არქივი

ქალაქი

af08a9167c63
ქალაქი — მსხვილი დასახლებელი პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს

ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა.

ქალაქი წარმოიქმნა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყოფა სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციას გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში მივყავართ ქალაქური ტიპის დასახლების შექმნამდე.

პირველი ქალაქები, როგორც ადმინისტრაციული და რელიგიური, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, ძვ. წ. IV—III ათასწლეულში წარმოიშვა. ქალაქების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე. ისინი იქცნენ სახელმწიფო ხელისუფლების და კულტურის განვითარების ორგანიზაციულ, კერძოდ სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარების ცენტრად, ხელი შეუწყვეს ხელოსნობისა და ვაჭრობის (მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობის) განვითარებას. აქ ჩაისახა სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. ქალაქის ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული ტექნიკის პროგრესი.

ქალაქების დაარსება და განვითარება მჭიდრო კავშირშია შრომის გეოგრაფიულ დანაწილებასთან. ქალაქთა უმრავლესობის განვითარების ძირითადი ფაქტორია საზოგადოებრივი წარმოების ფუნქცია, თუმცა არსებობს ქალაქწარმომქმნელი სხვა ფაქტორებიც, მაგალითად:
ადმინისტრაციული (ჩვეულებრივ, სხვა ფაქტორებთან ერთად)
სამხედრო-სტრატეგიული (ციხე-ქალაქი)
დასასვენებელი და სამკურნალო (საკურორტო ქალაქები)
სამეცნიერო-საუნივერსიტეტო
რელიგიური

თანამედროვე პირობებში ბევრმა ქალაქმა შეიძინა სხვა დანიშნულებაც: ტურისტულ-სამუზეუმო, საფესტივალო, სპორტული და სხვა. თითოეული ქალაქის ფუნქციური ტიპი არსებითად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით და იმ კავშირებით, რომლებიც არსებობს ქალაქსა და მისკენ მიზიდულ ტერიტორიას შორის

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ: პატარა, საშუალო, დიდ, მსხვილ და უმსხვილეს (ანუ „მილიონიან“) ქალაქებს. მთლიანად მსოფლიოში არის 1700 მსხვილი ქალაქი, სადაც მოსახლეობა 100 ათას აღემატება, და 220 საქალაქო აგლომერაცია 1 მილიონზე მეტი მცხოვრებით.

ქალაქის ცალკეული ზონები — ცენტრი, საცხოვრებელი, სამრეწველო და სხვა რაიონები ყალიბდება ისტორიულად ან იქმნება გეგმის მიხედვით. ცენტრი ასრულებს საზოგადოებრივ, იდეოლოგიურ და წარმომადგენლობით ფუნქციას. იქ განლაგებულია საზოგადოებრივ შენობები, ადმინისტრაციული და კულტურული კულტურული დაწესებულებები, სავაჭრო რიგები და სხვა. ამიტომ ცენტრში თავმოყრილია არქიტექტურის ანსამბლები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ მთელი ქალაქის კომპოზიციურ აგებულებას.

ქალაქის ინდივიდუალურობას შეიძლება ქმნიდეს აგრეთვე მისი საწარმოები ტექნიკურ-საინჟინრო ნაგებობებით, ჩქაროსნული მაგისტრალები, ავტოსადგომები, სპორტული კომპლექსები. ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს.

ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმებია გავრცელებული. საქალაქო მმართველობის ტიპიური ორგანოებია: არჩეული მუნიციპალური საბჭო (მუნიციპალიტეტი), ქალაქის ასამბლეა, ქალაქის საკრებულო, საქალაქო საბჭო. ამ ორგანოების მიერ ან ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული საქალაქო ადმინისტრაციის მეთაური, მერი, ბურგომისტრი, ქალაქის თავი და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები. დიდ ქალაქებში არჩევითი ორგანოები ირჩევენ თავის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოებს: ქალაქის მთავრობას, აღმასრულებელ კომიტეტს და სხვა. დედაქალაქებში ხშირად მმართველობის განსაკუთრებული ფორმებია დადგენილი.

მსგავსი ამბები

Back to top button