საკითხავისასარგებლო

ბუნების ფილოსოფოსები

c598743aad50

ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს ხანდახან ბუნების ფილოსოფოსებსაც უწოდებენ, რაკი ისინი ბუნებასა და მასში მიდინარე პროცესებს შეისწავლიდნენ.

საიდან გაჩნდა ყოველივე არსებული? დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ოდესღაც არაფრისგან იშვა რაღაც. ბერძნები ამ აზრს მაინდამაინც არ იზიარებდნენ. ამა თუ იმ მიზეზით მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ `რაღაც” ყოველთვის არსებობდა.

ამდენად, ის საკითხი, თუ როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი გაჩენილიყო არაფრისგან, მათთვის არასოდეს ყოფილა უპირველესი მნიშვნელობის. მეორე მხრივ, ბერძნებს უკვირდათ, როგორ იბადებოდა წყლიდან თევზი, მკვდარი მიწიდან კი – ვეებერთელა ხეები და საუცხოო ყვავილები. აღარაფერს ვამბობთ დედის წიაღიდან დაბადებულ ბავშვზე.

ფილოსოფოსები საკუთარი თვალით ხედავნენ, რომ ბუნეა გამუდმებით იცვლებოდა. რა განაპირობებდა ამ განუწყვეტელ ცვალებადობას?

როგორ ხდებოდა, რომ რაღაც ჯერ მატერია იყო, შემდეგ კი ცოცხალ არსებად იქცეოდა? ძველ ფილოსოფოსებს აერთიანებდათ რწმენა, რომ ყოველგვარ ცვლილებას პირველადი ელემენტი უდევს საფუძვლად. ძნელი სათქმელია, როგორ მივიდნენ ისინი ასეთ დასკვნებამდე. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ თანდათანობით ჩამოყალიბდა აზრი პირველად სუბსტანციაზე, როგორც ბუნებაში მომხდარი ყოველგვარი ცვლილების ფარულ მიზეზზე. უნდა არსებობდეს `რაღაც”, რისგანაც ყველა საგანი მოდის და რასაც ყველა საგანი უბრუნდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი სვამდნენ კითხვებს იმ ცვლილებების შესახებ, რასაც ფიზიკურ სამყაროში ხედავდნენ. სინი ბუნების შინაგან კანონებს ეძებდნენ. სურდათ, გაეგოთ, რა ხდებოდა მათ ირგვლივ, ოღონდ ისე, რომ ძველისძველ მითებს არ მიბრუნებოდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, სურდათ, ჩასწვდომოდნენ რეალურად მიმდინარე პროცესებს თვით ბუნების შესწავლით. ასეთი მიდგომა სრულებით განსხვავდებოდა ძველი აზროვნებისგან, როცა ჭექა-ქუხილი, ელვა, ზამთარი თუ გაზაფხული ღმერთების თავგადასავალს უკავშირდებოდა.

ამგვარად, ფილოსოფია თანდათანობით გათავისუფლდა რელიგიისგან. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ბუნების ფილოსოფოსებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს მეცნიერული განსჯისკენ და ამით მეცნიერების წინამორბედებად მოგვევლინნენ.

ჩვენამდე ბუნების ფილოსოფოსების ნააზრევის მხოლოდ ცალკეულმა ფრაგმენტებმა მოაღწია. მათი დასკვნების შესახებ ჩვენ არისტოტოელეს ნაწერებიდან ვიცით, რომელიც პირველივე ფილოსოფოსების ეპოქიდან ორი – სამი საუკუნის შემდეგ მოღვაწეობდა. ჩვენტვის უცნობია, ტუ როგორ მივიდნენ ფილოსოფოსები ასეთ დასკვნებამდე, მაგრამ ის, რაც ცნობილია, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებს აინტერესებდათ პირველადი ელემენტ-სუბსტანცია და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები.

მსგავსი ამბები

Back to top button