არქივი

ფული

a8ed2373380e

ფული — ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად, ანუ სიტყვის წარმოქმნის ასპექტით, დაკავშირებულია ბიზანტიურ ფოლისთან – სპილენძის სამონეტო ერთეულთან. ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.

როგორი უნდა იყოს საქონლის ეკვივალენტი? მაქსიმალურად ტრანსპორტაბელური და სტაბილური, რაც უდრის მის მაღალ სახმარ ღირებულებას და იშვიათობას. მეტალები – ოქრო და ვერცხლი სწორედ ამ ტიპისაა. ძვირფასი ლითონების კატეგორიის ჩამოყალიბება ამა თუ იმ ეკონომიკური კომპლექსის სოციალურ–ეკონომიკური პროგრესის შედეგია. ვერცხლი და ოქრო არამწარმოებლური სახმარი ღირებულებაა, თავდაპირველად მათ არც კი ამუშავებენ. კომერციულმა საჭიროებამ, ფერადი მეტალურგიის ამ დარგებისათვის მინიმალური სოციალური კადრების გამოყოფის შესაძლებლობამ, კონკრეტული უჟანგავი ნივთიერებების ასოციაციამ უკვდავების აქტუალურ იდეასთან წარმოშვა სწორედ მათი სპეციფიკური ღირებულებითი აღქმა. მანამდე კი სასაქონლო ეკვივალენტის როლს აუცილებელი სახმარი ღირებულება ასრულებდა – მსხვილფეხა პირუტყვი, საწარმოო ან საბრძოლო იარაღი, ბეწვეული და სხვ. ნეოლითის ეპოქის მწარმოებელი სოციალური ელემენტი, გარკვეულწილად, უნივერსალია – ის ერთდროულად მიწათმოქმედია, მესაქონლეც, ხელოსანი; ახორციელებს პრიმიტიულ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას. შემდგომი სოციალური ისტორია ამ ფუნქციების ეტაპობრივი აბსტრაჰირება – გამოყოფაა. ადრეული მეტალების ხანაში კი ყალიბდება ეკონომიკურ – გეოგრაფიული სისტემები მიკრორეგიონალური სპეციალიზაციით; სხვა სიტყვებით, ადგილი აქვს საქონელბრუნვის დაფუძნება – გენეზისს. მწარმოებლის საწარმოო პროცესიდან მოწყვეტა არ იყო სასურველი. სამხარეთაშორისო ეკონომიკური მიმართებების რეალიზაციისათვის იქმნება სპეციალური სოციალური ფენა – ესენი ვაჭრები არიან. ამ კატეგორიის და სასაქონლო ეკვივალენტის გენეზისი სინქრონული პროცესია.

სასაქონლო ეკვივალენტის ადრეული სტადიის ნიმუშები ქართულ სინამდვილეში ასეთია: 1) მსხვილფეხა პირუტყვი; ეს კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ტერმინი „ხვასტაგი“ აღნიშნავდა ფულსაც და რქოსან საქონელსაც. 2) კოლხური ბრინჯაოს ცულები (ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურული). ისინი გვხვდება განძის სახითაც, ეს ფაქტი საოცრად ნიშანდობლივია, ე. ი. სასაქონლო ეკვივალენტის ფუნქციას კონკრეტულ ეტაპზე სპილენძის სასაქონლო მარაგი ასრულებს. გათვალისწინებულია რა ეკვივალენტის ბრუნვის სისწრაფე, სპილენძის ფაქტურისაგან დამზადებული სახმარი ღირებულებების მხოლოდ ერთი ნაწილია ფული – ცულები; ზოგჯერ, ალბათ, ბეჭდებიც და ა. შ. 3) საწმისი, ანუ ცხვრის ტყავი მატყლითურთ. ვალუტად ქცეული კონკრეტული ფორმა უკვე ოქროს საწმისია – კოლხთა დიდების სიმბოლო. სპილენძის ორმაგი ცული, თუ საწმისი მიკენური სასაქონლო ეკვივალენტია, რაც ძალზე სიმპტომატური მომენტია.

სავალუტო ფენომენის გენეზისი სასაქონლო ეკვივალენტის ტონაჟს სერიოზულად ამცირებს, ყოველივე საოცრად მოსახერხებელი იყო. საცალო ვაჭრობის შეფარდებითად განუვითარებლობამ კი ძვირფასი მეტალის ზრდის კატეგორიას მიანიჭა თავდაპირველ ეტაპზე უპირატესობა. პროგრესს კონკრეტული კუთხით მონეტის, ანუ ჭრილი ფულის, სამონეტო საქმის გენეზისამდე მივყავართ. ელინური კუნძული ეგინა და მცირეაზიური ქვეყანა ლიდია სამონეტო საქმის პიონერებადაა მიჩნეული. ამ რევოლუციას კი ადგილი ჰქონდა ძვ. წ. VII ს–ში. სამონეტო ფაქტურა ჯერ, ძირითადად, ვერცხლია. ამას თავისი მიზეზები გააჩნდა. კონკრეტული მეტალი ყოველთვის სავალუტო მარაგის უმეტესი ნაწილია. წარმოების ევოლუციის შეფარდებითად დაბალ საფეხურზე კი ოქროს შეფარდებითად მაღალი კურსი საზოგადოებრივი პროდუქტის განაწილების სფეროში რიგ სირთულეს გამოიწვევდა. მართლაც, როგორ უნდა გადანაწილდეს მოგება წარმოების საორგანიზაციო და საკუთრივ მწარმოებლურ ფუნქციებს შორის, თუ ჩვეულებრივი ზომის მონეტის კურსი შეფარდებითად მაღალია, მწარმოებლის წილი კი საოცრად დაბალი?! განა ასეთ კონიუნქტურას არ სჯობია უფრო დაბალი კურსის ვერცხლის ექსპლუატაცია?! სტიმულის კატეგორიის ეტაპობრივი ზრდა თვისებრივი და უფრო მოხერხებული, მცირემასშტაბიანი ოქროს მონომეტალიზმით სრულდება, რაც თანამედროვე დემონეტიზაციის, ანუ საკრედიტო ფულის სისტემის, პრინციპია. საერთო დიალექტიკური სურათი კი ასეთია: 1) ვერცხლის მონომეტალიზმი; 2) ბიმეტალიზმი; 3) ოქროს მონომეტალიზმი.

მონეტებს როგორც მოგეხსენებათ შეისწავლის ნუმიზმატიკა..

რა არის ნუმიზმატიკა?

ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma – მონეტა) – ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც მონეტებს შეისწავლის. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერეული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან გამოიყენება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი XIV-XV სს.-ში, იტალიაში ჩაეყარა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
როგორც წესი, კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, თუმცა მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა. დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში. ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798).

მეცნიერა

ნუ მიყვარს მეცნიერება და...?

მსგავსი ამბები

Back to top button