არქივი

პატარები

01ff47883c57

რატომ უნდა ავიყვანოთ პატარა ხელში ხშირად

პატარა ბავშვი იმდენად დიდ სიხარულსა და აღტკინებას განიცდის დედ-მამასთან ურთიერთობის წუთებში, რომ გამუდმებით ითხოვს ხელში აყვანას. ბევრის აზრით, არ ღირს “ბავშვის გათამამება” და მის ნებაზე აყოლა – მან დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს თამაში. სინამდვილეში ეს მეტისმეტად მცდარი აზრია. ბავშვს, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას, არ იყვანენ ხელში, არ ჩქარობენ მასთან მისვლას იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვური, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, გარესამყაროს მიმართ უჩნდება უნდობლობის გრძნობა. ნეგატიურ ურთიერთობას მოყვება ნეგატიური შედეგები. ბავშვს სხვა არა დარჩენია თუ არა კივილით, ტირილითა და აგრესიით მოითხოვოს ის, რაც მას ეკუთვნის: ყურადღება და ზრუნვა, სითბო და გულისხმიერება. ამგვარი გარემოება უდავოდ ნეგატიურად აისახება მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
მშობლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ბავშვის მიერ ხელში ხშირად აყვანის მოთხოვნას. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი ს. გრინსპანი აღნიშნავს, “ბავშვის მამა ან დედა, მოუცლელობის ან უბრალოდ ცუდი გუნება-განწყობის გამო, შვილის ამგვარ ქცევას შეიძლება აღიქვამდეს, როგორც აგრესიის გამოვლინებას, საკუთარი უფლებების ხელყოფის მცდელობას. ამგვარ სიტუაციაში მათ შეიძლება უთხრან ბავშვს: “თავი დამანებე!” ბავშვი გაოგნებულია ამგვარი დამოკიდებულებით და სვამს კითხვას: “რატომ? განა ალერსისა და ყურადღების მოთხოვნა ცუდია?” თუ ამ წუთებში ბავშვის მიერ განცდილი წყენა მის სულში მძიმე ტვირთად დაიდებს ბინას, თუ მის გულში მშობლების მიმართ არსებული ნდობა შეირყევა, ბავშვის ქცევაც შესაბამისი ნეგატიური ფორმით გამოვლინდება.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვი, რომელსაც ხშირად იყვანდნენ ხელში, ხშირად ესაუბრებოდნენ, თამაშობდნენ, უფრო ჰარმონიულად ვითარდება. გარდა ამისა, მას პოზიტიური დამოკიდებულება უჩნდება გარშემომყოფთა მიმართ, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს გულისხმიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და კომუნიკაბელური ადამიანი.

ბავშვებს სჭირდებათ უპირობო სიყვარული

ბავშვები ჰგვანან სარკეს. ისინი უფრო ირეკლავენ სიყვარულს, ვიდრე ასხივებენ. თუ მათ მიეცა სიყვარული, ისინი მას აბრუნებენ. თუ ისინი სიყვარულს არ გრძნობენ, მაშინ საპასუხოდ-არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლიათ. ბავშვები საკუთარ თავს თქვენი სიყვარულის სარკეში ჩახედვით შეიცნობენ. ზოგიერთი სარკე იძლევა მკვეთრ და სრულ ანარეკლს, მაშინ, როცა სხვა, გაბზარული სარკეები ამახინჯებენ ბავშვის უმანკო გამოსახულებას.
როდესაც შვილები დაბადებიდან მშობლების უპირობო და უცვლელ სიყვარულს გრძნობენ, მათ ამ სარკეში ჩახედვით შეიძლება დაინახონ, თუ როგორები არიან ახლა და როგორები უნდათ რომ იყვნენ მომავალში.
თუ მშობლები სიყვარულს გასცემენ არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაცა პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვებს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლებათ. მათ არ შეუძლიათ გამოიმუშაონ ის სულიერი სიმრთელე, რომლისკენაც ისწრაფვიან. მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხდება მერყევი. ისინი ყოველდღე უსვამენ თავს შეკითხვას: “ვინ ვარ მე?”
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ არასრულყოფილად, თითქოს ვიხედებოდეთ მკრთალი ანარეკლის მქონე სარკეში. მაგრამ ერთხელ თვალს გავახელთ და სრულ მხედველობას მოვიპოვებთ. მაშინ ღმერთს დავინახავთ პირისპირ. სანამ ეს მოხდება, საკუთარ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობთ, მერე კი სრულად შევიცნობთ, ისევე, როგორც სრულად ვართ შეცნობილები მის მიერ.
ბავშვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი ცოდნა და აღქმა- ნაწილობრივია. უფრო სრული, “პირისპირ” გაგება მიიღწევა უფრო მოწიფული სიყვარულის მეშვეობით. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მისი გაგება ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების (პირველ რიგში) ჩვენდამი დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გადმოგვცემენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. სხვანაირად, ისინი გამოდიან სარკის როლში, სადაც ჩვენს გამოსახულებას ვხედავთ.
თავის წიგნში “დაჭრილი გრძნობების განკურნება” დევიდ სიმენდსი გასართობი პარკების მრუდე სარკეებზე წერს. ასეთ სარკეებში ჩახედვისას ჩვენ საკუთარი თავის დამახინჯებულ და კარიკატურულ გამოსახულებას ვხედავთ. ზუსტად ასევე ამრუდებს ბავშვის განვითარებად წარმოდგენას საკუთარ თავზე “პირობითი სიყვარული”.
ვიღაცამ თქვა: ”ბავშვობა-ესაა თქვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ღმერთს სურს ააშენოს ტაძარში ოთახები, სადაც იგი იცხოვრებს, როცა თქვენ გაიზრდებით”.
მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: შეუქმნან ბავშვს ტაძრის საძირკველი, საფუძველი ჩაუყარონ მის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.
თუ ბავშვს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ის, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს, მაშინ ის არც იმას მიანიჭებს მნიშვნელობას, თუ რას ამბობს ან რას და როგორ აკეთებს.. თუ ადამიანში შეყვანილი იქნა ასეთი დაბალი თვითშეფასების პროგრამა, მაშინ მისთვის ძნელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, იგრძნოს ღმერთის სიყვარული. ის ვერ იჯერებს, რომ მნიშვენლოვანია ღმერთისთვის.
თუმცა ბავშვებს არ შეუძლიათ ამის მკაფიოდ გამოხატვა, მაგრამ მათ იციან, რომ მათთვის აუცილებელია, რომ უფროსებს უყვარდეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ამის გარეშე ისინი სწორად ვერ განვითარდებიან.
როცა ბავშვებს არ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორიც წარმოუდგენიათ გულის სიღრმეში, როცა არ შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი თავი, როცა ცხოვრება მათთვის მრუდე სარკეთა მწკრივია, მაშინ მათ გულში ნეგატიური გრძნობები იბუდებს.
ჩვენ, უფროსებმა კარგად ვიცით, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოგვეპოვებინა საკუთარი თავი და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ნეგატიურ გრძნობებს განვიცდიდით მათ მიმართ, ვისაც უნდა ვყვარებოდით და მივეღეთ ისეთები, როგორიც ვიყავით.
მიუხედავად ამისა, ხშირად მშობლები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი, იგივეს იმეორებენ და საკუთარ შვილებს აკლებენ უპირობო სიყვარულს. თუ თქვენი ურთიერთობა შვილებთან “პირობით სიყვარულზეა” დამყარებული, მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ მათი გაგება და სწორად ხელმძღვანელობა.
როდესაც შვილებთან ურთიერთობა უპირობო სიყვარულზეა აგებული, ამ შემთხვევაში თქვენ ზრდით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ პიროვნებებს.
თქვენი თანამდევი ვარსკვლავი-სიყვარული- მიგასწავლით თქვენი შვილების გულებისკენ სავალ გზას.

როგორ გრძნობს ბავშვი სიყვარულს

ემოციურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო ძნელდება, საგანმანათლებლო სისტემა იმდენად არასრულყოფილია, რომ ბევრი ჩვენგანი უპირატესობას საშინაო სწავლებას ან კერძო სკოლას ანიჭებს. მშობლებს აწუხებს ნარკომანიის პრობლემა. ამ სამყაროში არავინ არ არის დაცული ძალადობისაგან და მშობლებს სამართლიანად გააჩნიათ შიში საკუთარი შვილების სიცოცხლის გამო.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ურთიერთობას შვილთან, თქვენს შორის უნდა სუფევდეს მხოლოდ სიყვარული. თქვენი მთავარი მოვალეობაა-დააკმაყოფილოთ ბავშვის სიყვარულის მოთხოვნილება. თუ ბავშვი გრძნობს, რომ ის ნამდვილად უყვართ, ის უფრო ადვილად დაუგდებს ყურს თქვენს რჩევებს. ეს სტატია მიზნად ისახავს ჩავწვდეთ ბავშვის ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ უკეთ დავანახოთ, თუ როგორ გვიყვარს ის. ამისათვის საჭიროა განვსაზღვროთ სიყვარულის ის გამოხატულება, რომელიც ესმის მას.
როგორც ამერიკელი ფსიქოლოგების, ჰარი ჩეპმენის და როს კემპბელის მიერ იქნა დადგენილი, იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს თქვენი სიყვარული, თქვენ არა მარტო უნდა იპოვოთ განსაკუთრებული გზა მისი გულისაკენ, არამედ ისწავლოთ ხუთი ძირითადი ხერხი, რომლითაც ბავშვები (და საერთოდ ყველა ადამიანი) გამოხატავენ სიყვარულს. აი ისინი: შეხება, წამახალისებელი სიტყვები, დრო, საჩუქრები და დახმარება. თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მათი სიყვარულის ენაც სხვადასხვა იქნება. ბავშვებს სხვადასხვა ხასიათი აქვთ, ამიტომ სიყვარულიც სხვადასხვანაირად ესმით. თითოეულთან მოგიწევთ მის ენაზე ლაპარაკი.
როგორიც არ უნდა იყოს ბავშვის სიყვარულის ენა, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ენაზე ლაპარაკი. პირობების წაყენება არფერს არ მოგვცემს. უპირობო სიყვარული-აი რა არის ბავშვთან თქვენი ურთიერთობის თანამდევი ვარსკვლავი. იგი უშეცდომოდ გვაგებინებს, სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა აღმზრდელობითმა ძალისხმევამ და რომელი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილი ისეთი, როგორიც არის, თუნდაც ულამაზო და არაფრით გამორჩეული. ჩვენ გვიყვარს მაშინაც, როცა ის არ ამართლებს ჩვენს იმედებს. მისი ღირსებები და ნაკლოვანებები ამ შემთხვევაში როლს არ თამაშობს. ერთი სიტყვით, გვიყვარს, როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გააკეთოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნებისმიერ საქციელს მოვიწონებთ.
ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ყველაფერში. ასეა აქაც: თავდაპირველად დავარწმუნებთ ბავშვს, რომ გვიყვარს იგი და ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. მხოლოდ ამის მერე მოვკიდებთ ხელს მის აღზრდას და სწავლებას. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მშობლის დარიგებები არ იწვევს მასში პროტესტის გრძნობას.
ზოგიერთი შიშობს, რომ ამგვარად შეიძლება ბავშვი გავაფუჭოთ. ეს მცდარი შეხედულებაა. ბავშვებს მშობლების ყურადღების უკმარისობა უფრო აფუჭებს. ბავშვს შეიძლება სიყვარულმაც ავნოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ ეხერხება მისი სწორად გამოხატვა. უპირობო სიყვარულს ჯერ არც ერთი ბავშვი არ გაუფუჭებია, ის არ შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი.
შესაძლოა, უპირობო სიყვარულის პრინციპები ეწინააღმდეგებოდეს თქვენს შეხედულებას ბავშვის აღრზდაზე. თუ ასეა, მოგიხდებათ სტერეოტიპების დანგრევა, ეს კი საკმაოდ რთულია. და მაინც, სცადეთ. როდესაც თქვენს პირველ შედეგს დაინახავთ, უფრო გაგიადვილდებათ ბავშვთან ურთიერთობა. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ იღწვით ბავშვების საკეთილდღეოდ. მათ ესაჭიროებათ უპირობო სიყვარული. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა თქვენი შვილი საზოგადოების სრულყოფილი წევრი, თუ მისგან გაიზრდება უპასუხისმგებლო, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი.
თუ თქვენ მიჩვეული ხართ ”მისცეთ” ბავშვს სიყვარული რაიმეს სანაცვლოდ, თავდაპირველად გაგიჭირდებათ. არ დანებდეთ, ისწავლეთ უპირობო სიყვარული, ეფექტი შეუდარებელი იქნება: გაუმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ურთიერთობა ბავშვთან, არამედ ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, ყოველთვის არ გამოგვდის გვიყვარდეს პირობების წაყენების გარეშე, მაგრამ ამისკენ უნდა მივილტვოდეთ. რაც მეტს ვეცდებით, მით უფრო მივუახლოვდებით იდეალს- უპირობო სიყვარულს.
და მაინც, ბავშვებთან ურთიერთობისას, არ გვაწყენდა ხშირად შევახსენოთ თავს:
1. ჩვენს წინაშე ბავშვები არიან;
2. ისინი იქცევიან, როგორც ბავშვები;
3. მათი ქცევა, შესაძლოა, ნერვებზე მოქმედებდეს;
4. თუ მე მშობლის მოვალეობას ვასრულებ და მიყვარს ისინი, მიუხედავად მათი ცელქობისა და ჭირვეულობისა, ისინი გამოსწორდებიან, როდესაც წამოიზრდებიან;
5. თუ ისინი ცდილობენ მასიამოვნონ იმისათვის ,რომ სიყვარული დაიმსახურონ (თუ ჩემი სიყვარული პირობითია), ბავშვები ამ სიყვარულს ვერ იგრძნობენ, ისინი კარგავენ საკუთარი თავისადმი რწმენას და ვერ შეძლებენ საკუთარი ქცევის გაკონტროლებას. შესაბამისად, ვერ აითვისებენ უფრო ზრდასრული ქცევის წესებს .
6. თუ მანამ, სანამ ბავშვი სიყვარულს დაიმსახურებს, ის უნდა გახდეს ისეთი, როგორიც მე მინდა, ამასობაში ის დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას შედეგად დაბალი თვითშეფასება იჩენს თავს.
ეს რომ არ დავუშვათ, მე, როგორც მშობელს, ყოველთვის უნდა მახსოვდეს: პასუხისმგებლობა მათ განვითარებაზე მე მაკისრია.
7. თუ მე შვილები მიყვარს ყველაფრისდა მიუხედავად და ამ სიყვარულს უპირობო სახე აქვს, ისინი ყოველთვის შეძლებენ თავიანთი საქციელის გაკონტროლებას, ადეკვატურად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.

ძილი დედის საწოლში
a43abb1a87dc

ფსიქოლოგებისა და ექიმების დიდ ნაწილს დედისა და შვილის ერთად ძილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მსგავსი შეხედულების სასარგებლოდ მათ სათანადო არგუმენტებიც აქვთ:
სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი მზად არ არის დედის სხეულთან განშორებისთვის. დედის სურნელი, სითბო, გულისცემა პაწაწინა უსუსურ არსებას ამშვიდებს. მშობლის საწოლში ჩვილს გაცილებით მშვიდად სძინავს.
არ არის საჭირო ბავშვის გახვევა. ეს პაწაწინას ხელს შეუშლის ტემპერატურის რეგულირებაში და შესაძლოა, დასცხეს, გარდა ამისა, შეხვეულ პატარას წოვა გაუჭირდება
ერთად ძილის მომხრეები თვლიან, რომ დედაც და შვილიც ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, თანაც გრძელდება ღამით კვება. ბავშვთა უმრავლესობა საკუთარ საწოლს ძნელად ეჩვევა და ოჯახს ზედმეტ პრობლემებს უქმნის

მსგავსი ამბები

Back to top button