გართობაუცნაური

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი17,18,19,)

d0b5d3ea8420

ნაწილი 17
ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა იქ მივედი. ტყავის სავარძელში ჩავჯექი, ზედ ვესტიბიულის საათის ქვეშ, და გოგოებს ავუწყე ცქერა. სკოლები უკვე დათხოვილი იყო და ქვეყნის გოგოს მოეყარა თავი – ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ბიჭებს ელოდებოდნენ, ზოგს ფეხი ფეხი გადაედო, ზოგს დაშვებული ჰქონდა ფეხები, ზოგს ღმერთივით კანჭები ჰქონდა, ზოგს – საძაგელი, ზოგი მშვენიერი ჩანდა, ზოგი – საზიზღარი, თუკი კარგად გაეცნობოდი. ცუდად კი ნუ ჩამომართმევთ და, მართლაც რომ კარგი საყურებელი იყო. თუმცა, ამავე დროს ერთგვარი ნაღველიც შეგიპყრობდათ, რადგან თავიდან ვერ მოიშორებდით ფიქრს – ნეტა ამდენ გოგოს რა ეშველებაო. მერე რა ეშველებათ, სკოლებსა და კოლეჯებს რომ დაამთავრებენ? მეტი წილი ალბათ ვიღაც შტერებს მისთხოვდება. იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც თავიანთი ოხერი მანქანის მეტი არაფერი ახსოვთ და სულ ის აკერიათ პირზე – ერთი გალონი ბენზინით ამდენი და ამდენი მილი გავიარეო. იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც გოლფი ან პინგპონგისნაირი ბითურული რამე თუ მოუგე, პატარა ბავშვებივით გაიბუზღებიან. ყოვლად ბილწ ვაჟბატონებს, იმისთანებს, რომელთაც თავის დღეში წიგნი არა სჭერიათ ხელში.
გულისგამაწყალებელ ვაჟბატონებს… აქ კი სიფრთხილე მმართებს. გულისგამაწყალებელი ზოგს როგორ ესმის და ზოგს როგორ. მე პირადად ვიბნევი ხოლმე ამ საქმეში. ნამდვილად. ელექტრონჰილში მე და ერთი ბიჭი – ჰარის მაკლინი – თითქმის მთელი ორი თვე ვცხოვრობდით ერთად, ერთ ოთახში. ძალიან განათლებული ბიჭი იყო და ყველაფერი, მაგრამ იმისთანა გულისგამაწყალებელ ტიპს ჯერაც არავის შევხვედრივარ. საშინელი წრიპინა ხმა ჰქონდა და ენას ერთის წუთითაც არ დააყენებდა. სულ ლაქლაქებდა და ლაქლაქებდა. მაგრამ ერთხელაც არ წამოცდებოდა იმისთანა რამე, შენთვისაც საინტერესო ყოფილიყო. ერთ რამეს ვერ წაართმევდი – ისე უსტვენდა ძაღლიშვილი, რაც თავი მახსოვს, იმისთანა არაფერი გამიგონია. აგერ ლოგინს იშლის, ან კარადაში კიდებს რამეს – ყველაფერს კარადაში ჰკიდებდა ხოლმე, მაგიჟებდა პირდაპირ – და თან უსტვენს, თუკი თავისი წრიპინა ხმით ლაქლაქში არაა გართული. კლასიკური რამეების სტვენაც შეეძლო, მაგრამ უფრო ხშირად ჯაზს უსტვენდა. ისე სასიამოვნოდ და ლაღად დაუსტვენდა ნამდვილ ჯაზურ სიმღერას, მაგალითად «თუნუქის სახურავს», – მანამ ტანსაცმლის დაკიდებაში იყო გართული, – რომ პირდაპირ ჭკუას დაკარგავდი. რა თქმა უნდა, მისთვის ერთხელაც არ მითქვამს, დიდებულად უსტვენ-მეთქი. ანკი როგორ უნდა უთხრა კაცს პირში – დიდებულად უსტვენო. მაგრამ სწორედ ამ სტვენის ეშხით თითქმის მთელი ორი თვე ვცხოვრობდი მასთან ერთად ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გულისგამაწყალებელი იყო, ლამის ჭკუიდან შეგშლიდა კაცს. ერთი სიტყვით, ძნელია თქმა, ვინ არის გულისგამაწყალებელი. იქნებ სულაც არ დაგწყდეს გული, ამისთანა თავისმომაბეზრებელ ვაჟბატონებს დიდებული გოგო რომ მისთხოვდეს. ბოლოს და ბოლოს, ვის რას უშავებენ, არიან თავისთვი და ჩუმ-ჩუმად. იქნებ ყველა მათგანი დიდებულად უსტვენდეს… რას გაუგებ! ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი.
ბოლოს როგორც იქნა, სალიც გამოჩნდა კიბეზე. მაშინვე დაბლა დავეშვი და შევეგებე. მშვენიერი ჩანდა. ნამდვილად. რაღაცნაირი შავი პალტო ეცვა და ბერეტიც შავი ეხურა. საერთოდ, ქუდს იშვიათად იხურავს, მაგრამ ახლა ეს ბერეტი ძალიან უხდებოდა. სასაცილო ის იყო, რომ თვალი მოვკარი თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე, ცოლად შევირთავ-მეთქი. გიჟი ვარ, აბა რა. არც კი მომწონდა მაინცდამაინც და უცებ ცოლად შერთვა არ გადავწყვიტე! ნამდვილად გიჟი ვარ, ვაღიარებ!
– ჰოლდენ! როგორ გამეხარდა შენი ნახვა. მთელი საუკუნე აღარ მინახიხარ! – იმნაირი როხროხა ხმა ჰქონდა, რომ ცოტათი შეგრცხვებოდა კიდეც გარეშე ხალხისა. იმას კი არაფერიაკლდებოდა. ისეთი ლამაზი იყდო, მაგრამ მაინც ჩამწყვეტდა ხოლმე გულს.- მეც ძალიან გამეხარდა შენი ნახვა, – მართლაც გამეხარდა, – რას იქ, როგორა ხარ? – ვუთხარი მე.
– დიდებულად. დავაგვიანე, არა?
არა-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ათი წუთი მართლაც დააგვიანა. რა მოხდა მერე! მთელი ეს კარიკატურები, «სეტერდეი ივნინგ პოსტი» რომ ბეჭდავს ხოლმე – ბიჭები რომ აყუდებულან კუთხეში და დაგვიანებული გოგოების მოლოდინში ცხვირი ჩამოუშვიათ – თავიდან ბოლომდე მიქარვაა. გოგო იყოს ლამაზი და დაგვიანებას რა თავში ვიხლი.
– ახლა კი ვიჩქაროთ, – ვთქვი მე, – ორზე და ორმოცზე იწყება.
დავეშვით კიბეზე და ტაქსის გაჩერებასთან გავედით.
– რაზე მივდივართ? – მკითხა მან.
– არ ვიცი. ლანტები თამაშობენ. სხვაგან ვერ ვიშოვე ბილეთები.
– ლანტები! რა დიდებულია!..
აკი გითხარით, ლანტების გაგონებაზე გაგიჟდება-მეთქი.
თეატრშიმისვლამდე, ტაქსში რამდენჯერმე ვაკოცეთ ერთმანეთს. ჯერ უარზე იყო, იმიტომ რომ ტუჩებიჰქონდა წათხიპნილი, მაგრამ მე რას დამიდგებოდა, ვაცთუნე! ორჯერ ისე დაამუხრუჭა მანქანა გადასასვლელზე, ლამის ძირს გავიშხლართე. ეს ოხერი შოფრები, კი არ უყურებენ, სად მიდიან, რას შვრებიან. ახლა ჩემი სიგიჟეც ნახეთ. ჩახუტებული რომ მყავს და ცოტათი შევუშვი ხელი, მიყვარხარ-მეთქი ვეუბნები. ტყუილი ვუთხარი, რაღა თქმა უნდა, მაგრამ იმ წუთას მართლაც ასე მეგონა. გიჟი ვარ. ღმერთმანი, ნამდვილი გიჟი ვარ.
– ო, ჩემო ძვირფასო, მეც მიყვარხარ – თქვა მან და სული არც კი მოუთქვამს ისე დასძინა – ოღონდ სიტყვა მომეცი, რომ თმას მოუშვებ. ასე მოკლედ ახლა აღარვინ იკრიჭავს. ამისთანა მშვენიერი თმა მაინც არ გქონდეს!
მშვენიერი თმა! მომსპო კაცი.
არც ისეთი ცუდი გამოდგა ეს სპექტაკლი, ადრე ნახული სპექტაკლების მიხედვით რომ ვვარაუდობდი. თუმცა მაინც საძაგლობა იყო. ერთი ცოლ-ქმრის ამბავი გვაჩვენეს. ბარე ათასი წელი ეცხოვრათ ერთად. დასაწყისში ახალგაზრდები არიან. ქალის მშობლებს არ უნდათ, ამ ბიჭს მიათხოვონ შვილი, მაგრამ მაინც თავისას გაიტანს გოგო. მერე თანდათანობით ბერდებიან და ბერდებიან. ქმარი ომში მიდის, ქალს კი ერთი ლოთი ძმა ჰყავს. მაინცდამაინც ვერ დამაინტერესა. ეგეც მე ვიდარდო, ოჯახში ვინმე მოუკვდებათ თუ რა დაემართებათ?! მსახიბები დადიოდნენ სცენაზე და მეტი არაფერი. ცოლ-ქმარი კარგები იყვნენ – ჭკუამახვილებიც და ყველაფერი – მაგრამ იმდენად ვერც იმათ დამაინტერესეს. ისე დაიწყო და გათავდა სპექტაკლი, რომ სულ ჩაის თუ რაღაც ოხრობას სვამდნენ. რამდენჯერაც ახადეს ფარდა – ან მსახურს შემოაქვს ჩაი, ან ცოლი უსხამს ვინმეს. წარამარა შემოდიან და გადიან. ალფრედ ლანტი და ლინ ფონტანი მოხუცი ცოლ-ქმრის როლში გამოდიოდნენ, და ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ მე დიდად არ მომწონებია. თუმცა აკი ვამბობ, ვერავინ ვერ შეედრებოდა. არც ჩვეულებრივ ხალხსა ჰგვანდნენ და არც მსახიობებს. ვრე გამომითქვამს. ისე თამაშობდნენ, რომ ეტყობოდა შეგნებული ჰქონდათ, რა ბრწყინვალე მსახიობებიც არიან. განა კარგები არ იყვნენ – საქმეც ის არის, მეტისმეტად კარგები იყვნენ. ჯერ ერთს არ დაემთავრებინა სიყტვა, რომ ახლა მეორე მივარდებოდა და სხაპასხუპით მიაყრიდა სათქმელს. ნამდვილი ხალხის ლაპარაკსა ჰგავდა – ერთმანეთს აღარ აცლიდნენ. უბედურება ის იყო, რომ მეტისმეტად ემსგავსებოდნენ ხალხს, სუკლ პირში სწვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ცოტათი იმ ერნის ჩამოგავდნენ, გრინვიჩ-ვილეჯში პიანინოზე რომ უკრავს. მეტისმეტად კარგად რომ აკეთებ რამეს, თუ ამასთან მუდმივი კონტროლიც არ გაუწიე თავს, ცოტა სხვაგვარად გამოგივა, გამოსაჩენად და ეს უკვე აღარ ვარგა. მაგრამ მთელს სპექტაკლში მაინც ის ორი გამოირჩეოდა – ლანტებზე მოგახსენებთ – ეტყობოდათ, რომ ტვინს ამოძრავებდნენ. რაც მართალია, მართალია.
პირველი მოქმედების შემდეგ სხვა ვაჟბატონებთან ერთად ჩვენც პაპიროსის მოსაზევად გავედით. აბა იქ უნდა შეგეხედათ. თქვენს დღეში არ გებნებათ ნახული იმდენი მანჭვა-გრეხა. თამბაქოს კვამლში გახვეულან და ხმამაღლა ლაპარაკობენ პიესაზე, რათა ყველამ გაიგონოს და მიხვდეს, რა ჭკუისკოლოფებიც არიან. ერთი ბითური კინომსახიობი იდგა ჩვენს გვერდით, ისიც პაპიროსს
აბოლებდა. გვარი არ მახსოვს, მაგრამ საომარ ფილმებში მუდამ ერთი როლი აქვს: ზედ ბრძოლის დაწყების წინ ვაჟკაცობა უმტყუნებს და ფერფური მისდის. ქერა გოგო ახლდა, ღმერთივით გოგო. თავი ისე ეჭირათ, თითქოს ამქვეყნიური დიდება მოყირჭებული ჰქონოდეთ, ეს ბიჭი თითქოს არც კი ამჩნევდა, რომ ხალხი მას შეჰყურებდა. თავმდაბალი გახლდათ! ჰოი, რა სასაცილო იყო! სალის ბევრი არა ულაპარაკნია, შიგადაშიგ წამოისროდა ხოლმე ლანტების ქებას: ლაპარაკის თავი სადღა ჰქონდა, სულ იმანჭებოდა და იგრიხებოდა. უცებ, ფოიეს იქითა მხარეს ვიღაც კოხტა-პრუწას მოჰკრა თვალი, ძველ ნაცნობს. თაგვისფერი კოსტუმი ეცვა იმ ვაჟბატონს და უჯრულა ჟილეტი. დიდი ვინმე კი ბრძანდება. არისტოკრატი. კედელს მიჰყუდებოდა და უღმერთოდ ქაჩავდა პაპიროსს. შეხედავდი, გული აგერეოდა. სალი კი წარამარა იმეორებს:
– სადღაც კი გავიცანი ეს ბიჭი.
ასე იცოდა ხოლმე – საცა არ უნდა წაგეყვანა, უსათუოდ გადაეყრებოდა ვინმე ნაცნობს, ან მოეჩვენებოდა ნაცნობიაო ისე დაიჟინა, რომ თავი მომაბეზრა და ბოლოს ვუთხარი:
– თუკი ასე იცნობ, რატომ არ მიხვალ და გულიანად არ გადაკოცნი?! გაეხარდება.
საშინლად აიტკიცა, ასე რომ ვუთხარი. ბოლოს, როგორც იქნა შენიშნა იმ კოხტა-პრუწამ, მოვიდადა გამარჯობა უთხრა. უნდა გენახათ, როგორ მიესალმნენ ერთმანეთს. ოცი წლის უნახავები გეგონებოდათ. პატარაობისას ერთ აბაზანში უბანავიათო, იტყოდით. დიდი დოსტები არ აღმოჩნდნენ! გული აგერეოდათ. სასაცილო კი ის იყო, რომ სულ ერთხელ შეხვდნენ ალბათ ერთმანეთს, რომელიმე ბითურულ საღამოზე. სიხარული დორბლები რომგადმოყარეს, სალიმ მეც გამაცნო. ჯორჯი ერქვა – გვარი აღარ მახსოვს – ენდოვერში სწავლობდა. დიდი ვინმე კი ბრძანებულა! ერთი უნდა შეგეხედათ, სალიმ რომ ჰკითხა, პიესა როგორ მოგწონსო. ესეც ერთ-ერთი იმ ვაჟბატონთაგანი გამოდგა, დიდის ამბით რომ მოემზადებიან პასუხის გასაცემად და ადგილს გაითავისუფლებენ ირგვლივ. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ვიღაც ქალს პირდაპირ ფეხზე არ შეადგა! საწყალს ალბათ სულ დაუჩეჩქვა თითები. თვითონ პიესა შედევრი ვერ არისო, ამოშაქრა, მაგრამ ლანტები, რა თქმა უნდა, ნამდვილი ანგელოზები არიანო. ანგელოზებიო! ეშმაკმა დალახვროს. ანგელოზები! არ მომსპო კაცი! მერე მოდგნენ და თუკი ვინმე ჰყოლიათ საერთო ნაცნობი, ყველა ახსენეს. ამისთანა სულელური ლაქლაქი ჩემს დღეში არ მომისმენია. სხაპასხუპით ასახელებდნენ სხვადასხვა ქალაქს და მერე იქ მცხოვრებ ნაცნობებს იხსენებდნენ. ლამის გული ამერია, მანამ მოქმედება დაიწყებოდა. არ გეხუმრებით. მეორე შესვენებაზე ისევ არ განაახლეს თავიანთი გულისამრევი ლაპარაკი! სულ ახალ-ახალი ქალაქები გაიხსენეს, სადაც სხვა მათი ნაცნობები ცხოვრობდნენ. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ამ კოხტა-პრუწა ვაჟბატონს ხმაც ისეთი მიკნავებულ-მინაზებული აღმოაჩნდა, მეტისმეტად გადაღლილი და სნობისტური. ქალივით წრიპინებდა. გოგოს წართმევასაც არ მოერიდება ეს ნაბიჭვარი! ერთი პირობა ვიფიქრე, ალბათ ტაქსში ჩაგვიჯდება და გამოგვყვება-მეთქი, რადგან მთელი ორი კვარტალი ფეხით გამოგვყვა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ. მაგრამ მასავით კოხტა-პრუწებს უნდა შეხვედროდა, კოკტეილის დასალევად შევიპირეო, თქვა. წარმოვიდგინე, როგორ სხედან სადმე ბარში, ბითურულ უჯრულა ჟილეტებში გამოწკეპილან და თავიანთი გადაღლილი სნობისტური ხმით სპექტაკლებს, წიგნებსა და ქალებს აკრიტიკებენ. მომსპეს და გამათავეს ამ ვაჟბატონებმა.
სალიც კი შემეზიზღა, ტაქსში რომ ჩავსხედით: მთელი ათი საათი რანაირად უსმინა იმ კოკობზიკა ენდოვერელ ნაბიჭვარს! ვიფიქრე, ახლავე შინ მივიყვან-მეთქი – მივიყვანდი კიდეც – მაგრამ უცებ მეუბნება:
– დიდებული აზრიმ მომივიდა! – სულ ასეთი დიდებული აზრები არ მოსდიოდა! – მოიხედე, – მითხრა მან, – შინ რა დროს უნდა მიხვიდე სადილისთვის? ძალიან არ გეჩბარება? განსაზღვრულ დროს მიდიხარ ხოლმე?
– მე? არა. როცა მინდა, მაშინ მივალ. – ჰოი, ბიჭო, ამაზე მართალი ჩემს დღეში არაფერი მითქვას. – რა იყო?
– რადიო-სიტიში წავიდეთ და ვიციგურაოთ.
ამისთანა გენიალური აზრები მოსდის ყოველთვის.
– რადიო-სიტიში ვიციგურაოთ? ახლავე გინდა?
– ერთი საათით, ან ცოტათი მეტით? არ გინდა? მაშინ…
– როდის გითხარი, არ მინდა-მეთქი. წავიდეთ. თუკი მართლა გინდა.
– შენც გინდა? თუ არ გინდა, ნუ მომერიდები. ჩემთვის სულერთია, სად წავალთ.
დიახ, როგორ არა!
– იქ ისეთი მშვენიერი საციგურაო კაბები ქირავდება, – თქვა სალიმ, – ჯენიტ კალცმა გამოიტანა იმ კვირას.
ამიტომაც მომასო ფეხი. ერი სული ჰქონდა, მანამ იმ მოციცქნილ კაბას ჩაიცვამდა და თავის გამოსკუპულ უკანალს გამოაჩენდა.
წავედით. ჯერ ციგურები მოგვცეს. მერე სალიმ გამოიტანა ის პატარა ლურჯი კაბა, რომელშიაც ყველაფერი მოუჩანს ადამიანს. მოუხდა კი, რაც მართალია, მართალია. თავიდანვე იცოდა, რომ მოუხდებოდა. აბა რა გგონიათ! სულ წინ მიმიძღოდა განგებ და თავის კოხტა უკანალს მიბზეკდა. მართლაც კოხტა რამე იყო, რაც მართალია,მართალია.
მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ მთელს იმ ოხერ მოედანზე ყველაზე უბადრუკი მოციგურავეები ჩვენ აღმოვჩნდით. ყველაზე უბადრუკი! ჰოი, რა დღეში ვიყავით! ისე ამოუტრიალდებოდა ხოლმე სალის კოჭები, რომ სულ ყინულზე ეხახუნებოდა. მარტო სასაცილო როდი იყო, ალბათ საშინლად სტკიოდა კიდეც. მე პირადად მტკიოდა, მტკიოდა, მკლავდა კაცს! დიდებული სანახავი კი ვიქნებოდით! მთელი უბედურება კი ის იყო, რომ იქვე, სულ ცოტა ორასი უქნარა აყუდებულიყო – საქმე არაფერი ჰქონდათ, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ეცემოდა ხალხი.
– არგინდა, შევიდეთ და რამე დავლიოთ? – ვუთხარი ბოლოს.
– ამისთანა დიდებული აზრი დღეს შენ არ მოგსვლია. – მაშინვე დამეთანხმა. მოკვდა საწყალი. მხეცობაა, აბა რა არის! მართალი თუ გინდათ, შემეცოდა კიდეც.
წავიძვრეთ ეს ოხერი ციგურები და ბარში შევედით. აქ წინდების ამარა დაჯდებოდი, დალევდი და მოციურავეებსაც დაინახავდი. დავსხედით თუ არა, სალიმ ხელოთათმანები წაიძრო და მე სიგარეტი მივაწოდე. მაინცდამაინც ბედნიერი არ ჩანდა. ოფიციანტიც მოვიდა. ერთი კოკა-კოლა სალისთვის დავუკვეთე – მაგარ სასმელს არ სვამდა – და ერთი სოდიანი ვისკი ჩემთვის. მაგრამ უარი მითხრა ძაღლისშვილმა და მეც კოკა-კოლა მოვატანინე. მერე ასანთის გაკვრას მოვჰყევი. ასე დამჩემდა. ზოგჯერ მომიხუსტურებს, – ამოვიღებ ასანთს, გავკრავ და როცა სულ დაიწვება და ხელში დაჭერა აღარ შეიძლება, საფერფლეში ვყრი ხოლმე. ნერვიულობამ იცის.
უცებ სალი მეუბნება.
– მოიხედე. წინასწარ უნდა ვიცოდე. ჩემთან არ მოხვალ, შობის ხეს არ მომართვევინებ? ახლავე უნდა მითხრა.
ეტყობოდა კოჭების ტკივილმა გაამწარა.
– აკი მოგწერე, მოვალ-მეთქი. ბარე ოცჯერ მკითხე. მოვალ, უსიკვდილოდ მოვალ.
– დანამდვილებით მინდა ვიცოდე. – თქვა მან და აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო.
უცებ ასანთს თავი გავანებე და სალისკენ გადავიხარე. ზოგი რამე მქონდა სათქმელი.
– მოიხედე, სალი, – მივმართე მე.
– რა იყო? – ვიღაც გოგოს მიშტერებოდა, იქითა კუთხეში.
– გულის მოყირჭება თუ გამოგიცდია როდისმე? – ვკითხე, – აღარფერი რომ არ გინდა; თუ ის არ გააკეთე, რაც გულით გწადია, ყველაფერი გბეზრდება! გიყვარს, მაგალითად, სკოლა და ამისთანები?
– დიდი თავისმოსაბეზრებელი კია.
– არა, მერას გეკითხები: თუ გძულს-მეთქი. საშინელი თავისმომაბეზრებელი რომაა, ეს მეც ვიცი,| მაგრამ თუ გძულს-მეთქი, აი რა მინდა გკითხო.
– სიძულვილით არ მძულს, მაგრამ რაღაცნაირად…
– მე კი მძულს. ჰოი, ბიჭო, როგორა მძულს! – ვთქვი მე, – განა მარტო სკოლა. ყველაფერი მძულს. ნიუ-იორკიც მძულს. ტაქსები მძულს. მედისონ ავენიუს ავტობუსებიც მძულს – კონდუქტორები რომ მოდგებიან და ღრიალებენ, უკანა კარებიდან ჩადითო. ეს კოხტა-პრუწა ვაჟბატონებიცა მძულს, ლანტებს რომ ანგელოზებს ეძახიან. გარეთ რომ გინდა გამოსვლა და უსათუოდ ლიფტით რომ უნდადაეშვა, ესეცა მძულს; ბრუკის სამკერვალოში რომ შებრძანდებიან ვაჟბატონები და კოსტუმების მოზომებას აღარ ათავებენ, ესეც მძულს, ხალხი რომ მოდგება…
– რა გაყვირებს! – მითხრასალიმ.
რა სისულელეა, სულაც არ მიყვირია.
– ახლა მანქანები! – განვაგრძე მე თითქმის ჩურჩულით, – როგორ კარგავენ ჭკუას ამ მანქანებზე. ოდნავ რომ გაიფხაჭნოს, დარდით ღამეები აღარა სძინავთ, სულ იმის ტრაბახში არიან -ერთი გალონი ბენზინით ამდენი და ამდენი მილი გავიარეო; მანქანის ყიდვას ვერც კი ასწრებენ, რომ ხელად ახალი თავსატეხი უჩნდებათ – როგორმე უახლეს გამოშვებაზე გადაგვაცვლევინაო. მე კი ძველი მანქანებიც არ მიყვარს. სულაც არ მეპიტნავება. ცხენი მირჩევნია. ცხენს ადამიანური რაღაც მაინც აქვს. ცხენს ბოლოს და ბოლოს…
– ნეტა რას ლაპარაკობ!.. რას მიედ-მოედები…
– იცი რა გითხრა – მივმართე მე – შენ რომ არ იყო, მე ახლა ნიუ-იორკში არ ვიქნებოდი. შენ რომ არ მახლდე თან, ჯანდაბაში გადავიკარგებოდი. ტყეში გავვარდებოდი, ან სადმე ოხრობაში. შენ მიჭერ, შენ გამო ვარ აქ.
– რა კარგი ხარ! – თქვა მან. მაგრამ ხელადვე შეატყობდი, რომ საუბრის შეცვლა უნდოდა.
– ერთი ვაჟების სკოლაში უნდა შეგიყვანონ, და მაშინ ნახავ. აბა სინჯე, – ვუთხარი მე, – სულ თვალთმაქცებით არის გატენილი, სწავლითაც იმიტომ სწავლობენ, რომ ცოტა გამოიქექონ და ერთ მშვენიერ დღეს ის ოხერი კადილაკი შეიძინონ. დიდის ამბით რომ გარწმუნებენ – გინდა წააგოს ჩვენმა გუნდმა, გინდა მოიგოს, ჩვენთვის სულერთია, არას ვინაღვლებთო! და მთელი დღეები ცარიელი
ყბედობა – გოგოებზე, დალევაზე, ხვევნა-კოცნაზე. ყველას თავისი ბინძური ბანდა ჰყავს და იმათთან ტრიალებს. კალათბურთელები ცალკე დაძრწიან, კათოლიკები – ცალკე, ეს დაწყევლილი ინტელექტუალისტები – ცალკე, ბრიჯის მოთამაშეებიც თავისთვის არიან, იმ ბითურულ «წიგნის ყოვლეთვიური კლუბის» მკითხველებიც კი ცალკე მიიწევენ. ძალიანაც რომ მოინდომო, წესიერად გამოლაპარაკება…
– კარგი ერთი, აბა რას ამბობ! – შემაწყვეტინა სალიმ, – ბიჭები იმდენ რამეს სწავლობენ, ხოლმე სკოლაში!..
– გეთანხმები! გეთანხმები, რომ ზოგი მართლაც ბევრ რამეს სწავლობს. მაგრამ მე რა ვისწავლე? ჰა? ამას მოგახსენებდი. სწორედ ეს მაწუხებდა. იოტის ოდენა არაფერი მისწავლია. ცუდად არის ჩემი საქმე. ძალიან ცუდად.
– მართლაც ცუდად არის.
უცებ რაღაცამ გამკრა თავში.
– მოიხედე, – ვუთხარი მე, – რაღაც მოვიფიქრე. არ გინდა აქაურობას მოვშორდეთ? ჰა, რას იტყვი? გრინვიჩ-ვილეჯში ერთ ბიჭს ვიცნობ, მანქანას გვათხოვებს ორიოდე კვირით, ერთად ვსწავლობდით სკოლაში, ათი დოლარი ვასესხე, ჯერაც არ გადაუხდია. იცი რა ვქნათ, ავდგეთ და ხვალ დილითვე მასაჩუსეტისაკენ გავსწიოთ, იქიდან ვერმონტს ჩავალთ, სულ მოვივლით იქაურობას. დიდებული ადგილებია, – რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვღელავდი და ვღელავდი. ის კი არა და სალისკენ მივიწიე და ხელში ვწვდი. შტერი ვარ, აბა რა ვარ! – არ გეხუმრები, – განვაგრძე მე – ას ოთხმოც დოლარამდე ფული მაქვს ბანკში. დილით, გააღებენ თუ არა, მივალ და გამოვიტან, მერე იმ ბიჭს გავუაროთ და მანქანა გამოვართვათ. არ გეხუმრები. მანამ ფული გაგვითავდება, ვიყოთ ასე, საზაფხულო კარვებში ვიცხოვროთ. ფული რომ გაგვითავდება, სადმე სამსახურს ვიშოვი, დავსახლდეთ მდინარის პირას, უფრ მოგვიანებით დავქორწინდებით კიდეც და ყველაფერი. ზამთარი რომ დაგება, შეშას მე თვითონ დავჩეხავ. ღმერთივით მოვეწყობით. დამიჯერე. რას იტყვი? გამომყვები? გაბედე.
– რას ამბობ, როგორ იქნება! – ხმაში წყენა შევატყვე.
– ვითომ რაო? რატომაც არა!
– ნუ მიყვირი, თუ შეიძლებოდეს, – მითხრა მან.
რა სისულელეა. ყვირილი არც მიფიქრია.
– რატომ? რატომ არა?
– იმიტომ, რომ არ შეიძლება. მორჩა და გათავდა. ჯერ ერთი, პატარები ვართ. ფული რომ გაგვითავდება და სამუშაოსაც ვეღარ იშოვი, მაშინ რა უნდა ვქნათ?! ამაზე რატომ არ ფიქრობ?! ხომ დავწყდით მშივრები! ეგ ისეთი ფანტაზიაა, რომ არც კი ღირს…
– სადაური ფანტაზიაა! სამსახურს როგორ ვერ მშოვი. შენ ფიქრი ნუ გაქვს, მაგისი დარდი ნუ შეგაწუხებს. რა მოგივიდა? არ გინდა გამომყვე? თუ არ გინდა, ეგეც მითხარი.
– განა მაგას ვამბობ! სულაც არ, – მითხრა სალიმ. მაგრამ უკვე შევატყე, რომ შემძულდა, – რა გაჩქარებს, მაგისთანებისთვის ქვეყნის დრო გვექნება. ჯერ კოლეჯში შედი, მერე, ვნახოთ, თუ ვიქორწინებთ… გასასეირნებელ ადგილებს რა გამოლევს შენ ჯერ…
– არა. არსადაც არ წავალთ. არც გასასეირნებელი ადგილებია და არც არაფერი. ყველაფერი შეიცვლება, – ვუთხარი მე. ისევ ძაღლის გუნებაზე დავდექი.
– რაო? – ჩამეკითხა, – ვერაფერი ვერ გავიგე. ხან მიყვირი, ხან კი…
– არა-მეთქი! კოლეჯში რომ შევალ, არავითარი გასასეირნებელი ადგილები აღარ იქნება. კარგად დაუფიქრდი. მაშინ ყველაფერი შეიცვლება. უნდა ავიკითდოთ ჩემოდნები და ბარგი-ბარხანა და ლიფტით უნდა დავეშვათ. ყველას უნდა დავურეკოთ და გამოვემშვიდობოთ; მერე საცა არ მივალთ, ყოველი სასტუმროდან ღია ბარათები უნდა ვგზავნოთ. მე სამსახურში უნდა მოვეწყო სადმე და ფულები ვხვეტო. ან მანქანით ვივლი სამსახურში ან მედისონ ავენიუს ავტობუსით, გაზეთებს ვიკითხავ, სულ ბრიჯის თამაშში ვიქნები გართული, საღამოობით კი კინოებში ვივლი. რაც ბითურული მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ქრონიკები გამოვა, ყველაფერს ვნახავ. ქრონიკები. ღმერთო დიდებულო. ჯერ დოღს აჩვენებენ, აგერ ქალი შამპანურის ბოთლს გემს ესვრის, მერე შიმპანზეს შარვალს ჩააცმევენ და ველოსიპედზე შესვამენ. არა, ყველაფერი შეიცვლება. შენ კი არ გესმის, რას გეუბნები.
– იქნებ მართლაც არ მესმოდეს. ან იქნებ შენ თვითონ არ გესმოდეს, – მითხრა სალიმ. უკვე ვეღარ ვიტანდით ერთმანეთს. აშკარა იყო, რომ მასთან სერიოზულ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რატომ წამოვიწყე-მეთქი.
– წადი ერთი შენი… – ვუთხარი მე.
ჰოი, ბიჭო, გაწიწმატდა, მაგრამ რა გაწიიწმატდა. ვიცი, რომ დავაშავე, არ უნდა მეთქვა, არც ვეტყოდი, მაგრამ რომ აღარ მომეშვა. გოგოებთან ჩემს დღეში არ დამცდენია ამისთანაგინება. ჰოი, ბიჭო, რა გაწიწმატდა! გადავიქაჩე დ მოვყევი ბოდიშებს, მაგრამ ვინ მოგისმინა. ის კი არა და, ტირილიც ამოუშვა. ცოტა არ იყოს შევცბი – ვაითუ ადგეს და ყველაფერი მამამისს ჩაუკაკლოს-მეთქი. მამამისი ერთი ბრუჩუნა ნაბიჭვარი იყო, ჩემზე მაინცდამაინც არ ამოსდიოდა მზე, ძალიან ხმაურიანიაო, სალისთვის უთქვამს ერთხელ.
– მაპატიე, ნუ მიწყენ, – აღარ ვეშვები სალის.
– გაპატიო! გაპატიო! ჰმ, რა სასაცილოა! – ისევ ტიროდა, და ერთბაშად გული მეტკინა, რატომ შევაგინე-მეთქი.
– წამოდი, შინ გაგაცილებე. არ გეხუმრები.
– მადლობელი ვარ. თვითონაც გავიგნებ გზას. მართლაც გიჟი ყოფილხარ, თუ იმას ფიქრობ, რომ სახლამდე მიგაცილებინებ თავს. მთელს ჩემს სიცოცხლეში არც ერთ ბიჭს არ უკადრებია ჩემთვის ამისთანა სიტყვები.
ძალიან სასაცილო კი იყო, რომ დაუფიქრდეს კაცი, და უცებ ისეთი რამე გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. გამეცინა. მაგრამ მტრისას, ისეთი როხროხა და შტერული სიცილი მაქვს. კინოში ან სადმე რომ ვიჯდე ჩემივე თავის უკან, უსათუოდ გადავიწეოდი წინ და ჩემს თავს ვეტყოდი, გეყოფა, მოკეტე-მეთქი. ამან კიდევ უფრო გააცოფა სალი.
ერთხანს ვუტრიალე და ვუბოდიშე, მაგრამ არ გატყდა. თავიდან მომწყდიო, დაიჟინა. ბოლოს მართლაც მოვშორდი. ჩემი ფეხსაცმელები და ტანსაცმელი გამოვიტანე და წამოვედი. მარტოკა მივატოვე. არ უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ ყელში ამომივიდა.
მართალი თუ გინდათ, ისიც კი არ ვიცი, რაში დამჭირდა მთელი ეს ლაპარაკი. რას წამოვიწყე მასაჩუსეტსა და ვერმონტში გამგზავრების ამბავი. აქეთ რომ შემომხვეწნოდა, მაშინაც არ წავიყვანდი. ანკი ვინ წაიყვანდა. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მართლაც გულით ვთხოვე, წავიდეთ-მეთქი. აი ეს არის ყველაზე უფრო საშინელი. გიჟი ვარ ნამდვილად.

ნაწილი 18
საციგურაო მოედნიდან რომ წამოვედი, შიმშილი ვიგრძენი. ბუფეტში შევუხვიე და შვეიცარული ყველის სენდვიჩი და რძის კოქტეილი გეახელით, მერე სატელეფონო ჯიხურში შევედი. ერთს კიდევ დავურეკავ ჯეინს და გავიგებ, შინ თუ არის მეთქი. მთელი საღამო თავისუფალი ვიყავი და ვიფიქრე, მოდი დავურეკავ, შინ თუ დამიხვდა, ან საცეკვაოდ წავიყვან ან სხვაგან სადმე-მეთქი. რამდენი ხანია ვიცნობდი და ჯერაც არ მეცკვა მასთან. ისე, ერთხელ კი ვნახე მისი ცეკვა. ძალიან კარგი მოცეკვავე ჩანდა. ეს იყო ოთხ ივლისს, კლუბში. მაშინ იმდენად დაახლოებული არ ვყოფილვარ და აღარ ჩამოვაშორე თავის თავის ბიჭს. ერთ საშინელ ტიპს ახლდა – ელ პაიკს, სოუტის სტუდენტს. არც იმას ვიცნობდი ხეირიანად, მაგრამ სულ საცურაო აუზის მახლობლად წრიალებდა და იქა ვხედავდი. რაღაცნაირი თერი ნეილონის საცურაო ტრუსიკი ეცვა და მუდამ კოშკურიდან ხტებოდა ხოლმე. დილიდან საღამომდე სულ ასე ხტებოდა, რაღაც ძველებური, ბითურული მანერით. მეტი არც არაფერი შეეძლო, მაგრამ თავი ბრწყინვალე მოცურავედ მოჰქონდა. ცარიელა კუნთები და არც ერთი ნამცეცი ტვინი! ერთი სიტყვით, ჯეინი მასთან ცეკვავდა იმ საღამოს. ვერ გავიგე კი რატომ. ვერასდიდებით ვერ მივხვდი. მერე, როცადავუახლოვდი, ვკითხე, ელ პაიკისთანა კუდაბზიკა ნაბიჭვართან რას დადიხარ-მეთქი. კუდაბზიკა სულაც არ არისო, მითხრა. პირიქით, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. ეტყობოდა, რომ ეცოდებოდა. სხვის დასანახად კი არ აკეთებდა ნამდვილად ეცოდებოდა, ახირებული ხალხია ეს გოგოები. ვინმე ოხერი ნაბიჭვარი თუ უხსენე – თუნდა მთლად გლახაკი იყო, თუნდა მეტისმეტად ცხვირაბზეკილი – რამდენჯერაც არ უნდა უხსენო, სულ იმას გაიძახიან, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ ეს რას უშველის – ნაბიჭვარი მაინც ნაბიჭვარადვე რჩება. გოგოები! ვერასდიდებით ვერ გაუგებ, რას ფიქრობენ. ერთხელ რობერტა უოლშის ოთახის ამხანაგი გავაცანი ერთ ჩემს მეგობარს, ბობ რობინზონს. იმას კი მართლაც ჰქონდა ეს საკუთარი თავის დაუფასებლობა. მშობლების ერცხვინებოდა, იმიტომ რომ სულ ასე ლაპარაკობდა მისი დედა და მამა – «მაგას უნდათ», «იმას უნდათ» და ამისთანა სისულელეებს. თან მდიდრებიც ვერ იყვნენ მაინდამაინც. მაგრამ თვითონ არ ყოფილა ურიგო ყმაწვილი. პირიქით, ძალიან კარგი ბიჭი იყო. რობერტა უოლშის ამხანგს კი სულაც არ მოუვიდა თვალში, იბღინძებაო, რობერტასთან თქვა.
რატომ, არ იკითხავთ? იმიტომ, რომ ბიჭს შემთხვევით წამოსცდენია, სადისკუსიო გუნდის კაპიტანი ვარო. ერთი ბეწო იაღლიში და იმ წუთში – იბღინძებაო, მიაკენრა.
მთელი უბედურება ის არის, რომ ბიჭი თუ მოსწონთ გოგოებს, რაგინდა ნაბუშარი იყოს, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო, ამბობენ, ხოლო ერთხელ თუ აითვალწუნეს, ღმერთივით ბიჭიც რომ იყოს, არასრულფასოვანიც და ყველაფერი, მაინც ცხვირსა ბზეკსო, იტყვიან.
ერთი სიტყვით, კიდევ დავურეკე ჯეინს, მაგრამ არავინ მიპასუხა და იძულებული გავხდი, მილი დამეკიდა. მერე უბის წიგნაკი გავშალე და მისამართები გადავათვალიერე. ვინ ოხრობასთან შეიძლება საღამოს გატარება-მეთქი. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ სულ სამი ნომერი მეწერა შიგ: ჯეინისა, მისტერ ანტოლინისა – ეს იყო ჩემი მასწავლებელი ელქტონ-ჰილში – და მამაჩემის
სამსახურის ტელეფონი. მავიწყდება ხოლმე ნომრების ჩაწერა. ბოლოს ავდექი და კარლ ლიუსს დავურეკე. ამ ბიჭმა ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ დაამთავრა ჰუტონის სასწავლებელი. ჩემზე სამი წლით უფროსი იქნებოდა, და დიდად არც მყვარებია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იყო – მთელს ჰუტონში ყველაზე კარგ მოწაფედ ითვლებოდა – და ვიფიქრე, იქნებ სადილზე დამეწვიოს და ცოტა ჭკვიანურ რამეს ვილაპარაკებთ-მეთქი. საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა ზოგჯერ. ერთი სიტყვით, დავურეკე. კოლუმბის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ 65-ე ქუჩაზე ცხოვრობდა და ვიცრდი, რომ ახლა შინ იქნებოდა. სადილად არა მცალიაო მითხრა, ათ საათზე კი, თუ გინდა, უიკერ ბარში მოდი, 54-ზე, რამე დავლიოთო. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა ჩემი ხმის გაგონება, იმიტომ, რომ ერთხელ სქელ-დუნდულა მანჭია დავუძახე.
ათ საათამდე სადმე ხომ უნდა მომეკლა დრო, და მეც რადიო სიტისკენ გავწიე, კინოს საყურებლად. ამაზე დიდი საშინელება რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ იქვე ახლოს იყო და ბევრი ფიქრისა და რჩევის თავიც აღარ მქონია.
მე რომ მივედი, ის ბითური დივერტისმენტი უნდა დაეწყოთ. როკეტის მოცეკვავეები სასაცილოდ იმანჭებოდნენ – ხომ გინახავთ როგორ ცეკვავენ ხოლმე, რომ ჩამწკრივდებიან და ერთმანეთს წელზე შემოხვევენ ხელს. მაყურებლები შეშლილებივით უკრავდნენ ტაშს. ჩემს უკან ერთი ტიპი იჯდა, წარამარა ამას ჩასჩიჩინებდა თავის ცოლს: «იცი, ეს რა არის? უდიდესი სიზუსტით ცეკვავენ». მომსპო კაცი! ცეკვას რომ მორჩნენ, ერთი სმოკინგიანი ვაჟბატონი გამოხრიგინდა გორგოლაჭებით, დახრიგინებდასცენაზე, პაწაწინა მაგიდების ქვეშ თითქოს რაღაცას დაეძებდა და თან ოხუნჯობდა. ძალიან მარჯვედ კი დასრიალებდა და ყველაფერი, მაგრამ გემო მაინც ვერ ჩავატანე, რადგან წარმოვიდგინე, რამდენს იწვალებდა ამის ვარჯიშში. სისულელე იყო. საერთოდ, ვატყობდი, რომ გუნებაზე ვერ ვიყავი. ამ ვაჟბატონს შემდეგ საშობაო წარმოდგენა გვაჩვენეს: აი, ყოველწლიურად რომ მართავენ ხოლმე რადიო სიტიში. გამოლაგდნენ და გამოლაგდნენ ყუთებიდან ანგელოზები. ვიღაცეებმა ჯვარცმა გამოასვენეს, სცენაზე დაატარებდნენ და ყველანი ერთად – ბარე ათასი კაცი – მღეროდა: «მოდით, მოგროვდჟით მორწმუნენო!» შეშლილებივით ბღაოდნენ. დიდ ამბავში იყვნენ. ვიცი, რომ ეს წმინდა რელიგიურ ცერემონიად არის მიჩნეული და ძალიანაც მოსწონთ, მაგრამ ღვთის წინაშე, მე ვერც რელიგიურს ვხედავ მასში რამეს და ვერც მოსაწონს; სადაური რელიგიაა – ხროვა-ხროვად დაჯლიგინობენ მსახიობები სცენაზე და ჯვარცმას დაათრევენ. როცა ყველაფერს მორჩნენ და კვლავ თავიანთი ყუთებისაკენ დაიძრნენ, ზედვე ეტყობოდათ, რომ ერთი სული ჰქონდათ, მანამ ადამიანურად ჩამოჯდებოდნენ და პაპიროსს გააბოლებდნენ. შარშანაც ვნახე ეს, სალი ჰეისთან ერთად, და სალი აღტაცებული გაიძახოდა, რა დიდებული რამეაო, კოსტუმებიც მოეწონა და ყველაფერი. მე ვუთხარი, ქრისტეს რომ ენახა ეს უბადრუკი კოსტუმები და საერთოდ რაც აქ ხდება, საწყალს ალბათ გული აერეოდა-მეთქი. შენ ღვთისმგმობელი და ათეისტი ხარო, სალიმ მითხრა. ალბათ, ვარ კიდეც. ერთი რამე კი მართლაც მოეწონებოდა იესოს – დიდ დოლზე დამკვრელი. რვა წლის ვიქნებოდი, პირველად რომ ვნახე ის ბიჭი და მას შემდეგ სულ მახსოვს. მშობლები რომ წაგვიყვანდნენ ხოლმე მე და ელის, ჩვენ წინ გადავსხდებოდით, ორკესტრს მივუახლოვდებოდით და იმ ბიჭს ვუყურებდით. იმისთანა დოლზე დამკვრელი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. მართალია, მთელი იმდროის განმავლობაში სულ ერთი-ორჯერ უწევს დოლზე დარახუნება, მაგრამ უქმად მჯდომსაც სულ არ ეტყობა მოწყენა. სამაგიეროდ,
მისი ჯერი რომ დადგება, ისე გემრიელად და ლაზათიანად დაუკრავს!.. სახეზედაც შეატყობ, რა გაფაციცებით უკრავს. ერთხელ, ვაშინგტონში რომ წაგვიყვანა მამაჩემმა, ელიმ იმ ბიჭს ღია ბარათი გამოუგზავნა, მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ, რომ არც მიუღია. მაშინვე ვგრძნობდით, რომ მისამართი არ იყო სწორი.
გათავდა საშობააო წარმოდგენა და ის ოხერი კინოც დაიწყო. ისეთი საძაგელი რამე იყო, თვალი ვეღარ მოვაშორე. ერთი ინგლისელია, ალეკი ჰქვია, გვარი არ მახსოვს, ომში წავა და ჰოსპიტალში მეხსიერებას დაჰკარგავს. გამოვა ჰოსპიტალიდან, ხელში ჯოხი უჭირავს, საცოდავად მოჩლახუნობს, მთელს ლონდონს შემოივლის, მაგრამ თავისი ვინაობა არ იცის! სინამდვილეში ჰერცოგია, მაგრამ არ ახსოვს და რა ქნას. მერე უცებ ერთ უბრალო, შეუხედავ ალა გოგოს გადაეყრება. ავტობუსში ადის ის გოგო და ქარი ქუდს მოსტაცებს. კაცი წაავლებს ქუდს ხელს და მისცემს. ავლენ ავტობუსში, დასხდებიან და ჩარლზ დიკენსზე გააბამენ საუბარს. ორივეს საყვარელი მწერალი აღმოჩნდება. ის კი არა და, ამ კაცს თურმე თან დააქვს «ოლივერ ტვისტი». ასევე გოგოსაც. ცოტაც გაწყდა, გული არ ამერია. მოკლედ, იქვე შეუყვარდებათ ერთმანეთი, იმიტომ, რომ ორივენი ჩარლზ დიკენსზე კარგავენ ჭკუას და კაცი საგამომცემლო საქმეებში ეხმარება ქალს. გამომცემელია ეს ქალი, მაგრამ კარგად ვერ მისდის საქმე, რადგან ერთი ლოთი ძმა ჰყავს, და რასაც მოგებას ნახულობენ, სულ ის უფლანგავს. ძაან გაბოროტებულია ეს კაცი, ქალის ძმა, ომში თურმე ექიმი იყო. ახლა ისე მოშლია ნერვები, რომ ოპერაციას ვეღარ აკეთებს და მთელი დღე ხარივით სვამს, თუმცა ჭკვიანი კაცი კია და ყველაფერი. ბოლოს ეს ჩვენი ალეკი წიგნს დაწერს, ქალი გამოუცემს, ბლომად ფულს მოხვეტავენ, და ის არის ჯვარიც უნდა დაიწერონ, რომ უცებ საიდანღაც მეორე ქალი გამოჩნდება, მარსია. ეს მარსია ადრე თურმე ალეკის შეყვარებული იყო, მანამ ბიჭი მეხსიერებას დაჰკარგავდა. ერთხელ, მაღაზიაში რომ დგას ალეკი და წიგნზე ვიღაცეებს ავტოგრაფებს უწერს, ეს ქალი შევა და იცნობს. ქალი ეტყვის, შენ ნამდვილი ჰერცოგი ხარ და ყველაფერიო, მაგრამ ალეკს არა სჯერა და არასდიდებით არ მიჰყვება დედის სანახავად. დედამისი თურმე ღამურასავით ბრმა ყოფილა. მაგრამ მეორე ქალი, შეუხედავი რომაა, ძალათი გააგდებს. ძაან კეთილშობილი ქალია და ყველაფერი. ერთი სიტყვით, წავა ეს კაცი. მაგრამ მეხსიერება მაინც არ დაუბრუნდება. აგრე თავისი დიდი დანიური ძაღლი შეახტება, დედამისი სახეში ატაკებს თითებს, სათამაშო დათუნიასაც გამოუტანენ, ბავშვობისას თვითონ რომ თავით ფეხებამდე ლოკავდა ხოლმე… მაგრამ არა და არა, მეხსიერება არ უბრუნდება. ბოლოს, ერთ დღეს ბიჭები კრიკეტს თამაშობენ ეზოში და კრიკეტის ბურთი უცებ არ მოხვდება ამ კაცს თავში! იმავე წუთში დაუბრუნდება მეხსიერება, შევარდება სახლში, დედას შუბლზე აკოცებს და ყველაფერი. ისევ ჰერცოგი გახდება, იმ შეუხედავ ქალს, თავისი გამომცემლობა რომ აქვს, სულ გადაივიწყებს. ბოლომდე მოგიყვებოდით ამ ამბავს, მაგრამ ვაი თუ გული ამერიოს. იმის შიში კი არა მაქვს, შთაბეჭდილება არ გაგიფუჭოთ-მეთქი. ან კი რა არის აქ გასაფუჭებელი. მოკლედ, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ალეკი იმ შეუხედავ ქალს შეირთავს, ლოთი ძმა ნერვებს დაიმშვიდებს და ალეკის დედას თვალების ოპერაციას გაუკეთებს, სინათლეს დაუბრუნებს, მერე ლოთი ძმა და ძველი მარსია შეიყვარებენ ერთმანეთს. სულ ბოლოს ყველანი დიდ სუფრას უსხედან და სიცილით მუცელზე იფხრიწებიან, რადგან ის უშველებელი დანიური ძაღლი, შემოვარდება და ლეკვებს შემოათრევს. აქამდე ალბათ ყველას ხვადი ეგონა ის ძაღლი, თუ რა
ვიცი, რა აცინებდათ. რაღა დამრჩენია სათქმელი. გულისარევა თუ არ გინდათ, ამ სურათს ნუ ნახავთ.
ყველაზე უფრო იმან მომსპო და მომანელა, რომ ერთი ქალი იჯდა ჩემს გვერდით – უყურებდა ამ ბითურ სურათს და სლუკუნებდა. რაც უფრო მეტი სიყალბე გამოჩნდება ეკრანზე, მით უფრო მაგრად ამოუშვებდა ხოლმე ქვითინს. ერთი შეხედვით იფიქრებდი, ძაან გულჩვილია და იმიტომ მოსდის ასეო, მაგრამ გვერდზე მეჯდა და ჩემი თვალით ვნახე, რა გულჩვილიც ბრძანდებოდა. თან შვილი ახლდა, მოსწიყნდა ამ პატარა ბიჭს მთქნარება აუტყდა და ჩააცივდა დედას – საპირფარეშოში წამიყვანეო. თავი მოიკლა და არ წაიყვანა. ჭკუას არიგებდა – ნუ წრიალებ და წესიერად მოიქეციო. რაღა მგლის გულჩვილობა და რაღა იმისი. ამ ბითურულ სურათებს რომ უყურებენ და ზლუქუნებენ, ღაპაღუპით ჩამოსდით თვალებიდან ცრემლები – გამოიყვანეთ და ნახავთ, ათიდან ცხრა მაინც ნაბიჭვარი და გულბილწი თუ არ აღმოჩნდეს, არ გეხუმრებით.
კინო რომ დამთავრდა, უიკერ ბარისაკენ გავწიე, კარლ ლიუსს უნდა შევხვედროდი. მივდიოდი და ომზე ვფიქრობდი. საომარ ფილმებს რომ ვნახავ, სულ ასე მემართება ხოლმე. ომში რომ წამიყვანონ, ალბათ ვერ ავიტან. ვერასდიდებით ვერ ავიტან. გაწვევისთანავე თუ გესროლეს და მოგკლეს, ან რამე გიქნეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ ჯერ უნდა გაწანწალონ და გაწანწალონ ჯარში. ყველაზე დიდი საშინელება ესაა. ოთხი ოხერი წელი გაატარა ჩემმა ძმა დ.ბ.-მ ჯარში. ომშიც იყო, – კონტინენტზე გადასხეს და ყველაფერი, მაგრამ, მგონი ომზე უფრო ჯარში ყოფნა ეჯავრებოდა. პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ, მაგრამ მაინც მახსოვს. შვებულებით რომ ჩამოვიდოდა, დაეგდებოდა ლოგინზე და იწვა. სასტუმრო ოთახშიაც კი იშვიათად გამოვიდოდა. მერე ევროპაშიაც გადაიყვანეს, ფრონტზეც მოხვდა, მაგრამ არც დაჭრილა და არც არაფერი, ის კი არა და თოფიც არავისთვის უსვრია. მთელი დღეები ვიღაც კოვბოის გენერალს დაატარებდა შტაბის მანქანით. სხვა არაფერი ჰქონია საქმე. ერთხელ მე და ელის გვითხრა, კიდეც რომ ყოფილიყო საჭირო სროლა, არც კი ვიცოდი, ვისთვის მესროლაო. რაღა ფაშიტების არმია და რაღა ჩვენი – სულ ნაბიჭვრებით იყო გატენილიო. მახსოვს, ელიმ ჰკითხა, ეს ომში ყოფნა ცოტათი მაინც თუ გამოგადგება, როგორც მწერალს, დასაწერ მასალას თუ გაძლევსო. დ.ბ.-მ ელი გაგზავნა და ლექსებით აჭრელებული საბეისბოლო თათმანები მოატანინა: ვინ უფრო კარგად წერს ომზე – რუპერტ ბრუკი თუ ემილი დიკინსონიო, ჰკითხა. ემილი დიკინსონიო, ელიმ ეპასუხა. მე თვითონ ბევრი არაფერი მესმის ამეებისა, ლექსებს მაინცდამაინც ვერ ვეწყობი, მაგრამ ეს კი დანამდვილებითვ ვიცი: ჯარში რომ ავეწვიე და იქ ეკლისთანა და სტრედლეიტერისთანა, თუნდა იმ მორისისთანა, ვაჟბატონებს გადავყროდი, იძულებული ვყოფილიყავი, მათთან ერთად მწკრივში მევლო და მეცხოვრა, უსათუოდ ჭკუიდან შევირყეოდი. ერთხელ ბოი სკაუტების რაზმში ვიყავი ჩაწერილი, სულ ერთი კვირით, და პირდაპირ გული მერეოდა. როცა მწკრივში ჩემს წინ მდგარი ბიჭის კისერს ვუცქერდი. სულ იმას გვიჩიჩინებდნენ – კისერში უყურეთ თქვენს წინ მდგარსაო. კიდევრომ დაიწყოს ომი, თავს გეფიცებით, მირჩევნია, მაშინვე გამიყვანონ და დამხვრიტონ. ხმასაც არ გავიღებ. დ.ბ.-ზე ვარ გაბრაზებული: ხომ ასე სძულს ომი, შარშან ზაფხულს აიღო და «მშვიდობით, იარაღო» არ წამაკითხა! დიდებული წიგნიაო. ვერ გამიგია რა. იქ ერთი კაცია გამოყვანილი, ლეიტენანტი ჰენრი – ღმერთივით ბიჭიაო, დაუჟინიათ. ჩემი ძმისა მიკვირს – ჯარი და ომი ასე ეჯავრება და ყველაფერი, ეს პრანჭია ბიჭი
კი მაინც მოსწონს. ერთი სიტყვით, მე ის ვერ გამიგია, როგორ შეიძლება კაცს ამისთანა ბითურული წიგნიც უყვარდეს და რინგ ლარდნერიც, ანდა «დიდ გეტსბიზე» ჰკარგავდეს ჭკუას. დ.ბ.-ს ეწყინა, ეს რომ ვუთხარი ჯერ ღლაპი ხარ და რას გაიგებო. მაგრამ არა მგონია, ასე იყოს. მაშ რინგ ლარდნერი და «დიდი გეტსბი» რატომღა მომწონს-მეთქი, მე ვუთხარი. «დიდ გეტსბიზე» ჭკუას ვკარგავდი. გეტსბის რა შეედრება. კაცური კაცია, ვაჟკაცი. ისე, ძალიან კარგი ჰქნეს, რომ ატომური ბომდი გამოიგონეს. კიდევ რომ დაიწყოს ომი, ავდგები და პირდაპირ იმ ბომბზე დავჯდები. ჩემით, კი არავის ვკითხავ. ღმერთმანი. არ ვხუმრობ.

ნაწილი 19
ნიუ-იორკში თუ არ გიცხოვრიათ, არ გეცოდინებათ, რომ უიკერ ბარი სასტუმრო «სეტონ ოტელშია» მოთავსებული. უწინ ხშირად ავდიოდი, ახლა აღარა. თანდათანობით ამოვიკვეთე ფეხი. ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მდიდრულ, კეთილმოწყობილ ადგილად, და მთელი კოხტა-პრუწა ხალხიც იქ გამოეფინება ხოლმე. აქ ყოვლეღამე სამ-სამჯერ გამოდიოდნენ ფრანგი გოგოები – თინა და ჟანინი, როიალს უკრავდნენ და მღეროდნენ. ერთი უკრავდა – საზიზღრად; მეორე კიმღეროდა – ხან რაღაც ბინძურ სიმღერებს, ხანაც ფრანგულს. ის მომღერალი, ჟანინი, მიკროფონთან რომ მივიდოდა, მანამ სიმღერას დაიწყებდა, უსათუოდ რამე უნდა წაეჩურჩულებინა. მაგალითად ასე: «ახლა კი ჩვენ გვინდა მოგასმენინოთ «ვულე ვუ ფრანსე». ეს არის სიგერა პათარა გოგონა, რომელის დიდი ქალაქში შამოდის,. ვთქვათ როგორს ნიუ იორქი და შეიქვარებს ბრუქლიანელ ფათარა ვაჟს. იმედი გაქს, თქვენს მოგესონები». მორჩებოდა ჩურჩულს და რამეს წაიღიღინებდა, უღიმღამოდ, მოსაწყენს – ნახევარს ინგლისურად, ნახევარს ფრანგულად, ამ კოტა-პრუწა ხალხს კისულ გადარევდა და გააგგიჟებდა, შორიდან რომ შეგეხედათ და იმათი ტაშისცემისთვის გეყურებინათ, ღმერთს გეფიცებით, ადამიანის სახსენებელი შეგძულდებოდათ. ბარის პატრონის კაი ბინძური ვაჟბატონი ბრძანდებოდა. პირწავარდნილი სნობი. თუ დიდი მიღებული და გამოჩენილი ვინმე არ იყავი, ზედაც არ შემოგხედავდა. თუ დიდი გამოჩინებული და მიღებული კაცი იყავი, ისე მოგელაქუცებოდა, რომ გულს აგირევდა. მოვიდოდა, გაგეჭყანებოდა – ტუჩებს ყურებთან მიიტანდა – ვითომ, ნახევ რა კარგი ბიჭი ვარო, და გკითხავდა: «როგორაა საქმე, კონეკტიკუტში რა ამბავია»; ან არადა «ფლორიდიდან რა ისმის?» საძაგელი ბარია. არ გეხუმრებით. თანდათანობით ამოვიკვეთე იქიდან ფეხი.
ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა მივედი. დახლს მივადექი – ხალხი ბლომად ირეოდა – და ერთი-ორი ჭიქა ვისკი დავლიე, ლიუსს აღარ დაველოდე. როცა ვუკვეთავდი, ფეხზე წამოვდექი – ნახონ რამსიმაღლე ვარ, უწლოვანი არავის ვეგონო-მეთქი. მერე ერთხანს ამ კოკობზიკა ხალხს ვათვალიერებდი. ერთი ბიჭი იჯდა ჩემს მეზობლად, გოგო ახლდა. ლამის შეჭამა ის გოგო. დაიჟინა, გინდა თუ არა, არისტოკრატული ხელები გაქვსო. მომსპო და მომანელა. ბარის იქითა კუთხეში მოსირისტიანო ხალხი შეგროვილიყო. თვალში კი არ გეცემოდათ იმათი სირისტიაობა – არც ჩამოგრძელებული თმა ჰქონიათ და არც არაფერი – მაგრამ მაინც შეატყობდით, რომ სირისტიანები იყვნენ. ბოლოს ლისიც გამოჩნდა.
ლიუსი. ლიუსი! ჰოი, რა ტიპი იყო! ჰუტონში რომ ვსწავლობდით, ჩემს «მრჩეველ-სტუდენტად» ითვლებოდა, და რას აკეთებდა – სულ სექსუალურ
ამბებზე ლაყბობდა, როცა გვიან ღამით ბიჭები შეგროვდებოდნენ მის ოთახში. ამისთანა რამეები ხუთი თითივით იცოდა – განსაკუთრებით გაფუჭებული ხალხის ასავალ-დასავალი. მოყვებოდა ხოლმე ათასნაირი გათახსირებული ვაჟბატონების ამბავს – ვინ ცხვარს დასდევსო, ვინ კიდე ქუდის სარჩულად გოგოს ტრუსებს იკერებსო. ათასი სირისტიანისა და ლესბიანელის თავგადასავალს. რაც ამერიკაში პედერასტი და ლესბიანელია, სულ ზეპირად იცოდა. ვინმეს ახსენებდი – ვინც არ უნდა ყოფილიყო – მაშინვე გეტყოდა, პედერასტია თუ არა. ზოგჯერ ძნელი დასაჯერებელიც ხდებოდა, იმისთანა ხალხზე იტყოდა პედერასტი ან ლესბიანელიაო – კინომსახიობებზე და ამისთანებზე. რამდენი ცოლშვილიანიც დაასახელა – პედერასტიაო. რამდენჯერაც არ უნდა ჩაჰკითხოდი: «ნუთუ ჯოუ ბლოუც პედერასტია? ჯოუ ბლოუ, კაცო?! ამისთანა მოსული და ჩასკვნილი ბიჭი, სულ განგსტერებსა და კოვბოებს თამაშობს!» პასუხი ერთი იყო: «მაშ არა და!» ენის წვერზე ეკერა ეს სიტყვა «მაშ არა და!» ცოლშვილიანია თუ უცოლშვილო, მაგას მნიშვნელობა არა აქვსო. რაც ქვეყანაზე ცოლშვილიანი ხალხია, ნახევარი პედერასტი იქნება, მაგრამ ზოგჯერ თვითონაც ვერ გრძნობენ ამასო. მიდრეკილება თუ გაქვს, ერთ ღამეში შეიძლება შენ თვითონვე გახდე პედერასტიო. დაგვაფეთებდა ხოლმე – ელეთ-მელეთი მოგვდიოდა. სულ იმის შიშში ვიყავი, უცებ პედერასტი არ გავხდე-მეთქი. მაგრამ სასაცილო ის იყო, ზოგჯერ თვითონ ლიუსიც იმნაირ კაცად მეჩვენებოდა. დაიწყებდა ხოლმე «იცი, რა გითხრა!» გამოგყვებოდა დერეფანში და სანამ არ გაგასავათებდა, არ მოგეშვებოდა საპირფარეშოში რომ შევიდოდა, კარს ღიას დააგდებდა და იქიდან გელაპარაკებოდა, მანამ შენ კბილს იწმენდდი ან რამეს აკეთებდი. გაფუჭებული კაცის მეტი ვინ იზამს ამას. ნამდვილი გაფუჭებული იყო. გაფუჭებული ხალხი ბევრი მინახავს სკოლებში და სხვაგანაც, სწორედ ამისთანა რამეებს აკეთებდნენ, ამიტომაც მეპარებოდა ხოლმე ეჭვი ლიუსზე. თუმცა ძალიან ჭკვიანი ბიჭი კი იყო. რაც მართალია, მართალია.
თავისდღეში გამარჯობას არ გეტყოდა, როცა შეგხვედროდა. ახლაც, მოვიდა თუ არა, სულ ორი წუთით მოვედიო, გამომიცხადა. გოგოს უნდა შევხვდეო. მერე მშრალი მარტინი დაუკვეთა. ზეთისხილს ნუ უზამო, ბარმენი გააფრთხილა.
– ჰო, მართლა, ერთი გაფუჭებული კაცი კაცი შეგირჩიე, – ვუთხარი მე, – ეგერ, მეორე ბოლოში. ჯერ ნუ გაიხედავ, შენთვის შევარჩიე.
– რა ოხუნჯი! – მიპასუხა, – რაც იყავი, იგივე კოლფილდი დარჩი. აღარ უნდა გაიზარდო?!
ეტყობოდა, მაგრად ავადუღე. მართობდა ხოლმე მისი გაბრაზება. ამისთანა ტიპები ძალიან მართობენ.
– შენი სასიყვარულო ამბები როგორ მიდის? – ვკითხე მე. ვერ იტანდა, ამისთანა რამეს რომ შეეკითხები.
– მომეშვი ერთი, – მითხრა მან, – თუ ღმერთი გწამს, შენთვის დაჯექი და მომეშვი.
– აკი ვზივარ! – კოლუმბიაზე რას იტყვი? მოგწონს?
– მომწონს, აბა რა! რომ არ მომწონდეს, ხომ არც წავიდოდი! – თქვა მან. ზოგჯერ მეც საშინლად მაღიზიანებდა ხოლმე.
– რა ხელობა აირჩიე? – ვკითხე მე, – გაფუჭებულობაში ოსტატდები? – ავურევ-მეთქი, გადავწყვიტე.
– შენ რა, – ოხუნჯობაზე დებ თავს?
– არა, ისე გეხუმრები, – ვუთხარი მე, – მოიხედე, ლიუს. ჭკვიანი ბიჭი ხარ. იქნებ მირჩიო რამე. საშინელ დღეში…
ერთი მაგრად ამოიხვნეშა.
– გეყოფა, კოლფილდ, თუ გინდა, რომ წყნარად ვისხდეთ და ტკბილად ვილაპა…
– კარგი, კარგი, – ვუთხარიმე, – დამშვიდდი.
აშკარად ეტყობოდა, რომ სერიოზულ საუბარს ერიდებოდა.
ჭკუისკოლოფებმა სულ ასე იციან! თვითონ თუ არ მოეგუნებათ, მოკვდებიან და სერიოზულად არ გამოგელაპარაკებიან. რაღა ჩარი იყო, ზოგად რამეებზე დავუწყე ლაპარაკი.
– არ გეხუმრები, მართლა როგორ მიდის შენი სასიყვარულო საქმები? – ვკითხე მე, – ისევ იმ გოგოს დასდევ, ჰუტონში რომ გყავდა? აი, საშინელი ის რომ აქვს…
– აჰ, აჰ, ღმერთმა დამიფაროს!
– მაინც რა მოხდა? სად არის ახლა?
– აზრზე არა ვარ. ალბათ სულ წავიდა ხელიდან და ნიუ ჰემპშირის მეძავი გახდა.
– რა უსინდისობაა! სულ ერთად იყავით, ყველაფრის ნებას გაძლევდა და ახლა ამისთანა ლაპარაკი რა საკადრისია!
– ღმერთო ჩემო! – შესძახა ლიუსმა, – ისევ შენებური დაიწყე?! ჰა, ისევ შენებურს აპირებ?
– ნუ გეშინია, – ვუთხარი მე, – მაგრამ მაინც უსინდისობაა. შეგითვისა. ყველაფრის ნებას გაძლევდა…
– აღარ გავათავოთ ეს საშინელი ნატაციები!
აღარაფერი მითქვამს. შემეშინდა, არ ადგეს და არ მიმატოვოს-მეთქი. ავიღე და კიდევ დავუკვეთე ვისკი. დათრობა მომინდა.
– ახლა ვისთან დადიხარ აბა? – ვკითხე მე, – თუ, არ გინდა მითხრა?
– არ იცნობ შენ.
– მაინც ვინ არის? იქნებ ვიცნობდე.
– ერთი ვილეჯელი გოგოა. მოქანდაკე. რაკი ასე ჩამაცივდი.
– ოჰ! მართალს ამბობ? რა ხნისაა?
– ეს კი, მართალი გითხრა, არ მიკითხავს.
– მაინც? დაახლოებით?
– ასე, ოცდაათს იქნება გადაცილებული.
– ოცდაათსო? რას ამბობ? მოგწონს მერე? – გავიკვირვე მე, – მოგწონს ამ ხნის ქალები? – იმიტომ ჩავაცივდი, რომ ამისთანა საქმეებში ძალიან კარგად ერკვეოდა. იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, რომ მასავით ყოფილიყოს გარკვეულ ამეებში. თოთხმეტი წლისა იყო, უმანკოება რომ დაჰკარგა, ნანტუკეტში. ნამდვილად.
– მომწიფებულ ქალებს თუ გულისხმობ, მართლაც მომწონს. მაგას რაღა ბევრი ჩიჩინი უნდა.
– მართლა? რატომ მერე? ხუმრობა იქით იყოს და უფრო ვნებიანები არიან?
– მოიხედე. რატომ არ გინდა გამიგონო. შენებურად თუ დამიწყე, იცოდე პასუხს ვერ ეღირსები. როდის ჯანდაბაში უნდა გეღირსოს გაზრდა?!
ერთხანს ჩუმად ვიყავი. დავაცადე. ლიუსმა კიდევ დაუკვეთა მარტინი, ოღონდ ცოტა უფრო მშრალი იყოსო.
– მოიხედე. მაინც რამდენი ხანი იქნება, იმ გოგოსთან რომ დადიხარ. იმ მოქანდაკესთან? – ვკითხე მე. მართლა დავინტერესდი. – ჰუტონში ყოფნის დროს იცნობდი?
– არა. სულ რამდენიმე თვეა, რაც ამერიკაში ჩამოვიდა.
– რას ამბობ, საიდან?
– შანხაიდან.
– რას მიჰქარავ! ჩინელია!
– აბა რა გეგონა.
– კარგი ერთი! მოგწონს მერე? მოგწონს ჩინელი რომაა?
– აბა რა.
ჩაგწერს, მიღების დროს დაგინიშნავს. არ გინდა – ნუ გინდა! კაცმა რომ თქვას, ჩემთვის სულერთი არ არის!.
მხარზე ჩამოვადე ხელი. ძალიან კი გამართო.
– მეგობრობაც ამას ჰქვია, შე ნაბიჭვარო, – ვუთხარი მე, – აბა რა გგონია!
მაჯის საათს დახედა.
– უნდა გავიქცე, – თქვა და წამოდგა, – ძაან მესიამოვნა შენი ნახვა, – ბარმენს მოუხმო და თავისი ანგარიში მოსთხოვა.
– დაიცა, – ვუთხარი მე, – შენთვის გაუკეთებია როდესმე მამაშენს ფსიქოანალიზი?
– ჩემთვის? რატომ მეკითხები?
– ისე. თუ გაუკეთებია-მეთქი? ჰა?
– რომ გითხრა, ნამდვილი ფსიქოანალიზი არ გაუკეთებია. ისე კი დამეხმარა, რომ უფრო კარგად შევგუებოდი ცხოვრებას. საფუძვლიანი ანალიზი არც დამჭირვებია. რატომ მეკითხები?
– ისე, დამაინტერესა.
– აბა, კარგად იყავი. – მითხრა მან. ბარმენს ფული აჩუქა და წასასვლელად გაემზადა.
– ერთი კიდე დალიე, – ვუთხარი მე, – რაც იყოს, იყოს. რაღაც ნაღველი შემომაწვა. არ გეხუმრები.
ვერაო, მითხრა. ისედაც დავაგვიანეო და წავიდა.
ლიუსი, ლიუსი! ახირებული კაცი იყო, მაგრამ დიდი სიტყვის მარაგი ჰქონდა. იმისთანა მარაგი მთელს ჰუტონში არავის ჰქონია, როცა მე იქ ვიყავი. საგანგებოდ შეგვამოწმეს.

გაგრძელება იქნება

მსგავსი ამბები

Back to top button