არქივი

47-ის შემოდგომის ლეგენდა

f69844b74a35

ომისშემდგომი რამდენიმე წელი მსოფლიო ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ცდილობდა. ღვინისთვის არავის ეცალა. თანაც, 1947 წლის ზაფხული არანორმალურად ცხელი გამოდგა – ბევრმა ყურძნის შემოდგომამდე დატოვება ვერ გარისკა და ნაადრევი რთველი გამართა. თუმცა, ვინც ცდუნებას გაუძლო ცხელი ზაფხული გადააგორა, არ წააგო – მათი ღვინოები ლეგენდად იქცა.

Petrus – ასე ეწოდება ღვინოს, რომელთაც მილიონერები შთამომავლობისთვის დასატოვებლად ყიდულობენ. ამ საქმის პროფესიონალები Petrus -ში ისევე აბანდებენ ქონებას, როგორც სხვები აქციებში, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ხელოვნებაში. ასეთი დიდება განთქმულმა წითელმა ღვინომ ჯადოსნური დღეგრძელობით მოიპოვა. გარდა ამისა, Petrus -ს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ღვინო რჩეულთათვის. ვენახის ფართობი სულ რაღაც 12 ჰექტარია. რთველის დასასრულებლად ერთი დღეც საკმარისია. ყოველწლიურად აქ მხოლოდ 65 კასრს ავსებენ, ანუ, მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, 2500-დან 4000 ყუთს, თითოეულში – 12 ბოთლით.

ერთი შეხედვით Petrus არ ტოვებს გამაოგნებელ შთაბეჭდილებას: ერთი ჩვეულებრივი სოფლის შემოგარენია. ყურძნის ადგილობრივი ჯიში კლასიფიცირებული არ არის: პომროლში, სადაც ეს მეურნეობაა განთავსებული, ოფიციალური კლასიფიკაცია საერთოდ არ არსებობს. Petrus-ის საიდუმლოს გასაღები იქაური ნიადაგია. პომროლისთვის თიხიან-ქვიშიანი მიწაა დამახასითებელი, Petrus- ში კი რკინის შემცველი თიხნარია. მიიჩნევენ, რომ თიხიანი ნიადაგი დახვეწილი ღვინოებისთვის არ ვარგა, რადგან თიხა ძალიან ბევრ წყალს იკავებს. სწორედ ამ პრობლემას უმკლავდება რკინის მაღალი შემცველობა.

Chateau Cheval Blanc მხოლოდ სამჯერ აღემატება Petrus -ს. ამ მეურნეობის ვენახები 37 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ სამი ტიპის ნიადაგი მონაცვლეობს, რომელთაც შესანიშნავი სადრენაჟო თვისებები აქვს, ამიტომაც ავტოხთონური ყურძენი განსაკუთრებულად გემრიელია. მცირე ტერიტორიაზე ნიადაგის უნიკალური განსხვავებულობა ღვინოსაც მდიდრულ გემოს და არომატს ანიჭებს. ცხელი და მშრალი ზაფხულის დროს Chateau Cheval Blanc -ში განსაკუთრებული მიკროკლიმატი წარმოიქმნება, რომელიც ყურძნის ადრეულ დამწიფებას უწყობს ხელს.

ომისშემდგომი 47 წლის ზაფხული უჩვეულოდ ცხელი იყო. იფიქრებდი, მზე მევენახეების გამძლეობას ამოწმებსო. ბევრმა ამ გამოცდას ვერ გაუძლო და ყურძენი ისე დაკრიფა, მის კარგად დამწიფებას არ დაელოდა. ვინც შემოდგომამდე მიატანა, ზომაზე მწიფე ყურძნის მოსავალი მოიწია. ამ მოსავლისგან მიღებული ღვინოები საოცრად მდიდარი, მაგარი და სხეულიანი იყო. გარკვეულ შემთხვევებში ალკოჰოლის ფერმენტაცია არ სრულდებოდა და ღვინოში დაუდუღებელი შაქარის დიდი პროცენტი იგრძნობოდა. ომისშემდგომ წლებში მეღვინეებს არ ჰქონდათ საჭირო დანადგარები ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ. ამის გამო ზოგიერთი ღვინო დამახასიათებელ მჟავიანობას ამჟღავნებდა. და მაინც, 47 წლის ვინტაჟი შედევრის წოდებაზე აცხადებს პრეტენზიას. Cheval Blanc`47 და Petrus`47-იც ლეგენდარული სასმელის სახელს იმსახურებს.

რა განაპირობებს ამ ღვინოების განუმეორებლობას? ამ კითხვაზე პასუხი ერთი სიტყვით შეიძლება – შაქარი.

1947-ის Cheval Blanc კეთილ გარეულ ტახს ჰგავს. შეუსაბამო დახასიათებაა, მაგრამ კარგად ასახავს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ღვინო. ის მართლაც სრულიად “ველური” და მაგარია, მაგრამ ამვე დროს, ინტენსიურად ტკბილი და გემრიელი. 1947-ის Cheval Blanc მკვეთრად გამოხატული ტანინის სტრუქტურით გამოირჩევა, რომელიც საუცხოო ხილის არომატით არის გამდიდრებული.

1947 წლის Petrus თავისი რბილი სტრუქტურით, კარგად გამოხატული ბალანსით და არაჩვეულებრივი გემოვნებითი თვისებებით გვაოცებს. ეს ყველაფერი მას შესაძლებლობას აძლევს, წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ბევრი ამ მდიდრულ და რბილ ღვინოს სენსაციურსაც უწოდებს.

საინტერესოა, რომ ძველ წიგნებში, სადაც ბორდოს ღვინოებზე მოგვითხრობენ, პომროლის ღვინოები მხოლოდ გაკვრითაა მოხსენიებული. მაშინ მათ უბრალო სოფლის ღვინოებად მიიჩნევდნენ. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ იმ პერიოდში Cheval Blanc ითვლებოდა Premier cru ღვინოდ, Petrus კი ოფიციალური კლასიფიკაციით ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. ამგვარი დამოკიდებულება 1970-იან წლებში შეიცვალა და ამაში დიდი წვლილი ამერიკელ და ბრიტანელ ღვინის ექსპერტებს მიუძღვით. დღესდღეობით Petrus Premier cru -ს ბევრ ღვინოზე გაცილებით პოპულარულია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button