არქივი

რეინკარნაცია და ქრისტიანობა

543a97cf77e3
თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს.

სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი – რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი – ათეიზმი. თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს. უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისათვის. მართლაც ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს – პირამიდას უშენებდნენ. საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქური“ ეწოდება, ებრაულად „შეოლი“, ხოლო ბერძნულად „ჰადესი“ და რომლიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში – ვედიზმში. ვედური ტექსტები (XVI ს. ჩვ.წ.აღ-მდე), ამის შესახებ არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VI ს. ჩვ.წ.აღ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. თვით გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ. ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. „ჰერმეტიკულ კორპუსში“ ჩნდება, მაგარამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობის. იგი ახ.წ. III ს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფსიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც და მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც სრულიად გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის – „საიენტოლოგიის“ მიმდევრებიც). როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი თავისი არსით სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი. აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს მთელი IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ.). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სულაც არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედა ეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431 წ.) დაშორდნენ. ეს რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ ქრისტიანობას. უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას. მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ „ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო“ (ენეადები III,2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება „ბოროტების შენახვის კანონის“ სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმულღ კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: „შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9,17). ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა – ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს, მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს, შეიძლება რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისაკენ მიიყვანს. თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისაგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იგი იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას უვნებო ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის ფაქტი, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო“ (ღვთის ქალაქი X,30). მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი სულის დილეგია, პლატონი „კრატილოსში“ სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული გააჩნდა. ინდუიზმის მიხედვით კი, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი – ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო ოილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისათვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას, რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, რომ იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება – ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული – ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა, ან მომაკვდავი დედისაგან კურთხევის მომლოდინე შვილები – მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: „იცინეთ განშორების ჟამს“. ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლ-ქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი, ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას. პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული სიცოცხლისათვის.

მსგავსი ამბები

Back to top button