გასართობიზღაპრები

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი 10,11,12)

ნაწილი 10

ჯერ ისევ ადრე იყო. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რა დრო იქნებოდა, მაგრამ ძალიან გვიან არ უნდა ყოფილიყო. ჭირის დღესავითა მძულს დაწოლა, როცა სულაც არა გრძნობ დაღლილობას. ასე რომ ჩემოდნები გავხსენი, სუფთა პერანგი
ამოვიღე, მერე სააბაზანოში შევედი, დავიბანე და პერანგი გამოვიცვალე. ვიფიქრე, დაბლა ჩავალ და ვნახავ ერთი, იისფერ დარბაზში რა ხდება-მეთქი. სასტუმროში ღამის კლუბი ჰქონდათ მოწყობილი – იისფერ დარბაზს ეძახდნენ.
პერანგს რომ ვიცვლიდი, გავიფიქრე რა იქნება ჩემს პატარა დას – ფიბის – დავურეკო-მეთქი. ძალიან მომინდა მასთან ლაპარაკი. ჭკვიანი გოგო იყო – ყველაფერს გაგიგებდა. მაგრამ დარეკვა არ შეიძლებოდა, რადგან ჯერ სულ პატარა იყო და დაძინებული იქნებოდა, ტელეფონთან ვინ მიუშვებდა. თუ დედა ან მამა მოვიდა ტელეფონთან, მაშინვე დავუკიდებ-მეთქი, მაგრამ მაინც არ შეიძლებოდა: მიხვდებოდნენ, რომ მე ვიყავი. დედაჩემს რას გამოაპარებ. დიდი ფსიქოლოგია. ისე ძალიან გულით კი მომინდა ფიბისთან ცოტახნით ლაქლაქი.
უნდა ნახოთ, რა გოგოა. თქვენს სიცოცხლეში არ გეყოლებათ ნახული იმისთანა ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი. ნამდვილი ჭკუისკოლოფია. რაც სკოლაში შევიდა, სულ ხუთებს ღებულობს. მართალი თუ გინდათ, მთელს ოჯახში ერთი მე გამოვედი შტერი. ჩემი ძმა დ.ბ. ხომ მწერალია და ყველაფერი, მეორე ძმა, ელი, – მომიკვდა-მეთქი რომ გითხარით, – პირდაპირ ჭინკა იყო. ერთი მე გამოვედი შტერი. მაგრამ ნეტა ფიბი განახათ. თმა, ელისა არ იყოს, მასაც მოწითალო აქვს, ზაფხულობით სულ დაუმოკლდება ხოლმე, ყურს უკან იკეცავს. ისეთი პატარა, კოხტა ყურები აქვს! ზამთრობით ჩამოიშვებს ხოლმე თმას. ზოგჯერ უწნავს დედა, ზოგჯერ არა. სულერთია, მაინც შვენის. ჯერ ათი წლისაა. ჩემსავით ჩამომხმარი. მაგრამ უხდება სიგამხდრე. მოციგურავედაა გაჩენილი. ერთხელ ფანჯრიდან დავინახე – პარკში მიდიოდა და მეხუთე ავენიუ გადაჭრა. მაშინ ვიფიქრე პირველად, ისეთი გამხდარი და კოხტაა, მოციგურავედ არის-მეთქი გაჩენილი. თქვენც მოგეწონებოდათ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ რაზედაც არ უნდა გამოელაპარაკოთ, იმ წუთში გაგიგებთ, ყველაფერი იცის. სადაც გინდოდეს, წაიყვანე. ვთქვათ, ბითურ სურათზე წაიყვანე, მაშინვე მიხვდება, რომ ბითურ სურათია. კარგ სურათზე წაიყვან – კარგი სურათიაო, გეტყვის. ერთხელ მე და დ.ბ.-მ ფრანგული სურათი ვაჩვენეთ – «ხაბაზის ცოლი», რაიმო რომ თამაშობს. მოკვდა საწყალი გოგო. ყველაზე უფრო «ოცდაცხრამეტი საფეხური» უყვარს, აი რობერტ დონათი რომ არის შიგ. ზეპირად იცის მთელი ფილმი, იმიტომ რომ ათჯერ მაინც გვექნება ნახული. ეს დონათი რომ პოლიციელებს გამოექცევა და შოტლანდიურ ფერმაში იმალება, მერე შოტლანდიელი ბიჭი რომ კითხავს, «ქაშაყს თუ სჭასმო?» ფიბი იმ ბიჭთან ერთად ხმამაღლა წამოიძახებს ხოლმე ამ სიტყვებს კინოში. ზეპირად იცის მთელი დიალოგი. მერე ის პროფესორი გერმანელი ჯაშუში რომ აღმოჩნდება და თავის წაჭრილ ნეკს რომ მიუშვერს რობერტ დონათს… ფიბი წაასწრებს და სიბნელეში წინასწარ მატაკებს სახეში თავის ნეკს. კარგი გოგოა. თქვენც მოგეწონებათ. ოღონდ ზოგჯერ ძალიან მგრძნობიარეა. ისე განიცდის ყველაფერს, რომ ბავშვს არცა ჰგავს. არ გეხუმრებით. საქმეც რომ გაიჩინა – წიგნებს წერს! მაგრამ ერთხელაც არ დაუმთავრებია. ერთი გოგოს ამბავს აღწერს – ჰაზელ უეთერფილდი ჰქვია იმ გოგოს, ოღონდ ჰასლს უწოდებს. ეს ჰასლ უეთერფილდი პოლიციის მაძებარია. ყველას ობოლი ჰგონია, მაგრამ მამა გამოუჩნდება. მამამისი კი ყოველთვის ასეა დამახასიათებელი – «მაღალ-მაღალი მომხიბლავი ჯენტლმენი, ასე 20 წლისა». გაგიჟდები კაცი. ასეთი გახლავთ ჩემი ფიბი. ნამდვილად მოგეწონებათ. ღმერთმანი. სულ პაწაწკინა გოგო რომ იყო, ჭკუა მაშინაც ჰქონდა. პაწაწკინა რომ იყო, მე და ელის ბაღში დაგვყავდა ხოლმე, განსაკუთრებით კვირაობით. ელის აფრიანი ნავი ჰქონდა და კვირაობით იცოდა გაშვება, და ფიბიც მუდამ თან
დაგვყავდა. წამოიცვამდა თეთრ ხელთათმანებს და შუაში ჩაგვიდგებოდა. ნამდვილი ლედი გეგონებოდათ. მე და ელი რომ საუბარს გავაბამდით, ფიბი გვისმენდა. ზოგჯერ იქნებ გადაგავიწყდეს კიდეც, თან რომ გახლავს – ნამცეცა გოგოა! ნუნრას უკაცრავად – მაშინვე შეგახსენებს თავს, ხან ელის წაჰკრავს ხელს, ხან მე: «ვინ? რომელმა უთხრა: ბობიმ თუ იმ ქალმა?» ჩვენც ვუპასუხებთ, რომელმა უთხრა და ფიბი იტყვის: «აჰ» – და ისევ გიგდებს ყურს დიდის ამბით. ელისაც აგიჟებდა ხოლმე. მე ის მინდა გითხრათ, რომ ელისაც ძალიან უყვარდა. ახლა უკვე ათი წლისაა, უკვე აღარ არის ისეთი პაწაწკინა, მაგრამ მაინც ყველას აგიჟებს – ვისაც რამე ესმის, რა თქმა უნდა.
ერთი სიტყვით, ისეთი გოგო იყო, რომ უსათუოდ მოგინდებოდა ტელეფონით გამოლაპარაკება. მაგრამ შემეშინდა, დედა ან მამა არ მოვიდნენ ტელეფონთან-მეთქი. გაიგებდნენ ნიუ-იორკში არისო, და იმასაც მიხვდებოდნენ, რომ სკოლიდან გამომაპანღურეს. ამასობაში პერანგიც ჩავიცვი. გავემზადე და ლიფტით დაბლა დავეშვი, დარბაზში – ვნახო, რა ამბავია-მეთქი.
რამდენიმე მოსუტენერო ტიპისა და კახპის გარდა კაციშვილი არ იყო ვესტიბიულში. იისფერი დარბაზიდან კი მუსიკის ხმა გამოდიოდა და მეც იქითკენ წავედი. არც იქ ყოფილა დიდი ჭედვა, მაგრამ მაინც ერთი ქეციანი მაგიდა გამომირჩიეს სადღაც კუნჭულში და დამსვეს. ერთი დოლარი უნდა ჩამეჩარა ოფიციანტისათვის. ჰოი, ბიჭო, ნიუ-იორკში ფულს, თუ გინდა, ენას ამოუდგამ… არ გეხუმრებით.
საძაგელი ორკესტრი იყო. ბადი სინგერი. სულ ზანზარებდა იქაურობა, ოღონგდ სასიამოვნოდ არ ზანზარებდა, საძაგლად ზრიალებდა. ჩემი ტოლებიც ძალიან ცოტანი იყვნენ დარბაზში. მართალი თუ გინდათ, ერთიც არ ყოფილა ჩემი ხნისა. უმთავრესად ბებრები იყვნენ. გამოპრანჭული ბერიკაცები თავთავიანთი მანდილოსნებით. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო გამონაკლისი, ჩემს მარჯვნით. ამ მაგიდას სამი ქალი უჯდა, ასე ოცდაათ-ოცდაათი წლისა. საკმაოდ მახინჯები იყვნენ და შლიაპებზე შეატყობდით, რომ ნიუ-იორკელები არ უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ერთ მათგანს, ქერას, არა უშავდა რა. ეშხიანი გოგო ჩანდა ის ქერა, და ეშმაკურადაც დავუწყე ყურება, მაგრამ ამ დროს ოფიციანტი მომადგა. ვისკი დავუკვეთე სოდით, ოღონდ ნუ აურევ, ცალკ-ცალდკე მომიტანე-მეთქი, ვუთხარი. სხვაპასხუპით მივაყარე, რადგან ზოზინით თუ ამოღერღე, იფიქრებს, ოცდაერთი წლისა არ ყოფილაო, და ალკოჰოლს აღარ მოგიტანს. მაინც არ გასჭრა.
– ბოდიშს კი ვიხდი, სერ, მაგრამ იქნებ რაიმე საბუთი გქონდეთ სრულწლოვანებისა! თუნდაც შოფრობის მოწმობა იყოს.
გამგმირავი თვალებით შევხედე, თითქოს დიდი შეურაცხყოფა მოეყენებინოს, და ვუთხარი:
– უწლოვანს რა მიგავს!
– ბოდიშს ვიხდი, სერ, მაგრამ ჩვენ ჩვენი…
– კარგი, კარგი, – ვუთხარი მე და გუნებაში ჯანბადისკენ გავისტუმრე, – კოკა-კოლა მომიტანეთ.
წასვლა დააპირა, მაგრამ მოვაბრუნე.
– იქნებ ცოტაოდენი რომი ან რამე აურიოთ! – ძალიან თავაზიანად ვთხოვე, – ამისთანა ადგილას ასე ცხვირჩამოშვებული ხომ არ ვიჯდები. იქნებ ცოტა რომი აურიოთ, ან სხვა რამე!
– დიდ ბოდიშს ვიხდი, სერ, მაგრამ… – პირდაპირ მომახალა, არც ვამტყუნებ. სამსახურს დაკარგავს, უწლოვანს რომ ალკოჰოლიანი სასმელი მოუტანოს. მე კიდე, ჩემდა სავალალოდ, უწლოვანი ვარ.
ისევ გადავხედე ჩემს მეზობელ ქაჯებს. ესე იგი, ქერას გადავხედე. ის ორი მილასლასებული იყო შიმშილისაგან. ტლანქად კი არ მივშტერებივარ, ისე გადავხედე სასხვათაშორისოდ. მაგრამ რა ქნეს, როგორ გგონიათ, შტერივით მოჰყვნენ ხვიხვინს სამივენი. ალბათ იფიქრეს, ეს ცინგლიანი ბიჭი ასე მუშტრის თვალით რას მოგვჩერებიაო. საშინლად მეწყინა. ვითომ რაო, ცოლობას ვუპირებდი რომელიმეს თუ რა! ახი იქნებოდა, ერთი მაგრად შემებღვირა, მაგრამ უბედურება ის იყო, ომ ცეკვა მომინდა. ზოგჯერ ასე წამომივლის ხოლმე ცეკვის ჟინი. უცებ გვერდზე გადავიხარე და მივმართე: – ცეკვა არ გინდათ, ქალიშვილებო? – ტლანქად კი არ მიმიმართავს, პირიქით, თავაზიანად ვთხოვე. მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს, რა მოელანდათ. ისევ ხვიხვინი აუტყდათ. არ გეხუმრებით, შტერივით ხვიხვინებდნენ. – გამოდით, ვიცეკვოთ. სათითაოდ გაცეკვებთ. ჰა, რას იტყვით? გამოდით! – მართლაც ძალიან მომინდა ცეკვა.
ბოლოს ის ქერა გოგო წამოდგა. ეტყობა მიხვდა, რომ იმას მივმართავდი. საცეკვაო მოედანზე გამოვედით. იმ ორ საფრთხობელას პირდაპირ ისტერიკა დაემართა. ძაან ბედუკუღმართი უნდა იყო კაცი, რომ ამისთანებს გადაეყარო.
მაგრამ ღირდა კი, რაც მართალია მართალია. ამისთანა მოცეკვავეს ჯერაც არ შევხვედროდი. არ გეხუმრებით. ზოგი გოგო სულელია, მაგრამ ცეკვით ღმერთივით ცეკვავს! ჭკვიან გოგოს შეხვდები – ჩაგჭიდებს ხელს და თვითონვე გაჩინდრიკებს აქეთ-იქით; ანდა თავიდანვე იცი, რომ საზიზღარი მოცეკვავეა და გული აღარც გიწევს საცეკვაოდ, გირჩევნია იჯდე და მასთან ერთად სვა.
– ღმერთივით ცეკვავთ, – ვუთხარი იმ ქერას, – ნამდვილი პროფესიონალი მოცეკვავე ხართ. არ გეხუმრებით. პროფესიონალთანაც მიცეკვია, მაგრამ თქვენ ასწილად უკეთ ცეკვავთ, მარკო და მირანდა გაგიგონიათ?
– რაო? – არც კი მისმენდა, სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
– მარკო და მირანდა თუ გაგიგონიათ-მეთქი?
– არ ვიცი. არ გამიგონია.
– მოცეკვავეები არიან. მოცეკვავვეა ის ქალი. მაგრამ ვერაფერიშვილია. თითქოს ყველაფერს წესზე და რიგზე აკეთებს, მაგრამ არ შვენის, ლაზათი აკლია. იცით, როგორ უნდა მიხვდე ქალი კარგად ცეკვავს თუ არა?
– რაო? – ისევ ჩამოკითხა. ყურს არ მიგდებდა. სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
– თუ იცი-მეთქი, როგორ უნდა მიხვდე, ქალი კარგად ცეკვავს თუ არა?
– ააა!..
– ასე ხომ მიჭირავს ხელი ზურგზე. თუ ამ ხელის ქვევით ვერაფერს ვერა გრძნობ – ვერც დუნდულებს, ვერც ფეხებს, ვერც ტერფებს და ვერც ვერაფერს, მაშინ ნამდვილად კარგი მოცეკვავე ყოფილა.
საქმეში ხართ – მაინც არ მიგდებდა ყურს. მეც გავჩუმდი. უხმოდ ვუსვამდი ფეხს. ჰოი, ბიჭო, რას ცეკვავდა ეს შტერი გოგო. ბადი სინგერი და მისი აქოთებული ორკესტრი «ერთი რამა მწამს ამ ქვეყნად»-ს უკრავდა, მაგრამ მაინც ვერ უშლიდა ცეკვაში ხელს. დიდებული სიმღერა კია. უბრალოდ ვცეკვავდი, ბევრი მანჭვა-გრეხა არ დამიწყია. არ მიყვარს, პრანჭვას და ტყლარჭვას რომ მოჰყვებიან. ისე კი ციბრუტივით ვატრიალებდი და კარგადაც მომყვებოდა. მე სულელს მგონია, რომ თელის გატაცებით ცეკვავს-მეთქი, და უცებ სისულელე არ წამოროშა!
– მე და ჩემმა მეგობრებმა წუხელ პიტერ ლორი ვნახეთ, – მითხრა მან, – აი, კინოს მსახიობი რომაა. სიცოცხლეში ვნახეთ. გაზეთს ყიდულობდა. პეწიანი ვინმეა!
– ბედი გქონიათ, – ვუთხარი მე, – ნამდვილად! ბედი გქონიათ. – შტერია აბა რა არის! მაგრამ დიდებულად კი ცეკვავს. თავი ვეღარ შევიკავე და ზედ გამოთაყვანებულ კინკრიხოში ვაკოცე. სწორედ იქ, საცა თმა ჰქონდა გაყოფილი, აიტკიცა.
– ე, ეს რა ამბავია!
– არაფერი. რა უნდა იყოს. ღმერთივით მოცეკვავე ყოფილხართ, – ვუთხარი მე, – და მყავს ერთი, ჯერ ღლაპია, მეოთხეში სწავლობს, არაფრით არ ჩამოვარდებით, ის კი გლეჯვაზე ცეკვავს.
– ცოტა უფრო წესიერად ილაპარაკეთ.
ჰოი ბიჭო, ნამდვაილი ლედი არ გამომიჩნდა! დედოფალი!
– სადაურები ხართ? – ვკითხე მე.
ხმაც არ გაუცია. სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ალბათ პიტერ ლორს ელოდა.
– სადაურები ხართ-მეთქი, – ჩავეკითხე.
– რაო?
– სადაურები ხართ? თუ არ გინდათ, ნუ მიპასუხებთ, ძალას კი არ გატანთ.
– სიტლიდანა ვარ, ვაშინგტონიდან, – ამოშაქრა მან. დიდი წყალობა კი მოიღო.
– კაი მოსაუბრე ყოფილხართ, – ვუთხარი მე, – არა?
– რაო?
აღარ გავუმეორე. მაინც არაფერი ჩასდიოდა თავში.
– მოდი, ჯიტერბაგი ციკვოთ, ჩქარა თუ დაუკრავენ! ლიპა ჯიტერბაგი კი კი არა – ჩინდრიკით და სკუპ-სკუპით, ნამდვილი ჯიტერბაგი. ჩქარი თუ დაუკრეს, ბებრებსა და სქელოებს გარდა ყველა დაჯდება და მეტი ხალვათობა იქნება. კარგი?
– ჩემთვის სულერთია, – თქვა მან, – ისე, მაინც რამდენი წლისა იქნებით?
ერთბაშად ჩამწყდა გული.
– რატომ აფუჭებთ ყველაფერს?! რა ჯანდაბა მოგივიდათ?! – ვუთხარი მე, – თორმეტისა ვარ, მაგრამ უფრო დიდი ვჩანვარ.
– მოიხედეთ. აკი გითხარით, უფრო წესიერად ილაპარაკეთ-მეთქი! – მითხრა მან, – კიდევ თუ დაგიწყიათ ჯანდაბებით ლაპარაკი, იცოდეთ წავალ და ჩემს მეგობრებთან დავჯდები.
ბოდიშებს მოვჰყევი გამწარებით, იმიტომ რომ ორკესტრმა ის იყო სწრაფი საცეკვაო დაიწყო, ჯიტერბაგზე გადავედით – ისე მსუბუქად და ლაღად მომყვა! ნამდვილად კარგი მოცეკვავე იყო. ხელის შეხების მეტი არაფერი უნდოდა. რომ მოტრიალდებოდა, ისე კოხტად უთრთოდა თავისი ჩამოქნილი თეძოები, რომ შენი მოწონებული! ლამის ჭკუიდან შემშალა. ღმერთმანი. ცეკვას რომ მოვრჩით, თითქმის შეყვარებული ვიყავი. ასე არიან ხოლმე გოგოები. შეხედავ – გული არ მიგივა, ზოგჯერ სულელიც არის, მაგრამ კოხტად გააკეთებს რამეს და ლამის თავს შეგაყვარებს, აღარ იცი რა ჯანდაბა გემართება. გოგოები? ეშმაკმა წაიღოს, ჭკუიდან შეგშლიან. სულ გაგაგიჟებენ.
თავიანთ მაგიდასთან არ მიმიპატიჟეს – ამდენი არ ესმოდათ – მაგრამ მე თვითონ მივედი და დავჯექი. ქერა გოგოს, რომელთანაც ერთად მე ვცეკვავდი, ბერნის ქრაბსი თუ კრებსი ერქვა, აღარ მახსოვს. იმ ორი მახინჯის სახელები კი
მართი და ლავერნი იყო. მე ჯიმ სტილად გავაცანი თავი – ფეხებზე არ მეკიდა! ერთი პირობა, ჭკვიანური ლაპარაკის გაბმა დავაპირე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! მკლავები უნდა გადაგეგრიხათ, რომ ერთი სიტყვა ამოგეღერღებინათ. გაგიჭირდებოდა თქმა – ამ სამში რომელი უფრო სულელი იყო. ერთი წუთიც არ დაუკარგავთ, სულ აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, თითქოსდა მოელოდნენ – რაც ქვეყანაზე ის ოხერი კინო-ვარსკვლავებია, სულ აქ უნდა შემოლაგდნენო. ეტყობა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ როგორც კი ნიუ-იორკში მოხვდებოდნენ კინო-ვარსკვლავები, უსათუოდ მივიდოდნენ და იმ «იისფერ დარბაზში» დაიწყებდნენ წრიალს და არა «სტორკ-კლუბსა» თუ «ელ მოროკოში». ნახევარი საათი მაინც მოვუნდი იმის გაგებას და გარკვევას იმ თავიანთ სიტლიში რაზე მუშაობდნენ. გამოირკვა, რომ დაზღვევის კანტორაში მსახურობდნენ. ვკითხე, როგორ მოგწონთ თქვენი სამუშაო-მეთქი. როგორ გგონიათ, ამ სამი გამოთაყვანებული გოგოსაგან ადამიანურ პასუხს მიიღებდით? მომეჩვენა, რომ ის ორი მახინჯი – მართი და ლავერნი დები იყვნენ, მაგრამ როცა ვკითხე, ძალიან იწყინეს. ადვილად შეატყობდით, რომ არცერთს არ სიამოვნებდა მეორეს ჰგვანებოდა. ვერც დაძრახავდით, მაგრამ ძალიან კი გავერთე.
სამივე ვაცეკვე რიგრიგობით. იმ მახინჯთაგან ერთ-ერთს, ლავერნს, კიდევ არა უშავდა რა, რაღაცას ცოდვილობდა, მაგრამ მეორემ, მართიმ, მომსპო და მომათავა. იმასთან ცეკვას გერჩივნა თავისუფლების ქანდაკება დაგეჭირა ხელში და მთელს დარბაზში გეთრია. რამე გასართობი უნდა მომეგონა, თორემ ამ დაფეხვილი დედაკაცის თრევას ეხუმრებით! მოვიგონე კიდეც – ეგერ კინოვარსკვლავი გარი კუპერი-მეთქი, ვუთხარი.
– სადა? აბა სადა? – საშინლად აღელდა.
– ეეჰ, ვეღარ დაინახავთ. თვალს მიეფარა. რატომ მაშინვე არ გაიხედეთ, როცა გითხარით?
ხელადვე შეჩერდა და ზევიდან გადახედა მოცეკვავეების თავებს – იქნებ თვალი მოვჰკრაო.
– ეჰ! – ამოიგმინა. სულ ჩავწყვიტე გული. ახლა უკვე ვინანე, რატომ მოვატყუე-მეთქი. ახი კია მაგათზე. მაგრამ ზოგი უნდა დაინდო.
ყველაზე უფრო სასაცილო ის იყო, რომ ცეკვას როდესაც მოვრჩით და მაგიდასთან დავბრუნდით, მართი ეუბნება თავის მეგობრებს – გარი კუპერი იყო აქა და ეს წუთია წავიდაო. ჰოი, ბიჭო, რა მოუვიდათ საბრალო ლავერნსა და ბრენისს! ცოტაც გაწყდა, თავი არ მოიკლეს. საშინლად შეწუხდნენ და მართისა ჰკითხეს, შენ მაინც თუ დაინახეო. ერთის წამით ძლივს მოვკარი თვალიო, მართიმ უპასუხა. ამან მთლად მომსპო.
ბარს უკვე კეტავდნენ და მე სასწრაფოდ ორ-ორი ალკოჰოლიანი სასმელი დავუკვეთე მათთვის. ჩემთვისაც კიდევ ორი კოკა-კოლა მოვატანინე. გულისამრევად იყო მიყრილ-მოყრილი ჭიქები იმ ოხერ მაგიდაზე. ერთ-ერთი მახინჯი გოგო ლავერნი, წამდაუწუმ მადუღებდა – გაიჭყიპები კოკა-კოლათიო. დიდებული ხუმრობა იცოდა. ისა და მართი ჩაციებულ სასმელსა სვამდნენ ამ შუაგულ დეკემბერში. ეშმაკმა დალახვროს. მეტი არ ესმოდათ. ის ქერა გოგო კი – ბერნისი – სოდიან ვისკისა სვამდა. გამსწარებით ყლურწავდა. თვალებს სამივენი აქეთ-იქით აცეცებდნენ – კინოვარსკვლავებს ეძებდნენ. ათასში ერთხელ თუ ამოიღებდნენ ხმას. ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებოდნენ. სხვებზე მეტს ისევ მართი ლაპარაკობდა. სულ გულისამრევ ტერმინებს ისროდა. საპირფარეშოს,
მაგალითად, «ერთ ადგილს» ეძახდა, კლარნეტზე დამკვრელ გადამღრძვალ ბერიკაზე ამბობდა, გასაყეყეჩებელი რამეაო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბერიკაცი წამოდგებოდა და ყურისწამღებად აჭყვიტინდებოდა. თვითონ კლარნეტს «ძირტკბილას ღეროს» ეძახდა. გულისამრევი იყო. მაგრამ მის მახინჯ ამხანაგს – ლავერნს – დიდი ანგალი ეგონა. ჩამაცივდა – გინდა თუ არა, მამაშენს დაურეკე და კითხე რას აკეთებსო. გაიგე, პაემანზე ხომ არ მიდისო. ბარე ოთხჯერ მკითხა – დიდი ანგალი ვინმე იყო. იმ ქერა გოგოს, ბერნისს, კრინტიც არ დაუძრავს. რამდენს ვეტყოდი რამეს, «რაო?» მუდამ ასე შემეკითხებდა. ბოლოსდაბოლოს ნერვები ამიშალა.
გამოცალეს თუ არა ჭიქები, წამოხტნენ და, გვეძინებაო, მითხრეს. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, რადიო სიტის მიუზიკ ჰოლში პირველ სეანსს უნდა მივუსწროთო. ვთხოვე, ცოტა ხანს დამსხდარიყვნენ, მაგრამ არ ინდომეს. მეტი რაღა ჩარა იყო – გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. უსათუოდ მოგძებნით, თუ ოდესმე სიტლიში მოვხვდები-მეთქი, მე ვუთხარი. მაგრამ არა მგონია. ესე იგი, არა მგშონია, რომ ძებნა დავუწყო.
თითქმის ცამეტი დოლარის ანგარიში მომიტანეს, სიგარეტებიც შიგ შედიოდა და ყველაფერი. საცა სამართალია, იმის გადასახდელად მაინც უნდა გაეკრათ ჯიბეს ხელი, რაც ჩემს მისვლამდე შესვეს. რაღა თქმა უნდა მე არ დავანებებდი, მაგრამ თავი მაინც უნდა გამოედოთ, თუმცა დიდი კი არაფერი, ისე ვამბობ. სულელები იყვნენ და თან ისეთი საცოდავი და სასაცილო ქუდები ეხურათ! ის რომ გავიგონე, დილით ადრე უნდა ავდგეთ და რადიო სიტიში პირველ სეანსს უნდა მივუსწროთო, მთლად მომეშხამა გუნება. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ: სიტლიდან თუ ეშმაკიდან ნიუ-იორკში ჩამოსული ქალი უთენიპა ზეზე წამოხტეს და რაღაც ქეციანი სურათის საყურებლად იმ ოხერ რადიო სიტიში გავარდეს! გუნებას მოგიშხამავს, აბა რა მოგივა! ნეტა კი ეს არ გამეგონა და თითოს ას-ას ჭიქა ვისკის დავალევინებდი.
იმათი წასვლის შემდეგ მეც აღარ დავრჩენილვარ დიდხანს. სულერთია, მაინც კეტავდნენ. ორკესტრი დიდი ხანია წავიდა. ან კი რა უნდა მეკეთებინა. ამისთანა საძაგელ ადგილებში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩერება, სასიამოვნო ვინმე თუ გახლავს, რომელთანაც იცეკვებ მაინც, ან არა და ნამდვილი სასმელები თუ მოაქვს ოფიციანტს ამ ოხერი კოკა-კოლას მაგივრად. როგორი კლუბიც არ უნდა იყოს, სულ ტყუილია, დიდხანს ვერ გაძლებ, თუ ნამდვილი სასმელი არა გაქვს, ან ისეთი გოგო არ გახლავს, ვისზეც მართლაც რომ ჭკუას კარგავ.

ნაწილი11

დარბაზიდან რომ გამოვდიოდი, უცებ ისევ ჯეინ გალაჰერი არ მომაგონდა! და ვეღარც მოვიშორე თავიდან. იქვე ერთი გულისამრევი სავარძელი იდგა, შიგ ჩავეგდე და ფიქრებში წასულმა წარმოვიდგინე, როგორ იყვნენ შეყუჟულნი იმ ოხერ ედ ბენკის მანქანაში ჯეინი და სტრედლეიტერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშინ არაფერი გაუკეთებიათ – ჯეინს მოხარშულს ვიცნობ – მაგრამ სულერთია, მაინც ვერ ამოვიგდე თავიდან. ჯეინს მოხარშულს ვიცნობ. ნამდვილად. საქმე ის არის, რომ მარტო შაში კი არ უყვარს – სპორტზე, საერთოდ, ჭკუას კარგავს. რომ გავიცანი, იმ ზაფხულს დილდილობით სულ ჩოგბურთს ვთამაშობდით, საღამოობით კი – გოლფს. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. განა ფიზიკურდა, ისე… არა, მაგრამ სულ ერთად კი ვიყავით. გოგოს დასაახლოვებლად ყოველთვის ხვევნა-კოცნა როდია აუცილებელი.
გაცნობით კი შემთხვევით გავეცანი – მისი დობერმან-პინჩერი ჩვენს ბაღში გადმოდიოდა და იქ მოისაქმებდა ხოლმე. დედაჩემი საშინლად დუღდებოდა. ერთხელ ჯეინის დედას დაურეკა და ერთი ამბავი დააწია. ამისთანა საქმეზე, იცოცხლეთ, დედაჩემს ალიაქოთის ატეხვა უყვარს. ამის შემედგ ორ დღესაც არ გაევლო, რომ ჯეინი დავინახე ჩვენი კლუბის აუზთან, პირქვე იწვა. მივესალმე. ვიცოდი, რომ ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც არ გამოვლაპარაკებოდი. მივესალმე, მაგრამ ცხვირი ამიბზუა, დავიქოქე – მე ფეხებზე მკიდია-მეთქი, ვუთხარი შენი ძაღლი სად მოსვრის და სად რას იზამს, თუ გინდა ოთახში ქნას, მე რა მენაღვლება-მეთქი. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ მე და ჯეინი კარგი მეგობრები გავხდით. იმავე დღეს გოლფი ვითამაშეთ. მახსოვს, რთა ბურთი დაკარგა მაშინ. რვა! ჯვარს მაცვა, მანამ ბურთს შეეთჩვია, თორემ თავიდან ბურთს რომ დავარტყამდი, თვალებს ხუჭავდა. ღმერთივით კი გავწრთვენი. მე თვითონ ძალიან კარგი მოთამაშე ვარ. იქნებ არც დამიჯეროთ, რომ გითხრათ, რამდენ წრედ ვამთავრებ თამაშს. მოკლემეტრაჟიან ფილმში კინაღამ გადამიღეს. უკანასკნელ წამს გადავიფიქრე. დიდი სისულელე იქნება-მეთქი, გადავწყვიტე. კაცს კინო ჭირის დღესავით სძულდეს და მაინც კინოში გადააღებინოს თავი!
დიდი სასაცილო ვინმე კი იყო ეს ჯეინი. ვერ ვიტყვი, ძაან ლამაზია-მეთქი, მაგრამ მე ჭკუას ვკარგავდი. ჰოი, რამოდენა პირი ჰქონდა! ლაპარაკს ორმ დაიწყებდა, ან რამეზე რომ აღელდებოდა, ტუჩები უთრთოდა და უკანკალებდა. ვგიჟდებოდი პირდაპირ. როგორც წესი და რიგია ერთხელდაც არ მოკუმავდა პირს. ოდნავ მაინც ჰქონდა ხოლმე გაღებული, განსაკუთრებით მაშინ, გოლფს რომ თამაშობდა, ან წიგნს როცა კითხულობდა. განსაკუთრებით ლექსები უყვარდა. ჩვენების გარდა, ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ელის ხელთათმანი ვაჩვენე, ლექსებით აჭრელებული. ელის არ მოსწრებია, რადგან იმ ზაფხულს პირველად ჩამოვიდა მეინში, – ადრე კოდის კონცხზე დადიოდა, – მაგრამ ელის ამბები სულ ვუამბე. ძალიანაც დაინტერესდა.
დედაჩემს მაინცდამაინც არ მოსდიოდა თავალში. ეგეც და დედამისიც ცხვირს იბზუებენო, იტყოდა. იმიტომ რომ ზოგჯერ სალამი ავიწყდებოდათ. ხშირად ხვდებოდა ხოლმე მათ სოფელში, რადგან ჯეინი დედამისს დაჰყვებოდა თავიანთი მანქანით ბაზარში. დედას ლამაზიც არ ეჩვენებოდა ჯეინი. მე კი ერთი მისი გამოხედვა ყველაფერს მერჩივნა.
კარგად მახსოვს ის დღე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე და ჯეინმა ერთმანეთს ვაკოცეთ. იმასაც თუ კოცნა ჰქვია. შაბათი იყო და წვიმდა, წვიმდა – ცა ფეხად ჩამოდიოდა, მე კი იმათ აივანზე ვიჯექი, დიდი აივანი ჰქონდათ, შუშაბანდიანი. შაშს ვთამაშობდით. ვაჯავრებდი ხოლმე, დამები რომ არ გამოჰყავდა უკანა მწკრივიდან. თუმცა არც თუ ისე ხშირად ვაჯავრებდი. გული არ მაძლევდა ჯეინის გამოჯავრებას. იცოცხლე, გოგოების ადუღება მიყვარს. თუ ვიხელთე, სულ თავბედს ვაწყევლინებ. მაგრამ სასაცილო ის არის, რომ როცა გოგო ძალიან მომწონს, გამოჯავრება მაინცდამაინც აღარ მომინდება. ზოგჯერ მომეჩვენება, გოგოებს უხარიათ კიდეც, როცა გამოაჯავრებ-მეთქი. მართალიც არის, ნამდვილად უხარიათ. მაგრამ როცა დიდი ხნის ნაცნობები ხართ და აქამდე ერთხელაც არ გაგიჯავრებია, ძნელია ერთბაშად ადგე და დაცინვა დაუწყო. ერთი სიტყვით, ის დღე გავიხსენე, როცა ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. ჯოჯოხეთურად წვიმდა. აივანზე ვისხედით. უცებ ის ლოთი ქოფაკი არ გამოვიდა, ჯეინის დედის ქმარი! სიგარეტები ხომ არ გეგულებაო, ჯეინს ჰკითხა. კარგად არ ვიცნობდი და
არც არაფერი, მაგრამ ზედვე ეტყობოდა რაც იყო: მაგისთანა ვაჟბატონები, თუ რამე დასჭირდათ, მხოლდო მაშინ გამოგელაპარაკებიან. საზიზღარი კაცი იყო. ჯეინს ხმაც არ გაუცია, იმან რომ ჰკითხა, სიგარეტი ხომ არ გეგულებაო. ხელმეორედ ჰკითხა, მაგრამ არც ახლა უპასუხა ჯეინმა. თავიც კი არ აუღია. როგორც იქნა, უკანვე გაბრუნდა ის ვაჟბატონი. რა მოხდა-მეთქი, ჯეინს ვკითხე. ჩემთვისაც არ უპასუხნია. ისე ჩაშტერებოდა დაფას, თვითქოს მთელი გულისყურით მორიგ სვლაზე ფიქრობდა. უცებ წკაპ – ცრემლი მოსწყდა და დაფას დაეცა. პირდაპირ წითელ უჯრედს დაეცა. ჰოი, ბიჭო, ახლაც ვხედავ იმ ცრემლს, აიღო და თითით მოიწმინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთბაშად ჩამწყდა გული. ავდექი და გვერდზე მოვუჯექი, შევავიწროვე, მართალი თუ გინდათ, ლამის კალთაში მოვუჯექი, შევავიწროვე, მართალი თუ გინდათ, ლამის კალთაში ჩავუჯექი. ახლა კი მართლა წასკდა ტირილი. ისე დავიბენი, რომ კოცნა დავუწყე. სადაც კი მომიხვდა, ყველაფერი დავუკოცნე – თვალები, ცხვირი, შუბლი, წარბები და ყველაფერი, ყურებიც კი… მთელი სახე. მხოლოდ ტუჩებში არ მიკოცნია. რაღაცნაირად მარიდებდა ტუჩებს. ეს იყო და ეს, იმის მეტად აღარ მიკოცნია. ცოტა ხნის მერე წამოდგა, ოთახში შევიდა, სვიტრი ჩაიცვა – ჭრელი სვიტრი, ჭკუას ვკარგავდი იმ სვიტრზე – და რაღაც ბითურულ კინოში წავედით. გზაში ვკითხე, მისტერ კუდაჰის – კუდაჰი იყო იმ ლოთის გვარი, – შენთვის ცუდი ხომ არაფერი უკადრებია-მეთქი. ჯერ კი პატარ იყო, მაგრამ ჩამოქნილი ტანი ჰქონდა, ხოლო იმ ნაბიჭვრისაგან რა უნდა ყოფილიყო გასაკვირი! არაო, ჯეინმა მითხრა. ასე რომ, ვეღარ გავიგე, რამ აატირა. გოგოებს რას გაუგებ.
ერთხელ მეტად არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის-მეთქი, რომ ვამბობ, ის კი არ იფიქროთ, ცივი ყოფილიყოს ან სხვა რამე. სულაც არა. ხელი, მაგალითად, მუდამ ჩაჭიდებული გვქონდა ერთმანეთისათვის. ვიცი, რომ ეს დიდი არაფერია, მაგრამ მისთვის ხელის ჩაჭიდება ერთ რამედ ღირდა., რამდენ გოგოს შეხვდები, ხელს რომ ჩასჭიდებ, ასე გგონია დამჭკნარი ხელი მიჭირავსო, ან არადა, წარამარა ატრიალებს, ალბათ ფიქრობს, არ მოსწყინდესო. ჯეინი სულ სხვა ვინმე გახლდათ. შევიდოდით, მაგალითად, ბითურულ კინოში ან სადმე, და მაშინვე ჩავბღუჯავდი ჯეინის ხელს. მანამ კინო არ გათავდებოდა, არც გავუშვებდი. ვიყავით ასე განაბულები, არც გავინძრეოდით და არც არაფერი. ჯეინთან რომ იყავი, არც იმაზე შეწუხდებოდი, ხელი ხომ არ გამიოფლიანდაო. თავს ბედნიერად გრძნობდი და მორჩა – მეტი რაღა გინდოდა.
კიდევ მაგონდება ერთი რაღაც. ერთხელ კინოში ვართ, და ისეთი რამე გააკეთა ჯეინმა, რომ ლამის ჭკუიდან შემშალა. მგონი ქრონიკა გადიოდა. უცებ ვიღაცა კეფაზე მისვამს ხელს. მოვიხედე – ჯეინია. საოცარი კია. ჯერ ხომ ბავშვი იყო. ჩვეულებრივ ოცდახუთი-ოცდაათი წლის ქალები უსვამენ ხოლმე თავზე ხელს – და ისიც, ან თავიანთ ქმრებს ან პატარა ბავშვებს. ათასში ერთხელ მეც კივუსვამ ჩემს ფიბის თავზე ხელს. მაგრამ ახალდგაზრდა გოგო რომ ამას იზამს, ამაზე სასიამოვნო არაფერია, ჭკუიდან შეგშლის.
ერთი სიტყვით, იმ გულისამრევ სავარძელში ვიჯექი, ვესტიბიულში, და ამეებს ვიგონებდი. ეჰ, ჯეინ. რამდენს წარმოვიდგენ, როგორ იყო შეყუჟული სტრედლეიტერთან ერთად იმ ოხერი ედ ბენკის მანქანაში, ლამის იმდენი გავგიჟდე. ვიცოდი, რომ ისეთს არფერს გააბედინებდა, მაინც ვგიჟდებოდი. მართალი თუ გნებავთ, გახსენებაც კი აღარ მინდა.
ჩემს მეტი უკვე აღარავინ ჩანდა ვესტიბიულში. მოროსკიპო ქერა გოგოებიც კი გაკრეფილიყვნენ და უცებ საშინლად მომინდა აქედან წასვლა. გული მომეწურა.
თუმცა დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. ნომერშიავედი და პალტო ჩავიცვი. ერთი პირობა, ფანჯარაშიც გავიხედე – აბა ის გაფუჭებული ხალხი თუ ჩანს-მეთქი, მაგრამ სულ ჩაბნელებული იყო ყველაფერი. ლიფტით დავეშვი, ქუჩაში გავედი, ტაქსი დავიჭირე და ერნისაკენ გავსწიე. ერნი ღამის სამიკიტნოა, გრინვიჩ-ვილეჯში; მანამ ჰოლივულში წავიდოდა, ჩემს ძმა დ.ბ.-ს უყვარდა ხოლმე იქ სიარული. ერთი-ორჯერ მეც წამიყვანა. თვითონ ერნი ერთი ზონზროხა ზანგია, როიალზე უკრავს. პირწავარდნილი სნობია: თუ შეგატყო, დიდი ვინმე არა ხარ, ზედაც არ შემოგხედავს. დაკვრით კი ღმერთივით უკრავს. ისე კარგად უკრავს, რომ ზზოგჯერ აღარც გსიამოვნებს. ვერ აგიხსნით, რატომ, მაგრამ ასეა, ძალიან მიყვარს მისი მოსმენა. მაგრამ ხანდახან ლამის მივვარდე და თავდაყირა ამოვუტრიალო ის ოხერი როიალი. ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ მის დაკვრაშივე გრძნობ, როგორ იბზუებს ცხვირს და როგორ ზედაც არ გიყურებს, თუ დიდი ვინმე არა ხარ.

ნაწილი 12

ერთი დაფხავებული ტაქსი შემხვდა. ისე ყარდა, თითქოს შიგ ვინმეს ამოერწყიოს. ღამით რომ გამოვდივარ შინიდან, არ იქნება, ამისთანა გულისამრევ ტაქსს არ გადავეყარო. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ქუჩებში კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი, საშინელი სიწყნარე გამეფებულიყო, თუმცა შაბათი ღამე გახლდათ. მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს განმარტოებულ ბიჭსა და გოგოს, რომელთაც წელზე შემოეხვიათ ერთმანეთისათვის ხელი. ზოგჯერ მოხულიგნო ვაჟბატონების გუნდიც შემოგხვდებოდათ, თავიანთი გოგოები რომ მოჰყავდათ და ჰიენებივით ხვიხვინებდნენ, თუმცა თამამად შეგეძლო სანაძლეოს ჩამოსულიყავი, რომ სასაცილო არაფერი იქნებოდა. საშინელებაა, როცა ნიუ-იორკში გვიან ღამით ვინმე იცინის. რამდენიმე მილიდან გაიგონებ და ხელადვე მარტოობის ნაღველი შემოგაწვება. ერთბაშად შინ წასვლა და ჩემს პატარა ფიბისთან ყბედობა მომინდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის შოფერს გამოველაპარაკე, ჰორვიცი ერქვა. სად ეს და სად ის პირველი შოფერი! ეს კარგი კაცი ჩანდა. ვიფიქრე, იქნებ ამან მაინც იცოდეს იმ იხვების ამბავი-მეთქი.
– ეი, ჰორვიც, – ვუთხარ იმე, – ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი ცენტრალური პარკის სამხრეთით?
– რა არისო?
– ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, იხვები რომ დაცურავენ.
– ჰო, მერე რა?
– იხვები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდიან?
– ვინ სად მიდის?
– იხვები. იქნებ იცოდეთ შემთხვევით. ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონვე მიფრინავენ – სამხრეთისაკენ ან სხვაგან სადმე?!
ჰორვიცი შემობრუნდა და სახეში ჩამაშტერდა. ეტყობა, ძალიან ნერვიული კაცი იყო, თუმცა ისე არა უშავდა რა.
– მე სად ჯანდაბიდან მეცოდინება! – თქმა მან, – ან რაში მჭირდება ამისთანა სისულელე.
– კი ნუ მიწყენ, – ვუთხარი მე. ეტყობოდა, მართლაც ეწყინა.
– რა უნდა მეწყინოს? წყენა რა მოსატანია!
კრინტი აღარ დამიძრავს; თუკი ასე იწყინა, რა ძალა მადგა. თვითონვე გამომელაპარაკა. ისევ მობრუნდა ჩემკენ და მითხრა.
– ის კი ვიცი, რომ თევზები არსად არ მიდიან. სადაც არიან, იქვე რჩებიან. თევზები, იმ ოხერ ტბაშივე.
– თკვზები,| ჰო… სად თევზი და სად იხვი, მე იხვებზე გკითხეთ.
– რა განსხვავებაა. თევზი და იხვი რამ გაჰყო, – თქვა ჰორვიცმა. ზედვე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გაბრაზებული იყო. – პირიქით, თევზებს იხვებზე უფრო გაჭირდებათ – ზამთარიო, ყინვაო და ეშმაკმა იცის, კიდევ რა. ტვინი უნდა გაანძრიო.
ერთი წუთით გაჩუმებული ვიყავი, ხმა არ გამიღია. მერე კი ვუთხარი:
– ვთქვათ ასეა. მერე იმ თევზებყს რა მოსდით, სულ რომ გაიყინება ტბა და ხალხი ზედ ციგურაობას დაიწყებს?!
ჰორვიცი ისევ მობრუნდა და დამიღრიალა.
– ვიომ რაო, რა უნდა მოუვიდეთ? იქვე არიან, სად ოხრობაში უნდა წავიდნენ!
– ყინულს კიდევ ფეხებზე იკიდებენ, არა?! ვითომ არაფერიო!
– აინ იკიდებს ფეხებზე? ვინ გითხრა ფეხებზე იკიდებენო! – შემომიბღვირა ჰორვიცმა. ძალიან კი ადუღდა. შემეშინდა კიდეც – მანქანა ბოძს ან რამეს არ შეანარცხოს-მეთქი. – იქვე ცხოვრობენ, იმ ოხერი ყინულის ქვეშ. ეგეთი ბუნება აქვთ. გაიყინებიან და არიან მთელი ზამთარი.
– რას ამბობთ! ჭამა აღარ უნდათ? თუკი გნაიყინენ და ვეღარ იცურეს, საჭმელს ვინ მიაქვავებს?!
– ვაჰ, რა ღმერთი გიწყრება! სხეული თავისით იკვებება. ტბაში რამდენი წყალმცენარე და ოხრობაა, ყინულქვეშ! ფორები სულ ღია აქვთ თევზებს, და შესდით საჭმელი. ეგეთი ბუნება აქვთ. ახლა გამიგე?
– აჰა! – ვთქვი მე. აღარ ჩავაცივდი. შემეშინდა მანქანა არ დაამტვრიოს ან რამე არ მოუვიდეს-მეთქი. ძალიან ნერვიული კაცი ჩანდა და რაღა ინტერესი ჰქონდა იმასთან დავას. – იქნებ რამე დაგველია – ვუთხარ იმე.
ხმაც არ გაუცია. შევატყე, რომ ისევ იმაზე ფიქრობდა. კიდევ გავუმეორე თხოვნა. კაი კაცი იყო. სასიამოვნო.
– დალევის დრო ვინ მომცა, ძმობილო, – მითხრა მან – ისე მაინც რამდენი წლის იქნები? რატომ არ გძინავს?
– არ მეძინება.
მანქანიდან რომ გადმოვედი და ფული გადავუხადე, ჰორვიცი ისევ თევზებს დაუბრუნდა. ალბათ სულ ამაზე ფიქრობდა.
– მოიხედე, – მითხრა მან, – შენ რომ თევზი იყო, როგორა ფიქრობ, ბუნება შენზე არ იზრუნებდა? ჰა? რას იტყვი? მაშ რატომ გგონია, რომ ზამთარში თევზები უსათუოდ უნდა დაიხოცონ?!
– დახოცვით არ დაიხოცებიან, მაგრამ…
– ჰოდა, მეც მანდა ვარ! – თქვა ჰორვიცმა და გიჟივით გაქანდა.
ჯერაც არ გადავყრივარ ამისთანა ნერვიულ ადამიანს. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე ჯაჯაღანებს.
ამ ნაშუაღამევსაც კი ერნის სამიკიტნოში ჭედვა იყო. უმთავრესად სკოლებისა და კოლეჯების ვაჟბატონებს მოეყარათ თავი. სკოლებს ყველგან ადრე ითხოვენ ხოლმე საშობაოდ, მარტო ჩემთან გახდა უსაშველო – საცა არ უნდა მივიდე, ყველა კოლეჯში აჭიანურებენ. ისეთი ჭედვა იყო, რომ პალტოსთვის ნომერიც აღარ ყოფნიდათ გარდერობში. თუმცა ღრიანცელი არ ყოფილა, რადგან ერნი როიალზე
უკრავდა. გეგონება, კაი წმინდანი იყოს – მიუჯდება თუ არა როიალს, ყველა პირდაბჩენილი შეჰყურებს. დიდ საქბმეში არიან! ჩემს გვერდით ორი-სამი წყვილი იდგა, მაგიდის მოლოდინში; ერთმანეთს აწყდებოდნენ და თითის წვერებზე დგებოდნენ, რომ ერნისთვის მოეკრათ თვალი დაკვრის დროს. როიალის უკან დიდი სარკე ჰქონდა დაკიდული ერნის და გვერდებიდანაც პროჟექტორები აშუქებდნენ, ორმ დაკვრის დროს ყველას შესძლებოდა მისი სახის დანახვა. თითებს თვალსაც ვერ მოჰკრავდი, მხოლოდ მის გაბრტყელებულ სიფათს შეჰყურებდი. მართლაც რომ გაბრტყელებული სიფათი ჰქონდა! დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რას უკრავდა, როცა შევედი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრად კი ათახსირებდა. ჰოი, რა ამბავში იყო – რომ გაუწვრილდებოდა, მაღალ ნოტებს აიღებდა და მოჰყვებოდა მანჭვა-გრეხას… ლამის გულგვამი ამომიტრიალდა. მაგრამ უნდა გენახათ, რა მოუვიდა ხალხს, როცა მან დაკვრა დაამთავრა. გული აგერეოდათ. ჭკუა დაკარგეს. სწორედ ისე, კინოში რომ მოჰყვებიან ხოლმე იდიოტები ჰიენებივით ხვიხვინს, საცა სულ არ არის სასაცილო. მე რომ პიანინოზე ვუკრავდე, ან სცენაზე გამოვდიოდე, ან რამე ასეთი, და ამ კრეტინ ხალხს ასე მოვეწონო, თავიც შემძულდებოდა. ღმერთი გამიწყრეს, თუ გულით არ გეუბნებოდეთ. მაგათ ტაშს რა თავში ვიხლი! როდის ყოფილა, კარგ რამეზე დაეკრათ ტაში! პიანისტი რომ ვიყო, საკუჭნაოში ჩავიკეტებოდი და იქ დავუკრავდი. ერთი სიტყვით, რომ დაამთავრა და ხალხიც ბნედიანებივით რომ მოჰყვა თავის ქიცინსა და ტაშის ცემას, ერნი სკამზევე შემოტრიალდა, შტერივით გაიჭყანა და თავი მორჩილად დახარა. ვითომ, ხომ ასე დიდებულად ვუკრავ, მაგრამ თან რა თავმდაბალი ვარო. თვალთმაქცობდა, თორემ მაგირსთანა ცხვირაბზეკილი ვაჟბატონის მნახველი არა ვარ. მაგრამ ცოტაცი მაინც შემეცოდა. მე მგონი, უკვე თვითონვე ვეღარა გრძნობდა – კარგად უკრავდა თუ ცუდად. მთლად მისი ბრალიც არ არის. ამ კრეტინებსაც მიუძვით ბრალი, ბნედიანებივით რომ უკრავენ ტაშს – მაგათ თუ უგდე ყური, ვინც არ უნდა იყო, გაგასულელებენ. ისევ გამიფუჭდა გუნება, გული მომეწურა… ცოტას გაწყდა, უკანვე არ გამოვიტანე პალტო და სასტუმროსაკენ არ გავბრუნდი. მაგრამ ძალიან ადრე იყო და არ მინდოდა მარტოკა დავრჩენილიყავი.
ბოლოს, როგორც იქნა, გამომიძებნეს ერთი აქოთებული მაგიდა. ზედ კუნჭულში, დიდი ბოძის უკან. იქიდან ვერაფერს დაინახავდი. ერთი ციცქნა მაგიდა იყო, თუ მეზობელი მაგიდებიდან არ ადგებოდნენ და არ გაგატარებდნენ, ვპრც მიაღწევდი. მაგრამ ვინ გაგატარებს? მე შენ გეტყვი ეს ნაბიჭვრები შეიწუხებენ თავს! წვალებით უნდა მიცოცდე. ვისკი და სოდა შევუკვეთე. ჩაციებული დაიკირის შემდეგ ყველაზე უფრო ეს მიყვარს. ექვსი წლისაც რომ იყო, ერნის სამიკიტნოში ყოველნაირ სასმელს მოგიტანენ. ჩაბნელებულია ყველაფერი, და ისედაც ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხნისა ხარ. გაქანებული ნარკომანიც რომ იყო, ვის რაში ენაღვლები.
ირგვლივ სულ ნაძირალები ისხდნენ. არ გეხუმრებით. ზედ ჩემს მაგიდასთან, ხელმარცხნივ, ასეთივე მოციცქნილი მაგიდა იდგა და ვიღაც უშნო გოგო და ბიჭი უსხდნენ. ჩემი ხნისანი იქნებოდნენ, იქნებ ცოტათი უფროსები. მართლაც რომ ახირებული ხალხი იყო. გამწარებით ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნელა და ნელა ესვათ. ერთხანს ყურს ვუგდებდი მათ ლაპარაკს. საქმე მაინც არაფერი მქონდა. ბიჭი ფეხბურთის ამბავს უყვებოდა. იმ დღეს ენახა რაღაც თამაში. დაწვრილებით უამბობდა – რომელ წუთზე რა მოხდა. არ გეხუმრებით. ამისთანა მოსაწყენი ჩემს დღეში არაფერი მომისმენია. ეტყობოდა, არც გოგოს აინტერესებდა
მაინცდამაინც, მაგრამ ბიჭზე უფრო მახინჯი იყო და სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა მოესმინა. საცოდავები არიან მახინჯი გოგოები. ზოგჯერ ისე შემებრალებიან, რომ შეხედვაც კი აღარ შემიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოჩერჩეტებულ ვაჟბატონთან სხედან და რაღაც ბითურული ფეხბურთის ანგარიშს ისმენენ. მარჯვნიდან კიდევ უფრო გულისამრევი საუბარი მესმოდა. ერთი ვაჟბატონი ბრძანდებოდა, ეტყობოდა იეილის უნივერსიტეტიდან იყო – ნაცრისფერი ფლანელის კოსტუმი და გამოწკეპილი ჟილეტი! ეს კეთილშობილი კოლეჯების ნაბიჭვრები ყველა ერთმანეთსა ჰგავს. მამაჩემს უნდა ან იეილში გამაგზავნოს ან პრინსტონში. მაგრამ, ღმერთი იყოს მოწმე, ცოცხალი თავით არც იქ წავალ და არც იქ. სხვათა შორის, იმ იეილელ ვაჟბატონს მშვენიერი გოგო ახლდა. ჰოი, ბიჭო, რა გოგო იყო! იმაგრამ იმათი საუბრისთვის უნდა დაგეგდო ყური. ჯერ ერთი, ბიჭიცა და გოგოც ცოტათი გადაკრულში იყვნენ. იჯდა ეს ბიჭი, მაგიდის ქვეშ ხელი შეეცურებინა და გოგოსა ჭყლეტს ფათურებდა, თან კი კი ვიღაცის ამბავს უყვებოდა – ერთი ბიჭი ჰყოლოდათ საერთო საცხოვრებელში, მთელი შუშა ასპირინი შეჭამა, თავი კინაღამ მოიკლა თურმე. გოგო კი ერთთავად იძახის: «რპა საშინელებაა… გეყოფა, გენაცვალე, ნუ. მანდ ნუ!» წარმოგიდგენიათ – და თან ვიღაც ბიჭის თვითმკვლელობის ამბავს ყველა. ამათ მთლად მომიღეს ბოლო.
დავიჟეჟე ერთ ადგილას ჯდომით, მომწყინდა. საქმე არაფერი მქონდა – ვიჯექი, ვსვამდი და სიგარეტს ვაბოლებდი. თუმცა ერნის კი შევუთვალე ოფიციანტის პირით, იქნებ ვისკიზე დამეწვიო-მეთქი. ისიც შევუთვალე, რომ დ.ბ.-ს ძმა ვიყავი. მაგრამ არა მგონია, ჩემი დანაბარები მიეტანოთ. როდის მომხდარა, რომ ამ ნაბიჭვრებს დანაბარები სიტყვა გადაეცათ ვინმესთვის.
უცებ ერთი ქალი მეძახის.
– ჰოლდენ კოლფილდ! – ლილიან სიმონსი იყო. ერთხანს ჩემი ძმა დ.ბ. დასდევდა ხოლმე. უსაშველოდ გამობერილი მკერდი ჰქონდა.
– გაუმარჯოს! – მეც შევძახე. წამოდგომა ვცადე, რაღა თქმა უნდა, მაგრამ იმ სივიწროვეში რას წამოდგებოდი. მეზღვაური ახლდა, სარგადაყლაპულივით გაჯგიმული ოფიცერი.
– როგორ გამეხარდა! – დამიძახა ლილიან სიმონსმა. მიჰქარავს. – შენი უფროსი ძმა როგორ არის? – აი, რისი გაგება სურდა!
– დიდებულად. ჰოლივუდშია.
– ჰოლივუდში! რა კარგია! რას აკეთებს?
– რა ვიცი. წერს. – ვუთხარი მე. ბევრ წილადობილას მოვერიდე. ეტყობოდა დიდ პატივად თვლიდა ჩემი ძმის ჰოლივუდში ყოფნას. ყველას ასე ეჩვენება. უმთავრესად იმათ, ვისაც მისი მოთხრობები არ წაუკითხავს. მე კიდე ამაზე მეშლება ნერვები და ლამის ჭკუიდან შევიშალო.
– რა დიდებულია! – თქვა ლილიანმა და თავისი მეზღვაური გამაცნო. კაპიტანი ბლოპი თუ რაღაც ამრაირი ერქვა. ეს ვაჟბატონიც ერთ-ერთი იმათთაგანი გახლდათ, რომელთაც ქალაჩუნობად და სიძაბუნედ მიაჩნიათ, მთელი თითები თუ არ დაგამტვირეს ხელის ჩამორთმევის დროს. ჰოი, როგორ მეჯავრება ამისთანა რამე!
– მარტოკა ხარ, ბიჭო? – მკითხა ლილიანმა. მთელი გასასვლელი ჩაკეტა. ეტყობოდა, სიამოვნებდა, არავის რომ არ ატარებდა. ოფიციანტი დგას და ელოდება, გზას როდის მომცემსო. საქმეში ხარ – არც კი შეუმჩნევია. სასაცილო იყო. აშკარად ჩანდა, რომ ოფიციანტს მაინცდამაინც არ მოსდიოდა თვალში ეს ქალი. ოფიციანტს კი არა და, ეტყობოდა, თვითონ მეზღვაურსაც არ ამოსდიოდა
მხე, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლდა. არც მე მომწონდა. არაივსაც არ მოსწონდა. ცოტა არ იყოს, შემეცოდა კიდეც.
– გოგო არა გყავს, ბიჭო? – მკითხა მან. ახლა უკვე ფეხზე ვიდექი, და არც უთქვამს, დაჯექიო. ამისთანა ტიპი იყო, მთელ დღეს ფეხზე ჩამოგწყვეტდა. – ხომ კარგი ბიჭია? – მიუბრუნდა თავის მეზღვაურს, – რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდები, ჰოლდენ!
წავიდეთო, მეზღვაურმა უთხრა ამ დროს. გზა ჩავკეტეთო.
– ჩევნთან დაჯექი, ჰოლდენ, – მითხრა ლილიანმა, – ეს შენი ვისკიც თან წამოიღე.
– უკვე წასვლას ვაპირებდი, – ვუთხარ იმე, – ვიღაცას უნდა შევხვდე.
ზედვე ეტყობოდა, რომ ძალიან მექლესებოდა. მერე დ.ბ.-ს ეტყვისო, ფიქრობდა.
– აი, აი! როგორ გატყობ, არა ხუმრობ. მით უკეთესი, ასე უნდა. შენს უფრო ძმას უთხარი, მძულხარ-მეთქი, როცა ნახავ.
წავიდა. მეზღვაურმა და მეც ერთმანეთს მივექლესეთ, სასიამოვნო იყო გაცნობაო. ესა მსპობს. გაიცნობ გაკს და უსათუოდ უნდა უთხრა – «სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა», თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო.
რაკი წამომცდა, ვიღაცას უნდაშევხვდე-მეთქი, მეტი რაღა ჩარა იყო, მართლაც უნდა წავსულიყავი. ერნისაც ვეღარ მოვუსმინე, იქნებ ცოტა უფრო ხეირიანი რამე დაეკრა. მაგრამ ლილიან სიმონსს და იმ მეზღვაურს ხომ არ მოვუჯდებოდი და სიცოცხლეს ხომ არ გავიმწარებდი! ავდექი და წამოვედი. პალტოს ვიცვამდი და თან გულზე ვსკდებოდი. ასეა ხოლმე – ყველაფერი უნდა ჩაგიშხამონ.

გაგრძელება იქნება

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close