საკითხავისასარგებლოსაქართველო

თურმანიძე

თურმანიძეთა გვარი ქართულ ცნობიერებაში უკვე მრავალი საუკუნეა ასოცირებულია განუმეორებელ მალამოსთან და სასწაულებრივ განკურნებასთან.

სიმბოლურია უკვე ეტიმოლოგია ამ გვარისა, რომელსაც საფუძვლად სპარსული “თურმან”, ანუ – “მკურნალი” უდევს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ნიკო ბერძენიშვილის ვარაუდით, თურმანიძეებს თავდაპირველად სამხრეთ საქართველოში უცხოვრიათ; შემდეგ გადასახლებულან იმერეთში, ქართლ-კახეთსა და აჭარაში. ქართულ საისტორიო დოკუმენტებში ეს გვარი პირველად XI საუკუნეშია ნახსენები, ხოლო ბაღდადთან, სოფელ წითელხევში დღემდეა შემორჩენილი ერთი პატარა ბაზილიკა, რომლის კედელზე, ფრესკებქვეშ ასეთ წარწერას ამოიკითხავთ: “გიორგის თურმანიძეს, მეუღლესა გულფიქრიას შეუნდოს ღმერთმან, ამინ. ძე მათი თურმანი.” გველისებური ზიგზაგები აქვე გამოსახული ჯვრის სამკლავებზე გვაფიქრებინებს, რომ ეს სიმბოლიკაც არაა შემთხვევითი და თურმანიძეთა ტრადიციულ საქმიანობაზე მიანიშნებს.

რადგან თურმანიძეები საუკუნეთა განმავლობაში მეფის კარის მკურნალები იყვნენ, როგორც ჩანს მათ კარის აზნაურის წოდება მიენიჭათ და 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დანართში უკვე “აზნაური თურმანიძეა” მოხსენიებული. თურმანიძენი არც შემდგომ საუკუნეში ღალატობენ თავის მოწოდებას. ნიშანდობლივია ერთი ინფორმაცია გაზეთ “დროებიდან”: “სერბიაში დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახულიო”. თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს ფეხში დაჭრილი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე სწორედ თურმანიძეთა მალამომ განკურნა, ხოლო იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი – ჯუზეპე გარიბალდი – ფეხის ამპუტაციისაგან იხსნა.

არ არის გასაკვირი, რომ ამ გამორჩეული გვარის კეთილშობილი საქმიანობა, ისტორიული დოკუმენტების გარდა, მხატვრულ ლიტერტურაშიც აისახა. მრავლისმეტყველია ნაწყვეტი აკაკი წერეთლის პოემიდან “კიკოლას ნაამბობი”:

“იმერელი ვარ ნამდვილი, იმერეთს დაბადებული,

გვარადაც თურმანიძე ვარ, ჯანიოზობით ქებული.

თვით უკვდავების წყაროში მოზელილი მაქვს მალამო,

მაგრამ ამ საიდუმლობას დიდი სიფრთხილით ვმალავო.

ანდერძი საგვარეულო გვიწერს, რომ უნდა დავფაროთ

და მოსწავლედაც სხვა გვარის ვერავინ ვერ დავიბაროთ.”

ღირსეულად არიან წარმოჩენილნი თურმანიძენი კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენაში”, ლევან გოთუას “გმირთა ვარამში”.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თურმანიძეები რუსეთის არმიაშიც მსახურობდნენ ქირურგებად (მაგ. ბ. თურმანიძე). საბჭოთა ხელისუფლებამ მკურნალობის ოფიციალური ნებართვა მისცა თურმანიძეების ზოგიერთ წარმომადგენელს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close