მეორე ფილოსოფოსი იყო ანაქსიმანდრე, რომელიც მილეთშივე ცხოვრობდა დაახლოებით თალესის დროს. ანაქსიმანდრეს აზრით, ჩვენი სამყარო ერთ-ერთია აურაცხელ სხვა სამყაროთაგან, რომლებიც იშვებიან და ქრებიან იმის წიაღში, რასაც ის უსაზღვროს უწოდებს. არც ისე იოლია იმის თქმა, თუ რას გულისხმობს ფილოსოფოსი უსაზღვროში. თუმცა ერთი რამ ცხადია: ამ ცნებით ანაქსიმანდრე არ გამოხატავს რაიმე ცნობილ ელემენტს, როგორც თალესი. შესაძლოა, ანაქსიმანდრე გულისხმობს, რომ სუბსტანცია, რომლისგანაც ყველა საგანი იქმნება, უნდა განსხვავდებოდეს მის მიერვე შექმნილი საგნებისგან. რაგი ყველა შქმნილი საგანი დასაზღვრულია, ამდენად, ის, რაც წინ უძღვის და მოჰყვება მათ, უნდა იყოს `უსაზღვრო”.

მესამე მილეთელი ფილოსოფოსი იყო ანაქსიმენე (570 – 526 წ.წ. ქრ.შ.-მდე). ყველა საგნის პირველსაწყისი იგი “ჰაერს” და “ორთქლს” მიიჩნევდა. რასაკვირველია, ანაქსიმენე იცნობდა თალესის წყლის თეორიას. მაგრამ საიდან გაჩნდა თვით წყალი? ანაქსიმენე ფიქრობდა, რომ წყალი არის კონდენსირებული ჰაერი. ჩვენ ვხედავთ, რომ წვიმის დროს წყალი ჰაერის “დაწნეხვის” შედეგად წარმოიქმნება. ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ წყლის კიდევ უფრო მეტი დაწნეხვით მიწა წარმოიქმნებოდა. მას შეეძლო თვალი ედევნებინა, როგორ ჩნდებოდა მიწა და ქვიშა, როცა ყინული ლღვებოდა. იგი იმასაც ფიქრობდა, რომ ცეცხლი იყო გაიშვიათებული ჰაერი. საბოლოოდ, ანაქსიმენეს მიხედვით, ჰაერი იყო მიწის, წყლისა და ცეცხლის საწყისი.

წყლიდან მიწის ნაყოფამდე შორი მანძილი არ არის. შესაძლოა, ანაქსიმენე ფიქრობდა, რომ მიწა, ჰაერი და ცეცხლი – ყველა ერთნაირად აუცილებელია სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი აზრით, ყველა საგნის პირველსაწყისი მაინც ჰაერი და ორთქლი იყო. ამგვარად, თალესის მსგავსად, ანაქსიმენეც მიიჩნევდა, რომ უნდა ეარსება რაღაც იდუმალ სუბსტანციას – ბუნების ყველა ცვლილების საფუძველს.

სამივე მილეთელ ფილოსოფოსს სჯეროდა არსებობა ერთადერთი პირველადი სუბსტანციისა, რომელიც იყო საგანთა პირველსაწყისი.

მსგავსი ამბები

Back to top button