არქივი

ევროკავშირი

763e3c79d4fb
ევროპის კავშირი (ინგლისურად – European Union), შემოკლებით ევროკავშირი – ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა ერქვა. მისი წევრია ევროპის 27 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა – 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-ის და იაპონიას.
ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი – ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

38eaa1c9adeb

ევროკავშირის წევრი ქვეყნები:

ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები:
1950: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საფრანგეთი

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:
1973: დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია
1981: საბერძნეთი
1986: ესპანეთი, პორტუგალია
1995: ავსტრია, ფინეთი, შვედეთი
2004: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი
2007: ბულგარეთი, რუმინეთი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:
200?: თურქეთი, ხორვატია, მაკედონია

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button