საკითხავისასარგებლო

პოსეიდონი(მითოლოგია)

24dd19eba9e8
გთავაზობთ პოსეიდონის შესახებ ინფორმაციას

პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენას ატიკის მფლობელობაზე და თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად სამკბილას დარტყმით კლდეზე სამ ჭავლად წყარო წარმოადგინა, მაგრამ ათენამ მაინც აჯობა. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.

პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის საპატივცემოდ იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი “მიწის მეუღლეს” ნიშნავს. პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.

ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ.

პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.

მსგავსი ამბები

Back to top button