უცნაური

“სკოლაში ერთ გოგოს ყველა ემონება”

თქვენს ჟურნალში ხშირად წერენ იმ ბიჭებზე, რომლებიც სკოლაში ყველას ნერვებს უშლიან და თავზე ასხდებიან. მე სხვა შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ. ვისაც ვეუბნები, ყველას უკვირს, ეგეთი არაფერი გაგვიგიაო. საქმე ისაა, რომ ჩვენს სკოლაში ერთი გოგოა, რომელიც ისეთ საშინელებებს აკეთებს, ცუდი ბიჭების საქციელი მონაგონია. ყველა ბიჭს “აჩმორებს”, ქალაბიჭაა და ამით თავი მოაქვს.

ზურგს უკან ყველა დასცინის, რადგან მართლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ პირში ყველა “ეპათხალიმება”. რა გაუკეთონ, აღარ იციან. ყველას მასთან მეგობრობა და დაახლოება უნდა. ვინც მის წრეშია, სკოლაში მათ ყველაფრის უფლება აქვთ და, რაც უნდათ, იმას აკეთებენ. დანარჩენებს კი საშინლად დასცინიან. ვიცი, ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მართლაც ასეა.

ჩემს რამდენიმე კლასელს მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, გულისამრევია. რაც უნდა მოხდეს, თავს ისე არასოდეს დავიმცირებ, როგორც ისინი აკეთებენ. რა გაუკეთონ, აღარ იციან. ისინიც ძალიან სასაცილოები ჩანან, უფრო ზუსტი იქნება, თუ დავწერ, რომ გოიმები არიან.

იმ გოგოებს, ვინც მასთან არ არიან, ყველას დასცინის. სკოლის დერეფანში ვინმე რომ გაივლის, პირდაპირ მიდის და ცუდ სიტყვებს ეუბნება. ზოგის ტანსაცმელს დასცინის. პირდაპირ ეუბნება, ფუ, რა გაცვიაო. არადა ყველაზე გოიმურად და უგემოვნოდ სწორედ მას აცვია. ერთი ჩემი კლასელი ობოლია. მამა მოუკვდა და დედამისი სამ შვილს გაჭირვებით არჩენს. ერთ დღეს იმ გოგოს მისი ჩაცმულობა თვალში არ მოუვიდა და დასცინა, გოგო, რა გაცვიაო. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, შენი საქმე არ არის, რას ჩაიცვამს და რას – არა, შენს გადახეხილ ჩექმებს მიხედე–მეთქი. არ მინდოდა, ეს მეთქვა, მაგრამ იძულებული გამხადა. ჩემმა კლასელებმა თავი გამოიდეს და მისი მხარე დაიჭირეს. საქმეები გამირჩიეს, ასე რატომ უთხარიო. ვუპასუხე, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი კლასელის მხარე დაიჭიროთ, ვიღაც გოგოს უდგახართ გვერდში–მეთქი. ძალიან საცოდავები არიან, მართლა გულით მეცოდებიან, ასე უბადრუკად რომ იქცევიან და ვიღაც უღირსს ემონებიან.

რამდენჯერმე ვითომ ჩემი დაცინვაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დეიდაჩემი საფრანგეთშია გათხოვილი. იქიდან ნაირ–ნაირ ტანსაცმელს მიგზავნის. თავს არ ვიწონებ, მაგრამ ყოველთვის კარგად მაცვია. ევროპაში მოდაში რაც შემოდის, დეიდა მაშინვე მიგზავნის. შობა–ახალ წელს საფრანგეთში ორჯერ შევხვდი. ის გოგო რამდენჯერმე შეეცადა, ჩემთან საერთო ენა გამოენახა. ერთხელ ყველას გასაგონად თქვა, ეს გოგო არავინ გააბრაზოსო. მე ვუთხარი, შენი დაცვა არ მჭირდება–მეთქი. ჩემთან დაახლოება რომ ვერ მოახერხა, მერე ჩემი გამწარება დაიწყო, მაგრამ ვერც ეს შეძლო. ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთხელ ჩემი შეყვარებული წამომყვა. მას სკოლა აქვს დამთავრებული. მასთან ერთად რომ დამინახა, მწარე სიტყვები მესროლა. ჩემმა შეყვარებულმა გაიგონა, მასთან მივიდა და უთხრა, ხომ არაფერი გეშლებაო. იმის შემდეგ ხმას არ მცემს, მაგრამ, საშუალება მიეცემა თუ არა, ცდილობს, საშინელება გააკეთოს.

ახლა კიდევ ერთ დაუჯერებელ ამბავს გეტყვით. წელს ქურთუკი “დაქალებმა” უყიდეს. დაქალებს ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ სინამდვილეში მეგობრები კი არა, მონები არიან. იმ სამი გოგოს გარდა, ჩემს კლასში არაჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. ჩვენს კლასს იმდენად ვერ ეხება, მაგრამ სხვები აკლებული ჰყავს. ბიჭებიც ემორჩილებიან, რადგან მათ ისეთ სიტყვებს ეუბნება, რომ ყველა გაურბის. მასთან კონფლიქტს ყველა ერიდება. თავზეხელაღებული გოგოა.

ერთი მასწავლებელი მოვიდა, რომელსაც ბავშვები ძალიან აბრაზებდნენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმ გოგოს დაუახლოვდა და წესრიგს ახლა მისი დახმარებით ამყარებს. ყოველ შემთხვევაში, კლასიდან გაქცევა აღარ უწევს.

მე ამ გოგოსი არც მეშინია და თავს არასოდეს დავუხრი, მაგრამ იმ ბავშვების არ მესმის, რომლებიც მას ყველაფრის უფლებას აძლევენ. თავიდან ის მასწავლებელი მეცოდებოდა, მაგრამ ახლა მის მიმართ ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე. მართალია, თვითონაც ახალგაზრდაა, მაგრამ მოსწავლეს თავი ასე არ უნდა გაუყადროს. ყველას ვურჩევ, ასეთ ადამიანებს ნუ დაემონებიან! მათთვისაც ცუდია, რადგან ადამიანებად არ ივარგებენ. კლასელები რომ არ მიყვარდეს, იმ გოგოს გამო სკოლას გამოვიცვლიდი. სხვათა შორის, რამდენიმე ბავშვი სკოლიდან სწორედ მის გამო გადავიდა. მის სითავხედესა და უზრდელობაზე რატომღაც ყველა თვალს ხუჭავს, მათ შორის – მასწავლებლებიც.

რაც უნდა მოხდეს, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი – ჩემს კლასელებს მას არ დავაჩაგვრინებ. მივახვედრებ, რომ ჩვენს კლასს უნდა მოერიდოს. ამის გაკეთება მოუწევს!

წყარო:sana.ge რო წავიკითხე ცუდათ გავხდი

თეგები
Back to top button
Close
Close