გართობაკულტურა

ჰანიბალ ბარკა

http://www.picz.ge/img/s4/1501/22/5/509954a074d4.jpg

ჰანიბალ ბარკა (ძვ.წ. 247-183 წ.) ცნობილი კართაგენელი სამხედრო მოღვაწის და I პუნიკური ომის ერთ-ერთი გმირის, ჰამილკარ ბარკას ძე იყო. 9 წლის ასაკში მამამ რომაელთა სამუდამო მტრობის ფიცი დაადებინა. ტიტუს ლივიუსი ჰანიბალზე წერდა: დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომელიც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებით, მეთაურისა და ხელქვეითის თვისებებით, ასე თანაბრად ყოფილიყო დაჯილდოებული. მისნაირად არცერთ მეთაურს არ შეეძლო მეომრებში ნდობისა და მამაცობის შთანერგვა. არავინ იყო ჰანიბალივით უშიშარი საფრთხის ჟამს, არც არავინ იჩენდა მასსავით წინდახედულობას ყველაზე მძიმე წუთებში , თუმცა ლივიუსი იმასაც აღნიშნავს, რომ – ამ დიდ ღირსებებთან ერთად ასევე დიდი ნაკლოვანებანიც ახასიათებდა: – არაადამიანური სიმკაცრე და გაუგონარი მუხანათობა. მისთვის არ არსებობდა არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სიწმინდე, სრულიად არ ჰქონდა ღმერთების შიში, არაფრად უღირდა ფიცის გატეხა. ჰანიბალმა წამოიწყო რომთან ომი, როდესაც დაარღვია I პუნიკური ომის შემდეგ დადებული ხელშეკრულება და აიღო ესპანური ქალაქი საგუნტი. ამის შემდეგ იგი მთელი თავისი არმიით დაიძრა იტალიისკენ, გადალახა ალპები, შეიჭრა ეტრურიაში, დაამარცხა რომაელი კონსულები ტიცინუსის, ტრებიის, ტრაზიმენისა და კანეს ბრძოლებში და საფრთხე შეუქმნა რომს, თუმცა, როგორც მისმა სარდალმა, მაჰარბალმა უთხრა: “შენ ჰანიბალ, იცი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ამ გამარჯვებით სარგებლობა არ ძალგიძს” . ძვ.წ. 203 წელს სციპიონის აფრიკაში შეჭრით დამფრთხალმა კართაგენის სენატმა ჰანიბალი სამშობლოში დააბრუნა, სადაც მან ჯარი შეკრიბა, თავის ვეტერანებს შეუერთა და ძვ.წ. 202 წლის 19 ოქტომბერს რომაელებს შეებრძოლა.
ჰანიბალის აფრიკელი ქვეითები (ძვ.წ. III ს.)

http://www.picz.ge/img/s3/1501/22/0/0fe19cebba5e.jpg

კართაგენის არმია ძირითადად მოქირავნეებსა და დამოუკიდებელ ტომთა რაზმებს ეყრდნობოდა. ჯარის განკარგულებაში იყო საბრძოლო სპილოები და საალყო მანქანები. სარდლები თითქმის ყოველთვის კართაგენელები იყვნენ(იყო გამონაკლისიც, მაგ. სპარტელი ქსანთიპე). მოქირავნეთა რაზმები ომის პერიოდში იკრიბებოდა და დასრულებისას იშლებოდა. ამას გარდა კართაგენში ყალიბდებოდა ადგილობრივი მეომრების ელიტური შენაერთი, რომელსაც ბერძნები ჰიეროს 1ოცჰოს უწოდებდნენ ანუ “წმინდა რაზმს”. ეს დანაყოფი ბრძოლაში მხოლოდ უკიდურეს მომენტში ერთვებოდა და ძირითადად რეზერვს წარმოადგენდა. პლუტარქეს მიხედვით “წმინდა რაზმი” 10 000 მეომარს შეადგენდა, ხოლო დიოდოროსი სულ 2500 მეომარს ასახელებდა. აფრიკა და ესპანეთი(იბერები) კართაგენის საუკეთესო სამხედრო რესურსს წარმოადგენდნენ, ასევე ბალეარის კუნძულები.
კართაგენელ შუბოსანთა ნაწილი (განსაკუთრებით „წმინდა რაზმი”) ბერძენ-მაკედონელი ფალანგისტების მსგავად იყვნენ აღჭურვილები

თუკიდიდე წერს, რომ ათენელმა სტრატეგოსმა ალკიბიადემ(დაახლ. ძვ.წ. 490-404) იბერები მთელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში საუკეთესო მოქირავნე ჯარისკაცებად გამოაცხადა. მათ გარდა კართაგენის ჯარში გალები და ლიბიელებიც მსახურობდნენ მოქირავნეებად. არმიის შეკრების ამ სისტემას პრობლემებიც ახლდა თან. ამის მაგალითია დაქირავებული ჯარის აჯანყება ძვ.წ. 240 წელს კართაგენის მოსაზღვრე ნუმიდიის მეფეები ძირითადად მათი მოკავშირეები იყვნენ და ჯარითაც ეხმარებოდნენ კართაგენის არმიას. კართაგენის ჯარის დასუსტებაზე ძალიან იმოქმედა ნუმიდიელი პრინცის, მასინისას მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლამ.

http://www.picz.ge/img/s2/1501/22/2/2474203d47e5.jpg

ესპანელი ქვეითი მეომარი (ძვ.წ. III ს.)

ამ უკანასკნელმა თავი გამოიჩინა ზამას ბრძოლაშიც ჰანიბალის წინააღმდეგ. საერთოდ კავალერია კართაგენის ძირითადი უპირატესობა იყო რომთან ომისას. მისი ცხენოსანი ჯარი ნუმიდიელების, კართაგენელების, გალებისა და იბერებისგან შედგებოდა, შემდეგ კი კამპანიაში შეჭრისას კამპანიელი მხედრებიც შეირთა. საინტერესოა ისიც, რომ კართაგენელებთან ერთად ზამას ბრძოლაში მაკედონური რაზმიც იბრძოდა, რომელიც რომის მტერმა, მაკედონიის მეფე ფილიპე V გამოგზავნა. სხვადასხვა ანტიკური მონაცემებით, ზამასთან კართაგენს დაახლოებით 50 000-მდე მებრძოლი ჰყავდა. მათგან დაახლ. 45 ათასი ქვეითი და 5000 კართაგენელი და ნუმიდიელი მხედარი.

კართაგენელთა საბრძოლო სპილო

ასევე 80 საბრძოლო სპილო (ყველაზე მეტი რაც აქამდე გამოუყენებია). სპილოები კართაგენის ჯარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იყო. გაწვრთნილ აფრიკულ სპილოზე გამძღოლი და რამდენიმე მეომარი იყო ამხედრებული და მტერს იქიდან ისრებს ან შუბებს აყრიდა, სპილო კი მოწინააღმდეგის რიგებს არღვევდა და ქელავდა. სციპიონმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავა ამ აფრიკული ტანკების წინააღმდეგ, თუ რა შედეგი მოიტანა ამან ზამას ბრძოლაში გამოჩნდა.
რომის რესპუბლიკა
რომის რესპუბლიკა ტრადიციულად ძვ.წ. 508 წელს იღებს სათავეს, როდესაც რომიდან უკანასკნელი მეფე ტარქვინიუს ამაყი განდევნეს. ამის შემდეგ სენატი და რომაელი ხალხი (Senatus Populus Que Romanus) ერთობლივად მართავდნენ ქალაქს. ძვ.წ. III საუკუნეში რომს უკვე დამორჩილებული ჰქონდა იტალია, თუმცა იტალიკებს ავტონომიური უფლებები ჰქონდათ და სუვერენს მოკავშირეების წოდებით ეხმარებოდნენ ომში. რომაული ინტერესები კართაგენელებისას სიცილიაში შეეჩეხა. პირველი პუნიკური ომის შედეგად სიცილია, კორსიკა და სარდინია რომის რესპუბლიკას დარჩა, ასევე მათ დაუწესეს საზღვარი კართაგენს ესპანეთში, რათა ისინი მდინარე ებროს მარცხენა სანაპიროზე არ გადასულიყვნენ. ჰანიბალ ბარკამ ძვ.წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი, აიღო რომაელთა მოკავშირე ქალაქი საგუნტი ესპანეთში და სწრაფად დაიძრა იტალიისკენ. მან გადალახა ალპები, დაძლია ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი და რომის ტერიტორიაზე შეიჭრა. რომაელებმა ძალების მობილიზება მოახდინეს და რამდენჯერმე შეებრძოლნენ მეტოქეს, მაგრამ დამარცხდნენ.

საბოლოოდ მათ ომის წარმოების სხვა გზა აირჩიეს, რომელიც კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს “ზანტმა” (Quintus Fabius Maximus Verrucosus Cunctator, ძვ.წ. 280-203) შესთავაზა სენატს. რომაელები პარტიზანული თავდასხმებით, საკომუნიკაციო გზების ჩაჭრითა და დიდი ბრძოლებისთვის თავის არიდებით ცდილობდნენ მტრის დასუსტებას. ასეთი ტაქტიკა უფრო მართებული გამოდგა და ჰანიბალი რამდენიმე წელი უაზროდ დახეტიალობდა იტალიაში, სანამ ძვ.წ. 203 წელს, ესპანეთში სახელგანთქმული რომაელი გენერალი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონი აიძულებდა სამშობლოში დაბრუნებას, რათა კართაგენის დასაცავად ებრძოლა. რომმა მოახერხა ომში გარდატეხის შეტანა და თავისი მიწიდან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაიტანა ომის ქარცეცხლი. ეს სციპიონის წარმატებისა და სწორი პოლიტიკის დამსახურება იყო.

 

წყარო : samxedro-istoria.blogspot.com

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.
Back to top button