არქივი

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი 3,4,5,6,)

837827c5f88f
ახლა ბევრს დავდებ ხოლმე

ნაწილი სამი

ჩემისთანა ტყუილების გუდას, ალბათ, ჯერაც არ შევხვედრივართ ცხოვრებაში. ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს! აგერ მაღაზიაში მივდივარ ჟურნალის საყიდლად, მეკითხებიან საით გაგიწევიაო. ნუ გაგიკვირდებათ რომ ვუპსუხო – ოპერაში მივდივარ-მეთქი. საშინელებაა! მოხუც სპენსერს რომ ვუთხარი, ფიზკულტურის დარბაზში უნდა შევიარო-მეთქი, ესეც მტკნარი სიცრუე იყო. ფიზკულტურის დარბაზში რა ჯანდაბა მინდოდა, საერთოდ არაფერსაც არ ვინახავ იქ.
პენსიში რომ ვსწავლობდი, ჩვენი ახალი საერთო საცხოვრებელი ოსენბერგერის სახელობის ფლიგელში იყო მოთავსებული. მხოლოდ უფროსები და უმცროსები ვცხოვრობდით იქა. მე უმცროსი ვიყავი, ჩემი ოთახის მეგობარი – უფროსი. ის ოსენბერგერიც პენსიში სწავლობდა თურმე. როცა დაამთავრა, დამკრძალავი ბიურო მოაწყო და დიდძალი ფულიც მოხვეტა. მთელს შტატში ჩამოაყალიბა ამისთანა ბიუროები. თუ ვინმე ნათესავი მოგიკვდებოდა, მიხვიდოდი, ხუთ დოლარს გადაიხდიდი და დამარხავდი. ეს იყო მთელი მისი საქმიანობა. ნეტა გენახათ ის ოსენბერგერი, ალბათ ტომარაში ჩატენიდა მკვდარს და პირდაპირ მდინარეში გადაუძახებდა. პენსის სკოლას კი კარგა ბევრი ფული შესწირა და იმიტომაც შეარქვეს ჩვენს ფლიგელს მისი სახელი. საფეხბურთო სეზონის პირველ მატჩზე თავისი დიდებული კადილაკით ჩამობრძანდა. ჩვენ ტრიბუნებზე ჩაგვამწკრივეს და გვაბღავლეს – ესე იგი, «ვაშა» გვაძახებინეს… მეორე დილას ეკლესიაში ათსაათიანი სიტყვა წარმოთქვა. ჯერ ანეგდოტებით დაიწყო, ბარე ორმოცდაათი უკბილო ანეგდოტი გვიამბო – ვითომ, შემხედეთ, რა უბრალო კაცი ვარო. ეხუმრები! მერე მოდგა და რა არ წამოროშა – გასაჭირში რომ ჩავვარდები ან რამე უბედურება შემემთხვევა, სულაც არ მერცხვინება – დავიჩოქო და ღმერთს შევავედრო თავიო. ჩვენც ასე გვირჩია, სულ უნდა ილოცოთ და რა დროც არ უნდა იყოს, ღმერთს ესაუბროთო. ქრისტე ისე უნდა იგულოთ, როგორც თქვენი ძმაკაცო. მეც, პირადად, სულ ქრისტეს ვესაუბრები, მაშინაც კი, როცა საჭეს ვუზივარო. ამან მომსპო! წარმოვიდგინე, როგორ გადაჰყავს ამ გამოქექილ ნაბიჭვარს მანქანა პირველ სიჩქარეში და თან ქრისტესა სთხოვს, ცოტა უფრო მეტი მკვდარი გამომიგზანეო. მაგრამ ლაპარაკის საღერღელი რომ აეშალა და ეშხში შევიდა, ნამდვილი სეირი სწორედ მაშინ მოხდა. გადაიქაჭა – ასეთი ბიჭი ვარო, ამისთანა მოხერხებულიო, რა არ გამომივა ხელიდანო, და ამ დროს, უცებ, ედგარ მარსალამ, რომელიც ჩემს წინ იჯდა, აიღო და ერთი მაგრად ბრიგა. რა თქმა უნდა, დიდი სიბრიყვე მოუვიდა, ტაძარში როგორ შეიძლებოდა!.. მაგრამ
ძალიან სასაცილო კი იყო. ყოჩაღ, მარსალა! სახურავი კინაღამ გაანგრია. ხმამაღლა არავის გაუცინია, ოსენბერგერს წარბიც არ შეუხრია – ვითომ არ გაუგონია. მაგრამ ბებერ თარმერს, ჩვენს დირექტორს, რომელიც ოსენბერგერის გვერდით იჯდა კათედრაზე, ხელადვე შეეტყო, რომ მშვენივრად გაიგონა. ჰოი, ბიჭო, რას გაწიწმატდა! მაშინ არაფერი მაგრამ მეორე საღამოს სასკოლო დარბაზში შეგვყარა ყველა და დაიქოქა. ის მოსწავლე, რომელმაც ეკლესიაში აღმაშფოთებელი დანაშაული ჩაიდინა, სკოლაში გაჩერების ღირსი არ არისო. მარსალას შევეხვეწეთ, მაგრამ თარმერს სიტყვა დაუმთავრებია, ერთი კიდე ბრიგეო. მაგრამ გუნებაზე ვერ იყო. ერთი სიტყვით, პენსიში ყოფნის დროს ოსენბერგერის სახელობის ფლიგელის ახალ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი.
შვებით ამოვისუნთქე, როცა მოხუცი სპენსერისაგან წამოსულმა თავი ისევ ჩემს ოთახში ამოვჰყავი. ყველანი ფეხბურთზე გაკრეფილიყვნენ და, რაღაც შემთხვევით, ოთახში თბილოდა კიდეც. მყუდროობა ვიგრძენი. ქურთუკი გავიხადე, ყელსახვევი მოვიძრე, საკინძე გავიხსენი და იმ დილით ნიუ-იორკში ნაყიდი ქუდიც მოვიხადე. ეს იყო კარტუზჩამოგრძელებული წითელი სანადირო ქუდი. გამოვედით თუ არა მეტროდან, სადაც ის ოხერი დაშნები დამრჩა, სპორტული მაღაზიის ვიტრინაში მოვკარი თვალი ამ ქუდს. სულ ერთი დოლარი ღირდა. უკუღმა დავიხურე, კარტუზი კისკრისკენ მოვაქციე… ვიცი, დიდი სისულელეა, მაგრამ ასე მომეხუშტურა. უფრო მომიხდა კიდეც. მერე დაწყებული წიგნი გადმოვიღე და სავარძელში მოვიკალათე. თითო ოთახში ორ-ორი სავარძელი იდგა. ერთი სავარძელი ჩემი იყო, მეორე – ჩემი ოთახის ამხანაგის უორდ სტერდლეიტერისა. სახელურები მოყანყალებული ჰქონდა სავარძლებს, რადგან ყველა ზედ აჯდებოდა, მაგრამ ისე სასიამოვნო და მოხერხებული იყო.
ეს წიგნი ბიბლიოთეკიდან შეცდომით წამოვიღე. შეეშალათ და სხვა მომცეს. მანამ შინ არ მოვედი, არც შემიმჩნევია. ისაკ დინსენის წიგნი მოეცათ, «აფრიკის ტევრებში». ნაგავი იქნება-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მოვტყუვდი. მშვენიერი წიგნი გამოდგა. დიდი განათლებული არ გახლავართ, მაგრამ კითხვით ბევრს ვკითხულობ. ჩემი საყვარელი მწერალია დ.ბ. – ჩემივე ძმა. მეორე საყვარელი მწერალი რინგ ლარდნერია. სწორედ ჩემმა ძმამ მაჩუქა დაბადების დღეს რინგ ლანნერის წიგნი, მანამ პენსის სკოლაში შევიდოდი. პიესები იყოგ წიგნში – ძალიან სასაცილო პიესები – და, გარდა ამისა, ერთი მოთხრობაც მოძრაობის მომწესრიგებელ პოლისმენზე. პოლისმენს შეუყვარდება ერთი მშვენიერი გოგო, რომელსაც მუდამ სადღაც მიეჩქარება და მოძრაობის წესებს არღვევს. მაგრამ პოლისმენი ცოლიანია და ამ გოგოს ვერც შეირთავს და ვერც ვერაფერი. მერე გოგო კვდება, რადგან სულ ფაცხა-ფუცხით დადის. ჭკუა კინაღამ დავკარგე ამ მოთხრობაზე. საერთოდ, ყველაზე უფრო ისეთი წიგნები მიყვარს, სადაც სასაცილო რამეებია. კლასიკური წიგნებიც ბლომად მაქვს წაკითხული, მაგალითად «სამშობლოში დაბრუნება» და ამისთანები, მომწონს კიდეც. ომზედაც ყველაფერი წამიკითხავს, დეტექტივებიც, და რა ვიცი, მაგრამ ამისთანა რამეებზე მაინცდამაინც არ ამომდის მზე. უფრო ისეთ წიგნებზე ვგიჟდები, კითხვას რომ გაათავებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ, როცა მოგინდება. ეს კი იშვიათად ხდება. თუმცა რა, სიამოვნებით დავურეკავდი ისაკ დინსენს. რინგ ლარდნერსაც დავურეკავდი, მაგრამ დ.ბ.-მ მითხრა მოკვდაო. აბა «ადამიანური ტვირთი» ნახეთ, სომერსეტ მოემის დაწერილია. შარშან ზაფხულში წავიკითხე. კარგი წიგნია, რა მეთქმის, მაგრამ სომერსეტ მოემისთვის დარეკვა სულაც არ მომდომებია. ვისთანაც მე
ლაპარაკი მინდა, ისეთი კაცი ვერ არის ალბათ. მორჩა და გათავდა. თომას ჰარდის უფრო სიამოვნებით დავურეკავდი. მომწონს მისი იუსტისია ვეი.
ერთი სიტყვით, თავზე ახალი ქუდი წამოვიკოსე, სავარძელში მოვკალათდი და «აფრიკის ტევრების» კითხვას შევუდექი. ერთხელ წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლა ზოგიერთი ადგილის ხელმეორედ გადაკითხვა მომინდა. სამი გვერდის წაკითხვა ძლივს მოვასწარი, რომ ფარდაჩამოფარებულო შხაპის კაბინიდან ვიღაც გამოვიდა. არც კი გამიხედია, ისე მივხვდი, ვინც იქნებოდა. რობერტ ეკლი იყო, მეზობელ ოთახში ცხოვრობდა. ჩვენს ფლიგელში ყოველ ორ ოთახს შორის საზიარო შხაპის კაბინა იყო მოწყობილი, და ეს რობერტ ეკლი დღეში ბარე ოთხმოცდახუთჯერ შემოალაჯებდა ხოლმე ჩემს ოთახში. ამასთან, ჩემს გარდა, იგი ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ფეხბურთზე არ წასულა. საერთოდ, იშვიათად თუ სადმე წავიდოდა. ახირებული კაცი გახლდათ. უფროსი იყო, მთელი ოთხი წელი გაეტარებინა პენსიში, მაგრამ სახელს მაინც არ ეძახდნენ, გვარით მიმართავდნენ ხოლმე – «ეკლი». მისი ოთახის ამხანაგსაც კი, ჰერბ გეილს, ერთხელ არ დაუძახია მისთვის «ბობ», ან უბრალოდ «ეკ». ოდესმე ცოლს თუ ეღირსა, ისიც, ალბათ, «ეკლის» დაუძახებს. აყლაყუდა იყო – ექვსი ფუტი და ოთხი დუიმი – კბილებჩამპალი… რაც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, ერთხელაც არ შემინიშნავს, რომ კბილები გაეხეხოს. სულ ჩაყვითლებულ-ჩაჟანგული ჰქონდა და როცა სასადილოში პირს კარტოფილით ან მუხუდოთი გამოიტენიდა, მე გული მერეოდა. სულ დამუწუკებული იყო. მარტო შუბლსა და ნიკაპზე კი არ, ბიჭებს რომ აქვთ ხოლმე, მთელი სახე ზღმურდლით ჰქონდა დაფარული. ეს კიდევ არაფერი, საერთოდ აუტანელი კაცი იყო. ბილწი და გაიძვერა. მართალი თუ გნებავთ, გულზე დიდად არ მეხატა.
ვიგრძენი, რომ ზედ კაბინის ფარდასთან იდგა, ჩემი სავარძლის უკან, და ოთახში იჭყიტებოდა – სტრედლეიტერი ხომ არ არისო. სტრედლეიტერს ვერ იტანდა, როცა იგი შინ იყო, არც შემოვიდოდა. ანკი ვის იტანდა, მთელი სკოლა სძულდა.
ფარდა გადასწია და შემოვიდა.
– ჰეი! – მითხრა. ისე იტყოდა ხოლმე ამას, თითქოს საშინლად დაღლილი და გასავათებული ყოფილიყოს. თავის ისე იჭერდა, ვითომ სტუმრად კი არ შემოსულიყოს შენთან; თითქოს შემთხვევით შემოვიდა. ისე ღმერთი უშველის!
ჰეი-მეთქი, მეც ვუპასუხე, მაგრამ წიგნისთვის არ მომიშორებია თვალი. აბა სინჯე და, ეკლი რომ თავზე დაგადგება, წიგნი გვერდზე გადადე! მორჩა, წასულია შენი საქმე. ისედაც წასულია შენი საქმე, მაგრამ თუ წიგნი გიჭირავს ხელში, უფრო დიდხანს გაუმაგრდები.
დინჯად გაიარ-გამოიარა, ვითომც არაფერიო. მაგშიდასა და თაროზე რაც ნივთები მეწყო, ყველას შეავლო სათითაოდ ხელი. ასეთი ჩვეულება ჰქონდა, აიღებდა ნივთებს და კარგად დაათვალიერებდა. უჰ, ნერვებს მიშლიდა.
– რა ქენით, იფარიკავეთ? – უნდოდა როგორმე წიგნისთვის დამენებებინა თავი და სიამოვნება ჩამშხამებოდა. ფარიკაობა ფეხებზე ეკიდა. – ვინ მოიგო? ჩვენ თუ იმათ?
– არავისაც არ მოუგია, – ვუპასუხე მე. არც ახლა ამიხედავს ზევით.
– რაო? – ასეთი ზნე სჭირდა, – ორჯერ გათქმევინებდა.
– არაივსაც არ მოუგია. – ცერად გავხედე, ჩემს თაროზე რას აწვალებს-მეთქი. სალი ჰეისის სურათს მიშტერებოდა. ნიუ-იორკელი გოგოა, ხშირად დავდიოდი ხოლმე მასთან ერთად. ხუთიათასჯერ მაინც ექნებოდა ეს სურათი ხელში
აღებული და ერთხელაც თავის ადგილზე არ დაუდია. განზრახ, რასაკვირველია, მაგას რა ბევრი ჩიჩინი უნდა.
– არავის არ მოუგია? – იკითხა მან. – როგორ?
– ის ოხერი დაშნები და მორთულობა მეტროში დამრჩა, – არც ახლა ამიხედია.
– მეტროშიო? რა ღმერთი გაგიწყრა! დაგიკარგავს და ეგ არის.
– შეცდომით სხვა მეტროში მოვხვდით. მთელი გზა, სულ იმ ოხერ სქემას მივჩერებოდი კედელზე.
მოვიდა წინ ამეყუდა, სინათლეზე ჩამომეფარა.
– ეი, – ვუთხარი მე. – რაც შენ შემოხვედი, აგერ ოცჯერ ვკითხულობ ერთ წინადადებას.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეკლის გარდა, ყველა მიხვდებოდა ჩემს გადაკრულ სიტყვებს. ეს კი ვერ მიხვდა.
– მერე არ გადაგახდეივნებენ, თუ იცი? – მკითხა მან.
– რა ვიცი. ფეხებზე არ მკიდია! იქნებ დაჯდე, ან რამე ქნა, ჰა, ეკლი, ბალღო! თორემ სულ დამიბნელე ეს სინათლე. – როდი მოსწონდა «ეკლი, ბალღო». თვითონ სულ ბალღს მეძახდა, რადგან მე თექვსმეტი წლის ვიყავი, ის კი თვრამეტისა იყო. «ეკლი ბალღო-მეთქი» რომ ვეტყოდი, ცოფდებოდა.
არც განძრეულა. ამისთანა ვაჟბატონი გახლდათ – სინათლეზე მომეცალეო რომ ეტყოდი, ფეხსაც არ მოიცვლიდა. ბოლოს და ბოლოს მოგეცლება, სხვა რა გზა აქვს, მაგრამ თუ სთხოვე, განზრახ გააჭიანურებს.
– რა ჯანდაბას კითხულობ?
– წიგნს ვკითხულობ.
შეაბრუნა ჩემი წიგნი და დახედა.
– კარგია?
– განსაკუთრებით ეს წინადადებაა აგასაგიჟებელი! – გუნებაზე თუ ვარ, მეც იმისთანა შხამიან სიტყვებს ვისვრი ხოლმე! მაგრამ ესეც შეიტყაპუნა. მერე ისევ ოთახში ყიალს მოჰყვა. ერთხელ კიდევ შეავლო ხელი ჩემს ნივთებს, სტრედლეიტერის ნივთებსაც. ბოლოს იატაკზე დავახეთქე წიგნი. სულერთია, ეკლისთანა კაცი თუ გადგას თავზე, მაინც ვერაფერს წაიკითხავ. რას დაგანებებს!
სავარძელს გადავაწექი და შორიდან დავუწყე ყურება, როგორ გაშინაურდა ეკლი ჩემს ოთახში. ნიუ-იორკში მგზავრობამ და მთელი დღის ამბებმა საშინლად დამქანცა, და მთქნარება დამაწყებინა. ბოლოს ავურიე. ასე ვიცი ხოლმე ზოგჯერ, როცა მომწყინდება: წაღმა შევაბრუნე ჩემი სანადირო ქუდი და კარტუზი თვალებზე ჩამოვიფხატე. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი:
– ვაიმე, მგონი ვბრმავდები! – წამოვიძახე ჩახრინწული ხმით, – ვაი, დედა, როგორ დამიბნელდა ყველაფერი.
– შერეკილი ხარ ნამდვილად, შე ოხრო, – მითხრა ეკლიმ.
– ვაიმე დედილო, ხელი მომაშველე! რატომ ხელს არ მომაშველებ?!
– გეყოფა ერთი!
წრიალს მოვყევი ბრმასავით, მაგრამ სკამიდან არ წამომვდგარვარ. თან გავკიოდი:
– ვაიმე, დედილო, რატომ ხელს არ მომაშველებ?!
რა თქმა უნდა, ისე ვურევდი. ზოგჯერ ამითაც ვერთობი ხოლმე. თანაც ვიცოდი, რომ ეკლი გაცოფდებოდა. ბევრჯერ გამიმწარებია ასე. ბოლოს მოვეშვი. ქუდი ისევ შევაბრუნე და სავარძელს გადავაწექი:
– ეს ვისია? – იკითხა ეკლიმ. ჩემი მეგობრის გეტრებს ატრიალებდა. არაფერს არ დატოვებდა, რომ ხელი არ შეევლო. ყველაფერს უნდა წაპოტინებოდა. თასმა რომ თასმაა – იმასაც არ გაუშვებდა. სტრედლეიტერისაა-მეთქი, ვუთხარი. ცივად უშვა ხელი და სტრედლეიტერის ლოგინზე დააგდო: ჩამოღებით თაროდან ჩამოიღო, და ახლა ჯიბრით დააგდო ლოგინზე.
მერე მობრუნდა და სტრედლეიტერის სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა. მოკვდებოდა და სავარძელში არ ჩაჯდებოდა. სახელურზე უნდა წამოსკუპებულიყო.
– ეს ქუდი სად ჯანდაბაში გიყიდია?
– ნიუ-იორკში.
– რა მიეცი?
– ერთი დოლარი.
– კარგად გაუფქვნიხართ. – ასანთის ღერით თავისი ფრჩხილების წმენდას მოჰყვა. იწმენდდა და იწმენდდა ამ ფრჩხილებს. სასაცილო კი იყო! კბილები – ჩაჟანგულ-ჩაშავებული, ყურები – ჩაბინძურებული, ეს კი მოდგება და ფრჩხილებს ისუფთავებს, ერთი შემხედეთ, რა სუფთა ბიჭი ვარო. ფრჩხილების წმენდა არც შეუწყვეტია, ერთხელ კიდევ შეათვალიერა ჩემი ქუდი.
– ჩვენში მაგნაირი ქუდით დადიან ხოლმე სანადიროდ, ღმერთმანი, – თქვა მან, – სანადირო ქუდია, – ნადირს ხოცავენ.
– სანადირო კი არადა ის არის! – მოვიხადე და ხელში შევატრიალე. ცალი თვალი მოვხუჭე, თითქოს მიზანში ვიღებდი, – ნადირს კი არა და, ხალხს უნდა ესროლო, – ვთქვი მე. – მე ხალხს ვესვრი.
– სახლში იციან შენი გამოპანღურების ამბავი?
– არა.
– ეს სტრედლეიტერი სადღა ჯანდაბაშია?
– ფეხბურთზეა. პაემანიაქვს, – დავამთქნარე. მთქნარებამ წამომიარა. ოთახში ისე ჯოჯოხეთურად ცხელოდა, რომ ძილი მომერია. პენსიში ასეა ხოლმე – ან გაიყინები, ან სიცხით დაიხრჩობი.
– დიდი სტრედლეიტერი! – თქვა ეკლიმ, – ეი, მაკრატელს ვერ მათხოვებ ერთი წუთით? ახლოს გაქვს?
– არა. უკვე შევინახე. კარადაშია, ზემო თაროზე.
– მომეცი ერთი წუთით. ფრჩხილები წამომზრდია, უნდა დავიჭრა.
ფეხებზე არ ეკიდა – შეინახე თუ არ შეინახე, ზემო თაროზეა თუ ქვემოზე! რაღა ჩარა იყო – გამოვუღე მაკრატელი. მაგრამ ცოტას გაწყდა, ზედ არ გადავყევი. გავაღე თუ არა კარადის კარი, სტრედლეიტერის ჩოგანი – ისიც ხის ჩარჩოში ჩადებული, – ბახ, პირდაპირ თავზე დამეცა. გამამწარა, მაგრამ რა გამამწარა. აქეთ ეკლიც კინაღამ გაგიჟდა; საზიზღარი წრიპინა ხმა აქვს – რომ აუტყდა ქირქილი, ლამის მუცელზე გაიფხრიწა. ისე ჩამოვიღე ჩემოდანი და გავხსენი, სული არ მოუთქვამს. ეკლისათვის სულერთია – ქვაც რომ მოხვდეს კაცს თავში, სიცილით დაიხრჩობა.
– ეკლი, ბალღო, კაი იუმორის გრძნობა გქონია, იცი?! – და მაკრატელი გავუწოდე. – თუ გინდა მენეჯერობას გაგიწევ და რადიოში მოგაწყობ, – ისევ სავარძელში ჩავჯექი, ეკლიმ კი რქის სიმსხო ფრჩხილების დაჭრა დაიწყო. – იქნებ მაგიდაზე დაგეჭრა, ჰა? – ვუთხარი მე, – მაგიდაზე დაყარე. ვერაფერი დიდი სიამოვნება იქნება შენს ბინძურ ფრჩხილებზე ღამით ფეხშიშველა სიარული.
თქვენც არ მომიკვდეთ, პირდაპირ იატაკზე ყრიდა. საზიზღარი ჩვეულებაა. რას იზამ.
– ვისთანა აქვს პაემანი? – მკითხა მან. სულ იმას კითხულობდა, სტრედლეიტერი ვისა ხვდებაო, დასანახავად კი სძულდა.
– არ ვიცი. შენ რაში გეკითხება?
– ისე. ვერ ვიტან მაგ ძაღლისგაგდებულს. დასანახად მძულს.
– ის კიდე გიჟდება შენზე! ნამდვილი პრინციაო, მითხრა. – არევა რომ მომინდება, მაშინ ვეუბნები ხოლმე ხალხს, ნამდვილ პრინცსა ჰგავხარ-მეთქი, რა ვქნა, ვერთობი.
– სულ იბღინძება! – თქვა ეკლიმ, – ვერ ვიტან მაგისთანა ძაღლიშვილებს. კაცს გეგონება…
– მაგიდაზე დაიჭერი-მეთქი ფრჩხილები, არ გეყურება! ორმოცდაათჯერ ხომ არ უნდა გითხრა!..
– სულ გაბღენძილი დადის, – განაგრძო ეკლიმ, – ერთი ნამცეცი ჭკუა არა აქვს მაგ ძაღლისგაგდებულს, და ჭკუისკოლოფად კი მოაქვს თავი, ვითომ დიდი…
– ეკლი! მაგიდაზე დაიჭერი-მეთქი ეგ შენი ბინძური ფრჩხილები. ორმოცდაათჯერ გითხარი!
როგორც იქნა, დამიჯერა, მაგრამ თუ არ დაუღრიალებდი, ისე ვერაფერს ვერ გააკეთებინებდი.
ერთხანს ვუყურებდი, მერე ვუთხარი:
– ვიცი რატომაც ხარ სტრედლეიტერზე გაწიწმატებული: ხანდახან მაინც გაიხეხე კბილებიო, გითხრა. განა საწყენად გითხრა. არც განზრახ უთქვამს და არაფერი. ღმერთო! შენი წყენინება რაში სჭირდებოდა. თუ გითხრა, იმიტომ გითხრა, რომ უფრო კოხტა გამოჩნდე და, საერთოდ, უკეთესად იყო, ათასში ერთხელ თუ გაიხეხავ კბილებს.
– ძალიან კარგადაც ვიხეხავ. რა თავს იგდებ!
– აბაროდის იხეხავ! სულ გითვალთვალებ და არ იხეხავ. – ვუთხარი მე. მაგრამ ღვარძლიანად არ მითქვამს. მართალი თუ გინდათ, ცოტათი შემეცოდა კიდეც. განა არ ვიცი, რომ ვერაფერი სასიამოვნოა, კაცი ჩაგაცივდეს – კბილებს რად არ იხეხავო. სტრედლეიტერს რას ერჩი. არც ისე ცუდი ბიჭია, – განვაგრძე მე, – როცა არ იცნობ, არ უნდა ილაპარაკო.
– მე კიდევ გეუბნები ძაღლიგაგდებულია-მეთქი. გაბღენძილი და ძაღლისგაგდებული.
– ცოტათი კი უყვარს გაბღენძვა, მაგრამ ბევრ რამეში ძალიან გულგაშლილია. ნამდვილად, – ვუთხარი მე, – დამიჯერე. ვთქვათ, სტრედლეიტერს ყელსახვევი აქვს, ან თუ გინდა სხვა რამე, და შენც მოგწონს ეს ყელსახვევი. ამას ისე გეუბნები, სიტყვაზე… იმისთანა ყელსახვევი უკეთია, რომელზედაც შენ ჭკუას კარგავ. იცი, რას იზამს? მოიხსნის და შენ გაჩუქებს. ნამდვილად გაჩუქებს. ანდა იცი, რას იზამს? ადგება და შენს ლოგინზე დააგდებს, ან სხვა რამეზე. მოცემით კი უსათუოდ მოგცემს. აბა მითხარი, სხვა ვინ გიზამს…
– ერთი! – შემაწყვეტინა ეკლიმ, – მაგდენი ფული რომ მომცა, მეც ვაჩუქებდი.
– არაფერიც. შენ არ აჩუქებდი. – თავი გავაქნიე, – არაფრის დიდებით არ აჩუქებდი, ეკლი, ბალღო. შენ რომ იმისი ფული მოგცა, შენისთანა…
– ბალღი აღარ დამიძახო! სადაურიმ ბალღი ვარ, ლამის მამად გეკუთვნი.
– არაფერიც, – ჰოი, როგორ გამაცეცხლებდა ხოლმე ზოგჯერ. როგორც კი იშოვიდა საბაბს, არ შეიძლებოდა არ ეგრძნობინებინა – შენ თექვსმეტი წლისა ხარ
და მე თვრამეტისო, – ჯერ ერთი, რომ სახლში ცხვირს არ შემოგაყოფინებ, – ვუთხარი მე.
– მაშ, ნუღარც დამიძახებ…
უცებ კარი გაიღო და სტრედლეიტერი შემოჯლიგინდა. სულ ასე ფეთიანივით დადიოდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა, რაღაც დიდ საქმეზე. მოვარდა და ერთი აქედან შემომკრა, ერთი იქიდან. კაი ჩვეულებაა, შენ ნუ მომიკვდები.
– მოიხედე, ამაღამ სადმე ხომ არ მიდიხარ?
– რა ვიცი, იქნებ წავიდე კიდეც. რა ამბავია – თოვლი მოდის?
პალტო სულ დათოვლილი ჰქონდა.
– ჰო, მოიხედე, თუ არსად მიდიხარ, შენი ნატის ქურთუკი მათხოვე.
– ვინ მოიგო? – ვკითხე მე.
-ჯერ არ დამთავრებულა. ადრე წამოვედით, – მითხრა მან – ჰა, გჭირდება თუ არა ამაღამ? ჩემს ნაცრისფერ ქურთუკზე რაღაც ოხრობა გადავისხი.
– არა მჭირდება, მაგრამ გამიგანიერებ. შენ ოხერ ბეჭებს რა მოადგება! – სიმაღლით ტოლები ვიყავით, მაგრამ თითმის ორ ჩემდენს იწონიდა. მხარბეჭიანი იყო.
– არ გაგიგანიერებ, – დიდი ფაცხაფუცხით მივარდა კარადასთან, – შენ რაღა იქ, ბიჭო ეკლი? – მიმართა მან ეკლის. კარგი საამხანაგო ბიჭი იყო სტრედლეიტერი. ეკლისაც კი ესალმებოდა ყოველთვის, მართალია გულით არა, მაგრამ თავაზიანად ესალმებოდა და მეტი რა უნდა ექნა.
ეკლიმ რღაც ჩაიდუდღუნა, როცა ჰკითხეს, რასა იქო. სულაც არ ეხალისებოდა პასუხის მიცემა, მაგრამ ვაჟკაცობა არ ეყო და მაინც ჩაიდუდღუნა. მერე მე მითხრა:
– წავედი. მერე გნახავ.
– აგრე იყოს, – მივუგე მე. მადლობა ღმერთს, გულს არა მწყვეტდა მისი წასვლა.
სტრედლეიტერმა ქურთუკი გაიხადა და ახლა ყელსახვევს იხსნიდა.
– მოდი უცებ გავიპარსო?! – ხელად ეზრდებოდა წვერი. სქელი წვერი ჰქონდა.
– გოგო სადა გყავს? – ვკითხე მე.
– შემოსასვლელში მელოდება. – საპარსავი მოწყობილობა აიღო, პირსახოცი იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავიდა. არც პერანგი, არც არაფერი. წელამდე ტიტველი დადიოდა ხოლმე. ჩამოსხმული ტანი მაქვსო, ფიქრობდა. მართლაც ტანადი იყო, უნდა გამოვტყდე.

ნაწილი ოთხი

საქმე არაფერი მქონდა და მეც პირსაბანში შევყევი, მანამ ის წვერს გაიპარსავს, მე ცოტათი ენას მოვიფხან-მეთქი. ჩვენს გარდა არავინ ყოფილა იქა, ფეხბურთიდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ჯოჯოხეთის სიცხე იდგა და ფანჯრები სულ შეორთქლილიყო. ათი პირსაბანი მაინც იყო – სულ კედელზე მიყუდებული. სტრედლეიტერს შუა პირსაბანი ამოერჩია. მე ხელმარჯვნით ჩამოვუჯექი და ცივი წყლის ონკანს დავუწყე წვალება – ხან მოვუშვებდი, ხან დავკეტავდი. ეს ნერვიულობისაგან დამჩემდა. სტრედლეიტერი იპარსავდა და თან «ინდურ სიმღერას» უსტვენდა. ყურისწამღები სტვენა იცოდა და ვერასოდეს სწორედ ვერ მიჰყვებოდა მოტივს. არადა უსათუოდ ისეთი ჰანგი უნდა ამოერჩია, რომელიც სასტვენად ძალიან გამოჩენილი ოსტატებისთვისაც კი ძნელი
იქნებოდა. მაგალითად, «ინდური სიმღერა» ან «მკვლელობა მეათე ავენიუზე». ისე, რისი სტვენაც არ უნდა დაეწყო, სულერთია, დაამახინჯებდა.
თუ გახსოვთ, ზემოთ ვთქვი, ეკლი საშინელი ბინძური კაცი იყო-მეთქი. არც სტრედლეიტერი ყოფილა მაინცდამაინც წმინდა, ოღონდ განსხვავდებოდა. სტრედლეიტერის სიბინძურე უფრო შეუმჩნეველი იყო. თვალში არ გეცემოდა. მაგრამ უნდა გენახათ, რა დანით იპარსავდა პირს: ერთიანად ჩაჟანგებულ, ჭუჭყიან სამართებელს ზედვე მიხმობოდა საპნის ქაფი და ბეწვები. მე შენ გეტყვი, გასწმენდდა, ან რამე. შესახედავად ყოველთვის ლამაზი ჩანდა, როცა მოირთვებოდა, ისე კი, ჩემსავით თუ იცნობდა ვინმე, ნამდვილი სიბინძურის განსახიერება იყო. კოპწიაობით იმიტომ კოპწიაობდა, რომ გაგიჟებით უყვარდა თავი. მთელს დასავლეთ ნახევარსფეროზე იმაზე ლამაზი თუ დადიოდა ვინმე, ვერ დააჯერებდი. მართლაც ლამაზი იყო, რა მეთქმის, მაგრამ ისეთი სილამაზე ჰქონდა, რომ როცა ბავშვების მშობლები ჩამოვიდოდნენ და მის პორტრეტს ნახავდნენ სასკოლო ალბომში, ხელადვე იკითხავდნენ – «ეს ბიჭუნა ვინ არისო». ერთი სიტყვით, საალბომო სილამაზე ჰქონდა. თვით პენსის სკოლაშიაც კი ათჯერ იმაზე უფრო ლამაზი ბიჭები იყვნენ, მაგრამ სასკოლო ალბომში რომ გენახათ მათი სურათები, არ იტყოდით ლამაზიაო. ხან ცხვირი მოგეჩვენებოდათ ჩამოგრძელებული, ხან ყურები – გადმოფლაშული. ამაში არ მოვტყუვდები.
ერთი სიტყვით, პირსაბანზე ვიჯექი სტრედლეიტერის გვერდით და წყლის ონკანს ვაწვალებდი. თავზე ისევ ჩემი წითელი სანადირო ქუდი მეხურა უკუღმა. ძაან შემიყვარდა ეს ქუდი.
– ჰეი, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს.
– რა იყო? – ვკითხე არცთუ ისე ხალისიანად. სულ ასე არ იცოდა! ერთი დიდი სათხოვარი მაქვსო. ეს ლამაზი ბიჭები – ანდა იმისთანები, ვისაც ლამაზებად მოაქვთ თავი – სულ იმის ფიქრში არიან, ვის რა დასაქმონ. რაკი თვითონ გაგიჟებით შეჰყვარებიათ თავი, ასე ჰგონიათ, სხვებიც ჩვენზე გიჟდებიან, და ოღონდ კი რამე დავავალოთ, მოკვდებიან და შეასრულებენო. სასაცილოა, აბა რა არი.
– მიდიხარ სადმე ამაღამ?
– იქნებ წავიდე, იქნება – არა. რა ვიცი. რას მეკითხები?
– ორშაბათისთვის ისტორია მაქვს სასწავლი, მთელი ასი გვერდი, – მითხრა მან, – ინგლისურის დავალებას ვერ დამიწერ? ორშაბათს რომ არ ჩავაბარო, შავად წამივა საქმე, და იმიტომაც გთხოვ. ჰა?
სასაცილოდ ამიღო და ეგ არის! ასეა ნამდვილად.
– მე თვითონ გამომაპანღურეს ამ ოხერი სკოლიდან, და შენ კიდევ რაღაც დავალების დაწერასა მთხოვ?!
– ვიცი, ვიცი. მაგრამ რომ არ ჩავაბარო, ჩემი საქმეც შავად წავა. გამიწიე ძმობა, რაც იქნეს, იქნეს. რას იტყვი?
მაშინვე არ მიპასუხი. ამისთანა ნაბიჭვრები უნდა აწვალო, ახია.
– მაინც, რა უნდა დავწერო? – ვკითხე ბოლოს.
– რაც მოგეგუნებოს. რამე ამიწერე. ოთახი. ან სახლი. ან რამე ადგილი, სადაც გიცხოვრია. ან სხვა რამე, რაც შენ გინდოდეს. ოღონდ მხატვრულად ამიწერე. – ესა თქვა და ლაზათიანად დაამთქნარა. მოდი და ნუ გასკდები გულზე! რაღაცას გთხოვს, გეხვეწება, თვითონ კი არხეინად ამთქნარებს! – ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, – განაგრძო მან, – ამ ქოფაკ ჰარტსელს ინგლისურის დიდი მცოდნე
ჰგონიხარ. ისიც იცის, რომ ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს მძიმეები და წერტილები ცოტა აურდაურიე. საცა საჭირო იყოს, იქ ნუ ჩასვამ.
მოდი და მართლა ნუ გასკდები გულზე. კაცი მშვენივრად წერ და თხზავ, ეს კი მოსულა და მძიმეებზე ატარტალებს ენას. თუმცა სტრედლეიტერისაგან რა უნდა გამიკვირდეს. თითქოს იმიტომ გამოსდის საძაგელი თხზულება, რომ მძიმეების თავის ადგილზე ჩასმა არ იცის. ამისთანებში ეკლის არ ჩამოუვარდებოდა. ერთხელ ეკლის გვერდით ვზივარ კალათბურთზე. გუნდში ერთი მშვენიერი მოთამაშე გვყავდა – ჰოვი კოილი – შუა მოედნიდან ისე კოხტად ჩასვამდა ბადეში ბურთს, რომ არც ფიცარს შეეხებოდა და არც არაფერს. ეკლიმ დაიჟინა და მთელი თამაში აღარ მომასვენა, ეს შენი კოილი მაღალია და იმიტომო. ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ამისთანა რამეებს.
პირსაბანზე ჯდომა რომ მომწყინდა, წამოვდექი და იატაკზე ფეხების ტყაპუნს მოვყევი – ისე გასართობად. ცეკვა რა ჩემი საქმეა, მაგრამ ტუალეტში ქვის იატაკი ეგო და კარგი სატყაპუნებელი იყო. კინოში ერთი ყმაწვილი ცეკვავს და იმას მივბაძე. რაღაც მუსიკალური ფილმია. ჭირის დღესავით მძულს კინო, მაგრამ მსახიობების წაბაძვა მიყვარს. სტრედლეიტერი თან იპარსავდა, თან სარკეში მიყურებდა. მე კიდევ,, ოღონდ ვინმემ მიყუროს და ათასნაირ ოინბაზობას მოვიგონებ.
– მე გუბერნატორის შვილი ვარ, – ვთქვი და კიდევ უფრო მაგრად ავატყაპუნე ფეხები. – მამაჩემს არ უნდა, მოცეკვაე გამოვიდე, ოქსფორდში მაგზავნის. მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი ეს ცეკვა!
სტრედლეიტერს გაეცინა. ცოტა იუმორის გრძნობაც ჰქონდა.
– დღეს «ზიგფილდის» პრემიერაა, – უკვე სულს ვეღარ ვიბრუნებდი. ძალიან ცუდი სუნთქვა მაქვს. – მთავარი გმირი ვერ გამოვა. რუმბივით გალეშილი გდია. ვინ უნდა შესცვალოს? ვინა და მე. საწყალმა გუბერნატორის შვილმა.
– ეს ქუდი საიდან გამოაძვრინე? – ჩემს სანადირო ქუდზე მეკითხებოდა სტრედლეიტერი. ახლაღა შენიშნა.
ერთიანად შემეკრა სუნთქვა და მაიმუნობას თავი დავანებე. ქუდი მოვიხადე და ბარე მეათასეჯერ დავხედე.
– ნიუ-იორკში ვიყიდე ამ დილას. ერთი დოლარი მივეცი. მოგწონს?
სტრედლეიტერმა თავი დააქნია.
– პეწიანია, – თქვა მან. ნამდვილად მომელაქუცა, რადგან მაშინვე მოაყოლა: – მოიხედე. დავალებას ხომ დამიწერ? ახლავე უნდა ვიცოდე.
– დრო თუ მექნა – დაგიწერ, არა და – არ დაგიწერ. – მივუგე მე. ისევ გვერდზე მივუჯექი. – პაემანი ვისთანა გაქვს? ფიტცჯერალდთან?
– დაიკარგოს აქედან! აკი გითხარი, მაგ ღორს თავი დავანებე-მეთქი.
– რას ამბობ?! მაშ მე დამითმე, ბიჭო. არ გეხუმსრები. სწორედ საჩემოა.
– გყავდეს… ძაან დიდი იქნება შენთვის.
უცებ – სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ არევის გუნებაზე ვიყავი – მომინდა წამოვმხტარიყავი და სტრედლეიტერისათვის ერთი მაგარი ნელსონი მეთავაზებინა. იქნებ არ იცოდეთ – ეს ერთ-ერთი ილეთი გახლავთ ჭიდაობაში – კისერზე მკლავებს შემოაჭდობ მოწიააღმდეგეს და გაგუდავ, თუკი გინდა. წამოვხტი კიდეც და ჯიქივით მივვარდი.
– მომეშვი, ჰოლდენ, თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე! – იყვირა სტრედლეიტერმა. არ უყვარდა არევა. მით უმეტეს, ახლა წვერს იპარსავდა. – რასა შვრები, ყელს გამოვიღადრავ!
მაინც არ გავუშვი. მაგრად მყავდა
ჩაბღუჯული.
– აბა სცადე და შენ თვითონ გაითავისუფლე თავი!
– ო, ღმერთო. – სამართებელი დადო, ერთბაშად მოიქნია ხელები და დამისხლტა. ძაან ჯანიანი ბიჭი იყო. მე ძალიან სუსტი ვარ. – ახლა გეყოფა! – თქვა მან და პარსვა განაგრძო. ორ-ორჯერ ჩამოისვამდა ხოლმე თავის ჭუჭყიან დანას, რომ ლამაზი გამოჩენილიყო.
– მაშ ვის უნდა შეხვდები, ფიტცჯერალდი თუ გაუშვი? – ვკითხე მე. ისევ მის გვერდით ჩამოვჯექი, პირსაბანზე. – იმ გაწლიკვულ ფილის სმითს?
– არა. იმას უნდა შევხვედროდი, მაგრამ ყველაფერი აირდაირია. ბედ თოუს მეგობარი მელოდება… ჰო, კინაღამ დამავიწყდა. შენც გიცნობს.
– ვინ მიცნობს?
– ჩემი გოგო.
– მართლა? – გავიკვირვე, – რა ჰქვია? – მაგრად დავინტერესდი.
– დამაცა, მოვიგონო… ჰო, ჯინ გალაჰერი.
ჰოი, ბიჭო, კინაღამ გავთავდი კაცი, ეს რომ გავიგონე.
– ჯეინ გალაჰერი! – შევძახე მე. წამოვხტი კიდეც პირსაბანიდან. კინაღამ გავთავდი, – როგორ არ ვიცნობ! შარშანწინ ზაფხულში სწორედ ჩემს გვერდით ცხოვრობდა. იმოდენა დობერმან პინჩერი ჰყავდა რომ… იმან გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენს ეზოში გადმოდიოდა ხოლმე მისი ძაღლი…
– სინათლეზე ნუ მეფარები, ჰოლდენ, – მითხრა სტრდელეიტერმა, – რაღა აქ გამომეჯგიმე!
ჰოი, ბიჭო, რა ბაგაბუგი დამიწყო გულმა, ღმერთმანი.
– სად არის? – ვკითხე მე, – წავალ, მივესალმები, რამეს ვეტყვი. სად არის? შემოსასვლელში?
– ჰო.
– როგორ გამიხსენა! სად სწავლობს ახლა, ბრიმორში? ამბობდა კიდეც, იქნებ იქ მოვეწყოო. ან იქა და ან შიპლიშიო. მე შიპლიში მეგულებოდა. მაინც, როგორ გამიხსენა, ჰა? მაგრად ამაფორიაქა, ღმერთმანი.
– მე საიდან უნდა ვიცოდე, როგორ გაგიხსენა! არ ადგები? ჩემს პირსახოცზე დამჯდარხარ. – მართლაც მის ოხერ პირსახოცზე ვიჯექი.
– ჯეინ გალაჰერი! – ავიმეორე მე. გონს ვეღარ მოვეგე. – ღმერთო ჩემო.
სტრდელეიტერმა ბრიოლინი წაისვა თმაზე. ჩემი ბრიოლინი.
– იცი როგორ ცეკვავს! – ვთქვი მე, – ბალეტი გინდა, რა გინდა!.. დღე არ გავიდოდა, რომ ორი საათი არ ევარჯიშნა, თუნდაც გაგანია სიცხე ყოფილიყო. სწუხდა, ფეხები გამიფუჭდებაო… დამიმსხვილდებაო, და რა ვიცი, შაშს ვთამაშობდით გაუთავებლად.
– რასაო?
– შაშს.
– შაში რაღა ჯანდაბაა?
– დამას რომ გავიდოდა, ადგილიდან კი არ დასძრავთდა. გაიყვანდა დამას და მერე ხელს აღარ ახლებდა. სულ უკანა ხაზზე ედგა. ჩაამწკრივებდა ხოლმე ბოლო ხაზზე. და ხელსაც არ ახლებდა. ასე უფრო მოსწონდა, ერთ ხაზზე ჩამწკრივებული.
სტრედლეიტერს არაფერი უთქვამს, ასეთი ამბები ბევრს არ აინტერესებს.
– დედამისიც ჩვენს კლუბში დადიოდა, – განვაგრძე მე, – მე ზოგჯერ გოლფის ჯოხები დამქონდა ხოლმე, ფულს ვაკეთებდი. ერთი-ორჯერ დედამისსაც წავუღე ჯოხი. ბარე ასსამოცდაათჯერ ჩააგდო ცხრა ორმოში.
სტრედლეიტერი არც კი მისმენდა. თავის მშვენიერ კულულებს ივარცხნიდა.
– უნდა წავიდე. მივესალმები მაინც, – ვთქვი მე.
– რაღას უცდი?
– ამ წუთში წავალ.
თავიდან შეუდგა თმის გაყოფას. მთელი საათი ივარცხნიდა ხოლმე.
– მაგისი დედა ქმარს გაშორდა და ვიღაც ლოთს გაჰყვა, – განვაგრძე მე. – ცარიელი ძვალი და ტყავი იყო ის საწყალი. ბანჯგვლიანი ფეხები ჰქონდა. კარგად მახსოვს. ტრუსების ამარა დადიოდა ხოლმე. ჯეინი ამბობდა მწერალიაო, პიესებსა სწერდა თურმე, თუ რაღაც ოხრობას, რას გაუგებ. მაგრამ რამდენჯერაც ვნახე, სულ გალეშილი იყო და რადიოში იმ სულელურ დეტექტივებს უსმენდა. ტიტველი დატანტალებდა მთელს სახლში. არც ჯეინს ერიდებოდა, არც არავის.
– რას ამბობ? – შესძახა სტრედლეიტერმა. როცა ვთქვი ტიტველი დატანტალებდა ის ლოთი სახლში და ჯეინსაც არ ერიდებოდა-მეთქი, მაშინღა დაინტერესდა. დიდი გაფუჭებული კაცი იყო ეს სტრედლეიტერი.
– საშინელი ბავშვობა ჰქოდნა საწყალ გოგოს. არ გეხუმრები.
ეს კი აღარ აინტერესებდა სტრდელეიტერს, უწმაწურ რამეს თუ იტყოდი, იცოცხლე ცქვეტდა ყურებს!
– ჯეინ გალაჰერი. ღმერთო ჩემო! გონს ვეღარ მოვეგე. ვეღარ ამოვიგდე თავიდან. – გავიქცევი და ვნახავ, მივესალმები მაინც.
– მერე ვერ წახვალ?! გადმოგიგდია ენა და დგახარ!
ფანჯარასთან მივედი, მაგრამ არაფრის გარჩევა არ შეიძლებოდა, ტუალეტში ისე ცხელოდა, რომ სულ შეორთქლილი იყო მინები.
– ახლა გუნებაზე არა ვარ. – ვთქვი მე. მართლაც არ ვიყავი გუნებაზე. უგუნებოდ როცა ხარ, ასეთი რამეები არ შეიძლება. – მე კიდე შიპლის სკოლაში მეგონა. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ შიპლიში სწავლობდა. – გავიარ-გამოვიარე. საქმე არაფერი მქონდა. – თამაში მოეწონა? – ვკითხე ბოლოს.
– მგონი მოეწონა. რა ვიცი.
– არ გითხრა შაშს ვთამაშობდითო, ან სხვა რამე არ გიამბო?
– არ ვიცი. ანკი საიდან მეცოდინება, ახლახანს გავიცანი. – კულულები დაივარცხნა და ახლა თავის ბინძურ დანას და საპარს მოწყობილობას ალაგებდა.
– მოიხედე, ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
– გადავცემ, – შემპირდა სტრედლეიტერი. მაგრამ ვიცოდი, რომ არაფერსაც არ გადასცემდა. სტრედლეიტერისთანა ვაჟბატონებს მოკითხვისთვის სცხელათ სწორედ!
სტრედლეიტერი ოთახისკენ წავიდა. მე ცოტახანს კიდევ დავრჩი ტუალეტში, ჯეინზე ვფიქრობდი. მერე მეც შევედი ოთახში.
სტრედლეიტერი სარკესთან იდგა და ყელსახვევს ისკვნიდა. ნახევარი სიცოცხლე სარკესთან ექნება გატარებული. ჩემს სავარძელში ჩავჯექი და სტრედლეიტერს დავუწყე ცქერა.
– ეი, მივმართე მე, – ჩემი გამოპანღურების ამბავი არ უთხრა.
– არ ვეტყვი.
ეს ერთი კარგი თვისება ჰქონდა სტრედლეიტერს. არ ჩაგაცივდებოდა, შეკითხვებით გულს არ გაგიწვრილებდა, ეკლის არა ჰგავდა. ალბათ, იმიტომ, რომ
ყველაფერი ფეხზე ეკიდა. ნამდვილად ასეა. ეკლი სულ სხვა ვინმე იყო. ყველგან თავის ბინძურ ცხვირსა სჩრიდა.
ჩემი ნატის ქურთუკი ჩაიცვა სტრედლეიტერმა.
– ფრთხილად, არ გამიგანიერო, ორჯერ მეტად არა მცმია, – ვუთხარი მე.
– ფიქრი ნუ გაქვს. ჩემი სიგარეტები სად ჯანდაბაში წავიდა!
– მაგიდაზე დევს, – ყველაფერს ასე მიაბეცებდა ხოლმე და მერე აღარ ახსოვდა, – შენი კაშნეს ქვეშ, – აიღო სიგარეტები და თავის ქურთუკის ჯიბეში ჩაიყარა – ჩემი ქურთუკის ჯიბეში.
სანადირო ქუდი უცებ ისევ უკუღმა შევაბრუნე. ნერვებმა მიღალატა. სულ დაწიწკნილი მაქვს ნერვები.
– მოიხედე. სად უნდა წაიყვანო? – ვკითხე მე. – უკვე გადაწყვეტილი გაქვს?
– თვითონაც არ ვიცი. დრო თუ დარჩა, ნიუ-იორკში წავალთ. – მიჰქარა და მხოლოდ ათის ნახევრამდე დაეთხოვა.
– ალბათ არ იცოდა, რა კოხტა და მომხიბლავი არამზადა ხარ. რომ სცოდნოდა, დილის ათის ნახევრამდე დაეთხოვებოდა.
– ესეც სწორია, – თქვა სტრდელეიტერმა, – აგრე ადვილად ვერ ააადუღებდი. ძალიან მოჰქონდა თავი. – ახლა გეყოფა. ის დავალება უსათუოდ დამიწერე. – ქურთუკი ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა. – ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს. ისე ეცადე, მხატვრული იყოს. კარგი?
არაფერი მიპასუხნია. გუნებაზე არ ვიყავი ესღა ვუთხარი:
– აბა ერთი ჰკითხე, დამებს ისევ უკანასკნელ ხაზზე ამწკრივებს?
– ვკითხავ, მითხრა სტრედლეიტერმა, მაგრამ ვიცოდი, არა ჰკითხავდა.
– აბა, კარგად იყავი, – თქვა და კარები გაიჯახუნა.
ნახევარი საათი იქვე ვიჯექი. ესე იგი, ჩემს სავარძელში ვიჯექი, არც განვძრეულვარ. ჯეინი არ მშორდებოდა თავიდან, ვფიქრობდი, როგორ წავიდნენ ისა და სტრედლეიტერი ერთად. ისე დამეწიწკნა ნერვები, რომ ლამის გავგიჟდი. აკი გითხარით, სტრედლეიტერი გარყვნილი ნაბუშარაა-მეთქი.
უცებ ისევ ეკლიმ არ შემოალაჯა! გადასწია შხაპის კაბინის ფარდა და შემოვიდა. პირველად მოხდა, რომ მისი დანახვა გულით გამეხარდა. ახლა უკვე შემეძლო სხვა რამეზე ფიქრი.
სადილობამდე მეჯდა ოთახში, ბიჭებსა ჭორავდა, რომლებიც მას სძულდა, თან ხელით უზარმაზარ მუწუკს იჩიჩქნიდა ნიკაპზე. ცხვირსახოციც კი არ ამოუღია. მართალი თუ გინდათ, მგონი სულაც არ ჰქონდა ცხვირსახოცი. ყოველ შემთხვევაში, ერთხელაც არ დამინახავს მის ხელში.

ნაწილი ხუთი

შაბათობით ყოველთვის ერთნაირი სადილი გვქონდა ხოლმე და დიდებულ სადილადაც ითვლებოდა, რადგან ბივშტექსს გვაძლევდნენ. ათას დოლარს ჩამოვალ, რომ ამას განგებ შვრებოდნენ. კვირაობით ბიჭების უმრავლესობას მშობლები ჩამოსდიოდათ და ბებერმა თარმერმა კარგად იცოდა, რომ ყველა დედა ჰკითხავდა თავის საყვარელ შვილს გუშინ რა გაჭამესო. ისიც უპასუხებდა – ბივშტექსიო. ასეთი თვალთმაქცობა გაგონილა! ერთი ისიც უნდა გენახათ, რა ბივშტექსი იყო, რაღაც მოციცქნილი, გამომხმარი, დანითაც ვერ გაჭრიდი. ბივშტექსს კარტოფილის დაკოშტოლებულ პიურესაც მოაყოლებდნენ ხოლმე, დესერტად კი – «ყავისფერ ბეტის», მაგრამ პირს არავინ აკარებდა. ზოგი
პირველკლასელი თუ შეჭამდა, რადგან უკეთესი არაფერი ენახა, და კიდევ ეკლისთანა ვაჟბატონები, რომლებიც ყველაფერს თქვლეფავდნენ.
მშვენიერი ამინდი იდგა, სასადილო ოთახიდან რომ გამოვედით, მიწაზე სამი გოჯის სისქე თოვლი იდო და ზევიდანაც გადარეულივით მოდიოდა და მოდიოდა ფანტელები. ლამაზი საყურებელი იყო. გუნდაობა გავაჩაღეთ და სულ ავიკელით იქაურობა. ბალღობაა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ყველანი გავერთეთ და გავხალისდით.
საქმე არაფერი მქონდა, არც შეპირებული მყავდა ვინმე. ასე რომ, მე და ჩემმა მეგობარმა, მოჭიდავეთა გუნდის წევრმა მალ ბროსარდმა, გადავწყვიტეთ ავტობუსში ჩავმსხდარიყავით და ეგერსტაუნში თითო შნიცელი გვეჭამა. მერე კი იქნებ რამე ბითურული ფილმიც გვენახა. მთელი ღამე ბაიყუშივით ოთახში ჯდომა არც ერთს გვეხალისებოდა და არც მეორეს. ეკლიც ხომ არ წაგვეყვანა-მეთქი, მალსა ვკითხე. ეს იმიტომ, რომ ეკლი შაბათობითაც კი არ გამოდიოდა გარეთ, იჯდა თავის ოთახში და მუწუკებს იჩიჩქნიდა. წამოვიდეს, რა მენაღვლებაო, მალმა მიპასუხა, მაგრამ ეტყობოდა სიხარულით არ დაუკარგავს ჭკუა. არ უყვარდა მაინცდამაინც ეგ შენი ეკლი. ერთი სიტყვით სახლში შევედით, რომ წასასვლელად გავმზადებულიყავით. მანამ კალოშებს ვიცვამდი და ვემზადებოდი, ჩემი ოთახიდანვე გავძახე ეკლის, კინოში ხომ არ წამოხვიდოდი-მეთქი. ხმა მშვენივრად გადიოდა შხაპის კაბინის ფარდებში, მაგრამ მაშინვე არ მიპასუხა. მაგისთანა ხალხი უცებ რას გიპასუხებს! მერე შხაპის ფარდებში გამოძვრა, ზღურბლზე შედგა და, კიდევ ვინ მოდისო, მკითხა. უსათუოდ უნდა გაიგოს, ვინა და ვინ მოდის. ახლავე დავიფიცებ, გემის მარცხშიაც რომ მოხვდეს და გადასარჩენად ნავი მიაყენო, ჯერ უთუოდ იმას გკითხავს, ნიჩბებს ვინ მოუსვამსო. მალ ბროსარდი მოდის-მეთქი, ვუთხარი.
– ეს ნაბიჭვარი?! კარგი. ცოტა ხანს დამიცადე. – მითხრა მან. ასე გეგონებოდა დიდი წყალობა მოიღოო.
ხუთი საათი მაინც უნდა მორთვას. მე ამასობაში ფანჯარასთან მივედი, გამოვაღე და შიშველი ხელებით გუნდა გავაკეთე. თოვლი ძალიან კარგად გუნდავდებოდა. მაგრამ აღარ მისვრია, თუმცა თავიდან სწორედ იმიტომ დავაგუნდავე, რომ უნდა მესროლა. ქუჩაში მანქანა იდგა და იმას მოვარტყამ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ გადავიფიქრე. ისეთი გაკრიალებულ-გაქათქათებული ჩანდა მანქანა! მერე წყალსაქაჩავს მოვუღირე, მაგრამ ისიც თეთრი და სუფთა იყო. საბოლოოდ აღარ მისვრია, ფანჯარა მოვკეტე და ოთახში გავიარ-გამოვიარე, გუნდა კი ისევ ხელში მეჭირა და სულ უფრო და უფრო ვამკვრივებდი. ხელშივე შემრჩა, რომ მე, ბროსარდი და ეკლი ავტობუსში შევედით, შოფერმა კარი გააღო და გადამაგდებინა. არავის არ ვესვრი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. ვინ დაგიჯერებს – ურწმუნოა ხალხი.
სურათი ბროსარდსაც ენახა და ეკლისაც. ასე რომ შნიცელი ვჭამეთ, ცოტა პინბოლი წავითამაშეთ და ავტობუსით უკანვე დავბრუნდით, სკოლაში. მართალი გითხრათ, სულ არ დამწყვეტია გული – კინო რატრომ ვერ ვნახე-მეთქი. რაღაც კომედია გადიოდა, კერი გრანტის მონაწილეობით – სისულელე იქნებოდა, რაღა თქმა უნდა. ამას გარდა, ადრეც ვყოფილვარ ბროსარდსა და ეკლისთან ერთად კინოში. აფთარივით ხარხარებდნენ იმისთანა რამეზე, რაც სულაც არ იყო სასაცილო. აბა, რა სასიამოვნო იქნებოდა იმათთან ერთად კინოში ჯდომა!
ცხრას თხუთმეტი აკლდა, საერთო საცხოვრებელში რომ დავბრუნდით. ბროსარდი ბრიჯის გიჟი იყო და მოვედით თუ არა, პარტნიორებს დაუწყო ძებნა.
ეკლიმ კი ჩემთან გადაწყვიტა დროის მოკვლა. ოღონდ სტრედლეიტერის სავარძელზე კი აღარ ჩამოჯდა ამჯერად, პირდაპირ ჩემს ლოგინზე დაეგდო და ცხვირ-პირი ბალიშში ჩარგო. თან რაღაცას დუდღუნებდა, თავისი გულისგამაწვრილებელი ხმით, თან კი მუწუკებს იჩიჩქნიდა. რა ნართაული სიტყვები არ გადავკარი, მაგრამ ვერა და ვერ მოვიშორე თავიდან. იწვა და მომონოტონურად დუდღუნებდა, ვიღაც გოგოს ამბავსა ჰყვებოდა, რომელიც თითქოს წარსულ ზაფხულს შეაცდინა. ასჯერ მაინც მქონდა ეს ამბავი მოსმენილი, და სულ სხვადასხვანაირად სხვადასხვა ვარიანტებით. ჯერ მითხრა, თითქოს თავისი ბიძაშვილის მანქანაში შეეყვანოს, მერე პლიაჟის კაბინაში… და რა ვიცი. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე არ ყოფილა ქალთან. ის კი არა და, ვეჭვობ, ამისთანა რამე თუნდაც ეგრძნობინებინოს ქალისთვის. ბოლოს, რაკი ისე ვეღარაფერს გავხდი, ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, – სტრედლეიტერს დავალება უნდა დავუწერო და ახლავე აითესე, რომ ხეირიანად მოვიფიქრო-მეთქი. როგორც იქნა, წავიდა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ახლაც დიდხანს მაწვალა. პიჟამა და აბანოს ხალათი ჩავიცვი, თავზე სანადირო ქუდი დავიხურე და დავალების წერას შევუდექი.
დავჯექი, მაგრამ ვერასდიდებით ვერ გავიხსენე ისეთი ოთახი ან სახლი, რომლის მხატვრული აღწერაც ყოფილიყოს შესაძლებელი, როგორც ეს სტრედლეიტერს დაავალეს. საერთოდ, ოთახებისა და სახლების აღწერაზე მაინცდამაინც არა ვკარგავ ჭკუას. ბოლოს ისევ ჩემი ძმის – ელის მარცხენა საბეისბოლო ხელთათმანის აღწერას შევუდექი. კარგი ასაწერიც იყო. ღმერთმანი, ჩემს ძმას მარცხენა ხელის თათმანი ჰქონდა. ცაცია იყო. კარგი ასაწერია-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სულ ლექსად იყო აჭრელებული – თითებზე, ჯიბეზე, ყველაფერზე ლექსი ეწერა. თანაც მწვანე მელნით. ლექსები იმიტომ სჭირდებოდა, რომ კითხვით ირთობდა თავს, როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, მოკვდა ჩემი ძმა. 1946 წლის 18 ივლისს მოკვდა, სისხლის გათეთრებით. მაშინ მეინში ვცხოვრობდით. არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდათ. ჩემზე ორი წლით პატარა იყო, მაგრამ ათჯერ უფრო ჭკვიანი. მასწავლებელი მუდამ მადლობის წერილებს სწერდნენ დედაჩემს – დიდად სასიამოვნოა, ლისთანა ბიჭი რომ გვყავს კლასშიო. განა ელაქუცებოდნენ, გულითა სწერდნენ. მარტო უჭკვიანესი როდი იყო მთელს ოჯახში, ყველაფერში სასიამოვნო და სანატრელი ბავშვი იყო. არც გაანჩხლება იცოდა და არც არაფერი. ხომ იტყვიან ხოლმე, წითური ხალხი ადვილად ანჩხლდებაო. ელის წითელი თმა ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც არ გაანჩხლებულა. ახლავე გეტყვით, რა წითურიც იყო. ასე ათი წლისა ვიქნებოდი, გოლფის თამაში რომ დავიწყე. ერთ ზაფხულს, მახსოვს, მაშინ, ალბათ, თორმეტის წლისა ვიყავი, გამწარებით დავდევ ბურთს და თან ვფიქრობ, მოვიხედავ თუ არა უკან, ელის დავინახავ-მეთქი. მართლაც მოვიხედე და ვხედავ, ასორმოცდაათი იარდის დაშორებით ელი თავის ველოსიპედზე ზის, ღობის გდაღმა – ღობე სათამაშო მოედანს ერტყა ირგვლივ. მე მიყურებს. აი, რა წითელი თმა ჰქონდა! მაგრამ ჰოი, რა კეთილი და სანატრელი ბავშვი იყო. უცებ რაღაც მოაგონდებოდა სადილობის დროს და ისე გულიანად გადაიკისკისებდა, სკამზე ძლივს მაგრდებოდა. ცამეტისა ვიყავი მაშინ, მეტისა არა, და კინაღამ ფსიქიატრთან წამიყვანეს, რადგან სულ ჩავამტვრიე გარაჟის ფანჯრები. განა მშობლებს ვამტყუნებ. არა, ღმერთანი. ელი, რომ მოკვდა, იმ ღამეს გარაჟში მეძინა და სულ მუშტებით ჩავლეწე ის ოხეროი მინები, არ ვიცი რა მომელანდა. ის კი არა და, იმ ზაფხულს ავტობუსი გვქონდა და იმისი მინების ჩალეწვას მოვინდომე, მაგრამ
დასერილი ხელებით ვეღარ მოვახერხე. დიდი სისულელეა, არ შეგედავებით, მაგრამ თვითონვე არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, თანაც ვერ წარმოიდგენთ, რა ბიჭი იყო ელი. ზოგჯერ ახლაც წამომტკივა ხოლმე ხელი, როცა წვიმს, მუშტიც ვერ შემიკრავს ხეირიანად, მაგრამ რაში მენაღვლება, ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრას…
ერთი სიტყვით, ამაზე დავწერე სტრედლეიტერის დავალება. ელის ბეისბოლის თათმანზე. შემთხვევით ჩემოდანში აღმოაჩნდა ეს თათმანი. ამოვიღე და რაც ზედ ლექსები ეწერა, სულ გადავწერე. გვარიღა შევცვალე ელისა, რომ არავინ მიმხვდარიყო, ეს სტრედლეიტერის ძმა არ ყოფილაო. დიდად არ მეჭაშნიკებოდა გვარის შეცვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თანაც უსათუოდ მინდოდა ამის დაწერა. მთელი საათი მოვუნდი, რადგან სტრედლეიტერის დანჯღრეულ მანქანაზე ვბეჭდავდი და წარამარა მისხლტებოდა. ჩემი მანქანა ვიღაც ბიჭს ვათხოვე.
თერთმეტის ნახევარი იქნებოდა, საქმეს რომ მოვრჩი. დაღლას სულაც არ ვგრძნობდი, და ფანჯარაში დავიწყე ცქერა. აღარ თოვდა. შორიდან მანქანის ხმა ისმოდა – ქოქავდნენ და ვერაფრით ვერ დაექოქათ. მეზობელი ოთახიდან ეკლის ხვრინვა გამოდიოდა. სულ ვერ იჭერდა ხმას ის ოხერი ფარდები. ჰაიმორიტი აწუხებდა და ძილში გაჭირვებით სუნთქავდა. ნეტა რა არ აწუხებდა, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ – ჰაიმორიტიო, მუწუკებიო, დამპალი კბილები, პირის სიმყრალე, დაკვნეტილი ფრჩხილები და რა ვიცი… შეგეცოდებოდათ კიდეც ეს ძაღლიშვილი.

ნაწილი ექვსი

ზოგ რამეს ვერასდიდებით ვერ გაიხსენებ. ახლაც რამდენს ვფიქრობ, რა დროს დაბრუნდა ჯეინისაგან იმ ღამეს სტრედლეიტერი. ვერაფრით ვერ მომიგონებია, რას ვაკეთებდი, როცა მისი წყეული ფეხის ხმა გავიგონე. ალბათ, ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ დანამდვილებით, რა ვქნა, არ მახსოვს. ძალიან აფორიაქებული ვიყავი და იმიტომ. როცა რამეზე აღელვებული ვარ – მტრისას! ზოგჯერ ტუალეტშიაც კი მომინდება ხოლმე წასვლა, აღელვებული როცა ვარ, მაგრამ არ მივდივარ. ისე ვარ აღელვებული, რომ წასვლის თავიც არა მაქვს. ვერანაირად ვერ მომიხერხებია. აბა, ერთი თქვენც იცნობდეთ სტრედლეიტერს, იმასაც ვნახავდი, როგორ არ აღელდებოდით. ორჯერ ვახლდი იმ ნაბიჭვარს პაემანზე და ვიცი, რასაც ვამბობ. ყოვლად უტიფარი კაცია. ნამდვილს გეუბნებით.
დერეფანში ლინოლეუმი ეგო და შორიდანვე გაიგონებდით როგორ უახლოვდებოდა ოთახს. ისიც ვეღარ მომიგონებია, როცა შემოვიდა, სად ვიჯექი – ფანჯარასთან, ჩემს სავარძელში თუ იმისაში. რა ვქნა, ვერასდიდებით ვერ მომიგონებია.
შემოვიდა და მაშინვე წუწუნს მოჰყვა, ისეთი სიცივეა, რომ ძაღლი არ გაიგდებაპ კარშიო. მერე იკითხა:
– სად ჯანდაბაში წავიდნენ? რა ამბავია. კაცის ჭაჭანება არ არის, სამარეა, თუ რა?
პასუხის გასაცემად თავი არც კი შესწუხებია. თუკი ამისთანა შტერია, რომ ვერ მიმხვდარა – შაბათ საღამოს ან სასეირნოდ იქნებიან გასულები, ან ეძინებათ, ან არადა შინ გაემგზავრებოდნენ, – მე რაღა თავი ვიტეხო და ვეჩიჩინო. გახდას შეუდგა. ჯეინზე ერთი სიტყვაც არ დაცდენია. კრინტიც არ დაუძრავს. არც მე
მითქვამს რამე. გაჩუმებული ვუყურებდი. ბოლოს ქურთუკისათვის მადლობა გადამიხადა. ეს იყო და ეს. საკიდ ჯოხზე გადააცვა და კარადაში დაჰკიდა.
– ყელსახვევს რომ იხსნიდა, მაშინღა მკითხა – ის ოხერი დავალება თუ დამიწერეო. შენს ლოგინზე დევს-მეთქი, ვუთხარი. მივიდა და მანამ საკინძეს გაიხსნიდა, კითხვა დაიწყო. დგას, გამოთაყვანებული სიფათი ნაწერისთვის მიუშტერებია და თან შიშველ მკერდსა და მუცელზე ხელს ისვამს. ასეთი ჩვეულება ჰქონდა – ან მკერდი უნდა ესრისა ან მუცელი. დიდ პატივისცემაში ჰყავდა თავი.
უცებ წამოიძახა:
– ეს რა ჯანდაბაა, ჰოლდენ! ეს ოხერი ბეისბოლის თათმანი საიდან გამოატყვრინე!
– აბა რა გინდოდა? – გაყინული ხმით ვუპასუხე.
– რა მინდოდა, რასა ჰქვიან! აკი გითხარი – ან ოთახი ამიწერე და ან სახლი, ან სხვა ამნაირი რამე-მეთქი.
– შენ მითხარი, რამე აღწერილობა იყოსო – სულერთი არ არის, რას აღწერ! ბეისბოლის თათმანმა რაღა დააშავა?!
– ჯანდაბას შენი თავი, – საშინლად გაბრაზდა, გაცოფდა პირდაპირ. – სულ ასეთი უკუღმართი ხარ, – ახლაღა შემომხედა, – ახია, რომ გამოგაპანღურეს, – განაგრძო მან, – არ შეიძლება რომ კაცი მოგენდოს, არაფერი წესიერი არ გამოგივა ხელიდან. სულ ტყუილია, არაფერი.
– კარგი, აგერ მომეცი, – ვუთხარი მე. მივედი, ხელიდან გამოვგლიჯე და იქვე დავფხრიწე.
– რასა შვრები, ეს რა ჯანდაბაა? – იყვირა.
არც კი მიპასუხნია, სანაგვე კალათაში ჩავყარე. მერე ლოგინზე წამოვწექი. არც იმას ამოუღია კარგა ხანს ხმა და არც მე. იგი იხდიდა, ტრუსებს გარდა სულ გაიხადა ყველაფერი, მე კი ვიწექი და სიგარეტს ვაბოლებდი. საერთო საცხოვრებელში პაპიროსის მოწევა აკრძალული იყო, მაგრამ გვიან ღამით – როცა ზოგს ეძინა, ზოგი წასული იყო, ვინ გამიგებდა, თანაც სტრედლეიტერის ადუღება მინდოდა. წესრიგის დარღვევას ვერასდიდებით ვერ იტანდა. ერთხელაც არ მოუწევია ოთახში. მე კიდევ არ ვეპუებოდი.
მაინც არ დასძრა ჯეინზე კრინტი. ბოლოს ისევ მე ვთქვი:
– ძაან დაიგვიანე, აკი ათისნახევრამდე ჰქონდა ნებართვა! ასე დაიგვიანე?
ლოგინზე ჩამომჯდარიყო და ფრჩხილებს იჭრიდა ფეხზე.
– ორიოდე წუთი, – თქვა მან, – ვინ იქნება ისეთი სულელი, რომ ათის ნახევრამდე დაეთხოვოს, და ისიც შაბათს!
ო, ღმერთო, უცებ როგორ შემძულდა!
– ნიუ-იორკში იყავით? – ვკითხე.
– გაგიჟდი?! ნიუ-იორკში წასვლას რას მოვასწრებდით, ათის ნახევრამდე ჰქონდა ნებართვა!
– სამწუხაროა.
თავი ასწია და შემომხედა.
– პაპიროსის მოწევა თუ გინდოდა, საპირფარეშოში მოწევდი! შენ რა გიჭირს, მაინც მიდიხარ, მე უნდა ვეგდო აქ, მანამ დავამთავრებდე.
აინუნშიაც არ ჩამიგდია მისი სიტყვები, ფეხებზე დავიკიდე, ვქაჩავდი და ვქაჩავდი. ესღა გავაკეთე, რომ გადმოვბრუნდი და ყურება დავუწყე, როგორ
იქნიდა თავის ოხერ ფრჩხილებს. ესეც სკოლაა! ზოგი ფრჩხილებს იჭრის შენს ცხვირწინ, ზოგი მუწუკს იჩიჩქნის და რას არ აკეთებს.
– ჩემი მოკითხვა გადაეცი?
– ჰო.
გადასცა, როგორ არა! ნაბუშარი!
– რაო მერე? – ვუთხარი მე, – არა ჰკითხე – დამებსისევ ბოლო ხაზზე თუ ამწკვრივებს?
– არა, არ მიკითხავს. შენ რა – ხომ არ გგონია, მთელი ღამე შაშს ვთამაშობდით!
ხმა არ გამიღია. ღმერთო, როგორ მძულდა!
– აბა სად იყავით, ნიუ-იორკში თუ არ წასულხართ? – ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ. ვცდილობდი ხმა არ გამბზარვოდა. ჰოი, ბიჭო, როგორ დამეწიწკნა ნერვები. ვგრძნობდი, რომ რიგიან-პირიანად ვერ იყო საქმე.
როგორც იქნა ფრჩხილებს მორჩა. ლოგინიდან წამოდგა, ისევ ტრუსების ამარა, და რაღაც ეშმაკმა წამოარა. ჩემთან მოვიდა, დაიხარა და ბეჭებზე დამიწყო მუშტის ცემა.
– თავი გამანებე, – ვეუბნები, – მაშ სად წახვედით, ნიუ-იორკში თუ არ ყოფილხართ?
– არსადაც არ წავსულვართ. მანქანაში ვიყავით შეყუჟულები. – ისევ მოჰყვა თავის სულელურ ბღლარძუნს – მუშტები დამიშინა.
– თავი გამანებე, – ვუთხარ იმე, – ვისი მანქანა იყო.
– ედი ბენკისა.
ედი ბენკი კალათბურთის მწვრთნელი იყო სკოლაში. სტრედლეიტერი კიდევ, მის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა – ცენტრს თამაშობდა სკოლის გუნდში და ბენკი მანქანას არასოდეს არ უჭერდა ხოლმე. მოსწავლეებს აკრძალული გვქონდა მასწავლებლისათვის მანქანის თხოვნა, მაგრამ ეს ნაბიჭვარი სპორტსმენები პატივში ჰყავდათ. რომელ სკოლაშიაც არ მივსულვარ ეს ნაბიჭვარი სპორტსმენები ყველგან დიდ პატივში ჰყავთ.
სტრედლეიტერი თითქოს კრივში ვარჯიშობსო, მიშენს და მიშენს ბეჭებზე მუშტებს. კბილის ჯაგრისი ეჭირა ხელში და ახლა პირში გაიჩარა.
– მერე, რა ქენით? ედ ბენკის მანქანაში ჭყლიტე? – ისე ამიკანკალდა ხმა, რომ მტრისას!
– რას მიჰქარავ! ხომ არ გინდა პირი საპნით ამოგილესო.
– ჰა, ჭყლიტე?
– ეს პროფესიული საიდუმლოა, ძმობილო.
დანარჩენი კარგად აღარ მაგონდება. ისღა მახსოვს, რომ ლოგინიდან წამოვდექი, თითქოს საპირფარეშოში თუ სადღაც ვაპირებდი გასვლას. უცებ რაც ძალი და ღონე მქონდა. პირში გაჩრილ ჯაგრისს მოვუქნიე, რომ ის მყრალი ყელი სულ ჩამეხია. მაგრამ ვერ მოვახვედრე. ავაცდინე. მგონი თავზე მომიხვდა ხელი. ტკენით კი ეტკინა, ალბათ, მაგრამ მე რომ მინდოდა, ისე არა. იცოცხლე, გავამწარებდი, მაგრამ მარჯვენა ხელი იყო და მაგრად ვერ მოვმუშტე. გითხარით
კიდეც, როგორ ვიტკინე ეს ხელი.
მერე უცებ იატაკზე აღმოვჩნდი. ის მკერდზე მაჯდა, ერთიანად გაჭარხლებული. მუხლები პირდაპირ გულზე ქონდა მობჯენილი. მთელ ტონას იწონიდა. მაჯები გამიკავა, რომ მოქნევა აღარ შემძლებოდა. იქვე გავათავებდი!
– რა მოგივიდა, რა ჯანდაბა მოგივიდა! – იმეორებდა და გამოთაყვანებული სიფათი სულ უფრო და უფრო უწითლდებოდა.
– მომაშორე ეს ჭუჭყიანი მუხლები! – ლამის შევბღავლე. ღმერთმანი. – აეთრიე, თავიდან მომწყდი, შე ბინძურო ნაბუშარო!
ყურიც არ გაუპარტყუნებია. ზედ მაჯდა და მაჯებს მიგრეხდა. მე კი მთელი ათი საათი ვაგინებ და ვაგინებ – ძაღლისგაგდებულო-მეთქი, და რა ვიცი. აღარც კი მახსოვს, რა სიტყვებით ვთათხე, – შენ გგონია, ყველას მიჭყლიტავ, ვინც კი მოგეხუსტურება-მეთქი. შენ-მეთქი, მე ვუთხარი, ფეხებზე გკიდია – გოგო ბოლო ხაზზე გაამწკრივებს დამებს თუ სად დადებს-მეთქი. მიიტომ გკიდია ფეხებზე, რომ ღვთისგლახა და უტვინო ხარ-მეთქი. – ვერ იტანდა, უტვინოს რომ დაუძახებდი. ვერც ერთი უტვინო ვერ იტანს, უტვინოს რომ დაუძახებ.
– მოკეტე, ჰოლდენ! – დაიღრიალა და თავისი გაბრტყელებული და გამოთაყვანებული სიფათი წითლად შემომანათა, – გეყოფა, მოკეტე!
– შენ ისიც კი არ იცი – ჯინი ჰქვია თუ ჯეინი, შე ღვთისგლახავ, შე უტვინოვ!
– მოკეტე-მეთქი, ჰოლდენ! გირჩევნია, გაჩკმდე. – იცოცხლე, მე ის გავამწარე, – თუ არ გაჩუმებულხარ, ახლავე გაგაბრტყელებ.
– ეს ბინძური და აქოთებული მუხლები მომაშორე!
– რომ მოგშორდე, გაჩუმდები?
პასუხის ღირსიც არ გავხადე.
ისევ გამიმეორა:
– ჰოლდენ, რომ მოგშორდე, გაჩუმდები?
– ჰო.
ადგა და მეც წამოვდექი. იმ ბინძური მუხლებისაგან მკერდი მეწოდა.
– ბინძური ხარ, უტვინო და ძაღლისგაგდებული! – მივახალე მე.
ახლა კი ნამდვილად გაცოფდა. თავის კოტიტა თითებს სახეში მატაკებს და მეუბნება:
– ჰოლდენ. გაფრთხილებ.. ეს უკანასკნელი იყოს: ახლავე თუ არ ჩაიწყვიტე…
– რატომ უნდა ჩავიწყვიტო! – ვუთხარი მე… გიჟივით ვღრიალებდი, – მაგრამ ყველა უტვინოს ერთი უბედურება გჭირთ. ლაპარაკიც არ შეგიძლიათ ადამიანურად. სწორედ ეგ არის უტვინობის პირველი ნიშანი. ლაპარაკიც არ შეუძლიათ ადამ…
ამან მთლად შეშალა. მეტაკა და მერე, მახსოვს, ისევ იატაკზე აღმოვჩნდი. ისიც ვეღარ მომიგონებია – გრძნობა დავკარგე თუ არა. მგონი, არ დამიკარგავს. არც თუ ისე ადვილია, კაცს ერთი შემოკვრით გრძნობა დააკარგვინო. ეს მარტო კინოებში იციან. ცხვირიდან კი საშინლად მომთქრიალებდა სისხლი და სულ ამოთხვრილი ვიყავი. თვალი რომ გავახილე, ზედ თავზე მადგა სტრედლეიტერი. ხელში პირსაბანი მოწყობილობა ეჭირა.
– რატომ არ გაჩუმდი, ხომ გითხარი!..
ხმაზე ეტყობოდა, მაგრად დაფეთებულიყო. ალბათ, იფიქრა, იატაკზე რომ დავენარცხე, თავი ან რამე გავუტეხეო, ნეტა მართლა გამეტეხა.
– აკი გთხოვე და გაგაფრთხილე, ეშმაკმა დასწყევლოს! – განაგრძო მან. ჰოი, ბიჭო, რა შეშინებული ჩანდა.
არც კი ვცდილვარ წამოდგომას. ვიწექი და ძაღლისგაგდებულ უტვინოს ვეძახდი. ისე ვიყავი გაცოფებული, რომ სულ ვღრიალებდი.
– კარგი ახლა. წამოდი, დაიბანე, – მითხრა სტრედლეიტერმა, – არ გეყურება?
წადი და შენ თვითონ დაიბანე შენი უტვინო სიფათი-მეთქი. ვიცი, რომ ეს ბალღობაა, მაგრამ საშინლად ვიყავი გაცოფებული. ფეხსადგილისკენ გაიარე და
მისის შმიდტი თუ შეგხვდეს მიჭყლიტე-მეთქი. მისის შმიდტი ჩვენი დარაჯის ცოლი იყო, სამოცდახუთი წლის დედაბერი.
მანამ სტრედლეიტერი არ გავიდა, არც მე განვძრეულვარ. მაშინღა წამოვდექი, როცა მისი ფეხის ხმა გავიგონე. ტუალეტისაკენ მიდიოდა. ჩემი დაწყევლილი სანადირო ქუდი არსად სჩანდა. ბოლოს მაინც ვიპოვე. საწოლქვეშ შევარდნილიყო. დავიხურე, კარტუზი ჩემებურად უკან მოვაქციე, სარკესთან მივედი და ჩემი გამოლენჩებული სიფათი შევათვალიერე. ჩემს დღეში არ მენახა ამდენი სისხლი. ცხვირ-პირი, ნიკაპი, თვით პიჟამო და ხალათიც კი სისხლში მქონდა მოთხვრილი, თან შევშინდი და თან ცოტათი გავხალისდი კიდეც. ბანდიტსა ვგავდი. სულ ორჯერ მიჩხუბნია მთელს ჩემს სიცოცხლეში, და ორივეჯერ მე გამოვედი ნაცემი. ვერ ვყოფილვარ ყოჩაღი ბიჭი. მართალი თუ გინდათ, პაციფისტი ვარ.
რატომღაც მომეჩვენა, რომ ეკლის ეღვიძა და ყველაფერი ესმოდა. ფარდა გადავსწიე და მის ოთახში შევედი, რას აკეთებს-მეთქი. იშვიათად თუ შევიდოდი მასთან. სულ ყარდა იქაურობა – საშინელი ბინძური კაცი.

ამჟამად ხომ კმაყოფილები ხართ

მსგავსი ამბები

Back to top button