არქივი

ქუთაისი

2f0cee914c2d

ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე.

ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.).

ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი.

ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: <<< მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე… მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან… სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო >>>

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით: <<<ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი >>> აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის “არგონოვტიკა” (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა. <<< აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს… უთვალთვალებს საზარელი დრაკონი >>> კჳტაიისის ხმელეთი”, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან “მოხირისად” იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას “ქუთათისის ქუეყანა” ცვლის, XVIII საუკუნეში კი – “ვაკე”. XVIII საუკუნეში “ვაკის” მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ “ფიცისკაცები” ეწოდებოდათ.

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

მეცნიერა

ნუ მიყვარს მეცნიერება და...?

მსგავსი ამბები

Back to top button